ფორუმი


პოეზიის საქველმოქმედო საღამო კაფე Bauhaus-ში     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *         * * *     გიორგობას გილოცავთ ურაკპარაკელებო

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი პროზაში

1 2 3 4
ავტორი შეტყობინება

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:51:40
თავისუფლების ნაგლეჯი                                  #12



    ახალგაზრდა კაცი საწერ მაგიდასთან იჯდა და წერდა.გარეთ სამარისებური სიჩუმე იყო, ნიავიც კი არ იძვროდა. მახლობლ ტყეში ყველა სულიერი მიყუჩებულიყო, ისინიც კი, რომლებიც მხოლოდ ღამით ხმაურობენ და გაჰკივიან. სიჩუმე მას არ აწუხებდა, მაგრამ უცებ რაღაცამ შეაშფოთა. თავი ასწია და მიაყურადა. ვიღაცის მოგუდულმა ხმამ და ფეხქვეშ გამხმარი ფოთლების შრიალმა ღამის მყუდროება დაარღვია.ვინ უნდა ყოფილიყო ამ შუაღამისას. მანქანის ხმა არ გაუგონია. მაშასადამე ტყიდან გამოვიდა ვიღაც. ხომ არ მოეჩვენა. წამოდგა, ოთახიდან გამოვიდა, ნახევრად ჩაბნელებული დერეფანი გაიარა, კიბეზე ჩამოვიდა, ფართო ჰოლი გადაკვეთა და კართან შეჩერდა. კარგა ხანს ყოყმანობდა, გაეღო თუ არა. ისევ სიჩუმე იყო. ამ სახლში თითქმის ექვსი თვე ცხოვრობდა. მარტოდმარტო. მთებში. ახლომახლო არც ერთი სხვა სახლი არ იდგა. აქამდე მშვენივრად გრძნობდა თავს. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა რაღაცის შეეშინდა. რაღაცის თუ ვიღაცის. უცებ თითქოს მძიმე სხეული დავარდა და შემდეგ კიბეზე დაგორდა. კარები ელვის სისწრაფით გააღო. გარეთ ბნელოდა, მაგრამ მაინც გაარჩია-კიბის დასაწყისში უცნაური სხეული იწვა, თუ ეგდო. საჩქაროდ უკან შეტრიალდა და კედელზე დაკიდული ლამპიონი აანთო. ვიდრე ზურგით იდგა, ისეთი სიცივე იგრძნო, თითქოს ის ვიღაც შეიძლებოდა წამომხტარიყო, კიბე ამოერბინა და ზურგში დანა ჩაეცა. თუმცა ამის მოსწრება ნამდვილად შეუძლებელი იყო. იქაურობა კარგად განათდა. თეთრი მარმარილოს მოაჯირებიანი კიბე ჩამოიარა და შეძრწუნებული ადგილზე გახევდა. თვალწინ შემზარავი სურათი წარმოუდგა.  ძირს დაგდებული სისხლიანი სხეული ხორცის ნაგლეჯებს უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანს. მხოლოდ თმითა და კაბის ნაფლეთებით მიხვდა, რომ ქალი იყო. ნაცემი, სულმთლად სისხლიანი. ხელი მოკიდა, მაჯა გაუსინჯა, მერე გულზე დაადო ყური. უცებ აჩქარდა, ქალი ხელში აიყვანა და კიბეები თითქმის ამოირბინა. სააბაზანოში შეიყვანა. ქალი იატაკზე დააწვინა, მერე იქაურობა გააჩირაღდნა და ცხელი წყალი მოუშვა. გარშემო ყველაფერი თეთრი იყო-კაფელი, მეტლახი, ოვალური აბაზანა. ქალი აბაზანაში ჩააწვინა, კაბის ნაგლეჯები შემოაცალა, სისხლი ჩამობანა. უცებ შეამჩნია, რომ წყალი რომელიც, მანამდე ოდნავ გაყავისფრდა, ნელ-ნელა გაწითლდა. საჩქაროდ ამოიყვანა. სველი სხეული ხელიდან უსხლტებოდა და ძლივს დააწვინა კუთხეში მიდგმულ  თეთრ დერმატინგადაკრულ ტახტზე. ფეხებშუა პირსახოცი ამოუჭირა და სააბაზანოდან გამოვარდა. Mმეორე სართულიდან დაუთოებული ზეწრებისა და პირსახოცების დასტა ჩამოარბენინა, მერე ყველაფერი იქვე დაყარა და კედელზე დამაგრებული რაცია ჩამოიღო. ღილაკს დააჭირა და აკანკალებული ხმით ჩასძახა...თბილისი, თბილისი...მე მთა ვარ, მთა ვარ...თბილისი...
    იქიდან უმალვე უპასუხეს.
    -ჰო, დათო ვარ, ახლავე უნდა ამოხვიდე, ჰო, ამ შუაღამისას. ქალი კვდება...გესმის,-სისხლისგან იცლება...ეზოში ვიპოვე. გაუპატიურებულია. სისხლისდენა აქვს...ოპერაცია სჭირდება. ინსტრუმენტები წამოიღე...ჟანგბადის ბალიში...
    -შენ ხომ არ გაგიჟდი--ისმოდა იქიდან-ბენზინი არ იშოვება ქალაქში, მანდ როგორ უნდა გავაკეთო ოპერაცია. ათასი რამეა საჭირო. აქ ჩამოიყვანე, მე საავადმყოფოში დაგვხვდები.
    -ეგღა მაკლია მოძალადის სახელი დამერქვას. თუ მოდიხარ, წამოდი, თორემ შენს კისერზე იქნება ამის სიკვდილი!- უკვე ყვიროდა.
    -შენი არა?
    -ჯაბა, ლაპარაკის დრო არ არის. ის ქალი სისხლისგან იცლება. არ მინდა ჩემს სახლში, ჩემს თვალწინ ვინმე მოკვდეს.
    -ჩამოყალიბებული ეგოისტი ხარ. მოვდივარ.
    ის ისევ სააბაზანოში შევარდა. ქალს პულსი გაუსინჯა. ცოცხალი იყო. სისხლით სველი პირსახოცი გამოაცალა და მეორეთი შეცვალა.
    ორი საათის შემდეგ ეზოში ჯიპი შემოგრიალდა. ჯაბა ჩემოდნით შემოვიდა. დათო სააბაზანოში დახვდა. ერთმანეთს არც კი მიესალმნენ. ჯაბას არც გაუხდია, ისე მივიდა და ქალი გასინჯა.
      -ეს რა უბედურებაა... რამდენი წლის იქნება?
    -ალბათ ოცის, ან ნაკლების.
      ჯაბამ ქურთუკი გაიხადა, თეთრი ხალათი ჩაიცვა, მაგიდაზე ინსტრუმენტები ამოალაგა. როცა აბაზანასთან ხელების დასაბანად მივიდა,  დათოს უსაყვედურა:
  -შენ რა კვალიფიკაცია დაკარგე? რამ ჩაგაწვენინა ცხელ აბაზანაში?
  ისინი  ერთმანეთის პირისპირ  იდგნენ და ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მხოლოდ დათოს სათვალე ეკეთა. ვიდრე ოპერაციას დაიწყებდნენ, ჯაბამ  პირჯვრი გადაიწერა და გაიცინა.
    -სინათლე, სითბო, ცხელი წყალი...ასეთი პირობები საავადმყოფოშიც არა მაქვს.
    უცებ ქალს მაჯა აუწია. მაჯაზე ლეიკოპლასტირი ეკრა. მერე დათოს შეხედა ხელზე.
    -მაგარი ხარ. არ მითხრა სისხლის ჯგუფი ვიციო. ნარკოზი გავუკეთოთ, თუ ამისთვის სულერთია.
    საათნახევრის შემდეგ აბაზანის კიდეზე ჩამოსხდნენ, დაღლილები, გაოფლილები და სისხლში  მოსვრილები.
    -ამას თავიც აქვს დარტყმული. სერიოზული ტრავმაა. კარგი გამოკვლევა სჭირდება...ფსიქიკაც აღარ ექნება წესრიგში, სხვა რომ არაფერი ვთქვათ.
    ჯაბამ ამ სიტყვების შემდეგ დათოს შეხედა:
  -შენს ადგილზე მე არ გადავარჩენდი.
    -დაელოდებოდი,  როდის მოკვდებოდა?
  -ჯანდაბას შენი მორალური პრინციპები. იმდენი სიკვდილი გვაქვს ორივეს ნანახი. გიკვირს კიდევ რამე?
    -ჰიპოკრატეს ფიცი გაიხსენე.
    -მოკლედ ჩამოყალიბებული მორალისტი ხარ.
    -მოდი, კიდევ ერთხელ გავუკეთოთ გადასხმა. შენც ხომ პირველი ჯგუფი გაქვს.
    -კარგი ერთი. ახლა მე გინდა, რომ სისხლი გადავუსხა? იქნებ უარყოფითი რეზუსი აქვს.
    -მაინც კვდება. წარმოიდგინე, ვითომ ომში ვართ.
    ჯაბა ტახტთან მივიდა. უცებ წამოიყვირა:
    -ომში ვართ, აბა რაა! ჩქარა ჟანგბადი.
    -სად არის ჟანგბადის ბალიში?
    -მანქანაში დამრჩა. დროზე.
. . .

  დილით ჯაბა უკვე საჭესთან იჯდა და დათოს ემშვიდობებოდა.
    -შენს თავს მიხედე. მაგას ძალიან ცოტა შანსი აქვს. წვეთოვანი ედგას, ვიდრე წამალი გეყოფა. კიდევ ამოგიტან. ისე, მოდი წავიყვანოთ თბილისში. აპარატზე შევაერთებ და მერე როგორც გაუმართლებს.
    -არა. გზაშივე მოკვდება...ერთი რეანომობილი რომ მოგვცა...იყოს. რაც არის არის. თბილისში იმის ახსნა-განმარტებაც მოგიწევს, საიდან მოიყვანე.
    -მაგარი ხარ. ესე იგი, თან არც კი წამომყვები. შენ რა, დაბრუნებას საერთოდ აღარ აპირებ?
    -არა. მე თბილისში აღარ დავ-ბრუნ-დე-ბი.
    -მაგასაც ვნახავთ, თუ სულმთლად არ გაველურდი.
      ჯაბამ მანქანა დაძრა და მერე ისევ უკან დააბრუნა.
    -ისე რად გინდა, რომ გადარჩეს. რა აზრი აქვს მაგის სიცოცხლეს?
        -თავის გადარჩენის ინსტიქტმა მოიყვანა ჩემს სახლთან.
        -მე კი მგონია მოათრიეს...თუ გინდა, კვალი დაათვალიერე.
        -დროზე წადი. უფრო მალე დაბრუნდები. Aამდენი ხანია პაციენტი არ მყოლია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გადარჩეს.
        -ეგ შენი კი არა, ჩემი პაციენტია. ისე, რომ თუ გადარჩება ლავრებსაც მე მოვიმკი. პაკა,წავედი.

. . .

        ჯაბა თავისი ჯიპით თბილისიდან გამოვიდა. იგოეთთან კასპისაკენ გადაუხვია. სოფელი ხოვლე გამოიარა და მთებისაკენ გაემართა. Kკარგა ხანს საკმაოდ ცუდი გზით იარა, შემდეგ კი უფრო ზევით, მოულოდნელად კარგად მოასფალტებული გზა გამოჩნდა, რომელიც ფიჭვის ტყეში მიდიოდა და ბოლოს ტყესთან ერთად დამთავრდა. წინ კი საოცარი სანახაობა გამოჩნდა. ასიოდე მეტრის რადიუსში მწვანე მდელო იყო შუაში მაღალი თეთრი სახლი იდგა. იქ, სადაც მდელო მთავრდებოდა,  ყვითელი ქვიშა ეყარა...მოსარკული, ზურმუხტისფერ ტბის ნაპირზე. ტბა ხელოვნური იყო,Kკლდეებიდან გამომავალი მდინარე იყო დაგუბებული და შემდეგ ქვემოთ ჩანჩქერად ეშვებოდა. სახლი გაურკვეველი სტილით იყო ნაგები. თაღები, სვეტები, რიკულებიანი აივნები, კედლებზე აყვანილი ვაზი, რუსული ტაძრებისათვის დამახასიათებელი, მაგრამ ქართული წითელი კრამიტით დაფარული გუმბათი. მოკლედ არქიტექტურის თვალსაზრისით უგემოვნო, მაგრამ ძალიან ლამაზი სახლი. ეს ყველაფერი ზღვის დონიდან ათას ხუთასი მეტრის სიმაღლეზე, ნამდვილ ოაზისს ჰგავდა.
      ჯაბამ მანქანა სახლის წინ შეაჩერა. კიბეზე აირბინა. ოქროსფერი კარი დაუკაკუნებლად შეაღო და ისე შევიდა, როგორც საკუთარ სახლში.
      ჰოლში  ლამაზი ხალიჩა ეფინა. კედლები ოქროსფერი ბრებით, პეიზაჟებითა და ირმის რქებით იყო დამშვენებული. მეორე სართულამდე  ხის რიკულებიანი კიბე ადიოდა. მასიურ, მოოქროვილ ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. მის წინ კი სავარძელში დათო იჯდა. ჯაბასთვის არც კი შეუხედავს.
      -რა გჭირს, ამ პაპანაქებაში, რა დროს ბუხარია? ავად ხომ არა ხარ?
        დათომ საფეთქლებზე ხელები  მიიჭირა და თვალები დახუჭა.
      -დავიღალე, მეტი აღარ შემიძლია.
      -მე თავიდანვე გაფრთხილებდი.
      -თავი დამანებე.
      -მაინც რას აკეთებ ასეთს?
      -ნახავ.
      ამ დროს ზემოთ ერთ-ერთი კარი გაიღო და იქიდან ქალიშვილი გამოვიდა, კიბე ჩამოიარა, ჰოლი გადაჭრა და სამზარეულოში ისე შევიდა, არავისთვის შეუხედავს. ჯაბამ მაშინვე იცნო, მაგრამ ძალიან შეცვლილი  მოეჩვენა. დათოს პერანგი ეცვა, საკმაოდ მოკლე და ქამარშემოჭერილი. თმა ბიჭივით ჰქონდა შეჭრილი, უფრო სწორად აკორტნილი. საშინლად გამხდარს ფეხებიც არაბუნებრივად ჰქონდა გაწვრილებული და ამ სუსტ ფეხებს ისე მოათრევდა, თითქოს მათი წამოღება ეზარებაო.
        -გამარჯობა მაინც ეთქვა, რამდენი ხანია არ მინახავს-სიბრაზე შეეტყო ჯაბას ხმაში.
        -ეგ საერთოდ არ ლაპარაკობს, მთელი დღე ვუყურებ და ერთ სიტყვასაც არ მეუბნება, თითქოს უსულო საგანი ვიყო. მთელი დღე ხან ბანაობს, ხან სძინავს.
        -ვერ გავიგე, რას ელოლიავები. შენს მეტი პატრონი არავინ ჰყავს? Dდაგანებოს თავი.
        -საქმე ის არის, რომ არავინ ჰყავს. უფრო სწორად, გამომიცხადა, ჩემი ახლობლებისათვის დიდი ხანია მკვდარი ვარ და აქედან ვერსად ვერ წავალო.
        -მაშინ ნორმალურად მაინც მოიქცეს, რა , შენ უნდა შეგიწიროს?
        -ასე გამხდარი და დაპატარავებული იმიტომ არის , რომ საერთოდ არაფერს ჭამს. Aარ მაწუხებს...მეც გამიფუჭდა მადა...აღარაფერს ვაკეთებ...მთელი დღე ვზივარ და ვუყურებ. წარმოიდგინე, როგორც პატარა ბავშვს ხელით ვაჭმევდი, ხელში აყვანილი დამყავდა ტუალეტში. მე თვითონ... ვბანდი. ახლიდან ვასწავლე ყველაფერი...ჭამა, ლაპარაკი. ფეხზე დავაყენე და როცა ადამიანად ვაქციე, მას შემდეგ ხმას აღარ მცემს, ვერ მიტანს, ვეზიზღები.
          -კი მაგრამ, რატომ?
          -იმიტომ, რომ სიკვდილს გადავარჩინე.
          -თუ სიცოცხლე არ უნდა, მაშინ მოიკლას თავი.
          დათომ ამოიოხრა.
          -ორჯერ ჩამოვხსენი.
………. . .
       
        -რა გითხრა, რა მქვიაო?
        -ევა...ევა ჰქვია და მხოლოდ 18 წლისაა.
        -გინდა მოვკიდო ხელი და თბილისში წავიყვანო?
        -რომ არ წამოგყვეს?
        -ძალით წავიყვან. ერთ ცხვირმოუხოცავ გოგოს ვერ მოვერევი?
        -მაგას კიდევ ძალის დატანება უნდა?
        ჯაბა სამზარეულოსკენ გაემართა.
        -ახლავე უნდა დაველაპარაკო.
        -რომ წავიდეს, მოვკვდები.
        ჯაბა გაოცებული შემობრუნდა. ჯერ ხმა ვერ ამოიღო, მერე კი ჩვეული თავდაჯერებული  და ირონიული ტონი შეეცვალა.
        -შენ რა, გიყვარს?
        -ჰო, მიყვარს.
        -შეუძლებელია, ეს სიყვარული არ არის. ალბათ სიბრალულია, შეჩვევა.
        -ჰო, სიბრალული, შეჩვევა და სიყვარული.               
          ჯაბა შემობრუნდა და დაინახა, რომ ევა სამზარეულოს კარებში იდგა. როგორც ჩანდა ყველაფერი გაიგონა, მერე ყურებზე ხელები აიფარა და ისევ უკან შევარდა. ჯაბა ფეხდაფეხ მიჰყვა. ევა სამზარეულოში ერთი კუთხიდან მეორეში ბოლთას სცემდა ყურებზე ხელებაფარებული და ლუღლუღებდა.
        -ეს სიგიჟეა...ეს სიგიჟეა... ეს სიგიჟეა...
    ჯაბამ კარი ისევ მიხურა. აღარ იცოდა, რა ეთქვა. ცხოვრებაში პირველად დაიბნა. მერე სავარძელი მიათრია ბუხართან და თვითონაც ისე მიეფიცხა, თითქოს სცივაო.
    -იქნებ...სჯობს უბრალოდ მოეფერო...
    -ვცადე, უკვე ყველაფერი ვცადე. არც კი გამიკარა.
    - იმის შემდეგ, რაც გადაიტანა, ალბათ ყველა მამაკაცი ეზიზღება...რად გინდა ასეთი ქალი.
    -მიყვარს და მინდა ვუყვარდე.
    ცოტა ხნის შემდეგ ევა გამოვიდა სამზარეულოდან და ისევ ზემოთ წავიდა. ჯაბამ სპეციალურად ხმამაღლა თქვა:
    -ყავა მაინც დამალევინეთ. ამხელა გზა გამოვიარე.
    ევა შემობრუნდა.
    -ვიფიქრე ერთი-ორი დღე ბუნებაში დავისვენებ-მეთქი. გარშემო ნამდვილი სამოთხეა. თქვენ კი ჩაკეტილხართ აქ და გარეთაც კი არ იხედებით. ჩამოდი, ჩამოდი, ისევ მე გაგიმასპინძლდებით. ძეხვი ჩამოგიტანეთ, შოკოლადი, ნამცხვრები. მანქანაში დამრჩა, წავალ, მოვიტან.
    ჯაბამ როგორც მოახერხა, სიტუაცია განმუხტა. ერთად ისადილეს, ყავაც დალიეს. თუმცა არც დათოს და არც ევას სიტყვაც არ უთქვამთ.მერე აიტეხა, კარტი ვითამაშოთო და როცა სამზარეულოს მაგიდაზე კარტი დაარიგა, უცებ ევამ თქვა:
    -წაგებულმა საზამთრო მოიტანოს.
    -ოჰო. საზამთრო მოგენატრა? თქვა ჯაბამ და რა თქმა უნდა, წააგო.
   
    მეორე დილით ჯაბა აივანზე გამოვიდა წელზევით გახდილი და ტბას გახედა. დაინახა ტბის პირას ევა, მაშინვე  ჩავიდა და ტბისკენ გაემართა.
    ევა ქვიშაზე იჯდა, მუხლებში თავი ჰქონდა ჩარგული და ისე იყო მოკუნტული, მუშტისხელა ჩანდა. ჯაბა მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. უნდოდა თბილად დალაპარაკებოდა, მაგრამ თავისდაუნებურად წამოსცდა:
    -შენ მას მოკლავ.
  ევას  ჯერ მხრები  აუცახცახდა,  მერე მთელი ტანით აკანკალდა ისტერიული  ქვითინი აუტყდა. ჯაბას ასეთი სასოწარკვეთილი ტირილი მანამდე არასოდეს მოესმინა, უნდოდა შეეჩერებინა, მაგრამ დამშვიდების ნაცვლად,  შეანჯღრია. ევა უცებ გაჩუმდა, წამოხტა და ყელში სწვდა:
    -შენც იმათნაირი ხარ...შენც მოძალადე ხარ...
    რაც ძალი და ღონე ჰქონდა უჭერდა, მაგრამ ჯაბამ ძალით გააშვებინა ხელი და მერე ისე უბიძგა, რომ ევა პირაღმა გადავარდა. ჯაბამ მაშინვე წამოაყენა, ჩამოჯდა და ევაც გვერდით მოისვა. ხელი მოხვია და შეეცადა დაეწყნარებინა.
    -ჰო, მორჩა, მორჩა შევრიგდეთ.
    -წადი, თავი დამანებე.
    -მე კი დაგანებებ, მაგრამ შენც დაანებე თავი დათოს, ნუ აგიჟებ.
    -სიამოვნებით, მაგრამ სად წავიდე.
      ევას კიდევ უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ თითქოს ყელში ბურთი გაეჩხირა, ხმა ვეღარ ამოიღო.
    -მაინც რამდენ ხანს უნდა უშალო ნერვები.
    -არ ვიცი...თავი დამანებე... რა გინდა ჩემგან.
    -რა და უნდა წახვიდე. შენი გზა ნახო. ბავშვი აღარა ხარ. თუ გინდა მე თვითონ წაგიყვან. სახლში.
    -თავი დამანებე, თორემ მოგკლავ...მოგკლავ.
      ევამ მუშტები დაუშინა მკერდში და თან ყვიროდა:
    -მოგკლავ და იმასაც მოვკლავ.
    ჯაბა გაოცებული იშორებდა თავიდან:
    -ვის მოკლავ დათოს? სიკეთის მეტი რა გაუკეთებია შენთვის, ან მე რა დაგიშავე. ჩვენ ხომ სიკვდილს გადაგარჩინეთ.
    -სწორედ მაგიტომ...ვინ გეხვეწებოდათ...მეზიზღებით...თქვენც გეზიზღებით...ვიცი...ვიცი ნამუსახდილი ქალები ყველა კაცს ეზიზღება.
    -მე ექიმი ვარ. დათოც. ჩვენთვის ყველა ქალი პაციენტია...გაუპატიურებულიც და მშობიარეც...მაგრამ შენ დათოსთვის პაციენტი აღარა ხარ...(უნდოდა ეთქვა უყვარხარო, მაგრამ გადაიფიქრა) ძალიან შეგეჩვია...შენს მიმართ სითბოს გრძნობს...ან უპასუხე ამ გრძნობაზე, ან წადი.
    -შენ ვინ ხარ, რომ მიბრძანებ. დათო არ მაგდებს.
    -არ გაგდებს, მაგრამ საკუთარი ტვინი არ გაქვს...ქალისა და მამაკაცის ამდენ ხანს მარტო ერთად ყოფნა არ შეიძლება. ნუთუ სულ ვერაფერს გრძნობ, ხისა ხომ არა ხარ?
    -ასე მგონია...ასე მგონია ისიც ოჯახის წევრია, თითქოს ჩემი ძმაა...უფროსი ძმა.
    -მაშ საშველი აღარ ყოფილა და ეს არის.
    -არის საშველი...შენ...შენთან წამოვალ.
    -არა. არასოდეს. ეს შეუძლებელია...
    -რატომ? რატომ? ცოლიანი ხარ?
    -არა, რა ცოლი, მაგრამ მაინც არ მესმის...მე საერთოდ არ მიცნობ...რატომ მე და არა ის.
    -იმიტომ, რომ თქვენ ერთმანეთს ჰგავხართ...მაგრამ მას ვეცოდები...შენ კი არა. თანაც ის ხომ არანორმალურია. როგორ შეიძლება ასე შეაყვარო ქალს თავი. ნამცხვრებს მიცხობს ჰა-ჰა-ჰა-გესმის, ნამცხვრებს მიცხობს. არანორმალური. ჰგონია, რომ ასე თავს შემაყვარებს...
    -მაშ როგორ, ასე?
    ჯაბას თვალებში სისხლი მოაწვა. ევას უხეშად მოხვია ხელი და ისე მტკივნეულად აკოცა ყელში, რომ ევამ შეჰკივლა. ჯაბამ უნებლიეთ, სახლისაკენ გაიხედა. დათო აივანზე იდგა და გაყინული თვალებით მისჩერებოდა.
    -ეს ის არ არის დათო, რაც შენ გგონია-წაილუღლუღა ჯაბამ, თუმცა, იცოდა, რომ დათოს მისი ხმა არ ესმოდა. ევას ისე გამეტებით ჰკრა ხელი, რომ ის ძალიან უხერხულად დაეცა მხარზე და ტკივილისაგან საცოდავად მოიკუნტა. ვიდრე ისევ დათოსკენ მოიხედავდა, ის უკვე მათკენ მორბოდა. ალბათ ათი წამიც არ დასჭირვებია, უკვე მათ წინ იდგა.
    -არ გაბედო.  ეს ხომ ერთი პატარა უმწეო გოგოა. ყ ვ ე ლ ა და ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი დაკარგა.
  ევა წამოხტა და გაიქცა. ჯაბამ თვალებში შეხედა დათოს.
  -ნამდვილი  თვალთმაქცია.
  -გაჩუმდი. მიყვარს, გესმის თუ არა!
  ნახევარი საათის შემდეგ ჯაბა უკვე მანქანასთან იდგა. ევა  თავს დამნაშავედ გრძნობდადა მუდარით მისჩერებოდა. ჯაბა შეეცადა გაეღიმა.
  -მე ხვალვე დავბრუნდები. წაგებული საზამთრო ხომ უნდა ამოგიტანოთ.
  -არ მინდა საზამთრო. თუ დაბრუნდები, კაბა ამომიტანე...კაბის ჩაცმა მომენატრა.
    ჯაბამ ისევ გაუღიმა. თავი დაუქნია და მანქანაში ჩაჯდა და გაიფიქრა: ,,რა ლამაზი თვალები ჰქონია”
. . . …

  ჯაბა მეორე დღეს არ დაბრუნებულა. არც ერთი კვირის შემდეგ.  აგვისტოს ბოლოს, თითქმის თვენახევრის შემდეგ, დაღლილი და გაწამებული სახით შემოაღო თეთრი, წითელკრამიტიანი სახლის ოქროსფერი კარები. შეხედა თუ არა მასპინძლების სახეებს, მიხვდა, რომ მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილიყო. უკან გაბრუნებაც კი უნდოდა, მაგრამ ისე მოენატრა დათო, ისე სჭირდებოდა მისი თანაგრძნობა, რომ სავარძელში ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო. ევა ცოტა ხანს ყოყმანობდა, მერე თითქოს ზედმეტად იგრძნო თავი, ზემოთ ავიდა.
  -მოხდა რამე?
  -პროკურატურიდან უწყება მივიღე.
  -რა უნდათ შენგან?
  -გახსოვს, შამბალა.
  -ვინ შამბალა?
  -არ გახსოვს? აფხაზეთში...ჰოსპიტალში ერთი უგალოვნიკი გვყავდა... დაჭრილი. მაგარი უხასიათო ტიპი იყო, თუ გაბრაზდებოდა, საკუთარ ძმასაც ესროდა. სახლში მომადგა ღამით, მძიმედ დაჭრილი. მაშინ შენ გადამარჩინე და ახლაც შენ უნდა მიშველოო. არც უთქვამს, რა მოუვიდა. იქნებ მოკლა კიდეც ვინმე.
  -აჰა, შენ ის კაცი არა ხარ, მე რომ დამცინოდა ყველას მამიდა ხარო?
  -უმწეოს ვერ გავაგდებდი.
  -მე კი ეს საცოდავი გოგო უნდა გამეგდო, არა?
  -არ გიხდება ნიშნის მოგებით ლაპარაკი.
  -კი ბატონო, თანაგიგრძნობ, მაგრამ ახლა ციხეში უნდა ჩაჯდე? რა იცი, რა აქვს ჩადენილი, თანამონაწილეობას დაგაბრალებენ.
  -იქნებ ვერ იპოვონ. გიომ გერმანიაში წასვლის წინ ბინის გასაღები დამიტოვა. ხანდახან დახედეო. შამბალა იქ მივიყვანე.
  -ეგენი თუ მოინდომებენ, მიწიდან ამოთხრიან. როდისთვის დაგიბარეს?
  -ხვალ დილით. ამაღამ თბილისში უნდა დავბრუნდე. საქმეები მოვაწესრიგო.
  -ციხისათვის ემზადები?
  -მაშინ მირჩიე, როგორ მოვიქცე.
  -აქ ამოიყვანე.
  -არა, შენთან მკვლელს ვერ ამოვიყვან. ფული უნდა ვიშოვო.
  -ჰოდა, შამბალასვე გამოართვი.
    ჯაბამ ზემო ოთახის კარებს შეხედა, არ უნდოდა, რასაც ახლა იტყოდა, ევას გაეგონა. მერე დათოს ხმადაბლა უთხრა:
  -სხვათაშორის, ამას ევა არ ჰქვია. ტელევიზიით აჩვენეს უგზო-უკვლოდ დაკარგულებში. ტელეფონის ნომერიც გამოაცხადეს. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ დამერეკა.
  -კარგი გიქნია, რომ არ დარეკე.
  -მამისი ზვიადის მთავრობაში მუშაობდა. ერთი უბრალო, წესიერი კაცია. მისთვის ხელი არავის უხლია, ქალიშვილი კი მოსტაცეს და... რატომღაც მგონია, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა.
  -შესაძლოა ეს ასეც არის, მაგრამ ძალიან გთხოვ, ევას ამას ნუ ეტყვი.
  -ჰო, შეიძლება საერთოდ ვეღარც ვნახო...მოკლედ მე წავედი. თუ დავბრუნდები, ყველაფერს მოგიყვები. თუ არა და შენ თვითონაც მიხვდები, რომ ჩემი საქმე ცუდადაა.
    ჯაბა ევას არ დამშვიდობებია, ისე წავიდა. მანქანის ხმა გაიგონა თუ არა, ევამ ქვევით ჩამოირბინა. დათო ისევ ისე იჯდა ბუხართან.
  -რატომ წავიდა ასე უცებ? დასამშვიდობებლად მოვიდა? სადმე მიდის?
  -არა მგონია. ხვალვე დაბრუნდება. აი ნახავ.
  -შემპირდა კაბას მოგიტანო. არც კი გახსენებია.
  -რადგან შეგპირდა, მოგიტანს კიდეც.
    ევა ბუხართან მიდგმულ მეორე სავარძელში ჩაჯდა. დიდხანს დუმდნენ, თუმცა უკვე ექვსი თვის მანძილზე დუმდნენ და ეს ერთი საღამო არაფერს ცვლიდა.
  ,,რას ვიფიქრებდი, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანები შეიძლება ცოცხლები იყვნენ და ახლობლებთან დაბრუნება არ უნდოდეთ”-ფიქრობდა დათო.
  -ქალაქიდან რატომ წამოხვედი, აქ რატომ ცხოვრობ მარტოდმარტო?- პირველად დაარღვია დუმილი ევამ.
  -ბოლო წლებში იმდენი სიბინძურე ვნახე. თითქოს თითოეულმა ადამიანმა თავისი აქამდე დაფარული ბოროტი სახე გამოაჩინა. ვერ შევძელი მათ გვერდით ყოფნა. აქ კი... ისეთი ლამაზი და სუფთაა ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი. ის ცხოვრება კი თითქოს  ა  ღ ა რ  ც არსებობს. დავივიწყე.
  -შენი ფილოსოფიით მეც უნდა დავივიწყო ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი, ან ჩავთვალო, რომ საერთოდ ა რ ა ფ ე რ  ი მომხდარა.
  -ჰო, ასეა. დაივიწყე ყველაფერი. არაფერი მოგსვლია და საერთოდ... მხოლოდ სიმშვიდე და სიკეთე არსებობს.
  -შენ გიჟი ხარ...გიჟი ხარ...გიჟი ხარ...-იმეორებდა ზიზღით ევა, ვიდრე ხმა არ ჩაუწყდა.
. . .
    ორი დღის შემდეგ ჯაბა დათოს დაუკავშირდა.
  -გესმის, რა ჰქნა?-გამწარებული ყვიროდა ჯაბა-გიოს სახლში რაღაც ხვრელი იპოვა, შიგ ოქროს ზოდი ყოფილა შენახული, თითქმის ორი კილო.
  -მერე?
  -რა მერე, განა მითხრა, საიდან ჰქონდა. გამაყიდინა და ის ფული მივუტანე გამომძიებელს. წარმოგიდგენია, მერე მითხრა, რომ ჩემი მეგობარი გაძარცვა!
  -არა უშავს, გიოს არც ეცოდინებოდა ამ ზოდის არსებობა. კაცმა როგორც შეძლო, ისე გამოგაძვრინა...რაც მთავარია, ხომ წავიდა?
  -წასვლით კი წავიდა, მაგრამ იმ ბინის არსებობა იცის. როცა უნდა თავისუფლად გააღებს და გამოიყენებს. გიოს რა პასუხი გავცე. უგალოვნიკებისა და ნარკომანების პრიტონად ვაქციე მისი სახლი.
  -ჯაბა, ვიდრე შენ მაგ დამპალი საზოგადოების წევრი იქნები, ასე მოგივა. ან ჩემსავით აქ უნდა წამოხვიდე ან...
  -(გააწყვეტინებს)ან საზღვარგარეთ წავიდე. დათო ვერ ამჩნევ, რომ სულ აქეთ მიბიძგებ.
  -იმიტომ, რომ ჩვენნაირი ადამიანების ადგილი ა მ    ქ ვ ე ყ ა ნ ა შ ი  ა რ    ა რ ი ს. ეს ორივემ უნდა შევიგნოთ.
  -მაშ საშველი არ ყოფილა.
  -როგორც ყოველთვის.
    ამ სიტყვებს ისინი ხშირად იმეორებდნენ ყველაზე მძიმე წუთებში და ბოლოს უმატებდნენ ,,ნე ბოისია, ია სტაბოი”, მაგრამ ახლა ვერც ერთმა ვერ მოასწრო ამის თქმა, რადგან რაცია ახრიალდა  და კავშირი შეწყდა.
    ,,იცი, ჩვენს შორის რა სხვაობაა-გაიფიქრა დათომ-მე ყოველთვის ღმერთის იმედი მაქვს, შენ კი მორიგ გამოსაძრომს ეძებ და გგონია ისევ გაგიმართლა. ვნახოთ, რამდენ ხანს გაუძლებ.”
    და ჯაბამ სულ ორ კვირას გაუძლო. სექტემბრის ერთ წვიმიან დილას მისი ჯიპი ისევ დათოს სახლს მოადგა.
    დათოს სავარძელში ახლა ევა იჯდა და ეძინა. ჯაბა ჯერ სამზარეულოში შევიდა, მერე ზემოთ ავიდა. დათო არსად იყო.
  -ტყუილად ეძებ, დათო აქ არ არის-მოესმა ქვემოდან.
  ჯაბა ქვემოთ ჩამოვიდა და გვერდით მიუჯდა. ევასთან ურთიერთობის გასარკვევად ამაზე უკეთეს დროს ვერც ინატრებდა. ამიტომ, გადაწყვიტა დათოს მოსვლამდე ყველაფრის თქმა მოესწრო.
  -სად წავიდა ასე ადრე?
  -რძე და მაწონი უნდა მოიტანოს, ქვევით ფერმაა. ბუხარი აანთო და წავიდა, როგორც ყოველთვის, ძალიან ყურადღებიანია.
  -კიდევ კარგი, შეამჩნიე.
  -ჰო, ისიც შევამჩნიე, რომ შენ ასეთი ნამდვილად არა ხარ. დიდი მადლობა კაბისათვის.
  -,,ღმერთო, როგორ დამავიწყდა კაბა.”-გაახსენდა ჯაბას.
  - რად გინდა კაბა, ვის ეპრანჭები?
  -იქნებ შეამჩნიო, რომ ქალი ვარ. თუ დათოსავით შენც უპატრონო ძაღლივით მიყურებ-ცრემლები მოაწვა ევას.
  -არის რაღაც...რაც ხელს მიშლის შენში ქალი დავინახო...არ ვიცი, როგორ აგიხსნა...
  -მამაკაცების მეგობრობა, რომელიც ყ ვ ლ ფ ე რ ზ ე  მაღლა დგას.
  -არა, სხვა რამე...რაც ამაზე მნიშვნელოვანია.
  -რა? რა შეიძლება ამაზე მნიშვნელოვანი იყოს.
  -ძმობა. მამაკაცების მეგობრობაზე უფრო მნიშვნელოვანი ძმობაა.
  -არ მითხრა რომ ძმები ხართ, მაინც არ დავიჯერებ.
  -შეიძლება არც ვართ, მაგრამ...ძალიან მეპარება ეჭვი...თუმცა, ესეც რომ არ იყოს ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. დათოს და მისი ოჯახის დამსახურებაა...თუ დღეს რამეს წარმოვადგენ.
  -გამოდის, მასთან ვალში ხარ.
  -არა, ასე არ არის. მე სოფელში გავიზარდე. ლეჩხუმში. მამა არ მყოლია. კარგად ვსწავლობდი. დედა სულ ჩამჩიჩინებდა, სამედიცინოზე ჩააბარეო. ისე ადვილად მოვეწყვე, დღემდე არ მჯერა,  რომ ვინმე არ ჩაერია. დათომ თვითონ შემამჩნია. მამამისი ცეკას მდივანი იყო.  როცა ბიძია ბენომ აღმოაჩინა, რომ ოყურეშიდან ვიყავი. მითხრა, თქვენს სოფელში ნათესავები მყავს, თქვენს ოჯახსაც კარგად ვიცნობო. პროფესიით მეღვინე ყოფილა და ჩვენთან ვაზის იშვიათი ჯიშის- უსახელაურის მეურნეობას ხელმძღვანელობდა. შემომთავაზა, ნაქირავებიდან მათთან გადავსულიყავი საცხოვრებლად. ისე მექცეოდნენ, როგორც საკუთარ შვილს. მერე მოსკოვში გავაგრძელეთ სწავლა. ყველაფრის ფულს ბიძია ბენო იხდიდა. პირველად, სწორედ იქ დამებადა ეჭვი. რუსებმა მაშინვე შეამჩნიეს ჩვენი მსგავსება. ხშირად ერთმანეთში ვერეოდით. ძმებს გვეძახდნენ. დათო ამას ყურადღებას არ აქცევდა. მე კი... ჯაბა გაჩუმდა.
  -შენ კი არ გჯერა უანგარო სიკეთისა.
  -სიკეთე ისედაც უანგარობას ნიშნავს. მაგრამ დათოს მამა იმაზე მეტ სიკეთეს იჩენდა, ვიდრე შვილის მეგობრების მიმართ იჩენენ.
  -თქვენ...ორივე...გინეკოლოგები ხართ?-ჰკითხა ევამ.
  -ჰო, მე-ქირურგი, დათო-მეანი. მაგრამ ბოლო წლებში უშვილობის პრობლემებზე მუშაობდა, მინდოდა მისთვის კომპიუტერი მეყიდა. ინტერნეტში უამრავი ახალი ინფორმაციაა იმაზე, რაც მას აინტერესებს.
  -რა აინტერესებს?
  -ინფორმაციას აგროვებს იმ ქალებზე, რომელთაც მრავალი წლის მანძილზე არ უჩნდებოდათ შვილი და მერე შეეძინათ. დეტალებში ადგენს რა საერთო კანონზომიერება არსებობს მათ მდგომარეობაში. დათო ყოველთვის წინააღმდეგი იყო ხელოვნური განაყოფიერებისა. სჯეროდა, რომ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ღვთის ნებაა და მათ შორის უშვილობაც. მაგრამ მერე ბელგიიდან უნიკალური აპარატურა ჩამოუტანეს, რომლითაც სულ უმნიშვნელო დარღვევების დაფიქსირებაც ხდებოდა, და საკუთარი კლინიკა გახსნა-ქალის რეპროდუქტიული კვლევის კლინიკა. ის უშვილო ქალებს კომპლექსურად იკვლევდა. ყველაფერი აინტერესებდა, მათი გენეტიკა, ოჯახური მდგომარეობა, ნერვული სისტემა, ფსიქოლოგია და რელიგიური მრწამსიც კი. ისე ღრმად შეტოპა, რომ სოფლელ ექიმბაშებს ეძებდა, რომლებიც უშვილობას თავიანთი წამლებით შველოდნენ. რაღაც კანონზომიერებაც აღმოაჩინა. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ცოტას აზვიადებს.
  ევა ყურადღებით უსმენდა. მერე უცებ გააწყვეტინა:
  -მე შევძლებ შვილი გავაჩინო?
  ჯაბა შეყოყმანდა. როგორ ეთქვა, რომ საშვილოსნო ამოუღეს.
  -ალბათ შესძლებ...ცოტა მკურნალობა დაგჭირდება.
  -დათო მიმკურნალებს. ის ხომ ნამდვილი მაშველია. ოპერაციაც ხომ მან გამიკეთა.
  -ოპერაცია მე გაგიკეთე. დათო ქირურგი არ არის. რამდენჯერმე ვიყავი აქ. სულ არ გახსოვარ?
  -დათოს გარდა არავინ მახსოვს.
  -ისინი?
  -არა, არც ისინი. მხოლოდ სამხედრო ფორმა. სიზმარში მათ სახეებს ვხედავ...ვცდილობ...დავივიწყო...
  -პირიქით. ერთხელ მაინც უნდა ამოთქვა, რაც გაწუხებს და განთავისუფლდე. რატომ არ გინდა... დათოს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი  უამბო.
  - ამბობენ გოგოები თავიანთი გამომწვევი ჩაცმულობით და საქციელით თვითონ უწევენ პროვოცირებას ბიჭებს...და მოძალადეების უმრავლესობა თავს ამით იმართლებსო. მე ასეთი არ ვიყავი...არც გამომწვევად მეცვა და არც გარეგნობა მქონდა ისეთი. რატომ ამომირჩიეს მაინცდამაინც მე. ჩემმა მშობლებმა არ იციან, რა მომივიდა. უბრალოდ გავქრი. ასე ხომ ვერც მკვდრად ჩამთვლიან და ვერც ცოცხლად. როგორ გავიმეტო სიმართლისათვის.
  ევას თვალებზე ცრემლები მოადგა.
  -ჩვენ სოლოლაკში ვცხოვრობთ. იმ დღეს რუსთაველზე მეგობარს უნდა შევხვედროდი. ლესელიძეზე ჩემს წინ ერთი ქალი გამოჩნდა. შუა ხნის. ნორმალურად ეცვა, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ მათხოვარი იყო. ასეთებს ხშირად ვხვდებოდი. ჯიბეში მხოლოდ ორასი კუპონი მედო. შემრცხვა, ასე ცოტას მიცემა. თავი ჩავღუნე და ისე ჩავუარე. უცებ ხაკისფერი სასწრაფო დახმარების მანქანა გამოჩნდა. კინაღამ დამეჯახა. გაჩერდა. იქიდან სამხედროფორმიანი ბიჭები გადმოხტნენ და მანქანაში ამათრიეს. დაყვირებაც ვერ მოვასწარი, მაგრამ კივილი გავიგონე. ის ქალი ყვიროდა.
  ევა ისევ გაჩუმდა. თვალები გაუდიდდა. მერე სახეზე ხელები აიფარა და ისევ გააგრძელა.
  -ისინი ისე მამცირებდნენ...მაწვალებდნენ...და...მაიძულებდნენ თვალები არ დამეხუჭა...რომ...მათი სახეებისთვის მეცქირა. მე კინოშიც კი არ შემეძლო... ასეთი სცენების ყურება...თვალებს ვხუჭავდი. მაშინაც...ეს ერთადერთი ს ა შ ვ ე ლ ი  იყო...ისინი კი ძალით მახელინებდნენ თვალებს. დახუჭულ თვალებზე ანთებულ სიგარეტს მადებდნენ...მე...კი...ცრემლებიც აღარ მქონდა...რომ ა ღ ა რ ა ფ ე რ ი დამენახა.
    ჯაბამ ვეღარ გაუძლო
  -გაჩუმდი. ძალიან გთხოვ.
  -და შენ გინდა...დათოსაც ვუთხრა...ეს ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი.
    დრო გადიოდა, დათო კი არსად არ ჩანდა. ჯაბა განერვიულდა. სიგარეტს არ ეწეოდა, მაგრამ რატომღაც მოწევა მოუნდა. ევა სავარძელში ფეხმორთხმით დაჯდა და გაიღიმა.
  -ყოველთვის ვოცნებობდი ბუხრიან სახლზე. უფრო სწორად, მინდოდა მყოლოდა მეგობარი მამაკაცი, ჩემზე ბევრად უფროსი, რომელსაც სახლში ბუხარი ექნებოდა. ჩვენ მხოლოდ მეგობრები უნდა ვყოფილიყავით, მხოლოდ მეგობრები, სხვა არაფერი. საღამოობით ვესტუმრებოდი, ასე ვისხდებოდით ბუხართან და ყველაფერზე ვისაუბრებდით.
  -ხომ ხედავ, ოცნება აგისრულდა.
    ევა ისევ დანაღვლიანდა.
  -მხოლოდ ახლა ერთი კი არა, ორი მეგობარი მყავს...ბუხარი კი ერთია. საერთო,-და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
  -მოსკოვიდან როდის წამოხვედით?
  -9 აპრილის შემდეგ. დათო მოსკოვში აღარ გაჩერდა. მეც გამოვყევი. მაშინ მოსკოვში მცხოვრები ქართველი ექიმების უმრავლესობა საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში. და სულ მალე... სანანებელი გაუხდათ. მათ შორის ჩვენც. როცა დათოს კლინიკაში ავტომატიანები მიუვარდნენ და ზოგიერთებმა წილში ჩაჯდომა მოსთხოვეს, ყველაფერი გაყიდა. სახლიც. კლინიკაც. ამ ფულით ორი ჯიპი იყიდა ჩემთვის და თავისთვის. ქვანახშირი. პროდუქტი. აქ წამოვიდა. თბილისი ისე შეიძულა, 
  -საიდან ასეთი სახლი.
  -მამამისმა მოსკოვიდან ჩამოსული სპეციალური სტუმრებისათვის ააშენებინა. აქ ნადირობდნენ, ისვენებდნენ, ტბაც მაშინ გააკეთეს, ელექტროხაზები გადმოჭიმეს. 9 აპრილის შემდეგ დათოს მამამ პარტბილეთი დააგდო. იმ დროს უკვე პენსიაზე იყო. ყველა პრივილეგიაზე უარი თქვა. მათ შორის აგარაკებზეც. მხოლოდ ეს სახლი დაიტოვა. დათო თავს აქ ბედნიერად გრძნობდა, ვიდრე...
  -ვიდრე მე არ გამოვჩნდებოდი.
  - მახსოვს ყოველი ბავშვის დაბადება როგორ უხაროდა. ახლა კი მის ცხოვრებაში ა ღ ა რ ა ფ ე რ ი  ხდება ისეთი, რომ გაუხარდეს. ერთადერთი ნათელი სხივი შენ იყავი და...ჯაბამ აღარ დაამთავრა.-დათო ძალიან ნიჭიერია. ჭეშმარიტი ექიმი. ჯანსაღი ცხოვრების მოტრფიალე. არასოდეს მოუწევია, სუფთა ჰაერი, ნატურალური პროდუქტი, ცურვა, ვარჯიში. ასე იცხოვრა და სხვასაც ამას ურჩევდა. ღვინოც კი წამლად და წინაპრების დატოვილ სიცოცხლის ელექსირად მიაჩნია. ღვინოზე და ვაზზე მამამისს უამრავი წიგნი ჰქონდა. კარგ ღვინოებს აყენებდა. აქ, მთაში ყინვაგამძლე  ვაზი გაახარა. დათო ამბობს, როცა დავბერდები მამაჩემივით მეღვინეობა უნდა დავიწყოო.
  -სად არის ახლა მამამისი?
  -თბილისის ომის დროს ინფარქტით გარდაიცვალა. ამ ომმა ჩვენზე ძალიან იმოქმედა. ბევრ რამეზე შეგვეცვალა აზრი. ჩვენი მეგობრების ნაწილი რუსეთში წავიდა, ნაწილი საზღვარგარეთ. ჩვენც გვქონდა შანსი, მაგრამ დათომ არ მოინდომა. როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, ატყდა, ექიმები ვართ და უნდა წავიდეთო. იქ, ერთ სოფელში ჰოსპიტალში ვმუშაობდით. სოფელი ხელიდან ხელში გადადიოდა. ჩვენებსაც მოჰყავდათ დაჭრილები და აფხაზებსაც. მედპერსონალი კი მხოლოდ ქართველები ვიყავით. საინტერესო  ის იყო, რომ ყველა აფხაზი, ვინც მოდიოდა, რუსულად გველაპარაკებოდა, იმათი დაჭრილები კი -ქართულად. დათო ხუმრობდა-გაჭირვებაში ყველა ქართველობსო. მაგრამ...ერთხელ  ქართველი ოფიცერები მოვიდნენ, ორი უგონოდ მყოფი მძიმედ დაჭრილი აფხაზი...ეზოში გამოათრიეს და დახვრიტეს-მკვლელები არიანო. დათო ისტერიკაში ჩავარდა.  ყვიროდა. იმ ოფიცრებზე იწევდა ავტომატით. კინაღამ დასაბმელი გახდა. იმ დღესვე წამოვიდა თბილისში. ვეხვეწებოდი, დანარჩენი ექიმები რას იტყვიან, ეს ხომ დეზერტირობაა-მეთქი. მიმიფურთხებია თქვენი ომისთვისო. მეც, როგორც ყოველთვის, თან წამოვყევი. მოკლედ სულ კუდში დავყვებოდი დათოს. მამა როცა გარდაეცვალა, მაშინაც მის გვერდით ვიყავი. ვიცი, რომ ბიძია ბენოს მისთვის არაფერი უთქვამს ჩემზე. რომ ეთქვა, მივხვდებოდი.  დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ჩვენი სახლი გაქურდეს ოყურეშში. ეს იმდენად წარმოუდგენელი რამე იყო. სხვა ნივთებთან ერთად იცი, რა წაიღეს? ჩემოდანი, სადაც მხოლოდ წერილები, ფოტოები და დედაჩემის დღიური ინახებოდა. მაშინ,  დათოს მამა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
  -აბა ყველა საბუთი ხელში გქონია.
  -არა. ეს არ არის საკმარისი, რომ დათოს ვუთხრა.
  -იქნებ სჯობს არც უთხრა.
    ამასობაში დათოს მანქანის ხმაც გაისმა. ჯაბა და ევა მის შესახვედრად გარეთ გამოვიდნენ. ევა კიბის თავში იდგა და ზემოდან უყურებდა მათ. იდგა ორი ზუსტად ერთნაირი ჯიპი და მის წინ იდგნენ ჯაბა და დათო. ორივე ერთი სიმაღლის, ორივე წაბლისფერ თმიანი, ორივე დაღლილი და განერვიულებული.
  ჯაბას ერთი სული ჰქონდა დათოსთან მარტო დარჩენილიყო სალაპარაკოდ. მისდა გასაოცრად, დათომ თვითონვე საკმაოდ უხეშად სთხოვა ევას, მარტო დაგვტოვეო. ევა გაღიზიანდა.  შებრუნდა წასასვლელად, მაგრამ უცებ ისევ მობრუნდა.
  -თქვენ...ისე ჰგავხართ ერთმანეთს, რომ ხანდახან ერთმანეთში მერევით. თითქოს ერთმანეთის როლს თამაშობთ. დავიღალე თქვენი გამოცანებით. ვეღარ გიტანთ.
  -ჰო, კარგი, კარგი.-შეეშინდა ჯაბას. არავითარი სურვილი არ ჰქონდა, ევას ამაზე მეტი წამოსცდენოდა-დასამალი არაფერი გვაქვს.
მორიგი ჩეპე შემემთხვა. მშობიარე დამეღუპა. იმ დღეს არ ვმორიგეობდი. რატომღაც მე დამირეკეს, თანაც როცა უკვე აღარაფერი ეშველებოდა. ეჭვი შემეპარა, რომ მშობიარობა ტრავმის შედეგად დაიწყო. ექსპერტიზა მოვითხოვე. ამან პატრონები საშინლად გააღიზიანა. აქეთ მიჩივლეს. ჯერ ვიფიქრე ვიღაცას პირადად ჩემთან ჰქონდა საქმე. მერე მივხვდი, რომ  თვითონ მოკლეს და ახლა დილიხორი აქვთ ციხეში მე ჩამსვან და ჩამსვამენ კიდეც. პროკურატურაში როგორც მოწმე, ისე დამიბარეს, მაგრამ სამწუხაროდ, იგივე გამომძიებლის ხელში აღმოვჩნდი. გამაფრთხილა ,თუ რამდენიც საჭიროა არ მივიტან, ყველაფერი მე დამბრალდება.
  -რამდენს ითხოვენ?
  -ახლა გაცილებით მეტს, ვიდრე მაშინ მივუტანე, თხუთმეტი ათასს.
  - შენ მაგათ მეწველი ძროხა ხომ არ ჰგონიხარ?
  -აქ გამოსამშვიდობებლად მოვედი.  მორჩა. მივდივარ.
  -მაინც სად მიდიხარ?
  -რა თქმა უნდა ჯერ გერმანიაში ვიფიქრე, მაგრამ ბევრი ფორმალობა და დროა საჭირო. არც ფული მაქვს საკმარისი. თანაც არ მინდა ყურადღება მივიქციო. ისევ ცხინვალის გზით ჩრდილოეთ ოსეთში და იქიდან-მოსკოვში.
  -ისევ მოსკოვში. ვერ გამიგია, ნუთუ წესიერი და ჭკვიანი ქართველის ადგილი მხოლოდ მოსკოვშია?
  -ყველა გზა რომში მიდის.
  -აი, ხედავ? მე დამცინოდი. კონფორმისტს მეძახდი. მე საქართელოდან არ წავსულვარ და ზოგიერთებისაგან განსხვავებით არც წავალ.
  -ზოგიერთებში ვის გულისხმობ. ციხეში ჩავჯდე?
  -არ ვიცი. ფული ისესხე.
  -ვისგან? ერთი მდიდარი კაცი დამისახელე ჩვენს ირგვლივ.
  -ორივე ჯიპი წაიყვანე. ცოტას შენი კრიმინალი ძმაკაცებიც დაგიმატებენ.
    იცი რა მოხდება, ფულით რომ გამოვძვრე. უბრალოდ მომკლავენ. იმ ქალის ქმარს უთქვამს, ან უნდა ჩაჯდეს, ან მოვკლავო.
  -მაშ,  საშველი არ ყოფილა.-გაიღიმა დათომ.
  -როგორც ყოველთვის.
  -დიდი სიამოვნებით გეტყოდი-ნე ბოისია ია სტაბოი და აქვე შეგიფარებდი, როგორც ,,დევნილს,” მაგრამ სამწუხაროდ, მე შენზე უარეს დღეში ვარ.
ძალიან გრძელი და ჩახლართული ამბავია. აღარ ვიცი საიდან დავიწყო, მაგრამ ვიდრე სერიალის მოყოლას შევუდგებოდე, მანქანებს შევიყვან გარაჟში და კარებსაც დავკეტავ, თქვენის ნებართვით.
  -ასეა საქმე?
    ჯაბა თითქმის ყველაფერს მიხვდა.
    დათოს ზემოთ ერთ ოთახში  ბიბლიოთეკა და კაბინეტი ჰქონდა მოწყობილი. ზოგჯერ თვითონაც აქ ეძინა ხოლმე. ამ სახლში ეს ყველაზე პატარა და მყუდრო ოთახი იყო და სწორედ ის აირჩია ჯაბასთან და ევასთან სალაპარაკოდ. ისეთ კარგ  გუნებაზე იყო, როგორზეც ფილმებში ის გმირები არიან ხოლმე, რომელთაც რამდენიმე წუთში მოკლავენ.
  -ჯერ დასასრულს გეტყვით. ტყეში ყოფილი გვარდიელების ბანაკია. ულტიმატუმი წამომიყენეს-თუ გინდა ცოცხალი დარჩე, სამ დღეში უნდა გაქრეო.
  -რა უნდათ?
  -ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი-სახლი, მანქანა, ფული, იარაღი-დათომ ევას გადახედა-და შეიძლება...ქალიც.
  ევას რეაქცია არ ჰქონდა. თითქოს ვერ გაიგო, რომ ნათქვამი მას ეხებოდა.
  დათომ მცირე პაუზის შემდეგ თავიდან დაიწყო.
  -აქ, ქვემოთ ფერმა იყო. ორმა ძმამ და მათმა ბიძაშვილმა გააკეთეს. თბილისელები არიან. სამივეს უმაღლესი განათლება აქვთ და სამივე ცოლშვლიანია. უმუშევრები დარჩნენ და სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ძროხები იყიდეს და მთაში ამოვიდნენ. საქმე აეწყოთ. ვალებიც გადაიხადეს. ნეტავ განახათ ძროხებს როგორ წველიდნენ და ყველი როგორ ამოჰყავდათ,კარტოფილიც დათესეს, ინდაურებიც კი გაიჩინეს,  თავაუღებლად შრომობდნენ. დღეს დილით კი...ფერმის ადგილას აღარაფერი აღარ არის. ყველაფერი დამწვარია, სულიერი არ ჭაჭანებს. არ მინდა დავიჯერო, რომ ცოცხლები აღარ არიან. გამწარებული უკან ვბრუნდებოდი. ერთი პატარა მოსახვევია, იცი შენ, გზა ძალიან ვიწროვდება. იქ უაზი დამხვდა გაჩხირული. მანქანიდან გადმომიყვანეს. ეგენი აქ გაზაფხულზე გამოჩნდნენ. მერე რაღაც შეემთხვათ და წავიდნენ. პრეზიდენტზე ტერაქტის შემდეგ ორგანოებმა ასეთი ბანდების დევნა გაამკაცრეს და ისევ დაბრუნდნენ. აქედან არსად წაესვლებათ.
  -ისინი არიან-თქვა ევამ.
    დათომ თავი დაუქნია.
  -ჰო, ისინი არიან.
    ევა დათოს საწოლზე დაწვა და საბანი ისე წაიფარა, რომ საერთოდ აღარ ჩანდა, თითქოს ვიღაცას დაემალაო.
    დათომ ჯაბას თვალით ანიშნა და სამზარეულოში ჩაიყვანა. სამზარეულოდან სარდაფში იყო ჩასასვლელი. დათომ სარდაფიდან ერთი მძიმე ყუთი ამოათრია და თავი ახადა. ყუთი “ლიმონკებით” იყო სავსე.
  -საიდან?-გაოცდა ჯაბა.
  -მაგათია. ქვემოთ მთელი არსენალი მაქვს. ევას გამოჩენიდან ორი კვირის შემდეგ დამტვრეული საბარგო მანქანა ვიპოვე ტრუპით. შენთვის არ მითქვამს. სამი გზა გავაკეთე, ვიდრე მთლიანად გადმოვტვირთავდი.
  -მერე დაუბრუნე, თუ მაგათია.
  -მე თვთონ მივცე? თავი მოვაკვლევინო?
  -შენ, რა, ომი გინდა გამოუცხადო?
  -განა რამდენნი არიან? ათი თუ თორმეტი კაცი. მეტი ხომ არა.
  -გააფრინე? დღესვე აიკარით ორივემ გუდა -ნაბადი.
  -მომენატრა კაცური საქციელი.
  -ვის რას უმტკიცებ?
  -არავის, მხოლოდ საკუთარ თავს მინდა დავუმტკიცო, რომ კაცი ვარ და აქედან ვერავინ გამაგდებს. უნდა ნახო, რა სახეები აქვთ. სიტყვა ყეყეჩი მენანება. ნამდვილი ტუპოი როჟები. ისე მიყურებდნენ, როგორც ცვედანს. რა გგონია, რატომ მომიგდეს თავიანთი გაუპატიურებული ქალი. საიდან უნდა სცოდნოდათ, რომ ექიმი ვიყავი. რიგში ჩამაყენეს. აი რატომ.
  -რა გაქვს კიდევ ამ სარდაფში?
  -ავტომატები და... ტროტილი.
  -რას აპირებ?
  -ისეთს არაფერს. მთავარია ყველა ერთად მოვიდეს.
  -ამას როგორ გააკეთებ?
  -დავპატიჟებ. იარაღი ხომ უნდა ჩავაბარო. თუ ყველა სარდაფში ჩამოვა, ეს საუკეთესო ვარიანტია, თუ არა და...მაინც ყველაფერი ზუსტად მაქვს გათვლილი.
  -შენ გადარჩენის შანსი არა გაქვს. შენი სარდაფი არც ისე ღრმაა; სახლი დაინგრევა.
    დათოს აღარაფერი უთქვამს. სარდაფი დაკეტა და კაბინეტში დაბრუნდნენ. ევას ეძინა. ან იქნებ თავს იმძინარებდა.
    ჯაბამ თაროდან ბიბლია გადმოიღო. ათვალიერებდა და თან ფიქრობდა, როგორ დაეყოლიებინა დათო, რომ აქაურობას დროზე გასცლოდნენ. დათოს კი საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
  -მე იმიტომ წამოვედი ქალაქიდან, რომ არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა. ყ ვ ე ლ ა ს ვერ მოერევი, მაგრამ ამათ... სულში არ ჩავაფურთხებინებ. ეს ჩემი ტერიტორიაა. ეს არის ჩემი საქართველო. მიწის ეს პატარა ნაგლეჯი. ეს ე რ თ ა დ ე რ თ ი ადგილია, სადაც თავს ადამიანად ვგრძნობ. და ესეც უნდა წამართვან? ვერ მიართვეს. არ დავუთმობ. ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს გამო მაგათ ვაზღვევინებ. უნდა შევაგნებინო, რომ ვინც იარაღს აიღებს, იარაღითვე დაიღუპება.
    ჯაბამ ბიბლიიდან ერთი ადგილი მოძებნა და წაიკითხა:
  -,,ვინც ადამიანის სისხლს დაღვრის, ადამიანის მიერვე დაიღვრება მისი სისხლი.”
  -მეც სწორედ მაგას ვამბობ.
  -ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს მათზე არ არის ნათქვამი, შენზეა.
  -კარგი რა,  სამ დღეში მოვლენ და მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ.
  -რომ ვერ მოერიო?
 
  -ვისაც საკუთარი თავის არ სწამს, ის ვერც ღმერთს იწამებს.
    მე მაგათთვის ერთი სათვალიანი ფრაერი ვარ. გახსოვს ერთ ამერიკულ ფილმშია დასტინ ჰოფმანი თამაშობს, სწორედ ისეთი. და ზუსტად ისე გავუსწორდები, როგორც იქ-დათომ საფეთქელზე თითი დაიკაკუნა-ჭკუით ვაჯობებ მაგ დამპლებს.
  -დონ კიხოტივით ქარის წისქვილებთან გინდა ბრძოლა.
  -რატომ, ქარის წისქვილებთან? ჩემი მტრები სავსებით რეალურები არიან.
  -რას მოიგებ მათი დახოცვით?
  -შენ ფიქრობ, რომ ეს ყ ვ ლ ა ფ ე რ ი  ჩემს გარშემო, ცოტაა?
  -მოგკლავენ.
  -მომკლავენ და მომკლან. მე თუ არ ვიქნები არც ეს თავისუფალი ცის ნაგლეჯი იქნება და რაც მის ქვეშაა ჩემთან ერთად მოკვდება. მოდი ნუ მარწმუნებ, რომ ამ ყ ვ ე ლ ა ფ რ I ს გადასარჩენად ბრძოლა არ ღირს.
  -მომკლა შენმა პათეტიზმმა. არ შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები იქცევიან?
  -შენ რა მოიგე იმით, რომ ყ ვ ე ლ ფ ე რ ს  შეეგუე. უფრო უარეს წუმპეში აღმოჩნდი, ვიდრე იყავი. ერთი რიგითი გინეკოლოგი ხარ, რომელსაც უმიზეზოდ ვიღაც ნაძირალები ციხეში სვამენ. მე კი...ჰო, მივატოვე ყველაფერი, მაგრამ აქ ვმუშაობდი. უქმად არ ვყოფილვარ. ამ უჯრაში იმდენი რამე დევს, რაც დღეს თუ ხვალ ფურორს მოახდენს.
  -შენს ნაშრომებს მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. პრაქტიკის გარეშე მათი ფასი ნულია.
  -ჰო, მართლა...თუ რამე დამემართა...ალბათ ეს ქაღალდებიც განადგურდება. ძალიან გთხოვ, თან წაიღე. იქნებ, რამეში გამოგადგეს.
  -მე არსად არ მივდივარ.
  -მაგრამ მოგიწევს წასვლა. შენი საქმეების მოგვარება უნდა მოასწრო.
  -მაშინ შენც ჩემთან უნდა დაბრუნდე თბილისში. მე წავალ. შენ კი ჩემს სახლში იცხოვრე. ის სახლი შენიცაა.
  -არ მინდა შენი თბილისი-მკვლელების ქალაქი.
  -ბოლო დროს ბევრი რამე შეიცვალა. თბილისელები ისეთები აღარ არიან, როგორებიც იყვნენ.
  -კი, როგორ არა. ვინც მკვლელი ვერ გახდა, ბოზი, ვაჭარი ან მათხოვარია.
  -შენ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი  არ იცი. ეკლესიებში ადგილი აღარ არის. ყ ვ ე ლ ა ლოცულობს.
  -ჩემამდე ვერ აღწევს მაგათი ლოცვის ხმა.
    დათო დაიღალა. თავი ასტკივდა, მაგრამ გაჩუმება არ შეეძლო.
  -დროის ნაკადი საშინელი სისწრაფით მიექანება ვიწრო კალაპოტში და ყველა ჩვენგანი ინერციით მიჰყვება. ვისაც არ შეუძლია ამ სისწრაფისა და სივიწროვის ატანა, ამ კალაპოტიდან ვარდება და იღუპება. დანარჩენები თვალებდახუჭულები მივყვებით. თითქოს ვერ ვხვდებით, რომ ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ს  დასასრული აქვს და იმ კალაპოტის ბოლოს ა ღ ა რ ა ფ ე რ ი ა. რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოვკვდებით-გზაში თუ გზის ბოლოს. მე მირჩევნია გზაში დავიღუპო. წამიერად მაინც ამოვისუნთქავ ამ ჭეჭყვაში.
  -გინდა მკვლელის სახელით წახვიდე იმქვეყნად?
  -არა. გმირის. უფრო სწორად, იმ ჭიჭყინასი, რომელსაც ეყო სიმამაცე, მღვრიე ნაკადიდან ამოხტა და სხვებზე ადრე დაიღუპა.
  -მარტო ცხოვრებამ ფილოსოფოსადაც გაქცია, მაგრამ მაგ ხალხის ბოლო ხომ ისედაც ციხე ან სიკვდილია.
  -როგორ არ გესმის ჯაბა, რომ მე სხვაგან არსად წამესვლება და არც არჩევანი მაქვს. ეს ჩემი გამოცდაა და მე უნდა ჩავაბარო. პოლიცია გამოვიძახო და დავაჭერინო?
  ,,თუნდაც”-უნდოდა ეთქვა ჯაბას, მაგრამ იცოდა, აზრი არ ჰქონდა.
  -კარგი, ხელებს ვწევ. მაგრამ იცოდე, მეც შენს გვერდით ვიქნები და ჩემს სიცოცხლეზეც შენ აგებ პასუხს-ეს მისი ბოლო გაბრძოლება იყო.
  -აი, ეს უკვე შენი გადაწყვეტილებაა. ეს ბოლო საქმეც საერთო გვექნება
    სიტყვა  ,,საერთოს” დათომ ისე გაუსვა ხაზი, რომ ჯაბამ ყურადღება მიაქცია.
    -მაგით რისი თქმა გინდა. გასაყოფი რა გვქონია. რას გულისხმობ?
  -იცი, შენ.
  -ეს ერთხელ უკვე იყო. თანაც შემთხვევით. მეორედ ეს აღარ განმეორდება.
    ეს ისტორია, ორივეს კარგად ახსოვდა. ან რა დაავიწყებდათ, თუმცა მას შემდეგ თორმეტი წელი გავიდა. ისეთი სხვაობა იყო იმ ცხოვრებასა და დღევანდელ ყოფას შორის, რომ წამიერად ორივეს ნოსტალგია დაეუფლა. მაშინ ბევრად ახალგაზრდები იყვნენ და ბედის ირონიით მაშინდელ მილიონიან თბილისში ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, მაინცდამაინც ერთი გოგონა შეიყვარეს. ერთხელ,  მთელი ღამე სვამდნენ და სიყვარულზე ლაპარაკობდნენ. მხოლოდ დილისთვის აღმოაჩინეს, რომ ორივეს სიყვარულის საგანი ერთი და იგივე ადამიანი იყო. თუმცა ის ძალიან მალე გათხოვდა და მეტოქეობის დრო ფაქტიურად არც ჰქონიათ, მაგრამ მეორედ ჯაბა ამას არ დაუშვებდა. ყოველ შემთხვევაში, არ უნდოდა, რომ დათოს ის მეტოქედ მიეჩნია.
    უკვე დილის ხუთის ნახევარი იყო. დათო აჩქარდა.
  -შენ ახლავე უნდა წახვიდე, თბილისში შენი საქმეები მოაგვარო და მერე დაბრუნდე. მე მათთან ხვალ საღამოს მივალ და ზეგისთვის მოვიპატიჟებ. ისე, რომ მანამდე ა რ ა ფ ე რ ი მოსალოდნელი არ არის.
  -გახსოვს ბულატ ოკუჯავას რომანი ,,შეხვედრა ბონაპარტთან”. რუს თავადს ნაპოლეონის მოპატიჟება, გამასპინძლება და მოკვლა უნდოდა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. რომ არ მოვიდნენ?
  -სად წავლენ. ზამთარს კარავში ვერ გაატარებენ. აქ არ ურჩევნიათ? სითბო, ელექტროენერგია. წარმოიდგინე, რას იგრიალებენ.
  -შენ მართალი ხარ. ახლავე უნდა წავიდე-გადაწყვიტა უცებ ჯაბამ. ,,ფულს წამოვიღებ და ორივეს გაგიყვანთ ამ ქვეყნიდან” გაიფიქრა გულში.
    დათომ გაცილებისას ურჩია:
  -აქედან დაახლოებით ხუთ კილომეტრში მოტორი ჩააქრე, რომ ყურადღება არ მიიქციო, გზასთან ახლოს არიან. ერთიორი კილომეტრი იარე ასე, თავქვე და მერე შეგიძლია დაგაზო. თბილისამდე საათნახევარიც არ დაგჭირდება.
    დათოს დამშვიდობება გაუჭირდა. თითქოს კიდევ რაღაც დარჩა სათქმელი, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
  -ის დრო, რაც ამ სახლში ევას გამოჩენამდე გავატარე, განსაკუთრებული იყო. თავისუფალი ვიყავი ყ ვ ე ლ ა ს ა  და  ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა გ ა ნ, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობდა და რაც აქ ხდებოდა.  მაგრამ ყველაზე კარგი მაინც ის იყო, რომ არავისზე და არაფერზე პასუხს არ ვაგებდი. ეს თურმე ბედნიერება ყოფილა. მაგრამ გამოჩნდა ევა და ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. მთავარი მისი გადარჩენა და მასზე ზრუნვა გახდა. სულ მეშინოდა, რომ ნაკერები გაეხსნებოდა, სისხლდენა ან პერიტონიტი დაეწყებოდა. კოვზით ვაჭმევდი, ვბანდი, სიარულს ვასწავლიდი. მოკლედ, ჩემთვის პაციენტიც, შვილიც და სათამაშოც კი იყო. მაშინ მივხვდი, რომ საყვარელი ადამიანი ერთდროულად გაბედნიერებს და გაუბედურებს კიდეც.  უკვე აღარ ვიცი, როდის უფრო ბედნიერი ვიყავი მანამდე თუ ახლა, დათოს უნდოდა ეთქვა თუ მომკლავენ, შენც ჩემ დღეში აღმოჩნდებიო, მაგრამ მოულოდნელად სხვა რამე თქვა:
  -შენ...შენც ძალიან მიყვარხარ...და მინდა ეს იცოდე.
    ჯაბა გაწითლდა და ვერაფერი უთხრა. დათომ კი დამელოდეო, სთხოვა და სახლში შევარდა. მეორე სართულზე აირბინა, ევა გააღვიძა.
  -ჩქარა, ჯაბა გელოდება, თბილისში მიდიხართ.
  -არა, მე შენთან დავრჩები.
    დათოს მისი უარისათვის ყურადღება არ მიუქცევია. თავისი თბილი ნაქსოვი ჟაკეტი მოაცვა. მაგრამ ევა დაუსხლტა, გამოექცა და თავის ოთახში ჩაიკეტა. დათო კარს უბრახუნებდა, კინაღამ  შეუმტვრია, მაგრამ როცა ჯაბას მანქანის ხმა გაიგონა, ძალაგამოცლილი კარებთან ჩაიკეცა.
    გარეთ კოკისპირულად წვიმდა. სახლში აცივდა. დათოს ბუხრის ანთების თავი არ ჰქონდა. სავარძლამდე ძლივს მივიდა, პლედი მოიხვია, სავარძელში გადაწვა და თვალები დახუჭა. ევა მიუახლოვდა და მხრებზე ხელები დააწყო. დათოს მხრები აუცახცახდა. ევა წინ ჩამოუჯდა.
  -გეშინია?
  -ჰო, მეშინია.
  -ჩემს გამო?
    დათომ ხელი მოჰკიდა. მუხლებზე დაისვა და პლედი მოახურა. სახლში ისევ ციოდა. თენდებოდა.

  გათენებისას ჯაბა უკვე თბილისში იყო. თბილისშიც წვიმდა, მაგრამ სასიამოვნოდ. ქალაქს ყვითელი ფერი შეერია და ძალიან უხდებოდა. ჯაბამ უცებ იგრძნო, როგორ უყვარდა თბილისი, როგორ არ უნდოდა აქაურობის დატოვება.
  ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მანქანა სადგომზე დატოვა. სახლამდე ფეხით მივიდა. ერთადერთ მეზობელთან ჰქონდა ურთიერთობა. ისიც მარტოხელა იყო და ისიც ექიმი. ასეთ ადამიანებთან ადვილად პოულობდა საერთოს. უცოლოდ კი იმიტომ დარჩნენ, რომ ომობანაში დიდი დრო დაკარგეს. შემდეგ კი ოჯახის შექმნა აღარც უნდოდათ. მეზობელი პირველ სართულზე ცხოვრობდა,  თვითონ კი- მეოთხეზე. ჯერ ის აგზავნა და ყველაფერი შეამოწმებინა, მხოლოდ ამის მერე შევიდა თავის ბინაში. პასპორტი და ფული მოძებნა. ხუთას დოლარამდე ჰქონდა. რისი დაკეტვაც შეიძლებოდა დაკეტა. გასაღები მეზობელს ჩააბარა. სადაც საჭიროდ ჩათვალა,  დარეკა. მათ შორის, თავის მთავარ ექიმთან. აუხსნა, რატომ მიდიოდა და შეჰპირდა, როცა ყველაფერი დალაგდებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა. ბენზინგასამართ სადგურზე მანქანის ავზი ბოლომდე აავსებინა და ჩათვალა, რომ ახლა გასამგზავრებლად მზად იყო. თორმეტი საათი ხდებოდა. დათომ უთხრა, ხვალ საღამოს დაბრუნდიო. რისთვის ეცადა. რა აზრი ჰქონდა მისთვის კიდევ ერთი დღით თბილისში დარჩენას. საავადმყოფოში შეევლო? თუ რომელიმე ეკლესიაში სანთელი დაენთო?  როგორ დამშვიდობებოდა საყვარელ ქალაქს. ცრემლით, ლოცვით და რევერანსებით? ამასობაში წვიმამ გადაიღო. ჯაბამ მანქანა დაქოქა და გზას გაუდგა. ხოვლეში მანქანა გაუჩერდა. ეს პირველი შემთხვევა იყო, რაც ამ ჯიპით დადიოდა. ავტომობილებში მაინცდამაინც ვერ ერკვეოდა. ვიღაც ღვთისნიერი კაცი გამოუჩნდა. მანქანის გაკეთებას ორი საათი დასჭირდა. იმ კაცმა უცნაური ამბავი მოუთხრო. შვილი ჰყავდა გარდაცვლილი.  რამდენიმე დღის წინ ორმოცი გადაუხადა.  იმ ღამეს ვიღაცამ სახლში წერილი შემოუგდო, ფულს თუ არ მოიტან შვილის საფლავს აგიფეთქებო. წერილი პოლიციაში მიუტანია.  დღეს გაიგო მეზობლის ბიჭის დაწერილი  ყოფილა. Nნანობდა რომ იჩივლა.  ციხისთვის ვერ იმეტებდა.  ასეთი ამბავი მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყოო, ფიქრობდა ჯაბა.
როცა  მოასფალტებულ გზას შეუდგა, იგრძნო, რომ ძალიან ცუდად იყო. თითქმის ორი დღე და ღამე არც უძინია და არც არაფერი უჭამია. მაგრამ ერთი სული ჰქონდა, ვიდრე დათოს სახლამდე მიაღწევდა. სწორედ ის პატარა მოსახვევი გაიარა,  როცა ზედიზედ რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. შემდეგ კი ისე დაიგრგვინა, რომ მთები შეზანზარდა. ჯაბამ მანქანა შეაჩერა. მერე ადგილიდან ისე მოწყდა, რომ თითქმის მიფრინავდა. როცა იქამდე მიაღწია, მხოლოდ ცეცხლი და სქელი კვამლი დაინახა. ევა კინაღამ ბორბლებში ჩაუვარდა. მანქანიდან გადმოხტა და თმებში ხელები იტაცა. სახლიდან ცეცხლმოკიდებული ნანგრევებიღა დარჩენილიყო. იქვე ორი ვილისი და ერთი უაზი იწვოდა.
  ევა ჯერ ჯაბას მივარდა, მერე უხმოდ სახლისაკენ გაიქცა, თითქოს ცეცხლში შევარდნას აპირებდა. ჯაბამ დაიჭირა და ასე მისჩერებოდნენ ცეცხლს. ყველაფერი უხმაუროდ იწვოდ, მაგრამ ჯაბას ყურებში გუგუნი ესმოდა. ჩაიჩოქა და შუბლი მიწას დაადო. არა...არა... მხოლოდ ამას იმეორებდა გულში. ევა მის გვერდით მიწაზე დაჯდა. კვამლისაგან ახველებდა. როცა გამოერკვა, მხოლოდ ეს უთხრა:
  -ისინი...ისინი...თვითონ მოვიდნენ. დათომ ფანჯრიდან გადამახტუნა და ტყისკენ გავიქეცი. იქ დანგრეული ეკლესიაა. როგორც კი იქამდე მივედი, აფეთქებების ხმა გავიგონე და თითქოს მიწა იძრა.
  -ხომ ვუთხარი, რომ ის წყეული სარდაფი არც ისე ღრმაა.
    ჯაბამ საფეთქლებზე მიიჭირა ხელები. რაღაცის გახსენებას ცდილობდა.
  -მარანი!-წამოიძახა-ჰო, მარანი...როგორ დამავიწყდა.
  -რა მარანი?
  -ბიძია ბენოს მარანი. მუხრანბატონის მარანს ეძახდა, მე ის არ მინახავს, მაგრამ ვიცი მუხრანბატონის სასახლე მარანს გვირაბით უკავშირდებოდა.
  -ჰო, დათომ  რაღაც გვირაბი ახსენა.
  -მარანში შესასვლელი უნდა ვიპოვო...
    მართლაც, ტბიდან ოცი მეტრის მანძილზე, ზუსტად სახლის პირდაპირ, ჯაბამ ბალახებში რკინის სახელურს მიაგნო, მაგრამ ამოწევა ვერ შეძლო. ნანგრევებში მიგნებული რკინის ნაჭერი ჯოხივით შეუყარა სახელურში, მეორე ბოლოს დააწვა და კარი დაემორჩილა. რკინის საფეხურები ჩაიარა, მაგრამ ისევ უკან ამოვიდა, ცეცხლმოკიდებული ხის ტოტი ჩაიყოლა და იქაურობა გაანათა. შესასვლელში დამტვრეული ბოთლები, აქეთ-იქით კი წაქცეული თაროები ეყარა. შუაგულში ძაბრისყელიანი შადრევანი და იქვე ძველებური საწნახელიც იყო. აქ უნდა ჩამოეყვანა დათოს ის ტიპები, მარნის ჩვენება უნდოდა. მერე ალბათ ჩაკეტავდა და ააფეთქებდა...რომ მოესწრო. ან იქნებ სამალავად უნდა გამოეყენებინა. ჯაბამ გვირაბის შესასვლელის ძებნა დაიწყო. შესასვლელი  აღარ არსებობდა. ის ამოქოლილი იყო. ჯაბა  რკინის ჯოხით ცდილობდა შესასვლელის გამოთხრას, მაგრამ ის ისე იყო ჩახერგილი, ნიჩბითაც ვერაფერს გახდებოდა. ამოვიდა და ის ადგილი ზემოდან დაათვალიერა. მიხვდა, რომ მიწას გვირაბი მთლიანად ამოევსო.  ,,ბულდოზერი რომ დამჭირდეს, მაინც გავთხრი ამ გვირაბს.” ფიქრობდა გამწარებული. მიწას მუშტები დაუშინა. თან, რაც ძალი და ღონე ჰქონდა ყვიროდა:- დათო! დათო! დათოო!
    როცა სიქა გაუწყდა, ჯაბა მარნიდან ამოვიდა და მანქანისაკენ წალასლასდა. ევა ისევ სველ მიწაზე იჯდა და ისე მისჩერებოდა. მისი ერთი მოძრაობაც კი არ გამოჰპარვია. როცა ჯაბამ გვერდით ჩაუარა, უთხრა:
  - ტყუილად ეწვალები, დათოს რომ ნდომებოდა, თავს გადაირჩენდა. მას უნდოდა მომკვდარიყო. თუ გადარჩა, მაინც არ გამოგვეხმაურება.
    ამ სიტყვების შემდეგ ის მანქანისაკენ წავიდა. ჯაბაც უკან მიჰყვა.
    -დაუტოვე თავისუფლების ნაგლეჯი და თავი დაანებე, ნუღარ…- ამის თქმა მოასწრო ევამ და საშინელი ხმა გაისმა. წყალმა ტბაში იხუვლა, ჯებირი გადაანგრია და ქვევით დაიძრა. მალე ხმაური შეწყდა. ტბა დაცარიელდა.
    ჯაბას ჯიპმა იგოეთთან გორისკენ გადაუხვია. ევა მობუზული იჯდა, თითქოს სციოდა.
    -იმ ეკლესიას გიორგიწმინდა ჰქვია. ეკლესიის შუაგულში ხეა ამოსული, იმხელა, რომ გუმბათი გახეთქა. ხის ტოტებზე ნაჭრები იყო შებმული. როგორც ნატვრის ხეზე. ალბათ, მეც რამე უნდა ჩამეფიქრებინა. ვერ მოვასწარი.
    ჯაბამ მანქანა შეაჩერა. სარკეში ჩაიხედა. სახე გამურული და მტვრიანი ჰქონდა. ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და სახე გულდასმით გაიწმინდა. როცა ცხვირსახოცი ისევ ჯიბეში ჩაიდო, ხელით პასპორტს შეეხო. მიხვდა, რომ არსადაც არ წავიდოდა და მანქანა თბილისისაკენ შემოაბრუნა.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:52:48
აწმყო თუ მომავალი                                          #13


      მე მინდა, რომ დავფიქრდეთ, გავიაზროთ და გავიგოთ, რომ მთელ დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს მხოლოდ ორი რამ აერთიანებთ ერთმანეთან: დაბადება და სიკვდილი. არც ამ ქვეყნად მოსულ ადამინს მოაქვს თან რაიმე და არც აქედან წამსვლელს მიჰყვება რამე , გარდა ჩადენილი საქმეებისა, რომლის მიხედვითაც ფასდება ადამიანი . ამასვე ადასტურებს რუსი მწერალი ტურგენევი: ,,ყოველივე გაივლის, ყოველივე გაქრება: ძალაუფლება, გენიოსობა... ყველაფერი მიწად იქცევა, მხოლოდ კეთილი საქმეა მკვიდრი, იგი მბრწყინავე მშვენიერებაზე დიდხანს  ისულდგმულებს“ . ჩვენ სიკვდილის შიშით კი არ უნდა  ვცხოვრობდეთ, არამედ სიცოცხლის სიყვარულით. უნდა გვიყვარდეს სიცოცხლე ისე, რომ ეს სიყვარული სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი იყოს. სირცხვილია ადამიანი ისე დაბერდეს, რომ არაფერი მოიმოქმედოს მომავალი თაობის კეთილდღეობისთვის.
              ჩვენ მიერ ყოველდღიურად ჩადენილი ქმედებები განაპირობებს ჩვენი და ჩვენი მომავალი თაობის სახლის საძირკვლის ჩაყრის ვარგისიანობას თუ უვარგისობას. შესაძლოა სახლის საძირკველში ისეთი უვარგისი ქვები ჩავყაროთ, რაც შემდგომში მისი ჩამონგრევის წინაპირობა იქნება. ამ ნანგრევებში კი შეიძლება თითოეული ჩვენგანი მოყვეს და საკუთარმა ნამოქმედარმა ნაადრევად  დაღუპოს იგი, თუკი გაგვიმართლა და გადავრჩით, იქ  ჩვენი მომავალი შთამომავლობა მოყვება! ჩვენი უგუნური საქციელით,  შესაძლოა,  დედამიწაზე სიცოხლეც კი მოვსპოთ. ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ არა  მარტო საკუთარი თავისა  და ირვგვლივ  მცხოვრებთა მიმართ,  არამედ ჩემი, თქვენი და ჩვენი მომავალი თაობების მიმართ. 
  ადამიანი არ იბადება ადამიანად. ის შემდგომში ან ხდება ადამიანი,  ან - ვერა. ადამიანობამდე ის მხოლოდ ინსტინქტების მონაა და მეტი არაფერი. ადამიანად ყალიბდება  აზროვნებისა  და ნამოქმედარის  შედეგად.  თითოეულ ჩვენგანს გააჩნია ალტრუისტული თვისება, რასაც სხვათა კეთილმოსურნეობა ჰქვია.  ეს არის ადამიანის ფსიქოლოგის  თანდაყოლილი უნარი. მე უბედნიერესი ადამიანი ვხდები მაშინ , როდესაც სხვას დახმარებას ვუწევ, რაც ადამიანის უმაღლესი დანიშნულებაა, ეს არის რაღაც ზებუნებრივი ბედნიერება, მას ვერ შეედრება ვერანაირი მატერიალური კეთილდღეობა. ფული რაც უფრო მეტი გაქვს,  უფრო მეტი გინდა და კარგავ მოსვენებას,  თუ სხვისთვისაც ვერ იმეტებ.  ბედნიერება ხომ იმისთვისაა შექმნილი, რომ ვინმეს გაუზიარო.
    არავითარი მოძრაობა და ქმედება ბუნებაში უკვალოდ არ იკარგება და არ ქრება, თუნდაც კენჭი რომ ჩავაგდოთ ზღვაში, ის მთელ ზღვას სახეს უცვლის, ჩვენ ამას ვხედავთ თუ  ვერ ვხედავთ,  ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ ის ცვლილებას განიცდის. სწორედ ასეა, როდესაც ერთი ადამიანი დახმარების ხელს უწვდის მეორე ადამიანს, ,, სანთელ–საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს“. ადამიანი ხომ სწორედ  მაშინ არის არის ძლიერი,  როდესაც სუსტს ეხმარება და არა მაშინ, როდესაც მას ამარცხებს.
              ჩემი მომავალი, პირველ რიგში,  არ არის მხოლოდ “ჩემი“ მომავალი. პირადი კეთილდღეობა,  რაც  უნდა წარმატებული იყოს, მე არ დამაკმაყოფილებს,  რადგან ეს არ  არის “ჩვენი“  საერთო  მომავალი. ჩვენი ხვალინდელი დღე, არის აწმყო ჩვენი შთამომავლობისა, ჩვენი დღევანდელობა კი მათი წარსული იქნება, რამდენად ღირსეული და პროდუქტიული, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩემი ცხოვრება არის ტილო, რომელზედაც ნელა და აუჩქარებლად უნდა ვხატო,  რადგან მხოლოდ ერთხელ მომეცა მასზე დახატვის შანსი და უნდა ვცადო,  რომ არ დავუშვა შეცდომა, რადგან ჩემი აწმყო საწინდარი უნდა იყოს,  რომ  შვას სიცოცხლისუნარიანი მომავალი, რომელიც გააგრძელებს არსებობას და საუკუნეებს გაუძლებს. მე  ხშირად არ შემიძლია გავაკონტროლო ის,  თუ რა ხდება გარეთ და ჩემ ირგვლივ, მაგრამ მე შემიძლია გავაკონტროლო ის,  რაც ხდება ჩემ შიგნით. ეს ყველას შეგვიძლია, ეს კი იქნება იმის წინა პირობა, რომ ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ მშვიდობის მოსაპოვებლად.
          დრო, ისევე როგორც მდგრადი განვითარება,  შედგება სამი ძირითადი ღერძისგან. დრო -  ეს არის წარსულის, აწმყოსა  და მომავლის ერთიანი სახელი, ხოლო მდგრადი განვითარება -  ეს არის სოციალური, ეკონომიკური და გარემოს გამაერთიანებელი . მე მიმაჩნია, რომ სოციალური მდგომარეობა სხვა არაფერია,  თუ არა  ჩვენი წარსული, ეკონომიკა კი არის დრო,  რომელსაც აწმყო ჰქვია და რომელსაც შეუძლია ჩვენთვის ფუფუნების და კეთილდღეობის მოტანა დღეს , ახლა და აქ. ხოლო გარემო-  ეს არის მომავლის სინონიმი, იმ მომავლის, რომელიც მოიცავს წარსულს, იმიტომ რომ,  როდესაც ადამიანს არ  ჰქონდა სახელმწიფო, არ ჰქონდა ცივილიზაცია, არ ჰქონდა თავშესაფარი,  საკუთარი ხელით ნაშენები, არ ჰქონდა საზრდო, ვინ იფარებდა და ზრდიდა მას? ბუნება და არავინ სხვა. მან ასულდგმულა ადამიანი და დღესაც ასულდგმულებს. მომავალი,  ისევე როგორც ბუნება,  მოიცვს აწმყოს ანუ ეკონომიკას,  რისი მეშვეობითაც ხდება ეკონომიკის ზრდა და ბუნებრივი წიაღისეულების შემცირება. ადამიანი იმდენ ხანს არ ცოცხლობს, რომ საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს, რადგან სიცოცხლის განმავლობაში უამრავ შეცდომას უშვებს, მაგრამ ეს შეცდომა არ უნდა იყოს სავალალო, რომლის გამოსწორებაც შეუძლებელი იქნება.
      არ მიმაჩნია ის ფაქტი სწორად, როდესაც ადამიანი ხეს მოჭრის, შემდგომ მას გადაამუშავებს და  ქაღალდად აქცევს და ამ ქაღალდზე წერს,  არ ფიქრობს, რომ უნდა დაიცვას  ბუნება და თუ მოჭრის ხეს, სამაგიეროს დარგვაზე არ ზრუნავს.
   
    მაშინ, როდესაც  დღეს ჩვენ ირგვლივ  ბუნებრივი რესურსები იცლება, მხოლოდ იმითვის, რომ დღეს ვიყოთ კარგად და არ ვჩივით იმას,  თუ რა იქნება ხვალ, არ გვაინტერესებს ის,  თუ რა მოგველის ტყის, ბალახის, ყვავილისა  ან ცხოველის გარეშე, ეს არის უდიდესი შეცდომა. ყოველივე ამის განადგურება  ბუნებრივ კატაკლიზმებს გამოიწვევს და გამოწვეულიც აქვს უკვე. კაცობრიობა ძალიან განვითარდა, მას შეუძლია ცაში ფრენა, წყალქვეშ ცურვა, აკეთებს იმას,  რაც სურს და რაც უნდა, მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება, რაც  უნდა ვქნათ, ბუნებრივ  სტიქიებს ვერასდროს შევაჩერებთ! ამის გამომწვევი მიზეზები კი, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ თვითონ ვართ.  მოვქცეთ ბუნებას ისე, როგორც გვინდა, რომ ის მოგვექცეს ჩვენ..არ მოვწამლოთ ჰაერი რათა არ მოგვწამლოს ჰაერმა, არ გავანადგუროთ, რათა არ გავნადგურდეთ, არ დავწვათ რათა არ დავიწვათ.
      ბუნება იგივე ადამიანია, ორივე ცოცხალი ორგანიზმია. სხვა ადამიანს არასდროს  არ უნდა გავუკეთოთ ის,  რაც არ გვინდა რომ ჩვენ გაგვიკეთონ. ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ არის! ყველა ადამიანში არის მზე, მის ამოსვლას და დანახვას მხოლოდ გარკვეული დრო სჭირდება.
    ჩვენ ერთმანეთს სიყვარულში უნდა შევეჯიბროთ,  რათა იყოს მშვიდობა. მშვიდობის დასაცავად საჭირო არის მშვიდობის არსის და ძალის ცოდნა. თუ საკმარისი ცოდნა არ გვექნა, არ ექნება იმას დიდი მნიშვნელობა,  თუ რამდენი რესურსი გვექნება ცხოვრებაში, თუკი მას სწორად ვერ გამოვიყენებთ.
ადამიანი ჯერ კიდევ უხსოვარი წარსულიდან მოყოლებული ყოველთვის ცდილობდა, რომ ჭეშმარიტი ცოდნა მიეღო და შემდგომ გადაეცა ეს სხვისთვის. მეც მსურს ცოდნის მიღება. მინდა ვისწავლო , რათა ვასწავლო, მინდა შევძლო მფრინავი დროის პილოტად ქცევა და მისი კონტროლი.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:52:59
#14

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:54:43
უცხოპლანეტელებს                                      #15



შესავლის მაგიერ


მგონია, რომ თქვენთან შემიძლია, ვიყო გულახდილი.
ჩემნაირებთან ეს აღარ გამომდის. თუმცა, არც ვიცი, გამომდიოდა თუ არა ოდესმე. ( იქნებ, არც მიცდია)
მე ვარ საჰაერო ბუშტი. მეტისმეტად გამბერა ვიღაც ცელქმა ბავშვმა და ნებისმიერ წუთს  შეიძლება გავსკდე, თუ არ მომეშველეთ. ეს ცელქი ბავშვი ცხოვრებაა, მან ამვსო მყრალი და დორბლიანი ჰაერით.
მოვკვდები, თუ არ დავიჩუტე.
ამიტომ გიყვებით ჩემზე და ჩემნაირებზე, ე.ი. ორფეხა, მოაზროვნე არსებებზე, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ, სინამდვილეში ყველანი გასკდომის პირას მყოფი გასაბერი ბუშტები ვართ.


მე

პროფილი – საუცხოო, დახვეწილი, ნაქანდაკევი. სწორი ცხვირი (არანაოპერაციები), ზომიერად სავსე ტუჩები, შავი თვალები (ღრმა, ინტელექტუალური გამოხედვით), მაღალი შუბლი (ხშირი ფიქრისგან ნაოჭასხმული), მოხდენილად გაწოლილი წვრილი წარბები (ოდნავ კორექტირებულნი), და ბოლო შტრიხი – პატარა, სანდომიანი ხალი მარცხენა ღაწვთან.
გული – ჩვეულებრივი, ზომიეად სათნოც და ფიცხიც, სასტიკიც და შემწყნარევბეიც.
              ოჯახური მდგომარეობა – დასაოჯახებელი და ქალიშვილი (ნუ, ფიზიოლოგიური მონაცემებით).
ის, რისი კეთებაც მიყვარს თავისუფალ დროს (შეგნებულად არ ვხმარობ “ჰობის” რადგან წერის დაწყებამდე თავს პირობა მივეცი, რომ შეძლებისდაგვარად მოვერიდებოდი ნასესხებ სიტყვებს):
1..ფილმების ყურება პოლ გროსის მონაწილეობით. პარალელურ რეჟიმში ოცნება ამ უკანასკნელთან “ზასაობაზე.” თუ ოთხშაბათი ან პარასკევი არ არის,  (ამ დღეებში ვმარხულობ), შეიძლება „ზასაობაზე“ შორსაც წავიყვანო საქმე.
2.ჭორაობა დაქალებთან და დაქალებზე.
3.სარკეში აკუთარი თავის თვალიერება და ფიქრი.
საყვარელი გამონათქვამი – “ცხოვრებაში რამდენჯერაც არ უნდა დავიმტვრიოთ კისერი და რამდენჯერაც არ უნდა გაგვიცრუვდეს იმედი, მაინც უნდა ჯიუტად ვიოცნებოთ,” – პაულო კოელიო.
უნარ-ჩვევები – 1.ტყულის თქმის დროს თვალებს ხშირ-ხშირად არ ვახამხამებ და არ ვწითლდები. ე.ი. ნებისმიერის მოტყუება შემიძლია, საკუთარი თავის ჩათვლით.
2. კარგად გამომდის კუდის ქიცინი.
            3.შემიძლია საკუთარი აზრების მოხერხებულად დამალვა/შეფუთვა/გადასხვაფერება საჭიროებისდა მიხედვით.

ელენე

დიდი, კედლებმობერებული სახლის წინ ორი მოზრდილი ქვა გდია ერთმანეთის დაშორებით. ქვებზე  ხის გაურანდავი  ფიცარი დევს. ელენეს აქ უყვარს ჯდომა. დილაადრიან დგება და როგორც კი სახლს მიალაგებს (ვინ ურევს, რო?!) გამოვა თავისი ეზოდან და ჩამოჯდება. ხელში მუდამ უჭირავს გამხმარი პურის ყუა, რომელსაც ნელ-ნელა ფხვნის მოდუნებული თითებით და საკუთარ ფეხებთან აფუსფუებულ წიწილებს უყრის. ძოგჯერ ჩიტებიც ჩაფრინდებიან ხოლმე მზისფერ, ფუმფულა წიწილებს შორის, რომლებიც ამ დროს უფრო გამალებით კენკავენ ნამცეცებს და სასაცილოდ წრიპინებენ. პური რომ მთლიანად შემოენამცეცება, ელენე ხელებს წინსაფარზე დაიწყობს და ზედ ისე დაჰყურებს, თითქოს დახოცილი ჩიტები ელაგოს კალთაში. მუქი, მუქი, ჩაშავბნელებული კაბა კიდევ უფრო ამსგავსებს მგლოვიარეს. მხოლოდ წინსაფარი აქვს წინსაფარი თეთრი, ხშირი რეცხვისგან გაცრეცილი და მაინც ქათქათა. შეხედავთ და გული შეგეკუმშებათ, რაღაც გეტკინებათ და ვერც მიხვდებით, რატომ. შემაწუხებლად და უადგილოდ მოგეჩვენებათ ეს სითეთრე.
ელენე გამვლელ-გამომვლელს უსიტყვოდ, თავის ოდნავი დაკვრით ესალმება. გვერდით რომ ჩაუვლით, სიბერისა და სიმარტოვის მძიმე სუნი გეცემათ. ასეთი სუნი აქვს კარადაში წლობით დაკიდებულ ტანსაცმელს, რომელსაც აღარავინ იცვამს. ასეთი სუნი დგას სახლში, სადაც არავის ელოდებიან.
ელენეს შავი თვალები მუდამ წყლიანი აქვს, თითქოს, ეს-ესაა, ცრემლი შეიმშრალაო. რომ შემოგხედავთ, გეგონებათ, ერთდროულად ორ უძირო მორევში ჩავვარდიო. არა და, უწყინარი განზრახვით გიყურებთ, - დროზე გაიაროთ და გულდასმით არ დაათვალიეროთ, როგორც მუზეუმში გამოფენილი მუმია. მზერით გეუბნებათ, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ნახა და ვეღარაფერი გააკვირვებს, მით უმეტეს, თქვენი წრეგადასული ცნობისმოყვარეობა, მაგრამ მაინც ჯობია, თავი დაანებოთ.
…კაცმა არ იცის, თვითონ მიატოვა თუ სხვებმა მიატოვეს. სოფელში კიდევ დაჩიაობს მაგის კბილა 2-3 მოხუცი, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არც იმათ  უყვართ.
...ყველაზე მეტად ორი არსების თვალები მაშფოთებს ამქვეყნად: ელენესი და ფიროსმანის “ჟირაფის.”

ნოე

პირველად იყო ძნელი. მეორეზე და მესამეზე აღარ შეშინებია, არც უნერვიულია მაინცდამანც. მეოთხე უკვე  მარტომ დაგეგმა და შეასრულა.
ახლა სავარძელში ზის მოკუნტული, დაპატარავებული. უმნიშვნელო ხმაურზეც კი გული უფანცქალებს და მალულად იყურება ფანჯრიდან. ისევ ფოთოლი ჩამივარდნილა ხიდან და ძირს დავარდნისას დაუკვნესია – მეტი არფერი. მაგას კიდე პოლიციელები და ავტომატები ელანდება სულ. რომელი განგსტერი ეგა მყავს, რო სპეცრაზმი მოადგეს. მაგრამ ძებნაშია და სიფრთხილე მართებს მაინც. ლოგინში ტანსაცმლიანად წვება. ღამით სიგარეტს სიგარეტზე ეწევა და შამფურივით ტრიალებს საწოლში. მადა კარგი აქვს, ვერ დავიწუწუნებ, მაგრამ მაინც ძალიან გამხდარია. ბევრს ნერვიულობს. ახლაც საცოდავად ჩამოუყრია მხრები და ხელები მოხრილ მუხლებზე აქვს შემოხვეული. თავი წვეტიან მუხლისთავებზე უდევს. ოდნავ შესამჩნევად უცახცახებს მხრები. არ ვიმჩნევ, რომ ტირის. მერე რამდენიმე მოგუდული ამოსლუკუნების ხმა მესმის და თავის მოტყუება აღარ გამომდის. ვაი მე, რა ვქნა ახლა? ქალი რომ ტირის ჩემი თანდასწრებით, მაშინ ვიბნევი და ბიჭზე – საერთოდ... “მშვიდად” ვაგრძელებ წიგნის კითხვას. უხერხულია ცოტა, მაგრამ ჰო გაჩუმდება ოდესმე. ღმერთო ჩემო, გვერდით ოთახში რომ იტიროს, არ შეუძლია? იქნებ მე უნდა გავიდე? არა, ჯობია, სირაქლემობანა ვითამაშო. გული მეწურება ცოტა, მაგრამ არაუშავს, იტიროს, ღირსია. ღირსია? ამ წუთას, უბრალოდ, ძალიან საყვარელია.  მინდა, ახლოს მივიდე და ხუჭუჭა თავზე ვაკოცო. ცრემლიანი თვალებით რო ამომხედოს, მერე რა ვქნა? არა, არ ღირს მისვლა, კოცნა -  მით უმეტეს. ჯერ ერთი, არ ვიცი, რა უფრო ადარდებს – ციხის შიში თუ ნაქურდალი ნივთების სიმძიმე. ყველა მეუბნება, რომ ეს უკანასკნელი მაგრად კიდია.  უბედურება ისაა, რომ თვითონ არ მეუბნება არაფერს. ზის და რაღაც იდიოტურ ჰოლივუდურ ბლოკბასტერებს უყურებს მთელი დღე, დაკუნთული ტიპებითა და დიდძუძუებიანბი ქალებით. ფილმიდან ფილმამდე ჭამს, ეწევა და ტუალეტში შედის. ორიოდე სიტყვით მელაპარაება საღამოობით, როცა ხანგრძლივი წოლისა და ჯდომისაგან ტრაკი უბუჟდება და იძულებულია, ოთახში რამდენჯერმე გაიარ-გამოიროს. 8-10 წუთიანი მონოლოგისას მითხრა, რომ ბევრს ფიქრობს თავის შეცდომებზე (ფიქრობს და არა ნანობს!) და რომ ბევრ რამეს შეცვლიდა. (რას შეცვლიდა, - არ მოიპარავდა თუ ისე მოიპარავდა, რომ “ძაღლებს” მაგისი კვალი არ ეყნოსათ?) ისიც თქვა, რომ ვეცოდებით ჩვენ, ყველა, თავისი მეგობრები და ოჯახის წევრები, ვისაც ამდენი  საფიქრალი გაგვიჩინა. რაღაცნაირად ხელოვნურად მომეჩვენა ეს სიტყვები, მაგრამ “სირაქლემობანა” ვითამაშე ისევ.
დღეს კინომანიას არ შემოუტევია – მხოლოდ 2 ფილმს უყურა დილით და მას მერე სავარძელშია მოკალათებული.
- - დღეს ორშაბათია, არა? – სანამ თავს აწევდა, იდაყვებით ამოიმშრალა დაწიტლებული თვალები.
- -ჰო, ორშაბათია. ღა იყო?
- -არაფერი. ისე  გკითხე. ძაან გამიგრძელდა “პაბეგი.”
                    გამეცინა.
- -მნახავ ციხეში?
- -აბა რას ვიზამ. წიგნებს მოგიტან ხოლმე, – ისევ მეცინება.
- -    რა გაცინებს?
- -წინასწარ რო გამოუტანე საკუთარ თავს განაჩენი… (სინამდვილეში ის მაცინებს, რომ ძაან უცახცახებს ტრაკი ჩემს “იაპონჩიკს”)
                    თვითონაც ეცინება, მაგრამ უცებ ჩუმდება და მეც მანიშნებს, ხმა არ ამოვიღო. სმენადაა გადაქცეული. საცოდავი სახე აქვს. სიგამხდრისგან გამოკვეთილი თვალები კიდევ უფრო უდიდდება და უელავს. ხაფანგში მომწყვდეულ ნადირს გავს რაღაცით. ღამდენიმე წამის შემდეგ ჩურჩულით ამბობს:
- -ნაბიჯები ხმა გავიგე თითქოს…
- -    მოგეჩვენა. ფოთლები შრიალებენ გარეთ. შეხედე, სულ გაშიშვლდა ჩვენი ნეკერჩხალი.
- -  მაგრად რო მკიდია ეხლა ნეკერჩხლის ამბავი, ვერ ხვდები?
- -    სამაგიეროდ, ნეკერჩხალი დარდობს შენზე. იმიტო გაყვთლდა.
- -    ძაან ბანძი იუმორი გაქ.
- -    მართლა ვამბობ.
- -ნერვებს ნუ მიშლი.
- -ნერვებს მე კი არა, ფოთლები გიშლიან.
- -ჰო, რა ვიცი... რაღა ეხლა მოუნდათ ჩამოცვენა.
- -    “შემოდგომაა. მიწას სცივა.
                          მიწა მსხვერპლს ითხოვს.
                          და მონდომებით იხუტებს გულში
                          შესაწირად გამზადებულ
                          ყვითელ სხეულებს
                          რომ ვნებიანად გაატაროს
                          გრძელი ზამთარი “
- -  ვაა! ვინ არი?
- -  მე ვარ, იდიოტო.
- -  ძაან დებილობაა.
- -  დებილობა შენ გიდევს თავში.
- -  შენსავით განათლებული ვერ ვიქნები. 13 წლიდან მე ვარჩენ ოჯახს და წიგნით ხელში ვერ ვირბენდი.
- -გეხვეწები, ნუ მეჩხუბები. შენ როგორც ჩათვლი საჭიროდ, ისე იცხოვრე. მე არ გკარნახობ არაფერს.
- - ხმამაღლა არ ამბობ, მაგრამ კარგად ვიცი, რასაც ფიქრობ. გინდა, რომ თავიდან აღმზარდო? ლექციებზე სირბილს და სამსახურის ძებნას ნუ დამაწყებინებ ეხლა. კარიერაზე გაგიჟებულ ტიპებს კარგად ვიცნობ და არ მინდა, იმათნაირი გავხდე. არ ვარ სამაგისოდ დიდი სირი.
            ...სირზე რა გითხრათ, მაგრამ ერთი გზააბნეული მშიშარა ბიჭი ნამდვილად არის. მაინც მიყვარს.


ნანო

ნანო გიჟია.
ყოველ შემთხვევში, სოფელში ასე ამბობენ. ხალხი იმასაც ამბობს, რომ გიჟს არაფერი მოეკითხება, მაგრმ ნანოზე მაინც ბევრს ჭორაობენ.
- - უთხარით მაინც ვინმემ, რო დაიბანოს ხანდახან, აღარ სემიძლია, გვერდით რო მომიდგება, სუნთქვა მიჭირს.
- - რა უნდა ვუთხრა, ქალო, გიჟია.
- - გიჟი თუა, რათ დადის ეგრე? რატო არ წაიყვენენ, საცა საჭიროა?
- - იაროს, რა გინდა, გული გაიხაროს.
- - გული, თორე, ეგ არ მომიკვდეს, ძაან იცის, გული სადა აქ.
      ანანოს არ სჭირდება იმის ცოდნა, გული სადა აქვს, იმიტომ, რომ ცარიელი გულია. სიყვარულიც წრეგადასული იცის და სიძულვილიც. ვაი იმას, ვინც რამეს აწყენინებს! ბრაზსა და დარდს წლობით იმახსოვრებს. დადის სოფლის ვიწრო  შუკებში და ხმამაღლა ილანძღება, ქოთქოთებს, ხელებსა და თავს ერთანაირი სისწრაფით იქნევს. ასაპილპილებლად ცოტაც ჰყოფნის, - საკმარისია, რამეში არ დაეთანხმოთ, რაიმეზე შეეკამათოთ, რომ დაბინდული მზერა კიდევ უფრო ბუნდოვანი გაუხდება, სქელ, ისედაც გადაბმულ წარბებს ერთად შეჰყრის და ავარვარდება. უგორეთ მერე კაკალი და უწვით ხელისგულზე ერბო-კვერცხი. ნანოს გული ვეღარ მოუბრუნდება, იმიტომ, რომ პრინციპული ადამიანია. დიახ, პრინციპული. უყვარს ეს სიტყვა. ძალიან ეგზოტიკური და ნარნარი სიტყვააო, თქვა ერთხელ. ეს სიტყვა გავიგე თუ არა, გადავწყვიტე, პრინციპული ვყოფილიყავიო. არის კიდეც. ნუ, თუ გულწრფელი ვიქნები, უფრო ჯიუტია, ვიდრე პრინციპული.
            ნანო ეკლესიაში დადის ხშირად. ბოროტი ენები ამბობენ, რომ ღმერთი არაფერ შუაშია და რომ ნანო ეკლესიაში ახალგაზრდა, მომხიბვლელი მამა იოანეს სანახავად დაიარება. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ერთი კია – ნანო წირვისას ყველაფერს აკეთებს, რომ მღვდლის ყურადღება მიიქციოს. ათასნაირ მიმიკას გამოხატავს სახით, უმიზეზოდ ხარხარებს, მოურიდებად ამთქნარებს, ერთდროულად ათ სანთელს უკიდებს ცეცხლს და ცდილობს, ათივე ხელში დაიჭიროს.…რას აღარ იგონებს კიდევ... ფანტაზია საკმაოდ აქვს განვითარებული. თვალები უმანკო ბავშვივით უციმციმებს, როცა მამა იოანე წირვის დამთავრების შემდეგ დაბალი, ოდნავ ბოხი ხმით ტუქსავს. ნანო კიდევ უფრო ბედნიერია, თუ მღვდლის მოთმინების ფიალას წირვა-ლოცვის დამთავრებამდე ამოავსებს და შენიშვნის მისაცემად მამა იოანე თავად გამობრძანდება საკურთხევლიდან. ამ დროს საოცარი სანახავია ხოლმე, - შუბლშეკრული მოძღვარი თავზე ადგას და ეკლესიაში ქცევის წესებს მეასედ უმეორებს. ნანო ქვემოდან შეჰყურებს (მღვდელს მკერდამდე ძლივს სწვდება), ცალი ფეხი აწეული აქვს და იატაკს წვერით ებჯინება, მეორე ფეხს აწვება მთელი სიმძიმით და აქეთ-იქით ქანაობს. გრძელი, წითელმანიკურიანი თითები ერთმანეთში აქვს გადახლართული და ფეხების მოძრაობას ხელებსაც აყოლებს. მოკლედ, დატუქსული პირველკლასელი გოგოსავითაა - თან რცხვენია და ტან იპრანჭება.
          ზოგიერთი, ყველაზე “სტაჟიანი” მრევლი, ვისაც სასუფევლის “ვიზა” უკვე პასპორტში ეგულება, ნანოს გამოხდომებს არც თუ ისე გაგებით ეკიდება. თავიდან ხანგრძლივ საგანმანათლებლო საუბრებს უმართავდნენ და რელიგურ ლიტერტურასაც აძლევდნენ, რაკი გიჟის ასეთი გულმოდგინე სიარული ტაძარში ღვთის სასწაულად მიიჩნიეს. ახლა უკვე ყელში აქვთ ნანოს მონო-სპექტაკლები. ოცნებობენ იმ დღეზე, როცა მამა იოანე ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს ღვთის სახლში “მასხარაობას” და აცუნდრუკებულ ნანოს გარეთ მიაბრძანებს.
      ეჰ, მათაც რომ ენეხათ ის, რაც მე ვნახე, უფროსწორად, მოვისმინე.…           
      დაახლოებით 2 წლის წინ ეკლეიაში შევედი სანთლის დასანთებად. შიგნით არავინ იყო, მარტო ნანო იდგა საკურთხევლის წინ და ქვითინებდა. ჩემი შესვლა არც გაუგია. პატარა, მყუდრო ეკლესია, საკმევლისა და სანთლის სურნელით გაჟღენთილი, სიჩუმეში ჩაძირულიყო. ამ გარინდების ფონზე კიდევ უფრო შემაძრწუნებლად ისმოდა ქალის ტირილი. ტირილი კი არა, ღმული, სულის ყველაზე ბნელი  კუნჭულებიდან წამოსული გაუგებარი ბგერები.  არც მანამადე და არც მერე არ მომისმენია ასეთი გულწრფელი და საზარელი მოთქმა. რას გლოვობდა? საკუთარ ცოდვებს? დაკარგულ სიყვარულს, რომელიც არც არსდროს ჰქონია? ხალხის გულქვაობას? თავის უბედურებას? (არა მგონია. ანომ კარგად იცოდა სიგიჟის “ფასი.” “ავადმყოფობა” მას ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობებისგან ათავისუფლებდა. უფლებას აძლევდა, ყველა და ყველაფერი “დაეკიდებინა”).  იქნებ, არც არაფერს გლოვობდა. უბრალოდ, ტირილი მოუნდა და მორჩა. ჩვენ, “ჯანსაღი ფსიქიკისა” და “საღი გონების” მქონე ადამიანებს, აუცილებლად გვჭირდება დასაბუთებული მიზეზი, რის გამოც საკუთარ თავს ტირილის უფლებას მივცემთ, თორემ მერე “რას იფიქრებს ხალხი...” ასეა, მეგობრებო, ჩვენთან უმიზეზოდ გიჟები ტირიან მარტო.
        თავის-უფალი მინდა  ვიყო, ნანოსავით.


ანანო

  მზე უკვე ჩადიოდა, სოფელს რომ მიუახლოვდა.  გზაში წვიმამ მოუსწრო, მაგრამ კეთილი წვიმა იყო, - მსხვილწვეთებიანი და ლამაზი. მალე გადაიღო, ისე, რომ ტალახი არ დაუტოვებია გზაზე. ანანომ მანქანის შუშები ჩასწია, რომ სველი მიწის სუნი უკეთ შეეყნოსა. უცებ ისეთი სიმშვიდე ჩაეღვარა სხეულში, რომ მანქანა გააჩერა და სიჩუმის ხმაურს მიჰყვა. დიდი ხანი იყო, ასეთი რამ არ განეცადა. აღარ მოუნდა მანქანაში ყოფნა და გადმოვიდა. გზის პირას ამოსულ ბალახს თავზე გადაუსვა ხელი. ბალახი სველი იყო და სასიამოვნოდ გააჟრჟოლა. საბარგულიდან ძველი პლედი ამოიღო, პლედის ქვეშ პოლიეთილენის პარკი ამოიდო და ბუდას პოზაში მოკლათდა მიწაზე. არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ, სახე  ცისკენ ჰქონდა მიშვერილი და სიმშვიდით ტკბებოდა. ათიოდე წუთს იჯდა ასე. მერე კისერი ეტკინა და ხელისგულზე ჩამოდო თავი.
ახლად მომკილ პურის ყანებში გუნდ-გუნდად ისხდნენ ჩიტები. პატარა ხმაურზეც კი ფრთხებოდნენ, წამოიშლებოდნენ, დაბლა-დაბლა დაფრინავდნენ და ცოტა მოშორებით ჩამოსხდებოდნენ ხოლმე. ანანოს გაახსენდა, რომ ბავშვობაში მამის წყალობით ბევრი ჩიტის სახელი იცოდა. მამა ყველა ფრინველზე უყვებოდა, რასააც კი დაინახავდნენ ხოლმე. ასე გაიგო ანანომ  მზეწვიების, ბოლოცეცხლების, ღობემძვრალების, მწყერჩიტების, კვირიონების, ბოლონაცარებისა და კიდევ უამრავი ფრინველის სახელი. ახლა კი, მთელი გზა გამოიარა თითქმის და ვერც ერთი ჩიტი ვერ იცნო, უფროსწორად, არც დაკვირვებია. გული დაწყდა და ირონიულად გაეღიმა თან – ასეთ “უმნიშვნელო” რაღაცებზე ჩემსავით საქმიანი ადამიანი დროს არც უნდა კარგავდესო. ხასიათი გაუფუჭდა უცებ. დასასვენებლად წამოვიდა სოფელში და არა თავის სამტვრევად. კიდევ იმიტომ წამოვიდა, რომ ეს ლამაზი მინდვრები ენახა, ფერდობებზე შეფენილი ცხვრის ფარები, გზაში კეთილ, მოხუცებულ მწყემსს შეხვედროდა, რომელსაც სახლში მიყვანას შესთავაზებდა, ნაცნობი ადგილები და ადამიანები გაეხსენებინა, ოღონდ მსუბუქად, უმტკივნეულოდ, ყოველგვარი ჩაღრმავებისა და ზედმეტი მსჯელობის გარეშე. ჯერჯერობით გონებას ბრძნული აზრებით არ იბინძურებდა. გარშემოც ყველააფერი ისე იყო, როგორც ადრე, - სუფთა და სურნელოვნი ჰაერი, გზის პირას ჩარიგებული მუდამ მშვიდი ხეები და სიჩუმე, სიჩუმე... უბრალოდ, უფრო მეტი მიწა მოეხნათ და თავისუფლად ამოსულ ბალახს ძლივსღა ნახავდით. ყველგან ყანა ან ბოსტანი იყო. გზაზე მოფრიალე პოლიეთილენის პაკების, ბოთლებისა და ქაღალდების რაოდენობაც გაზრდილიყო. სოფელში ნაგვით ვიხრჩობით, ქალაქში – ნაგავს + ფურთხითო, გაიფიქრა ანანომ.
გზის მეორე მხარეს ჩალისქუდიანი ქალები მუშაობდნენ ბოსტანში. ანანოსკენ ხშირ-ხსირად იხედებოდნენ და რაღაცას ეუბნებოდნენ ერთმანეთს. ბოლოს ერთმა ქალმა, უფრო ახალგაზრდამ და როგორც ჩანს, ცნობისმოყვარემ, განიერი, ყვავილებიანი კაბის ბოლოთი სახიდან ოფლის წვეთები მოიწმინდა და მანქანისკენ წავიდა. ანანო მიხვდა, რომ მასთან მიდიოდნენ და ბუდას პოზა სხვა, ფართო საზოგადოებისთვის უფრო მისაღებ ჯდომის წესზე გაცვალა, რამდენიმე წამში კი საერთოდაც ადგა, რადგან ქალი ბებიამისის მეზობელი აღმოჩნდა და აღარ მოეშვა, გინდა თუ არა, რას უზიხარ აქ მარტო, “ჩვენსკენ” გადმოდიო. ამრიგად, ანანო გზის მეორე მხარეს აღმოჩნდა, ხუთიოდე წუთში კი უკვე სახელდახელოდ გაწყობილ სუფრასთან იჯდა, რადგან მასპინძლებმა გადაწყვიტეს, რომ ამხელა გზაზე აუცილებლად მოშივდებოდა. სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად, ანანოს წინ გაჩნდა სახლიდან საგზლად წამოღებული შოთები, ყველი, მწვანილი და ნიგოზი. ანაომ ყველაფერი გასინჯა ცოტ-ცოტა, კითხვებზე მოკლედ, მაგრამ ამომწურავად უპასუხა, თვითონაც გამოჰკითხა რარაც-რაღაცები (არაფერი აინტერსებდა, მაგრამ მაინც). ამრიგად, შეასრულა რა ზრდილობიიანი ადამიანისთვის სავალდებულო ყველა პირობა, უკვე წასვლაზე ეჭირა თვალი, მაგრამ ქალები არ ჩუმდებოდნენ. ანანოს ბოლო სტუმრობიდან ბევრი სიახლე მომხდარიყო - ანა (აი, ის, ეკლესიის  გვერდით რომ ცხოვრობს,)  ნაბიჭვარ ბავშვს აჩენს, აქაურმა მღვდელმა თავის სახლს კიდევ ერთი სართული დააშენა, სკოლის დირექტორის ცოლს სოფლის გამგებელთან შეუსწრეს (კაბინეტში თუ ლოგინშიო, კინაღამ  იკითხა ანანომ), ილონა ქორწინების მეორე დღესვე მშობლებთან დაბრუნდა, ქალიშვილი არ ყოფილა თურმე (დედამისს რომ ჰკითხო, მისნაირი შვილი არა ჰყავს არავის). გათახსირებულმა ნანამ კი (ათას კაცთან მაინცაა ნაგორევები) ისეთი ქმარი იშოვა, ფიანდაზად  ეგება სულ.
ანანოს გულის რევის შეგრძნება გაუჩნდა, ოღონდ ვერ მიხვდა, რისი ბრალი იყო – იმის, რომ მთელი დღე მზისგულზე ნაგდები ძეხვი სეჭამა, თუ ამ ქალების. ისედაც ყელში ჰქონდა ამდენი ჭორი და უფრო ბოლო ვერსიას მიემხრო.
- უკაცრავად, ქალბატონებო, საიდან იცით, რამდენ კაცთან იწვა ნანა? ა, მივხვდი! ალბათ თქვენც თან ახლდით ყველგან. ჯგუფური სექსი გქონდათ და მერე წილში გაჰყავდთ, არა?  ანას ბავშვი  რომ ნაბიჭვარია, როგორ დაასკვენით? ქმარი არ იყო ჯერ და ისე მისცა?.. და ბიჭმა მიატოვა, ხო? და რა მაინტერესსებს...…თქვენს მშობლებს ჯვარი დაწერილი აქვთ? არა? ძალიან ცუდი, ე.ი. ღმერთისთვის თქვენ და ანას ბავშვი ერთნაირი ნაბიჭვრები ხართ. დიდი ამბავი, რომ ილონა არაქალიშვილია. მთავარია, გაკერილი ქალიშვილი არ იყოს. ეი, თქვენ, ქალბატონო, კეთილი ინებეთ და ხელსახოცი აიღეთ, პირი გაქვთ ღია და დორბლი ჩამოგდით.
ანანომ ამ ტექსტის სათქმელად გააღო პირი, მაგრამ ხმა არ ამოუღია, იმიტომ, რომ მერე მთელი წელი გააგონებდნენ ბებიამისს, შენი შვილიშვილი გაბოზებულაო. ან, ცოტა უკეთესი – გაგიჟებულაო. რა უნდა ექნა? ერთადერთი, რის სურვილსაც ვერ სძლია, სიგარეტის მოწევა იყო. უზომოდ მოუნდა, პირდაპირ სახეში შეებოლებინა ამ ცარიელი არსებებისთვის. გაახსენდა, რომ სიგარეტი ჩანთაში ედო. ერთი წუთით, ახლავე დავბრუნდებიო, ბოდიში მოიხადა და მანქანასთან მიირბინა. 2 წუთში ისევ ქალებთან იჯდა. ძალიან ნელა, ზანტად ამოაძვრინა სიგარეტი კოლოფიდან, ღრმა ნაპაზი დაარტყა და კვამლი რიგრიგობით შეაბოლა ჯერ ერთს, მერე მეორეს.
            ... როცა ძალიან მაბრაზებენ, თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ ფართო, გაშლილ მინდორზე ვარ, სადაც სველი მიწის სუნი დგას. მერე ღრმა ნაპაზს ვარტყამ და გამბრაზებელს შიგ სახეში ვაბოლებ.


ჩვენ

    ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფიქრისთვის არ დაგვრჩეს დრო. ანუ ვცდილობთ, მოაზროვნე ადამიანებიდან მექანიკურ არსებებად გადავიქცეთ.
    მთელ დღეებს  კარიერაზე ზრუნვას ვუთმობთ. ერთმანეთს ვაბიჯებთ, ვთელავთ, ველაქუცებით, საწოლში ვუგორდებით, ვღალატობთ, დავცინით. თუ წამით მაინც შეგვაჩერებთ და გვკითხავთ, რატომ ვიხოცავთ თავებს ამ ორომტრიალში, დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ყველაფერხ ჩვენი საყვარელი ადამიანების გამო ვაკეთებთ.
მერე ვერც ვამჩნევთ, სად და როგორ ვკარგავთ ამ ადამიანებს. და მათ დაფასებას მხოლოდ მაშინ წიწყებთ, როცა ჩვენგან მიდიან.
    ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვერთობით, რომ მგარი ფოტოები გადავიღოთ და facebook-ზე ან tweeter-ზე ავთტვირთოთ.
    წიგნებს მარტო იმიტომ ვკითხულობთ, რომ გენოსური სტატუსები დავდოთ და ბევრი like მოვაგროვოთ.
    ჩვენ სუსტები ვიბადებით, შიშვლები და უგუნურები. ერთი დღის სპილოს კილომეტრების გავლა შეუძლია წყლის დასალევად, ჩვენ კი შიმშილით დავიხოცებით, სხვამ თუ არ ჩაგვჩარა პირში ძუძუ ან საწოვარა. ძოგჯერ მეორედაც ვიბადებიით ამ ქვეყნად, ამჯერად უფრო ძლიერები და გონიერები. ეს ხდება დიდი ტკივილისა და განსაცდელის გამოვლის შემდეგ, ოღონდ, მხოლოდ მაშინ, თუ გავუძელით და გადავრჩით.
    ჩვენ ყველს გვჭირდება ადამინი, რომლის მხარზეც თავს ჩამოვდებთ საღამოობით და თვალდახუჭულნი დავიჩივლებთ – “დავიღალე.”
    ჩვენ მთელი ცხოვრება ნიღბებს ვეძებთ, და ყველაზე მაგარი ტიპი ის არის, ვისაც ყველაზე მეტი და ხარისხიანი ნიღბები აქვს.
    ზოგჯერ გვინდება ნიღბების მოხსნა და საკუთარი სახის დანახვა, მაგრამ გვეშინია, რომ ნიღაბი ჩვენს კანსაც თან გაიყოლებს და სამუდამოდ საფარველმოშლილები დავრჩებით, ბუდიდან გადმოცვენილი ბარტყებივით, რომლებმაც ფრენა არ იციან.
    მშვენივრად ვიცით, რომ დედამიწა ცუდ დღეში ჩავაგდეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ვერასდროს შეგველევა. ჩვენს გარეშე იგი უპატრონო ძაღლს დაემსგავსება, რომელიც უმიზნოდ ბორიალობს, - “ყველასია და არავისი,” ერთი ჩვენებური გენიოსისა არ იყოს.*
    ყველანი ვეძებთ ადამიანს, რომელიც საკუთარ “მე”-ში ჩვენს “მე”-ს დაიტევს, მაგრამ ვერ ვპოულობთ, რადგან გულის სიღრმეში გვჯერა, რომ ჩვენ ყველაზე დიდები და კარგები ვართ.
    ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბედნიერები აქ და ახლა მაგრამ ყოველთვის “იქ” და “მაშინ”-ს ვეპოტინებით.
უცხოპმანეტელებო! მოდით და იცხოვრეთ ჩვენთან ერთად! სხვანაირებს რომ დავინახავთ, იქნებ,მაშინ მაინცდავაფასოთ ჩვენნაირები.
პატივისცემით, დედამიწელი







*  ოთარ ჭილაძე, “მარტის მამალი”

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:55:48
ადგილი                                                    #16



ისევ ტყისკენ მიდის, რაღაც იზიდავს მასში. ტყე უღრანია, ცივი და ნესტიანი. მზის სხივებით მიმოფენილ მდელოს სულ არ ჰგავს. მინდვრის ყვავილებით მოციმციმე მდელოს სწრაფად გაივლის. თითქოს ვერ ხედავს გაზაფხულის მიწურულის ნაზ მწვანე ფერსა და მასზე ფანტელებად მიმობნეულ გვირილებს. აქა-იქ, თეთრ ფონზე, ყაყაჩოების ხალისიანი სიწითლეც ვერ სჭრის თვალს. ტყეში მიდის, ეჩქარება... ქარს თმა გაუწეწავს, მზის სხივები კი ნაზად ეთამაშებიან მას და ერთი ფერის მრავალ კომბინაციას ხატავენ.
რამდენმე ნაბიჯი და ჯერ ალაგ–ალაგ შემოჭრილი სინათლე, კიდევ რამდენიმე და უკვე ხეთა ჩრდილში იკარგება.
ცოტამ თუ იცის, რომ დედამიწის ზურგზე ყველაზე ნათელი ადგილისკენ მიეშურება. ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ეს, უღრანი, თითქოს გაუვალი ტყე ამ ადგილის სამალავია. ადგილის, სადაც სხივი გარდატეხისას არა ფერების, არამედ გრძნობების გამად იშლება. ადგილი, სადაც ყველას თვალით აღქმული სინათლე სულ არ არსებობს. ნათელი ბნელი ადგილი უღრანი ტყის შუაგულში დამალულა.
იქნებ დღეს, იქნებ დღეს მაინც იპოვოს.

***
როგორც ყოველთვის ხმაურს, სიმძიმესა და ყოველდღიურობას მოუცავს ოთახი. მუქი ყავისფერი მრგვალი მაგიდები, რომელთაც აქა-იქ საღებავი გადასვლიათ, ნახევრად ბნელი პატარა სარდაფი, სულის შემხუთველი ხალხმრავლობა, ხან სასიამოვნო, უფრო ხშირად კი უადგილოდ ჩართული დამღლელი მუსიკა, სიგარეტის კვამლი და ლუდის ბოთლები ამ ადგილს სიმყუდროვეს მატებს. ბევრ ხალხში მარტოობის პოვნა ხშირად საკმაოდ მარტივია. ასეთ მომენტებში მისი თითქოს აღარც გეშინია, თამამად უშვებ შენში და სიმშვიდესთან აიგივებ. ეს ის წამებია, როდესაც შეგიძლია დაივიწყო, თუ რა მტვრიანი გახდა ამ ბოლო დროის განმავლობაში შენი ცხოვრება.
ერთადერთი ნივთი, რომელმაც ამ ადგილის განწყობას თავი დააღწია საათია. მობეზრდა ამ ყველაფრის ნაწილად ყოფნა და გაჩერდა. მუდამ რვა საათს აჩვენებს.
მარტო არ იჯდა, რამდენიმე კაცთან ერთად იყო. ყველას თითო-თითო ბოთლი ლუდი ჰქონდა, ზოგს მაგიდაზე ედგა, ზოგს კი ხელში ეკავა. რამდენიმე სიგარეტის კოლოფი და მათზე დადებული ტელეფონები მაგიდას ამშვენებდა. აქვე იყო გადავსებული საფერფლეც და ორი თუ სამი სანთებელაც.
ამ ყველაფრის ნაწილი იყო, მაგრამ ამავდროულად შორს წასულიყო. ის განცდა დაუფლებოდა, რომელიც ამ სიტუაციას საერთოდ არ უხდებოდა. შორი, წარსული გრძნობა, რომელიც მისი ღრმა რწმენით ბავშვობიდან უნდა ყოფილიყო. არ ახსოვდა სად, არ ახსოვდა როგორ, მაგრამ კარგად იცნობდა მას.
რაღაცამ თვალწინ ჩაუქროლა, ჯერ უფორმო სიშავედ აღიქვა, მეორე ჩაქროლებაზე რაღაც კონტური და ფერი მიიღო, ბოლოს კი ამ საგანში ხელი ამოიცნო. გვერდზე მჯდომს შეენიშნა და მისი „გამოფხიზლება“ განეზრახა. კარგად იცნობდა იქ მსხდომთ, მაგრამ იმ მომენტში ვერანიაირად ვერ შესძლო ამ ადამიანის ამოცნობა. ერთადერთი სახე გაახსენდა, გაახსენდა ღია ყავისფერი თმა, თმისავე ფერის, შეიძლება ცოტათი უფრო ღია თვალები და საყვარელი, ნაზი ღიმილი. ეს იყო ერთადერთი, რისი დანახვაც ამ მომენტში შეეძლო. მის გვერდზე მჯდომი კი უცხო იყო, შორი და ცივი.  კურსელი აღმოჩნდა.
***
ქურთუკი ჩაიცვა და გავიდა. მზის სხივებს დამალობანას თამაში დაეწყოთ. სადღაც ნახევარ საათში ალბათ საერთოდ გაუჩინარდებოდნენ და მეორე დღემდე კაციშვილი ვერ იპოვნიდა მათ. ცოტა გასეირნება გადაწყვიტა. რამდენიმე საათიანი უაზრო ბოდიალის შემდეგ ნაცნობი ქუჩა და ბაღი შეამჩნია. შევიდა, სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და ბავშვების საქანელაზე შეაჩერა მზერა. მზეზე გახუნებული, ოდესღაც მკვეთრი ცისარტყელის ფერები ძალიან მიმზიდველად ეჩვენა. ცაში ახედვას არანაირი აზრი არ ჰქონდა, ლამპიონების შუქი ვარსკვლავბის სიკაშკაშეს ფარავდა და ისედაც შორს მყოფნი ან საერთოდ არ ჩანდნენ, ან მკრთალ წერტილებად იქცეოდნენ.
მოხუცი კაცი შემოვიდა, უკვე მრავალი წლის განმავლობაში უფუნქციოდ მდგარი შადრევნის კიდეზე ჩამოჯდა და მას შეხედა. სკამზე მჯდომმა ახლაღა შეამჩნია შემოსული. ისეთი სუფთა, თითქოს ნათელი მზერა ჰქონდა მოხუცს, რომ ამან ცოტათი შეაშინა. ნაცრისფერი თვალები, თითქოს ყველაფერს ხედავდნენ, ყველაფერს ამჩნევდნენ, მათი სიმშვიდე კი იმის მიმანიშნებელი იყო, რომ მრავალი წლის განმავლობაში ყველაფერი ენახა ამ ქვეყნად.
სასაცილოდ მოეჩვენა თავისი აზრები. ყველაფრის არსებობა არარსებობაზე ხშირად უფიქრია. ნაცრისფერმა მზერამ კი მაინც ამ სიტყვამდე მიიყვანა. უცბად დაძაბულობა მოეხსნა, თვალები მას აღარ უყურებდნენ, ზეცისკენ იყვნენ მიმართულნი.
ავტომატურად მანაც აიხედა. ღრმა ბავშვობაში დაკარგული, მხოლოდ იშვიათად, მეხსიერებაში ანარეკლის სახით გაელვებული განცდა კვლავ დაბრუნდა.
ლამპიონი გამქრალიყო და ვარსკვლავების სიკაშკაშეს ხელს ვეღარ უშლიდა. მაგრამ ნელ–ნელა ვარსკვლავებიც სადღაც უჩინარდებოდნენ.  სამყაროს „სიღრმე“, რომლის აღქმაც ასეთი შთამბეჭდავია მონოტონურად ჩრდილში ეხვეოდა. სანთლის შუქმა, რომელიც გაუგებარია საიდან გაჩნდა ჩრდილი გაფანტა და ძველი წიგნის გაყვითლებული ფურცლები გაანათა, რომლებიც სანთლის შუქზე უფრო ძველნი ჩანდნენ, ვიდრე იყვნენ, ალბათ...
რაც უფრო უახლოვდებოდა წიგნს, მით უფრო კარგად ჩანდა ილუსტრაცია, რომელზეც ნისლი იყო გამოსახული.
ზაფხულის ნისლი მარტივად იფანტება და წინ ტყე გადაიშალა. მუქი მწვანე, რაღაც მანძილის იქით ყავისფერი, შემდგომში კი შავი. ამ სიშავეში კი კარგად მოჩანს შორი თეთრი მწვერვალი, თითქოს მიუღწეველი. მისკენ უნდა წასულიყო.
თითქმის მიაღწია, კლდეზე დაიწყო ასვლა, დიდი ჩიტი გადაეფარა. საზარელი, ბოხი ხმით ნამღერი მელოდია უკან ექაჩებოდა... ან წინ. არ იცოდა სად წასულიყო, მაგრამ მაინც გააგრძელა სვლა.
სილურჯეში დაიწყო დაკარგვა. რა ნაზი და რბილი იყო... ნელ-ნელა ბნელდებოდა.
პეპელა გაარჩია, რომელიც ცოტა ხანში სიბნელეში მოექცა, მხოლოდ ერთი, ერთადერთი სანთლის შუქი და მისი ალის სიკაშკაშე იზიდავდა ნაზ არსებას. უნდოდა, უყვარდა, მხოლოდ ის თუ იხსნიდა.
უცბად კი ყველაფერი ცხენების ფლოქვების ძალიან სწრაფმა ხმამ და ჭიხვინმა მოიცვა. ჩაიქროლეს...
აღარაფერი იყო, მხოლოდ უკვე ნათელი ცა, ახლად ამოწვერილი მზე და არწივი, რომელიც მისკენ მიდიოდა, რომელიც მზისთვის თვალის გასწორებას ცდილობდა.
დაძაბულობა დაბრუნდა.  მოხუცი დაინახა, რომელიც ისევ მას უყურებდა და თითქოს მშვიდად იღიმებოდა.
–უკვე მოვიდა დრო? უნდა დავივიწყო? მე ხომ ახლახანს მივხვდი, ახლახანს ვიცანი, გამახსენდა, ვერ ვხვდები, როგორ შემეძლო დამევიწყებინა. ამდენი ხანი ვეძებდი. ვიპოვნე–დავკარგე. ახლაც დავკარგავ.
–დიდი ბოდიში... მე... მე მეგონა მარტო ვიყავი... იცით ვერ ვხედავ... მე მელაპარაკებით საერთოდ?  რისი დრო მოვიდა?
მოხუცი ბრმა იყო.
***
ჯერ შავმა, უფორმო რაღაცამ ჩაუქროლა თვალწინ, შემდეგ თითქოს კონტური და ფერი მიიღო, ხელის ამოცნობა შესძლო. გვერდით მჯდომს შეენიშნა იგი და მისი „გამოფხიზლება“ განეზრახა. ვერ იცნო ვინ იყო, მხოლოდ ერთადერთი ადამიანი გაახსენდა, მხოლოდ ღია ყავისფერი, თბილი მზერა და საყვარელი ღიმილი.
საათს შეხედა, ისრები, როგორც ყოველთვის, რვა საათზე გაჩერებულიყვნენ.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:56:30
ღრუბლების თავზე                                                #17



მე ვარ ჯო ბრუკსი მანჩესტერიდან. აშკარად ვბერდები, უკვე ოცდაორს გადავაბიჯე.  ჩემს ყოფილ შეყვარებულს ლუსი ქვია და ახლა მანჩესტერშია. მას ჭორფლიანი თვალის კეკლები  და ძუძუს თავები აქვს და რომ ვკოცნი საყვარლად იღიმის, სექსის დროს კი საყვარლად კვნესის. რომ ვუთხარი საქართველოში მივფრინავ-მეთქი, იმას ეგონა  ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, იქ სადაც მამაჩემია და დედაჩემი,  მივფრინავდი  და აცქმუტდა, მეც წამოვალო.  უცებ წარმოვიდგინე ლუსისთან სექსი ღრუბლების თავზე თვითმფრინავის ტუალეტში – გლიჯავს - თან ტუალეტში  ხარ და თან ღრუბლების თავზე, აბა ეს არის დაიპაზონი და ამპლიტუდე - ბუზი ცეცე ვიყო, მაგრად ასწორებს. ისე საერთოდ უკეთესი იქნებოდა სექსი თვითმფრინავის სალონში – სადაც მეტი სივრცეა და გაქანების საშუალება, მაგრამ  არა მგონია  ლუსი ამაზე დამთანხმდეს თან ზუსტად ვიცი სექსი თვითმფრინავის სალონში და პილოტების კაბინაში აკრძალულია. თუმცა სულ რამდენიმე წამში მივხვდი რომ არც იმდენად ვყვარებივარ ლუსის. საქართველო  თურმე ჯორჯიის შტატში არევია, თუ პირიქით ჯორჯიის შტატი აერია საქართველოში და წამოყოლაზე უარი  მითხრა,  შენო სად ფსამო, რო მაბრაზებს ასე ვეკითხები და ახლა ჩემი სიტყვებით გამოხატა გაბრაზება – თან დაამატა,  საქართველოში რა დამკარგვია, მე ამერიკაში მინდოდა წამოსვლაო. ამერიკაში რა ჩემი ფეხების ტაკ და ტუკი მინდა, ფეხბურთს სოკერს ეძახიან  და რაღაც სირობას, რომელიც არც რეგბია და არც ბრძოლა წესების გარეშე, ამერიკულ ფეხბურთს. არ მევასება ამერიკა, თუმცა კარგა ხანი ვეგდე იქ და ჩემი მშობლები ახლაც იქ არიან. მამაჩემმა, ფიზიკის პროფესორმა,  ჯორჯიის შტატში, ატლანტის უნივერსიტეტიდან მიიღო  მოწვევა, ეს ზუსტად იმ პერიოდში, როცა ქინქლაძემ სიტი დატოვა და აიაქსში  გადავიდა. ამაზე განაწყენებულმა მამაჩემმაც დატოვა მანჩესტერი და მე და დედაჩემიც თან წაგვიყვანა. თუმცა სკოლა რომ დავამთავრე, ანუ სრულწლოვანი გავხდი, მამაჩემს ვუთხარი მეინ როუდის* ზუზუნი მენატრება-მეთქი და მანჩესტერში დავბრუნდი, თან მანჩესტერის უნივერსიტეტში ფიზიკას ვეუფლები. ვაპირებ დავამტკიცო რომ დედამიწა ფეხბურთის ბურთია და დიდი აფეთქება და გაფართოება კი არა და უბრალოდ ღმერთმა საჯარიმო  დარტყმიდან ეს ბურთი ცხრიანში გაგზავნა და ერთიც იქნება ბადეში გაეხვევა. ანუ ფეხბურთი ღმერთების თამაშია,  ხოდა  მსოფლიო ფეხბურთის ბოსებს, რომ წამოჭიმულან სავარძლებში და ტრაკებს ისივებენ, მართლა რაიმეს ტრაკი რომ ჰქონდეთ პირველ რიგში, ამერიკელებს აუკრძალავდნენ ფეხბურთის სახელის გადარქმევას – სოკერი არა და ჩემი ფეხები. ეს კი, ლუსი,  მეკითხება საქართველო სად არისო. მობილში ინსტალირებულ რუკაზე ვაჩვენე აზიის და ევროპის გასაყარზე ორ ზღვას შორის პატარა ადგილი, აი აქ-მეთქი. ამ წერტილზე  ორნი როგორ დავეტევითო, სიცილი დაიწყო და  ტრაკის და კიკინების ქანავი  ააყოლა. პატარა არ გეგონოთ ცხრამეტს კაი ხანია რაც გადააბიჯა, მაგრამ კიკინები ევასება – პეპი გრძელიწინდას ფანია. მაგრად გავბრაზდი, არა კიკინების ქანავზე არა, აქანაოს რამდენიც უნდა,  საქართველოს წერტილი რომ დაუძახა, აი ამაზე. ჯერ ეს ერთი, დედამიწა მობილში საერთოდ წერტილივით ჩანს და მომენტ, მზესაც შეიძლება წერტილი უწოდო; მეორეც კიდევ, საქართველო უბრალო წერტილი არ არის. საქართველოდან იყო სიტის აქამდე ყველაზე მაგარი ფეხბურთელი და  გოლის ავტორი გიო კინგი, ანუ გიორგი ქინქლაძე. პირველად მამაჩემმა თამაშზე რომ წამიყვანა, ექვსის ვიყავი,  ხოდა ქინქლაძეს დებიუტი ჰქონდა, მიდლსბროსთან. ისეთი ლამაზი გოლი გაიტანა, მთელი სტადიონი სკანდირებდა: კინგი, კინგი!  მეც ავყევი. მერე ხალხის ნახევარი მის სანახავად დადიოდა თამაშებზე. მამაჩემი, სანამ ქინქლაძეE გუნდში იყო,  არცერთს მატჩს არ ტოვებდა და მეც დავყავდი.  ხოდა ახლა მინდა საქართველო ვნახო, თან ზუსტად ის მხარე, საიდანაც ქინქლაძე არის, ანუ გურია და ძალიან თუ გამიღიმებს ბედი, ავტოგრაფი არა, ხელი მინდა ჩამოვართვა.  ვინმე თუ ფიქრობს რომ ვშტერობ, სადაც უნდა იქ მოფსას.  ხოდა  ლუსი, სადაც გინდა იქ მოფსი, ძალიანაც რომ მთხოვო არც საქართველოში არ წაგიყვან და არც გურიაში  და აღარ მიყვარხარ, რამდენიც გინდა აქანე ის შენი გამობზუკული ტრაკი... – ზუსტად ასე ვუთხარი...
მეგონა ცრემლებს  გადმოყრიდა - ჩემი ფეხები. ისე კი არ მიყვარს გოგოები რომ ტირიან, საერთოდ არ მიყვარს ვინმე რომ ტირის, ცხენიც კი.  სამი Dდღის წინ დოღზე ვიყავი ატირებული ცხენი ვნახე. ჩემი ძმაკაცია ჟოკეი, ბილი. ჯიგარი ტიპია, მერე რა რომ ბილის გოგო სულ ფხუკიანობს და ეჩხუბება, ცხენის სუნი გდისო. მის ცხენს ვიქტორია ქვია, აფრიკაში ჩანჩქერის სახელიაო. მაგარია აფრიკა, არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ აქედან ვიცი რომ მაგარია, იმიტომ რომ ჩანჩქერებს სახელებს არქმევენ.  ხოდა ვიქტორიამ იტირა, იმიტომ რომ წააგო.  შეიძლება  იცოდა რომ ათი  ფუნტი დავდე იმაზე რომ პირველზე გავიდოდა.  ასამდე ფუნტს ვღუნავდი მაგრამ  ჩემი ფეხები, სულ ბოლო წამს წავაგე.  ეს არაფერი, მეტიც წამიგია. ხოდა ბილი მეუბნება, ნახე  ვიქტორია ტირისო.  ეს ბილი ყველა გამოსვლის მერე ვიქტორიას ცხვირზე ცხვირს მიადებდა, შობლზე კოცნიდა  და ყველაზე მაგარი ხარო, ეუბნებოდა.  დღეს, ბოლო წამზე რო წააგო,  არ გავაკეთე ასე და ტირისო. რომ შევხედე,  ბოტასის ძირს მიმხმარი ტალახი ვიყო, ვიქტორია ტიროდა - მართლა ჩანჩქერივით მოდიოდა ცრემლები. 
საქართველოში  რომ მივდიოდი  ბილის ვუთხარი და მიზეზი რომ გაიგო, გაშტერდა.  შენო დაწყობილი არასდროს  ყოფილხარ, ახლა მგონი სულ მთლად გარეკეო,  მეთქი შენ გიოს გოლები გინახავს? არაო. ხოდა ტელეფონში მიდლსბროსთან გატანილი გოლი ვანახე. მაგარი ყოფილაო, ბილიმ,  მაგრამ რა პონტია ამხელა გზაზე რომ მიდიხარ, თან თუ ახლა არ თამაშობს, არა სჯობია ბოლო ბოლო ბარსელონაში წადი და მესის თამაში ნახეო. მეთქი სად ფსამ,  მესის სიტიში არ უთამაშია, ხოდა გავკარი მის გოლებს-მეთქი...
რეზი, ჩემი ქართველი ძმაკაცი, ბოდიშებს მიხდის რომ ვერ მოდის - ბავშვს ელოდება, თვითონ კი არა, მისი ცოლი - დოროთი, პრინციპში თვითონაც. ხოდა სიხარულისგან გიჟს ჰგავს. ხო, რეზი ზუსტად იმ მხარიდანაა საიდანაც გიო, ანუ ჯერ საქართველოდან, მერე გურიიდან.  დაახლოებით ისე, როგორც ჩვენთან საგრაფოებია,  ისე ყოფილა საქართველოში სხვადასხვა კუთხეები და ერთ-ერთია გურია. რეზის  მამა  დამხვდება თბილისის აეროპორტში. იქედან მერე გურიაში ჩავალთ. რეზი მანჩესტერში გავიცანი.  სულ სხვანაირი ტიპია, ოდნავ კეხიანი ცხვირი, აშკარად არაინგლისური გამომეტყველებით. პატარა სერვიზ ცენტრი აქვს, ანდერძით მიღებული შორეული წინაპარი დიდი ბაბუასაგან, რომელიც დიდი ხნის წინათ წამოსულა გურიიდან მანჩესტერში და ბილისავით ჟოკეი ყოფილა. თვითონ რეზი ხუთი წელია რაც მანჩესტერშია ყველდღე საქართველო ენატრება. ორი წლის წინ, მართვის მოწმობა რომ ავიღე, მამაჩემმა ლამის ჩემი ხნის ფერარი მაჩუქა და ისე ბღაოდა, როგორც ლომი სავანაში... ხოდა წამდაუწუმ მაჩერებდნენ ბობები და თან ტვინს ბურღავდნენ, თან მაჯარიმებდნენ, ხმაურის დოზას აჭარბებს შენი მანქანაო.  მეც, მორიგი ტვინისა  და ჯიბის  გაჩოთქვის შემდეგ  ყველაზე ახლო სერვიზ ცენტრთან შევიარე.  ხმის ჩამხშობის პონტი იყო, ბევრია  არ უჩალიჩიათ,  მაგრამ მაგარი ის იყო, რომ არაფერი არ გამომართვეს... რატო-მეთქი და ჩვენი შეფი  ტირის და იმიტომო.  მეთქი ვერ არიან, თან მტირალი შეფი ჯერ არ გამიგია - მაშინ ჯერ ხო არ ვიცი რატომაც ტირის. თვალში რამე ჩაუვარდა თუ ჯგუფური ფსიქოზი, ცხელოდა იმ დღეს,  ვფიქრობ ან ამათ სიცხე აქვთ, ჰალუცინაციები და რამე, ან შეიძლება ბევრი მოწიეს...  ფულს რატომ არ მართმევთ ამის დედაც-მეთქი რა, თქვენი უფროსი  მოწყალების დაა... ბოსის  ძმას გავხარ, რომელიც სამი წლის წინ საქართველო-რუსეთის ომის დროს დაღუპულაო... მოიცათ, თქვენი ბოსი ქართველია? ვკითხულობ. ხო,  მოკლედ არ გახდევინებთო... შეიძლება თქვენი შეფი ვნახო? -  ვკითხულობ. ახლა გაგიგებთო... 
ხო არის, რომ რაღაც მომენტში სირდები... ისე მომივიდა რა... თან მიხარია, ქართველი უნდა ვნახო. მოვიდა.  ორი-სამი წლით იქნება ალბათ ჩემზე  უფროსი. მესალმება,  ინგლისურად ისე საუბრობდა, როგორც ყველა არაინგლისელი - ამტვრევდა. ვისა ვგვარ  ძმა? – ვეკითხები... სერვიზ-ცენტრში რომ შემოხვედი, მეგონა ჩემი  ძმა მოვიდაო...  მეთქი, საქართველოდა ხარ? კიო  და შენ საქართველო საიდან იცი, - მეკითხება, - ალბათ სტალინი,  შევარდნაძე...  ესენი ვინ არიან? ვეკითხები...  არიან რა, - მეუბნება.  აბა შენ საქართველო ამერიკის შტატი ხომ არ გგონია, მეკითხება.  თან თვალებში ვატყობ,  დადარაჯებულია, კოპშეკრული დგას. გავკარი ამერიკას,  - ვეუბნები, -  გიორგი ქინქლაძე გაგიგია?  შუბლი გაეხსნა, ეცინება  და მეუბნება, შაყირობ? არა, რას ვშაყირობ, ძმაო - ვუარობ მე.  ხოდა ძმა, გურულია, ქინქლაძე და იმ მხარიდანაა საიდანაც მე, თან ჩემს ძმასაც  გიორგი ერქვაო.  მაგარია, ვეუბნები. იცი, ძმაო, ქინქლაძე როცა სტიში თამაშობდა, რა გოლები  გაქონდა  და ახლა მე მომინდა ტირილი...  წამო სადმე გინესი ჩავურტყათ-მეთქი.... გინესზე რომ კაცს დაპატიჟებ, ანუ ძმად ეფიცები რა...  ხოდა წავედით... აღმოჩნდა, მასაც ფერარი ჰყავს... ხოდა მასაც ჩემსავით ძველი... გზაში ცოტა ვიგონკავეთ... მაგარია ფერარი, მეორე სიჩქარით წუთში ასამდე მილს ჭიმავს...  მიწის თვითმფრინავია რა... მერე ერთ პაბში ჩავუჯექით... მე ერთი ანეკდოტიც გავიხსენე, რომლის მოყოლა მამაჩემს უყვარს, სავარძელში მოკალათებული ზის ტიპი,  ჩიბუხს ეწევა და გაზეთს კითხულობს. უცბად კედელი ჩამოინგრევა და ოთახში მუხრუჭების ჭრიალით  შემოგრიალდება ფერარი, რომლის საჭესთან მეორე ტიპი ზის. პირველი მშვიდად უყურებს, ჩიბუხს პირიდან გამოიღებს და ეკითხება: "სერ, შემიძლია ვიკითხო, ასე სად გეჩქარებათ?" - "სტადიონზე სერ, დღეს ქინქლაძე თამაშობს" - "სერ, ასეთ  შემთხვევაში სამზარეულოდან  უფრო ახლოსაა!"
მერე რეზიმაც მოყვა. ტიპი  რესტორანში შედის და ოთხმოცდაცხრამეტ  ხინკალს (მაშინ  პირველად გავიგე  ხინკალი  - ქართული საჭმელია) უკვეთავს.  ოფიციანტი ეუბნება, ბარემ ასი აიღეო.  კაიო – ტიპმა, ასი იყოსო...
რეზიმ თავის ანეკდოტზე ბევრი იცინა, მე ჩემ ანეკდოტზე, მოკლედ ორივე ბევრი  ვიცინეთ. მერე ქინქლაძის საუთჰემპტონთან გატანილი გოლი ვანახე, ჩემი ჯილაა. ჯერ ხუთ კაცს რომ აჭამა, მერე მეკარე დეივ ბიზანტსაც. ეს სიტის ყველა დროის საუკეთესო გოლად არის აღიარებული. ამ გოლს რომ უყურებ რწმუნდები რომ ფეხბურთი ხელოვნებაა.  მერე ვეუბნები, ქართულის სწავლა მინდა. ჯერ გაუკვირდა, რატომო. მინდა საქართველო ვნახო-მეთქი.  ამაზე საერთოდ  გააფრინაAსიხარულით... მე გასწავლიო, ახლა მთლად ლიტერატურულ ქართულს არა, მაგრამ გაქცეული ქართველი რომ მოაბრუნო ამდენს კი გასწავლიო, იცინოდა. ასე იყო თავიდან, მე გაქცეული ინგლისელებს ვაბრუნებდიო...  გურიაში მინდა ჩასვლა ანუ იქ, საიდანაც ქინქლაძეა. ბაზარი არაა, ძმაო. ჩემთან უნდა გისტუმრო... ანუ მივდივართ,  გურიაში... ორი წლის წინანდელი ამბებია. მართლა ვისწავლე ქართული. ისე რომ წიგნის კითხვაც შემიძლია ქართულად. თან ქართული ანბანი ძალიან ლამაზია, თითქოს ყვავილებიაო დაფენილი ქაღალდზე...
აჰა, ეს დროც მოვიდა. ხუთდღიანი მოგზაურობა გამოვუწერე ჩემს თავს და საქართველოში მივფრინავ.  რეგისტრაცია გავიარე უკვე და ტრაპზე ავდივარ.  ჩემს ადგილს ვეძებ. როცა სადმე გიწევს მგზავრობა, დიდი მნიშვნელობა აქვს ვის გვერდით მოხვდები. ბილი ამბობს, როცა ვინმეს გვერდით ზიხარ, ქალი  თუ კაცია სულ ერთია,  მთავარია ის  ვინც იქნება, დაბანილი იყოსო, ისე ამბობს თითქოს  ბილის გოგო ვინმე სხვას  ეჩხუბებოდეს, ცხენი სუნი გდისო. ზოგადად, როგორც მანქანას, ისე კაცსაც და ცხენსაც გამონაბოლქვი აქვს,  ზოგს სასიამოვნო, ზოგმა კი შეიძლება გაგგუდოს და მშვიდობით დედამიწა...
ბილეთი ილუმინატორთანაა. ჩემს ადგილს ვიკავებ. ასწორებს, თუ თანამგზავრი მუნჯი გამოდგა, ღრუბლებს მაინც ვესაუბრები, თან ერთად დავათვალიერებთ დედამიწის ხედებს.  სულ პატარა და ძალიან დებილი რომ ვიყავი ღრუბლები ცოცხალი  მეგონა, ისე როგორც ჩიტები. ახლა გავიზარდე და მგონი ისევ დებილი ვარ იმიტომ,  ღრუბლები ისევ ცოცხალი არსებები მგონია.  ამასობაში იმხელა  მსუქანი კაცი მოთავსდა გვერდით, ჩემი ადგილის ნახევარი მიისაკუთროს ლამის.  ამას წესით ორი ბილეთი უნდა აეღო. კაცი კი არა მთაა. 
ამ მთის მიღმა უმწეოდ ვიყურები აქთ იქეთ... ისე მიამიტ მზერა აქვს ჩემ თანამგზავრს, იქნებ და მოვატყუო...
- იცით, თქვენ თუ შუა ადგილას არ გადაჯდებით, შეიძლება თვითმფრინავმა წონასწორობა ვერ დაიცვას, ბილეთის ყიდვის დროს არ გითხრეს?
- შენ კი იცი, მე მითხრეს, შენს გვერდით რომ ახალგაზრდა ბიჭი ზის ის შეგიძლია ილუმინატორში თავით ისე გაჭედო, მარტო ტრაკი მოუჩანდესო...
აშკარად მანიაკია. ვთხოვ რომ გამატაროს და ცარიელ ადგილს ვეძებ.  ლუსი მახსენდება, აქ რომ იყოს ახლა, ვიღაც მანიაკის გვერდით ხო არ მომიწევდა ჯდომა. ცარიელი ადგილი შევნიშე. შეიძლება სულაც არ არის გაყიდული ეს ბილეთი, უკვე გაფრენის დროს ახლოვდება.  იქ დავჯექი. მანამდე სტიუარდესას  ვახსენებ,  კარი კარგად ჩაკეტეთ-მეთქი.  ეჭვის თვალით მიყურებს. ინტერნეტში წავაწყდი, რომელიღაც კომპანიის თვითმფრინავი ისე აფრენილა, კარების ჩაკეტვა დავიწყებიათ. ხოდა მერე ცივი ქარი რომ მოხვდათ ფეხებში, იცოცხლე შეფუცხუნდნენ და უკან დაუსვიათ აეროპორტში ეს საავიაციო ნავთით გაძეძგილი უშველებელი მახინა -  მფრინავოზავრი თუ რაც არის.  გაგიჟდა მსოფლიო. აი, მამაჩემის საყვრელი ფილმი რომ არის, შეშლილი, შეშლილი, შეშლილი მსოფლიო. ერთი თქვეს არაო, ორიც არაო და მერე მესამედაც დააყოლეს თითქოს ის ორი არ ეყოფოდა. არადა რა დიდი მტკიცება უნდა ამას რომ გაგიჟდა  ხალხი.  ჭკუა მხოლოდ იმაზე ყოფნით ათასნაირი იარაღი გამოიგონონ, რომ ერთმანეთს ყოფა უტირონ.
საერთოდაც ძალიან მეცოდება დედამიწა. სადღაც ვენერასა და მარსს შორის გაჭედილს რო დაათრევს  მზე, როგორც პატარა ბავშვი მავთულზე მიბმულ ცარიელ კონსერვის ქილას. ალბათ ამაშიც არის რაღაცა კაიფი.  მიდიხარ და მიახრაგუნებ... არა, რა, მეც კაი დაფსტვენილი ვარ. ხან ცარიელი კონსერვის ქილა მგონია დედამიწა, ხანაც ფეხბურთის ბურთი...  დაახლოებით ისეა, ზეციდან რომ ქვესკნელს ჩაასკდები უცებ.
კარები ჩაკეტეს. სიხარულით ლამის ცაში ავფრინდე, ანუ სადაც მეორე ჯერზე დავჯექი,  ამ ადგილის ბილეთი არ გაყიდულა. ხოდა,  მართლა ავფრინდი და ახლა ცაში ვარ. როგორც ვიცი მერე როცა ჩემი სულს სხეული  გაეყრება, მაინც ცაში მომიწევს ასვლა. არა, ჯერ ალბათ გზაჯვარედინი უნდა გავიარო. იქ უფლის რომელიმე ანგელოზი, გადახედავს ჩემს ცხოვრებას და ან სამოთხეში გამიშვებს, ან ჯოჯოხეთში. თუმცა რადგან გზაჯვარედინია, მესამე გზაც იქნება – ოქროს შუალედი...  ისე მე თუ მკითხავენ არც სამოთხე მინდა და მით უმეტეს არც ჯოჯოხეთი, ჯერ ვიკითხავ, ფეხბურთს სად თამაშობენ-მეთქი... ისე და ანგელოზს  რომ ათიოდე ფუნტი სტერლინგი  ჩავუცურო ჯიბეში, იქნებ და ის გზა გამიხერხოს, სადაც ფეხბურთი იქნება... …ეს მერე...
იმ მსუქანი მანიაკისაგან შეშინებული, ახლაღა ვამჩნევ, ჩემს გვერდით მშვენიერი გოგო ზის, ხორბლისფერი კანი, ნაცრისფერი თვალები, მკერდი ზომა, მინიმუმ ოთხი. სახით  ანგელოზი, ისე რომ სულ ცოტა ხნის წინ, სტიუარდესა რომ არ გამეფრთხილებინა, კარი კარგად ჩაკეტეთ-მეთქი, ვიფიქრებდი, ეს გოგო ღრუბლებიდან გადმოჯდა ჩემთან.  ამ გოგოს სიამოვნებით მივცემ უფლებას შემავიწროოს. სექსი ხო არ შევთავაზო... აბა სამი საათი ცაში  რა უნდა ვაკეთოთ... ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყო... როგორც ბილი ამბობს, ასჯერ მოზომე ერთხელ შეახტი, თუმცა ეს ცხენზეა... გამოველაპარაკო.
- ჰაი...
- ჰაი! – გაკვირვებული მიყურებს.  გაკვირვება ეხლა ნახოს, მოიცა ქართულად ვუთხრა რამე.
- ხომ  არ იცით როგორი ამინდებია საქართველოში? – რა გალანტური ვარ. ინგლისური წესია, აუცილებლად უნდა თქვა ერთი ორი სიტყვა ამინდზე, თორემ მოსაუბრეს ძალიან ეწყინება.
- ქართული იცით? თუ მომეყურა...
- ცაში ორიათას მეტრ სიმაღლეზე, შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ახლა ნამდვილად არ მოგეყურათ...
- საქართველოში საფრენი ამინდია... – იცინის,  -  მაგრამ მართლა ეს გაინტერესებდა, ჰა, ჭაბუკო...  – დამცინის.
- არა სხვა კითხვებიც მაქვს, - უკან არ ვიხევ მე, - აქ რას აკეთებთ?
- აქ, კვერცხებზე ვზივარ, წიწილებს ვჩეკავ,  მერე დავაფრენ და შემოდგომაზე დავთვლი... – იცინის, - და შენ რას აკეთებ?
  კითხვა დამატებით სტიმულს მაძლევს. თან ისეთი კითხვაა, ლამის ოქროს პასი მომცა, ქინქლაძემ რომ აძლევდა პარტნიორებს, ისინიც ლამის ცარიელ კარში აგდებდნენ გოლს,  ხოდა მეც უნდა შევაგდო...
- მეც კვერცხებზე ვზივარ, აი დაჩეკვისა კი რა გითხრა, რამდენიმე საათია უსაქმოდაა და ლამის გამილაყდეს.
- ჭაბუკო,  ცოტა ტვინი დააყოლე, რას ამბობ.. მართლა ქართული ვინ გასწავლა...
- მეგობარია,  ჩემი,  რეზი,  გურული. 
- ზრდილობაც ესწავლებინა იმ შენ მეგობარს და საქართველოში რატო მოდიხარ?
ანუ ქართველია. მოდიხარ რომ თქვა, აქედან ჩანს, თუმცა ისედაც ჩანს. რა ლამაზია... ღირს კი ამას ვანახო გიოს რომელიმე გოლი. თუნდაც ის, სუინდონ თაუნს რომ გაუტანა  საჯარიმო დარტყმით ლამის ორმოცი იარდიდან. ერთმა გაზეთმა სარაკეტო დარტყმა რომ უწოდა. თუმცა ლუსის ფეხბურთი არ უყვარს, ალბათ არც ამას.
- რო გითხრა, საქართველოში იმიტომ მივდივარ, რომ სიტიში ქართველი ქინქლაძეE თამაშობდა-მეთქი, - დაიჯერებ?
- არა... – გაკვირვებული მიყურებს. ანუ გამოირიცხა, არ ღირს ამას გიოს გოლი ვანახო, სჯობს მე თვითონ გავუტანო გოლი.
- მაშინ სხვა ვერსიას მოგაწვდი, მაინტერესებდა სექსი ღრუბლების თავზე თვითმფრინავის ტუალეტში...
- ამისთვის საქართველოში გამოფრენა მგონი არ იყო აუცილებელი...
ლოგიკური კითხვაა, პასუხიც ასევე ლოგიკური გავეცი.
- გამომრჩა -  თქვენისთანა ლამაზ ქართველ გოგოსთან...
უკვე არ იცინის. ლოგიკა არასდროს მწყალობდა. არც ტოტალიზიტარებში და არც თვითმფრინავში. შეიძლება სიტის თამაშზე რომელიმე ფარჩაკ გუნდთან ერთ და ნოლხუთიან თამაშზე ერთიანზე გავმაზო და არ დაჯდეს.  ჩემდა სამწუხაროდ იქვე სტიუარდესამ ჩამოიარა და წვენები და მინერალები ჩამოატარა.
- აი შენ ეს ქართველი ლამაზი გოგონებისაგან... 
საოცარი  გრძნობაა,  როცა  ხვდები  როგორ გესხმევა ფორთოხლის წვენი თავზე... ეჰ, ლუსი, ლუსი...  რა უშურველი იყავი, მგონი მენატრები... ნეტა სად მიქანაობენ ახლა შენი ბურთვით მრგვალი და კოხტა დუნდულები... ყოფილიყავი ჩემს გვერდით, ფორთოხლის შხაპს ხო ავიცილებდი... …ერთადერთი სიტყვა რაც ახლა მინდა ვთქვა არის - ტრაკი...
ტუალეტში როგორც შემეძლო თავი მოვიწესრიგე. ზუსტად ტუალეტში, ღრუბლების თავზე მივხვდი, რომ სიტყვა სექსი საქართველოში არ უნდა ვახსენო. ერთი საჩუქარი უკვე გამიკეთეს ქართველმა გოგოებმა.  ტუალეტიდან გამოსულმა იმ გოგოსგან შორს, სხვა ცარიელი სავარძელი მოვძებნე.  ვიღაც სათვალიან და გამხდარ ტიპთან ვნახე ადგილი, რომელიც აიპოდში სნეიკს თამაშობდა... ცოტა ხნით ჩამეძინა.  ის გოგო რომელმაც წვენის შხაპი მომიწყო, სიზმარში ვნახე... ბილის ცხენზე, ვიქტორიაზე, იყო თითქოს გადამჯდარი, ცალი ძუძუ მიჭრილი ჰქონდა,  ხელში ფორთხოლის წვენის ავტომატი ეჭირა და მომსდევდა...  მე დამალვას ვცდილობდი და ავტომატის ფორთოხლის წვენის ჭავლი რომ ამეცილებინა,  ძილში ისეთი მოძრაობა გავაკეთე რომ სათვალიან ტიპს ხელიდან აიპოდი გველიანად გაუვარდა და  ისევ იმ სტიუარდესას მოხვდა, რომელსაც კვლავ წვენი მოჰქონდა...   
თვითმფრინავში ორჯერ დამაჯარიმეს. საბოლოოდ სულ უკან დამსვეს, სადაც საბედნიეროდ, კიდევ აღმოჩნდა ერთი თავისუფალი ადგილი, ისიც ილუმინატორთან იყო და ღრუბლების თვალიერება დავიწყე: ზოგი გვშორდებოდა, ზოგი კი თითქოს კუდში მოგვსდევდა, როგორც ცხოვრებაშია, ისე... ერთი ღრუბელი  რომელიც თითქოს აგრეთვე მოგსდევდა, ძალიან გავდა სიტის ემბლემას, ოქროსფრთიან არწივს. მერე სტიუარდესამ გამოაცხადა, საქართველოს ვუახლოვდებით,  ახლა მარცხენა მხარეს კავკასიონის მთებს დაინახავთო.  მე გამიმართლა, ზუსტად იმ მხარეს ვიჯექი საიდანაც კავკასიონის მთები ჩანდა,  რომლებიც ძალიან გავდა რეზის წარბებს, როცა ის პირველად ვნახე, დადარაჯებული და კოპშეკრული რომ იდგა. ხოდა თვითმფრინავიდან რომ ვხედავდი, უცებ მეგონა ეს მთებიც საქართველოს  სადარაჯოზე იდგნენ.
აეროპორტში რეზის  მამა  და ჩემი ხნის ბიჭები დამხვდნენ, თვალცრემლიანები.  ერთი ვიცანი კიდეც, ბადრია, რეზის ბიძაშვილი, ადრე სკაიპით ვესაუბრეთ მე და რეზი. ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ, გიორგის რა მაგრად გავსო. ამ დროს მამაჩემი მირეკავს, სად ხარო, მეთქი ჯორჯიაში, აბა სახლში რად არ მოდიხარო, მეთქი შენ ნუ გერევა, მე ნამდვილ ჯორჯიაში ვარ, საქართველოში, ქინქლაძის სამშობლოში-მეთქი. ენა დაება, მანდ როგორ მოხვდიო, მაგრამ შევატყვე გაუხარდა... ჩავჯექით მანქანაში. რულთან რეზის მამამ იჯდა, ნისანის ჯიპი იყო. ახლა შენ ნამგზავრი ხარ და წავედით რესტორანშიო. მე უცებ მომაფიქრდა, ჯერ თქვენი  ბიჭის საფლავზე მივიდეთ, საქართველოს რომ თავი შეწირა-მეთქი... რეზიდან ვიცოდი, რომ თბილისში იყო დაკრძალული, ძმათაA სასაფლაოზე... რეზის მამას არაფერი უთქვამს, მაგრამ ცრემლები მოდიოდა,  შევამჩნიე. უხმოდ, თავდაუხრელად და კაცურად ტიროდა...
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ვიდექით... ქარი ქროდა და  თითქოს რომელიღაც სევდიან მელოდიას უკრავდა... ახლა უკვე ქვევიდან ვუყურებდი ღრუბლის რამდენიმე ქულას და ასე მეგონა ისინიც ზემოდან გვადევნებდნენ თვალს.  უცებ,  სულ რამდენიმე წუთით წვიმა წამოვიდა, არადა მზეც იყო ცაზე... მზე პირს იბანსო, ბადრიამ თქვა...  მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ცოცხალი  ღრუბლები ტიროდნენ და ცაზე უცებ ცისარტყელა გამოისახა, რომელიც სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა, ვერ მიხვდებოდი...
იქედან  წამოსულებმა დინამო არენა სტადიონი  ვნახეთ, სადაც ქინქლაძე თამაშობდა. ლამაზი ნაგებობაა, ცოტათი თითქოს კოლიზეუმს გავს, ისე შეკრული  როგორც ის. მამაჩემიდან ისიც ვიცოდი, დინამოს რომ ლივერპული ყავს დამარცხებული,  სამით ნოლზე... ტელეფონში ჭილაიას სუპერ-სოლო რეიდის მაქვს და შენგელიას გოლი ამ მატჩში.  აგუგუნებული ეს უზარმაზარი სტადიონი წარმოვიდგინე უცებ და დამხორკლა...
გზაში საოცრად ლამაზი ბუნება და სულ რესტორნები და რესტორნები გვხვდებოდა. ერთში გავიარეთ  და ცოტა ჩავთვერით, ბიჭები და მე ვსვამდით ძალიან გემრიელ ქართულ ღვინოს და გემრიელ ქართულ  საჭმელებს ვაყოლებდით, რომელთა სახელი, გარდა ხინკლისა,  არ ვიცი. რეზის მამა არ სვამდა.
მანამდე  რამდენიმე ადგილას უამრავი ასანთის კოლოფებივით ჩაწყობილი სახლები შეგვხვდა. ესო მტრის მიერ ქართული მიწებიდან აყრილი ქართველთა სახლებიაო. თუ კიდე ომი გექნათ მეც დამიძახეთ-მეთქი, დავიქადნე. კარგიო, - გაუხარდათ, - აბა შევსულვართ ნატოშიო...
მერე გურიაში ჩავედით. ჩოხატაურში. სოფელს კოხნარი ქვია, ანუ საიდანაც რეზია, ასე მგონია მთელი სოფელი დამხვდა. რეზის დედა ზუსტად ის მეხუტებოდა, გიორგის რომ ჩაეხუტებოდა ალბათ... სახლის წინ, მწვანე მოლზე ორ რიგად  უამრავი საჭმელებით გადაძეძგილი დიდი სუფრები იყო გაშლილი... სუფრასთან ლამაზი გოგონებიც ისხდნენ, მაგრამ, ფორთოხლის წვენის შხაპი მახსენდებოდა და თვალს ვერ ვუსწორებდი  ვერც ერთს.  რეზის მამა თამადობდა, ძალიან მაგარ სიტყვებს ამბობდა.  ჩემთან, მანჩესტერის უნივერსიტეტში ბლუკუნა პროფესორებს რო მოესმინათ, გაიგებდნენ როგორ უნდა სიტყვის თქმა. საოცარი სიმღერები მოვისმინე და გურული კრიმანჭული,  რომელიც ისეა ახვეულ-ჩახვეული როგორც ქართული ასოები და გურიის გზები. ასე არა მგონია დედამიწაზე სადმე მღეროდნენ.
ჩემს გვერდით რომ ბიჭი ზის, ვატყობ რაღაცის თქმა უნდა:
- მართლა ინგლისელი ხარ ძამა შენ?
- კი ძამია, რავა არ მეტყობა?
- სა ისწავლე ძამა მერე აი გურული ბაზარი, რაცხას მატყუებ შენ და არაა ლამაზი მაი საქმე!
- პასპორტი, განახო?
- რაის პასპორტი უნდა მანახო? – ეს თქვა და წამოდგა და ბურტყუნ-ბურტყუნით ვიღაცას დაუწყო ძებნა... თუმცა მესმის რასაც ამბობს...
- სტუმარი არ იყოს და გოგიას არ გავდეს სახით, ვჟვერავდი ერს ყურის ძირში, მარა სტუმარია, თან რევაზიეს ძმაი... რაის პასსპორტს გაჩვენებო... რა, მითხრა ჩემი კაი როზა ბაბო...
მერე ბადრია დაინახა,
- მოი ძამა ბადრია ერწამა აქეთ...
ცოტა კი მოცილდნენ სუფრას, მარა მესმის რასაც ამბობენ...
- ხო იცი ძამა ბადრია, ძმა ხარ,  რევაზიეს ძმაკაცი კიდო ჩემი ძმაა, ხოდა ხო მოსულა ძმებში გაუგებრობა და რაცხას ახურებს აი  ჯოა თუ ვინცხაა პაწა ტორმუზი თუ არ მივაცემიეთ, რაფერ იქნება მაი ამბავი, მითხარი შენ და თუ ვთქვა რამე, მე ვიყო დაღალული ატმის რტო... 
- ოთია, ძამა,  გასალახიც რო იყოს, არ იქნება ლამაზი ახლა ამ მარტო კაკალი ინგლისელის ცემა, თან გვინდა ახლა ჩვენ საერთაშორისო სკანდალი, მარა  რა გაწყენინა მითხარი, ეგება არაა ისე საქმე, შენ რო ფიქრობ!
- რაი არაა, კი არა და სისხლმა ამასხა ტვინში ძამა, მართლა ინგლისელი ხარ-მეთქი, ვკითხე და პასპორტს განახებო. რომელი ბოზი კურდღელი მე მნახა, რაის პასპორტს მანახებს, ემეწეწა ძამა ნერვები... …
- მართლა პასპორტი უნდა ენახებია, რა გაატრაკე შეჩემა, მოი აგერ ჩეგეხუტო და სიტყვა არ დაძრა რამე თუ არა, მოგივა იცოდე შენ სტუმარი, ხო იცი სვანს რომ სტუმარი მოუვა...
- მერე?! – იცინის, სახე გაეხსნა, წეღან Uამასაც კავვასიონივით  ჰქონდა შეკრული კოპები, ახლა იცინის...
- ხოდა, უყურებს აი  სტუმარი, მეზობელი კოშკიდან ვინცხა თოფს უმიზნებს... მივარდება მასპინძელთან,  თუ კაცი ხარ, მიშველე, თოფს მიმიზნებს ეგერ შენი მეზობელიო...
- მაცადოს, მოუვა მაგასაც სტუმარი... – ამშვიდებს სვანი...
იცინიან ორივე...
მერე ხელს გადახვევს და ორივენი  ჩემთან მოდიან...
- ოთიე, ხო იცი ჯო, მაგარი ძმაა,  იცი რა გული აქვს, ისეთი გული აქვს, იმ გულით იმავე გულს ამოიღებს და გაჩუქებს...
- აბა თქვენი მოგონილი ყოფილა ორგანოთა ტრანსპლანტაცია... – ვიცინი მე.
- ასეა, ასე... – იცინის ბადრიაც, - ხან კი უყვარს პაწა გატრაკება, მარა ძმაია... ხო მართლა, შენ თუ იცი, ერთი ინგლისელი მანჩესტერის გზაზე ხვდება მეორეს... ეს მეორე ცხენითაა, თან ზედ კი არ ზის, ხელით მოჰყავს...
- მერე?!
- სად მიდიხარ ჩემი ძმაო, - ეკითხება უცხენო ცხენიანს. მანჩესტერშიო, ის პასუხობს.
- მერე შეჯექი ძამა ცხენზე და ისე წაი.
- ცხენმა რა იცის სად არის მანჩესტერიო...
    ის ხუთი დღე საერთოდ არ გამოვფხიზებულვარ. ხო ის მახსოვს მხოლოდ, აეროპორტში, ის იყო მასპინძლებს უნდა დავმშვიდობებოდი,  ტელეფონმა დარეკა. რეზი იყო.  ინგლისში, მანჩესტერში, გიორგი  გიორგაძე დაიბადაო, გახარებული ყვიროდა... რეზის მამა ეკითხებოდა დოროთი როგორ არისო, დოროთიც კარგად არის და ყველანი კარგად ვართო, ის იქედან ყვიროდა...  რეზის მამის ტირილს კი ვიყავი უვე შეჩვეული...  ამ დროს, რატომღაც  ლუსი მისი კიკინები მომენატრა...  ხოდა ყველა კოლექტიურად ვტიროდით, თან ვიცინოდით ახლა და რაღა ჩვენ და რაღა ვიქტორია... ხოდა  ასე, ტირილ-ღიმილით გამომაცილეს...
ხო, გიორგი ქინქლაძე ახლა რუსეთში ცხოვრობს თურმე... 










*    "მეინ როუდი",  სტადიონი, სადაც მანჩესტერ  სიტი  საშინაო თამაშებს ატარებდა 1923-2003 წლებში. გიორგი ქინქლაძეს ამ სტადიონზე უწევდა თამაში.  თუმცა ახლა გუნდი  … "ეტიჰად  სტეიდიუმზე" ატარებს საშინაო თამაშებს, რომელიც 2002 წელს აშენდა. 

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:57:20
წმინდა ლუკას დღე                                                    #18

                                       
                                  თავი პირველი       

  - ხან რა გრძელია ეს გზა, რეჯენტ სტრიტიდან სეინტ ჯეიმსის მოედნამდე. -ჩაილაპარაკა და ისე დაბნეულად მიმოიხედა, თითქოს, პირველად მიუყვებოდა ქუჩას. ლუკას სძულს ლონდონის შენობები, ფიქრობს, რომ მათ სიძველის აღარაფერი სცხიათ და მტრულად მომზირალნი მხოლოდ მის შესაშინებლად ჩაშავებულან.
  - ან ეს სეინტ ჯეიმსის მოედანი რაღა ჯანდაბაა? - გაიფიქრა და გაბრაზებულმა გაჰკრა მხარი ვიღაც  უცხო, მოუქნელ მამაკაცს. - მოედანიც აღარ იკმარეს, ორი ქუჩის იქით პარკიცაა იგივე დასახელებით: წმინდა ჯეიმსი. „წმინდა“... რა იციან ამათ რა არის წმინდა? მათთვის ვალენტინიც სეინტია. აქ, უბრალოდ უნდა იყო ორიგინალური, სიმპათიური, ინდივიდუალური, უნდა გქონდეს სიკეთის კეთების გამოცდილება. სასურველია იყო გეი, მაგრამ თუ არ ხარ, არც ესაა დიდი პრობლემა, გადაიხადე 50000 ფუნტი სტერლინგი და მორჩა: დაარქმევენ შენს სახელს უახლოეს ბაღს, ქუჩას, კოქტეილს... თუ გაგიმართლა შენი ხსენების დღესაც აღნიშნავენ. „ჰეპი სეინტ ლიუკ’ზ დეი“ , ან უკეთესი: „ბი მაი ლიუკ“.
  ლუკას თავის ხუმრობაზე გაეცინა, აზრებს რომ მოუყარა თავი უკვე მოედანზე იდგა. გაახსენდა რისთვისაც მოვიდა და იქვე, კუთხის ბარში ჩავიდა.
  „Red baloons” ინგლისურ ყაიდაზე მოწყობილი ბარია. ხის მაგიდები, სკამები, რომლებიც მუდამ ყანყალებს და არ იცი როდის გაადენ ზღართანს, ოფიციანტი, რომელსაც ყოველთვის წითელი აქვს ცხვირი, 6 ნათურიდან 3 მუდმივად ჩამქრალია და ამ ისედაც ნახევრად ბნელ დარბაზში სიგარეტის კვამლი უფრო გიძნელებს გაარკვიო, შეკვეთილი სასმელი მოგიტანეს თუ რაღაც ნაგავი.
  ლუკას გაუკვირდა, რომ ბარი არც კვამლით იყო სავსე და არც ხალხით. შესვილთანავე დამპალი ხის სუნი ეცა. -ალბათ, იატაკი ახლა მორეცხეს... რა საზიზღრობაა! - უკმაყოფილო მზერა მოავლო იქაურობას და პირველსავე მაგიდასთან დაჯდა.
- Hi, Luke. - ხრინწიანი ხმით მიესალმა ბარმენი ისე, რომ ჭიქების წმენდა არც შეუწყვეტია.
- ჰაი. - უგულოდ მიუგდო ლუკამ გამარჯობა.
- რას დალევ დღეს?
- ჯერ არაფერს. ყავა მომიტანე. - ნაძალადევად გაუღიმა მან ჯორჯს, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა ინგლისელ ნაცნობთა შორის.
- ელოდები ვინმეს? რაღაც ცუდ ხასიათზე ხარ.
- ჰო, ველოდები. დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი, ჯორჯ. თავიდან შეეგუო ლონდონს, რომელიც ერთ ტკბილ სიტყვასაც არ გეტყვის, რაც არ უნდა გიჭირდეს, ცოტა ძნელია.
- ისე, როგორი იყო ჯორჯია? - ბარმენმა ყავა დაუდგა ლუკას მაგიდაზე, მის წინ ჩამოჯდა და ისე ამოიდო ხელი ნიკაპქვეს, როგორც შვილიშვილმა, რომელმაც მოლოდინით აღსავსე თვალები შეანათა ბაბუას, ის კი უკვე იხსენებს რაღაცას შორეილი წარსულიდან..
  ლუკას თვალწინ დაუდგა წელში მოხრილი კაცი, ჯორჯის სახეზე ნათლად ალიცლიცდა ბუხარში დანთებული ცეცხლი და გონებაში ერთ რიგად დაეწყო ამბები, ზოგი ზღამპრული, ზოგი ღრმა, ამაღელვებელი. რამდენ ემოციას იწვევდა ეს მასში. განა თავად არ მიაყარა პეშვი მიწა ამ ემოციებსა და მოგონებებს?
- Luke, Luke, wake up!
- Oh, yes. I’m sorry. ჯორჯია ცუდი იყო, ძალიან ცუდი.
- მე კი ვფიქრობდი, რომ შენ გიყვარდა შენი ქვეყანა.
- სწორედ ამიტომ იყო ცუდი, ჩემთვის ცუდი. თან იქაური ლიბერტი სქუერი ძალიან ჰგავს თქვენს სეინტ ჯეიმსის  მოედანს.
- ჰა, ჰა, ჰა...-  გაიცინა თავის ქვეყანაზე უაზროდ(ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) შეყვარებულმა ჯორჯმა.
- როგორც ამ ჯეიმსზე არაა არაფერი წმინდა, ისე არ არის იქ თავისუფლება. გგონია იქ არ ხდება რევოლუციები? ფსევდორევოლუციები...
  ნესტის სუნს შანელი შეერია. თითქოს , ტალახში შოკოლადი ჩაასხესო. ლუკა მიხვდა რომ მოვიდა ის, ვისაც ელოდა. ჯორჯი წამოდგა და ახლადშემოსულ კლიენტს სიძველისგან გვერდებჩაყვითლებული მენიუ მიაწოდა.
- ალექსის, ჩამოჯექი. რა ხდება ახალი? - იმედიანი, მწვანე თველები შეანათა სანდომიან გოგონას ლუკამ.
- ეჰ, Luke, არც ისე კარგად. უკვე უნდა დაწვე... რომ არა ეს სამთვიანი გამგზავრება, იქნებ არც დაგჭირვებოდა, წამლები დაგეხმარებოდა. ახლა კი აუცილებლად უნდა დაწვე. - ალექსისს თვალებზე ცხრემლი მოადგა და რომ არ ატირებულიყო, საუბრაი შეწყვიდა.
- ღმერთო! ალექს, როგორ გამახარე...
- დამცინი?
- შენს იაგუარს მათხოვებ?
- წაიყვანე. აი, გასაღები. გამომართვი.

                                    თავი მეოერე
  ხეები, ხეები, სადღაა ხეები? მხოლოდ ლამპიონები გარბიან სადღაც. ჰაერი წყლის ჭავლივით „ესხმევა“ სახეზე.... - სად მივდივარ?? - ფიქრობდა იგი. - რა მინდა? ნეტავ ალექსისს თუ ჰქონდა ხელები ცივი. ზამთარი თბილისში, მაგრამ ყველაფრის გარეშე. მხოლოდ სიკვდილით და სასაფლაოებით. და მაინც, იქ უფრო კარგად ვგრძნობდი თავს. ზამთარი იქ და მაინც მის გარეშე. ღმერთო ჩემო! რისთვის წამოვედი თბილისიდან? ბედნიერებისთვის. და რა დამხდა ლონდონში? თითქოს მე გადავცურე ზღვა და მეორე ნაპირზე ვიპოვე სკივრი, რომელშიც იდო ფურცელი და ეწერა: „fuck off! ბედნიერება იქით ნაპირზე დაგრჩა.”
  ლუკამ მანქანა ერთბაშად შეაყენა ეკლესიის წინ. - ოხ, ეს სკამები. რად მინდა სკამები ეკლესიაში? ნუ მღერით! გაჩუმდით! მგონი შევიშალე... სკამები არ ყოფილა თბილისში ღამეს რომ ვათენებდი, ქრისტე აღდგაო რომ მღეროდა მრევლი და მოძღვარი. მან რომ მითხრა მიყვარხარო მაშინაც ბღაოდა ჩემში რაღაც, ქრისტე აღდგაო. რომ მითხრა მძულხარო, ოთხჯერ მკაფიოდ გავიგონე ჩაქუჩის ხმისმაგვარი რამ. ჩემში ეცვა ჯვარს რაღაც.
  რამდენიმე ნაბიჯი წადგა წინ, გრძნობამორეული დაეცა სკამზე და ატირდა. მას კი არ უყვარდა, როცა ტიროდა. ეს ყველაფრისგან დაცლას ნიშნავდა. ზურმუხტისგან დაცლას. ცრემლებს მოიწმენდდა და უკვე აბსენტისფერი თვალები ჰქონდა.
  ხუთ წუთში ღვთისმშობლის ქანდაკება ეკლესიის კარში იდო. ის კი მთელი ხმით ყვიროდა:      - თანახმა ხართ ცოლად შეირთოთ ეს ულამაზესი გოგონა, რომლის მხოლოდ მზერა 13 ანგელოზს უდრის? - და თავადვე პასუხობდა. - რა თქმა უნდა, თანახმა ვარ. - ახლა კი გთხოვთ გატეხოთ აი, ეს თეფში, კარში რომ დაუდია ვიღაცას. ლუკა შეშლილი სახით მივიდა ქანდაკებასთან და წიხლი უთავაზა სახეში.
- ესეც ასე, - გაიფიქრა მან. - კერპებიც დავამსხვრიე „happy st. luke’s day”
  ერთი ამოსუნთქვით გაიარა ლივერპულ სტრიტი, ოლდ სტრიტი, ქინგზ ქროსი, უორენ სტრიტი და კვლავ რეჯენტ პარკს მიადგა. ჯიბიდან სასიამოვნო მუსიკა ისმის: „feelings gone“... - ოჰ, ეს ხომ “გრამატიკია“. მე მართლაც თავისუფალი ვარ.
- გისმენ ალექს!
- ხომ არ გინდა, რომ შევხვდეთ? - ყურმილიდან აღელვებული ხმა ისმოდა, ხმა კანკალებდა.
- ალექს, მე შეყვარებული ვარ! - ჩასძახა ლუკამ ყურმილში.
- რა?
- ჰო, ყურებამდე. მაგრამ შენ არ ინერვიულო, არაა გამორიცხული შემიყვარდე ოდესმე. იცი ეს როდის მოხდება? როცა დღეში 25 საათი იქნება და მე შენზე 3600 წამით მეტს ვიფიქრებ.
- ლუკა!
- ის ქართველია იცი? მას ჰქვია Hellen. ის არაჩვეულებრივია. იცი ვის ჰგავს? ოდრის. არა, უფრო ლამაზია ვიდრე თქვენი ოდრი!
- ნუ ყვირი, ნუ!
- შენ ხომ გიყვარვარ მე? ხომ ვიცი, რომ ოცნებობ ჩემზე... რატომ?
- გიჟი ხარ და იმიტომ.
- რაო რა მითხარი როდის წვებიიო?
- როგორც კი მოახერხებ. მოდი შევხვდეთ. Red Baloons-ში დაგელოდები.
- Red baloons are full of broken hearts... - წაიმღერა ლუკამ
- დაგელოდო?
- არა, დღეს ჩემი გული ისეა დაფლეთილი, რომ რედ ბალუნზამდე დამებნევა. შენი მანქანა რეჯენტ პარკთან დგას. სახლში ავტობუსით წავალ.
 
                              თავი მესამე
  ლუკა უყურებს ალექსისი შავგვრემან, უნაკლო სახეს, მის ლამაზ, შავ თვალებს, სწორ ცხვირს, დაბერილ ტუჩებს და ფიქრობს: დავითის ქანდაკებაც ლამაზია, მაგრამ ქალებს არ უყვართ ის.“ ალექსი ერთბაშად სასიამოვნო გროძნობებს იწვევს მასში, მაგრამ, როცა წარმოიდგენს, როგორ ვარდება იგი კლდიდან, ვერანაირ ტკივილსა და აღელვებას ვერ გრძნობს. ლუკა ხვდება, როგორ იტანჯება ეს ნახევარი ინგლისისთვის სასურველი ქალი მის გამო და არც ეს აწუხებს დიდად.
  რესტორან Moonshine- ხშირად იკრიბება განათლებული, მაღალი წრის საზოგადოება. ყელმოღერებულნი სხედან ხოლმე მაგითებთან და საუბრობენ რელიგიასა და ტუალეტის დიზაინზე ერთნაირი გატაცები.
- Luke, რას ფიქრობ შენ ამასთან დაკავშირებით? - ჰკითხა მაგიდასთან მსხდომთაგან რომელიღაცამ და ლუკას ერთბაშად თორმეტი თვალი მიაჩერდა.
- უკაცრავად, რასთან დაკავშირებით? - უხერხულად გაიცინა ლუკამ.
- თქვენ რატომ გიყვართ ის, ვინც გიყვართ?
- ალბათ, იმიტომ, რომ არ ვიცი რატომ. - ნიშნისმოგებით მიუგდო სადღაც ამოკითხული ფრაზა, მისთვის ერთობ უაზრო, მაგრამ დანარჩენთათვის საკმაოდ ორიგინალური.
  განა მართლა არ იცის რისთვის უყვარს Hellen? ლუკას მასში არაფერი მოსწონს გარდა მისი თვალების, ცხვირის, ტუჩების, თმის, თითების, ხელების, ფეხების, სუნთქვის, სუნის, სულის... ახლაც ეს „არაფერი“ გაახსენდა და ჩაეღვარა სხეულში, თითქოს ცხელი რძე დალიაო და სწორედ ამ დროს იგრძნო მისი ცივი ხელები სულის მკერდსა და სახეზე. უცებ მოვარდნილ სიცხეში გაყინული Hellen-ის კონტურები გამოიკვეთა, თბილი მზერა შეავლო ლუკამ და გალღვა.
- მე მივდივარ! - მშვიდად თქვა და წამოდგა.
- კი, მაგრამ რატომ? - გაკვირვებულნი მიაშტერდნენ მოსაუბრენი.
- რატომ? იმიტომ, რომ ხანდახან თქვენ, ყველა მონაზვნის მკერდზე უფრო გამოუსადეგარნი და უგულო ლოცვაზე უფრო მოსაბეზრებელნი ხართ. თქვენთან ურთიერთობისას მხოლოდ ზრდილობის გისოსები მძულს. დაუფიქრებლად გავუცვლიდი თქვენს თავს ეშმაკს მარწყვის ჩუპა-ჩუპსში, ჯოჯოხეთის დეკორაციისთვის.
  განრისხებული შეტრიალდა კარისკენ და ჩქარი ნაბიჯით გასწია გარეთ. ალექსიც გაჰყვა.
                                                *******************************
    ლუკა ღმერთის ტუჩებს მოსწყდა და თვალები გაახილა. ასე პირველად განიცადა გამოღვიძება, ასე პირველად შეიძულა რეალობა და საკუთარი თავი. წუხანდელი ფიქრები გაახსენდა, გაახსენდა, როგორ მიატოვა ლონდონის ბნელ კუთხეში ალექსი. შეეშინდა მოძალადეების? არა, არ გამოქცეულა და ეს უფრო აწუხებდა. 9 საათის წინ ყოვლისშემძლე ეგონა თავი. მოერია გრძნობებს და მშვიდად დაიძინა. ორჯერ გააღვიძა შეძახილმა: მიშველე! მაგრამ უკუაგდო ისევ.
    9 საათის წინ კი ქუჩაში მიდიოდა და ფიქრობდა: ორ თვეში არც მე და არც ეს ფაქტი აღარ ემახსოვრება. ჩემს თავზე ვიღებ ცოდვას და მას ბედნიერებას ვანიჭებ. დიდ ტრაგედიაში ხომ ყოველთვის დიდი სიამოვნებაა დამალული. მალე თავი ყველაზე გამოცდილი ეგონება და ეს ასეცაა. მალე შეუყვარდება ჩემზე უკეთესი ინგლისელი, ცხვირაპრეხილი ბიჭი და თავის შვილს Luke-ს დაარქმევს. ესეც ჩემი პირველი ექსპერიმენტი.
    ახლა კი დედამიწის სიმძიმის ტანჯვა დააწვა მხრებზე. ღმერთმა, ალბათ, ამ წამს გადაწყვიტა მსოფლიო სევდისგან დასვენება. ლუკამ უაზროდ მოავლო თვალი საკუთარ ოთახს და შეაშინა წარწერამ: „Big Brother Is Watching You!“ თუ მართლაც უყურებს “დიდი ძმა“ რაღა ეშველება? ვეღარ აკურთხებს „სული მისი უფალსა და ყოველი გონებაი მისი - სახელსა მისსა.“
  ... და უცებ, მოულოდნელად, ჩაეცინა ლუკას. გაიფიქრა რა, რომ მხოლოდ ქართულად შეიძლება ასე ღმართთან საუბარი, მხოლოდ ქართველს შეუძლია ასე ღრმად სინანული. მხოლოდ მას ძალუძს თავი შეაცოდოს უფალს.
 
    P.S. ჩვენს ქვეყანაში შემოქმედიც კი მთვრალია მგონი. ნეტავ მას თუ ჰყავს ცოლი სახლში მისულმა რომ უღრიალოს, დედამიწა გამხადე ქალოო.

                        თავი მეხუთე

    და მაინც დაწვა ლუკა... ვერ გეტყვით ძალიან განიცადა-მეთქი სიკვდილი. ბოლოს თქვა „მავარმა გააკეთა თავისი საქმე, მავარს შეუძლია წავდესო“, მაგრამ სანამ უკანასკნელ სიტყვაზე ვისაუბრებდე, მინდა დაწვრილებით  აღვადგინო მისი რამდენიმე  დიალოგი, რომელმაც ასე შემიცვალა შეხედულებანი და ერთთავად სხვაგვარად დამანახვა ეს ეგოისტურად ჭკვიანი ადამიანი.
            ***********
    პალატა აუტანლად სიცოცხლისფერი მოეჩვენა იმ წამს ლუკას. ის წამიც სიცოცხლისა იყო და ის ფიქრიც, რაც სულს უხეთქდა, თითქოს, ერთბაშად ყველაფერი აირია მის თავს. მთელი არსებით უნდოდა სიკვდილი და ვერც ამ არსებობის საყელოს უშვებდა ხელს, ასე თავგანწირვით რომ ჩაჰფრენოდა. საყელოც წუთი-წუთზე გაირღვეოდა, აეგლიჯებოდა ცხოვრების პერანგს და გაწყალდებოდა. ამ ქვეყნად ხომ არცერთი მატერია არ არის მარადიული. წინ კი მარადისობას ხედავდა, მის სუნს გრძნობდა უკვე.
    კარი გაიღო და ინგლისელი, მელოტი მოძღვარი შემოვიდა. ლოყაზე პარსვისას აკანკალებული ხელის ნაკვალევი ემჩნეოდა, დაახლოებით ისე, როგორც მის სულს აჩნდა სიკეთისა და სათნოების შრამი, ასე თვალში რომ იყო საცემი და ხშირად ახსენებდა თავს, როგორც მას, ისე გარშემომყოფთ.
- როგორ ბრძანდებით, ბატონო Luke? - ხელზე ხელი მოკიდა და ნაზად გაუღიმა ღვთისმეტყველმა. ლუკა უნებლიეთ უკან გაიწია და გაითავისუფლა თავი “სეინტ ჯეიმსისგან“. არაფერი უპასუხია.
- მე ბევრი მსმენია თქვენზე, განთქმული კაცი ხართ ინგლისში. თქვენი უკანასკნელი მოთხრობაც წავიკითხე და გულწრფელად რომ გითხრათ ვერაფერი გავუგე. ჭკუით ვერ დავიკვეხნი.
- ვის რაში სჭირდება ჩემი მოთხრობები?! ნაგავია და მეტი არაფერი. ყველა სიტყვის გამო ვნანობ.
- ჭკვიანი კაცი ბრძანდებით, მენდეთ. - თვალი ჩაუკრა მოძღვარმა.
- ჭკვიანი კი არა - ქართველი ვარ.
- თქვენს ქვეყანაში, ალბათ, ამაყობენ თქვენით.
- ხომ გითხარით ქართველი ვარ-მეთქი. მე იქ არავინ მიცნობს.

- გასაკვირი ამბავია. - წარბები ასწია ამ სასაცილო ღვთისმსახურმა.

- არაფერია აქ გასაკვირი. ქალაქში, სადაც 2000 გენიოსი და 1 უნიჭო ცხოვრობს, უნიჭოს წიგნებია ბესტსელერი იმიტომ, რომ ორიგინალურია.

- ოჰ, ასე უცებ ნუ გადაწყვეტთ ამ საკითხს. - გაიცინა "სეინტმა"

- იქ ყველა ბრძენია, რადგან საკმარისია დააკვირდე საკუთარ ენას. თქვენ ამას ვერ გაიგებთ, რადგან არ იცით როგორ ჟღერს და რა აზრი დევს სიტყვა "თავისუფალში", "თავის უფლებაში". თქვენთან რას ნიშნავს თავისუფალი? კარტოფილს, რომელსაც მაკდონალდსშიც კი აღარავინ ჭამს. იყავით "ფრი", ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

- დამაინტერესეთ. მომიყევით რამე თქვენს ქვეყანაზე.

- სალვადორ დალი რომ ვიყო, დაგანახვებდით კიდეც, მაგრამ მაინც ვერაფერს გაიგებთ, რადგან თქვენში არაფერია ღვთიური. ახლა კი... გაეეთრიეეთ ჩემი პალატიდან!

- ღმერთი ამას არ გაპატიებთ.

- თავად ვაქცევდი ზურგს, ეს რომ ეპატიებინა.

                        ******************  (სიზმარი ფიოდორის შემდეგ)

    თვალები დახუჭა. გზას ვერ ხედავდა და თან გრძნობდა მის უსასრულობას. ირგვლივ სიშავის გარდა ვერაფერს აღიქვამდა, მაგრამ ხვდებოდა: ეს ჯოჯოხეთი იყო. ის მიდიოდა ვიწრო ბილიკზე და ფიქრობდა, რომ ოდესმე ეს ბილიკიც მორჩებოდა. ტანჯვა, რომელიც ამ სიცარიელეში იგრძნო ახარებდა, მაგრამ ეს არსება არ სცილდებოდა. საიდან მოვიდა? რა უნდა?
    მოხუცს სახე დამანჭვოდა და ორად გაყოფილი ენით, ბოროტად მოელვარე, ჩაშავებულ თვალებს იწმენდდა. უცნაური იყო: ხელები - დახვეწილი, თითები - გრძელი, ფეხები - სწორი, ტანსაცმელი - პრადა.
    ლუკამ უკან მოიტოვა მილიარდობით კილომეტრი, მილიარდობით ფიქრი, საათი, ცოდვა. არ საყვედურობდა უფალს, თითქოს, ის წაიშალა მისი ცნობიერებიდან. ყოველი განვლილი მეტრის შემდეგ უფრო სძულდებოდაგვერდით მიმავალი არარაობა, უფრო საშინელი აზრები უტრიალებდა თავში და ყოველ მომდევნო წამს მოხუციც უფრო მახინჯდებოდა. წელში მოიხარა, თითები დაეგრიხა, უფრო საშინელი სანახავი გახდა, ვიდრე მანამდე.
    ბოლოს, ყოველგვარი განსჯის გარეშე, ვერ მიხვდა თავისი მოგზაურობის რა მომენტში, დაასკვნა, რომ ის ეშმაკი იყო. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ, მგონი ასწლეულებიც და ერთხელ უკნიდან ძახილი შემოესმა. შემოტრიალდა და ეშმაკი დაინახა, რომელიც სულს ღაფავდა. არ ეგონა ეშმაკებიც თუ კვდებოდნენ. ამ ამბით გახარებული მივარდა მოხუცს, რომელსაც სიბერისაც კი აღარაფერი ეცხო და ყელში სწვდა.
- მაშ, კვდები სატანავ? - დაიღრიალა ლუკამ და შეანჯღრია უძლური „კაცი“.
- ეჰ, მერამდენე ადამიანს უნდა ავუხსნა, რომ მე არ ვარ სატანა.
- მაშ ვინ ხარ? გინდა შეგიცოდო და მხრებით გათრიო არა?
- აქამდე თუ სულით მატარე, ახლა მხრებით ვეღარ შეძლებ ჩემს წათრევას? - ჩაიქირქილა კვლავაც უცნობმა.
- რას მეუბნები?
- მე მახსოვს შენი ბავშვობა. შენთან ერთად დავიბადე შენში. თავიდან ისეთი სათნო იყავი, ისეთი ლამაზი. შენი ყოველი ბედნიერი წუთი მახალისებდა, შენი სიკეთე მშვენიერებას მმატებდა და მაქცევდა იმად, რაც სინამდვილეში თქვენ გარეთ ვარ. მაგრამ, ყველაფერს ხომ აქვს დასასრული და ესაც მორჩა. მე თქვენი სულის ანარეკლი ვარ გესმის? შენც ხომ იცი. რომ ზოგთან არს ღმერთი, ზოგთან კი ყ-არს.. შენთან მე მუდამ სუნი ამდიოდა. ასე ვთქვათ, შენთან მე ეშმაკი ვიყავი.
    გახსოვს, ოთხჯერ მკაფიოდ რომ გაიგონე ჩაქუჩის ხმისმაგვარ რამ? აი, მაშინ მაცვი შენში ჯვარს. მას მერე დავმახინჯდი, მას მერე შენ მე სატანად მიცნობ.
- მაშ, ღმერთი ყოფილხარ შენ... - თრთოლით უჩურჩულა ლუკამ შემოქმედს.
- ასეა, ასე. - სათნოდ გაიღიმა უფალმა.
- მაშ, არ არსებობს ეშმაკი?
- არა, ისიც მე ვარ. უბრალოდ კაცობრიობისთვის ეს არაესთეტიურია და ვიღაცამ გამიჯნა ჩემი ბუნება.
- ყოველივე ეს სიგიჟეა, ვერ დავიჯერებ. არ დავიჯერებ. ღმერთო ჩემო!
- მე მოგეცი თავისუფალი ნება. შენ უნდა გადაწყვიტო.
- ნუთუ მაპატიებ?
- მე შენ ვეღარ შეგინდობ. ვკვდები. შენივე ღმერთი დაასამარე ხედავ? შენი წილი უფალი შენსავე სულს სვამს.
- არ მოკვდე! მითხარი რა მელის?
- შენ გელის...
    ასე არასდროს გახარებია ლუკას თვალების გახელა. ასე ძალიან არასდროს მოსწონებია დღის სინათლე და დედამიწა. მაგრამ წუთის შემდეგ, მთელი სიზმარი რომ აღიდგინა, მიხვდა ეს იყო მისი შინაგანი შეძახილი. ეს სიმართლე იყო. მისი ღმერთი დაიღუპა და მან არ იცის რა ელის თავად. ყველაფერი კოშმარს დაემსგავსა. თითქოს ის, რაც აქამდე იცოდა სიცოცხლეზე წაიშალა. ხსნა არსად ჩანდა... მიხვდა: ჯოჯოხეთსა და სმაოთხეს შორის, დაღუპულთა ქვეყანაზე, დედამიწაზე იმყოფებოდა. საიდანღაც უკვე მოვიდა აქ და სად წავა არ იცის.
                           
                                თავი მეექვსე
- ჩვენ სხვა აღარაფერი შეგვიძლია, უნდა შეეგუოთ.
- მადლობა, მესმის. „მავარმა გააკეთა თავისი საქმე, მავარს შეუძლია წავიდეს“.  გაეთრიეთ!
                    (ერთი თვით ადრე)     
  “ძვირფასო Hellen,
    სულ მახსოვს, რომ ჩემი ყველაფერი არარაობაა შენს არაფერთან, მაგრამ დღეს არ ვაპირებ ამაზე საუბარს. მე უკვე გითხარი, რაც შემეძლო სიყვარულსა და მსგავს თემებზე. ახლა მხოლოდ იმას გეტყვი, რაც დამრჩა სათქმელი და ბედნიერი ვიქნები თუ მომისმენ.
    უკვე მიჭირს გარჩევა როდის ვარ უბედური და როდის პირიქით. ძალიან დაემსგავსა ერთმანეთს ყველაფერი, რადგან მთელი ცხოვრება სიმშვიდეს მივუძღვენი. ახლა სწორედ ამიტომ არ შემიძლია წავიდე. როგორ უნდა მოიკლა თავი მაშინ, როცა ამის მიზეზი არ გაქვს და რა შეიძლება იყოს იმაზე დიდი მიზეზი, რომ იმდენად ერთფეროვანია შენი სიცოცხლე, თავსაც კი ვერ იკლავ.
    ამის დედაც! წუხელ ისევ ვიწექი სუნთქვაშეკრული სიკვდილის მოლოდინში, მაგრამ ყოველთვის, როცა შავი ჭერი წითელი კოპლებით ხუნდება, მე გული მიმდის და სხეული თავისით იწყებს სუნთქვას. მე კი ვიღვიძებ დილით და ისევ ვიცვამ, ისევ ვსაუზმობ და მივდივარ. სად? რისთვის? რა აზრი აქვს? არ ვიცი.
  ხალხს რომ ვუყურებ, ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს ბავშვები იყვნენ. მგონია მათ წარმოდგენა არ აქვთ იმ მატერიაზე, რომელსაც მე „ვხედავ“. ხანდახან კი ვფიქრობ, ყველამ გაცვითა უკვე ზემოთხსენებული მატერია. როგორც არ უნდა იყოს, ორივე მიზეზი ნაბიჯ-ნაბიჯ მაშორებს საზოგადოებას. არ ესმით ჩემი და არც მე ვცდილობ, რომ გაიგონ. მე გავრიყე საკუთარი თავი.
  ღმერთი ჩემი ცხოვრების ერთადერთი გამოცანაა. რატომ? მარტივად ვიტყვი და იმიტომ, რომ დანარჩენი ყველაფერი გამოვიცანი(ყველაც). იყო დრო მიყვარდა ვიღაც, ის დროც იყო, როცა ვიღაცას ვუყვარდი, მაგრამ დამთავრდა. ესეც გაცვდა. მხოლოდ უფალი დარჩა იმავე სიმკვეთრით, რომლითაც ჩემში შემოვიდა. იქნებ ის ჩემი ნაწილია? ის ნაწილი, რომელიც მუდამ შეუცნობელი რჩება ადამიანს, ის ნაწილი, რომელიც შენს საქციელს მაშინ განსაზღვრავს, როცა შენ აღარ შეგიძლია ეს. როცა 3 ლიტრი არაყი გაქვს დალეული, ან ქართულად რომ ვიმსჯელოთ, როცა დედას გაგინებენ.
    გთხოვ, ილოცე ჩემთვის...
    სიყვარულით, 
    ლუკა.“

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 06:58:42
ზეცის კარიბჭე                                                            #19



"შეაღო სიმურგმა მეცხრე, ოქროს კარი და იხილა ჯადოსნური ქვეყანა, სადაც თეთრი, ფრთოსანი რაშები დაქროდნენ ზურმუხტისფერ მდელოზე, უღრუბლო ცაზე ულამაზესი ფარშევანგები ფრენდნენ, ათასფერი ყვავილები ოდნავ ირწეოდნენ სიოს ნაზ დაბერვაზე, კამკამა, ბროლისებრ წყალში კი ულამაზესი ჰურიები ნებივრობდნენ... ქვეყანა – სადაც არც სიკვდილი იყო და არც სიცოცხლე, არც სიკეთე და არც ბოროტება. ქვეყანა, რომელსაც არც დასაწყისი ჰქონდა, არც დასასრული და მარადიული გაზაფხული იდგა."

სპარსული ზღაპარი.



"პლენნიხ ნე ბუდემ ბრატ" – იტყოდა ხოლმე სოტერო.
ეს მერე, გუნდებად რომ გავიყოფოდით, კარსაც რომ ავარჩევდით, ფართხუნა შარვლის მარჯვენა ტოტს მუხლამდე რომ აიწევდა და მთავარსარდალივით გადმოგვხედავდა... და დაიწყებდა ხოლმე. სლალომისტივით ჩაუქროლებდა ხოლმე თავისიანსაც და სხვისასაც, ბურთს არც არავის მიაწოდებდა და არც არავის დაანებებდა. საოცრად გრაციოზულად და მსუბუქად გასცდებოდა ყველას, კარიდან გამოვარდნილ მეკარესაც ისე მოატყუებდა, თითქოს ჯენტლმენურად დაუთმობდა გზას და ბურთს ფეხს აღარც კი შეახებდა, საპატიო ექსკორტივით მიჰყვებოდა გვერდით, ვიდრე ის კარში არ შეგორდებოდა თავისით. თან რომ ენასაც არ გააჩერებდა – ხან ოზეროვის ხმით რუსულად უკეთებდა კომენტარს საკუთარ ფინტებს და გვერდავლილ მოწინააღმდეგეს – "შადრინ, შალიმოვ, იაკუშევ", ხან გამახარაძდებოდა ხოლმე, მაგრამ ისევე რუსულად – "ტრაპატონი, დონალგინი..." და იმედგაცრუებული – "დააა... ნე სმოგ ნას ვირუჩიტ იაშინ..." პირველი სამი გოლი გიხაროდა, მერე კი შენც გინდოდა ყურებჩამოყრილი მოწინააღმდეგის კარში ბურთის გატანა და იწყებდი ღრიალს – "პასი, კრაიზე ვარ, გამიგდე", მაგრამ სოტერო ყრუ და ბრმა ხდებოდა – ჩვენი არ ესმოდა და ვერ გვხედავდა. მუნჯი – არა. რადგან ლაქლაქს ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც არ წყვეტდა, მაშინაც კი, როცა ვიღაცას ნერვები უმტყუნებდა და ფეხს დაუდებდა. ეს ვიღაცა, როგორც წესი, თემი იყო. მტვერსა და ოფლში აზელილი სოტერო ტკივილისგან იკლაკნებოდა მიწაზე და მაინც სახალხო მთქმელივით ყოჩაღობდა – "მიტირე მამილო, მიტირე დედილო...".
ერთხელ ვიღაც მწვრთნელმა ნახა მისი თამაში და სპორტსკოლაში დაუძახა. ორი კვირა იარა და დაანება – "რა უნდა ვისწავლო". მოაკითხა იმ კაცმა რამდენჯერმე სახლშიც, მამამისსაც სთხოვა, მაგრამ არ დაბრუნდა.
მარტო ფეხბურთი? ყველაფერი რაღაც ძალიან იოლად გამოსდიოდა. რაც მე მძიმე შრომის ფასად მეძლეოდა, მისთვის ფეხბურთის თამაშის გაგრძელებასავით იყო. მის გამო დავანებე ჭადრაკის თამაშს თავი. ერთხელ დიდი ბჭობაც ჰქონდათ - სკოლის ჩემპიონატზე დავეშვით თუ არ დავეშვით. მაშინ პიონერთა სასახლეში დავდიოდი, ქალაქის პირველობაზე მეორე ადგილზე გავედი და ეშინოდათ, სხვებს ინტერესი არ გაქრობოდათ.
სკოლის სპორტდარბაზში მაგიდები ჩაამწკრივეს და პრიზად რატომღაც ნამდვილი ტყავის ბურთი დააწესეს. სოტერო მგონი ამ ბურთის ხათრით ჩაეწერა შეჯიბრების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე. მე, რომელიც ამ დღემდე არაფრით გამორჩეული ვიყავი სკოლაში, უცებ ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი. უფროსკლასელები რჩევას მეკითხებოდნენ, გოგოები მე მიყურებდნენ და რაღაცას ეტუტუნებოდნენ ერთმანეთს. მეც გაბღენძილი დავდიოდი მაგიდებს შორის და ბრძნული მოწონებით ვიქნევდი თავს, სწორ სვლას რომ დავინახავდი. ჩემს პარტიებს ყველას ოც-ოცდახუთ წუთში ვამთავრებდი და დიდსულოვნად ველოდი შემდგომ მოწინააღმდეგეს, რომელიც იხტიბარგატეხილი, წინასწარი დამარცხების შეგრძნებით იწყებდა ჩემთან თამაშს.
ასე, დიდების ფუმფულა ღრუბლებში ნებივრობით მივაღწიე ფინალს, სადაც ჩემდა გასაკვირად სოტერო დამხვდა და სერიოზული სახით გამაფრთხილა – "ხოზო, იცოდე, ეს ბურთი ძალიან მინდა", მე კი აგდებულად მივუგე – "ბურთს მე მოვიგებ, სოტერო, მერე კი ვიფიქრებ, გათხოვო, გაჩუქო თუ გაგიცვალო რამეში..."
...და დავიწყეთ.
ჩემი საყვარელი სიცილიური დაცვა გავითამაშე და გატრუნული დაველოდე, სოტერო სხვებივით როდის შემოიჭრებოდა ჩემს ბანაკში და მარტივ ხაფანგში გაბმული, დამარცხებას არჩვეული, დაბნეული სახით დაიწყებდა შეცდომების კასკადს... უკვე ვხედავდი, როგორ გადმომცემდნენ ბურთს და ყველა როგორ ჩადგებოდა რიგში მოსალოცად, თავზე ხელის გადასასმელად... თინიკოც, რომ არ ვუმხელდით ერთმანეთს და ყველა ბიჭს გვიყვარდა ერთმანეთის უჩუმრად, მოვიდოდა, თვალს გამისწორებდა და თავის ფაფუკ ხელს ჩამომართმევდა...
მაგრამ დაფაზე არაფერი ხდებოდა. ჩემი და სოტეროს ფიგურები გამოცდილი მეომრებივით შორით უვლიდნენ ერთმანეთს და თითქოს ზვერავდნენ გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ოცდახუთი სვლის მერე უკვე დაღლილი მაყურებლებიც აჩურჩულდნენ და ვიგრძენი, რომ მე მთხოვდნენ მეტს, ჩემგან სჭირდებოდათ ინიციატივა, გადამწყვეტი ნაბიჯი და იერიში და მეც ვიჩქარე... ეტლმა მოუმზადებელი მანევრი დაიწყო მარცხენა ფლანგზე. სოტეროს ეტლი უკუიქცა და თითქოს სივრცე დათმო, მაგრამ სამი სვლის მერე მივხვდი, რომ გამომეპარა მარტივი კომბინაცია, როდესაც ჩემი ფიგურა მოწინააღმდეგიის მსუბუქი ფიგურების გარემოცვაში აღმოჩნდა. სვლაზე დიდხანს ვიფიქრე და არსებულ მდგომარებაში ყველაზე მცირე დანაკარგზე წავედი – ხარისხი შევწირე. აქ მაყურებლებს ტალღასავით ხელახლა გადაუარა ჩურჩულმა. თუმცა კი დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, საბოლოო შედეგში ეჭვი არავის შეპარვია – ფეხბურთში უიმედო აუტსაიდერი მესამე წუთზე ჩემპიონს რომ გაუტანს, ისე მიიღო ყველამ... და ღირსებაშელახული ჩემპიონი მთელი გუნდით თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცევა საპასუხო გოლის გასატანად, ისე დავივიწყე სიფრთხილე და შეტევაზე გადავედი.
დაფაზე ჩეხვა ატყდა – დაუნდობლად ვუცვლიდით ერთმანეთს ფიგურებს და ცოტა სული რომ მოვითქვით, აღმოჩნდა – სოტეროს ხარისხში უპირატესობა მხედარში უპირატესობად გარდაექმნა. აქ უკვე მივხვდი, რომ წაგების საშიშროების წინაშე დავდექი. დაფის ცენტრი დავთმე და მეფის გარშემო ეშელონირებული დაცვის შენება დავიწყე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. სოტეროს ფიგურები თანმიმდევრულად უვლიდნენ ჩემსას გარშემო და თუ რომელიმეს პოზიციის სისუსტეს შეამჩნევდნენ, დაუნდობლად უტევდნენ და ანადგურებდნენ... განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ სულსწრაფს სოტერომ თავისი მოთმინებით მაჯობა. სულ მეგონა, როცა იქნებოდა – შეცდომას დაუშვებდა, მაგრამ – არა... მოყვარულის სიჯიუტით მეფის დატყვევებამდე ვითამაშე.
სხვა დროსაც წამიგია, მაგრამ არც მანამდე და არც მერე წაგება ასეთი მტკივნეული არასოდეს ყოფილა. იქ, სადაც მე უნდა ვმდგარიყავი, სოტერო იდგა. ყველა ულოცავდა, თინიკოც მივიდა და ხელი გაუწოდა. ზურგი ვაქციე, უთქმელად გავ­ძვერი სხვებს შორის და კიბეებზე დავეშვი. მეორე სართულზე რომ ვიყავი, სოტეროს ხმა გავიგე – @"დაბრუნდი, ხოზო"... წამით ავიხედე, ვიგრძენი, რომ ცრემლი მოგორავდა ლოყაზე. არ მინდოდა, სოტეროს დაენახა. ვითომც არაფერი, მოაჯირზე შევხტი და ჩავსრიალდი. ვიდრე ბოლოს მივაღწევდი, რაღაცამ ჩამიქროლა თავთან და დავინახე ბურთი როგორ დაეცა პირველი სართულის კიბის უჯრედზე, მერე კი ისევ ზემოთ, თითქმის მესამე სართულამდე აფრინდა. იქ კი ისევ სოტერომ დაიჭირა და გაიმეორა – "დაბრუნდი, ხოზო!"
კარი გავაღე და ქუჩაში გავვარდი.
მეორე დღესვე ვითამაშეთ იმ ბურთით.
თამაშის მერე კი უბრალოდ მითხრა, "მოდი, შენთან შევინახოთ".
მაშინ ყველა და ყველაფერი მძულდა, მაგრამ უარი არ მითქვამს.
მერე კი ყველაფერი ჩვეულებრივი გახდა – სოტეროც და ბურთიც, რომელიც მუდამ ჩემს სახლში ინახებოდა.
რა, სოტერო რატომ ერქვა?
ხდება ხოლმე – ზოგჯერ თითქოს მთავარი გაქრება და უმნიშვნელო შეიძენს ხოლმე მთავარის ფუნქციებს. "შესანიშნავი შვიდეულის" სოტერო კოლვერას გარეშეE ვერ იქნებოდა. კოლვერაც იყო, ყოჩაღო, მის ჩრდილში სოტეროც რომ ფერმკრთალობდა, მაგრამ ის მეხუთე კლასიდან სხვა სკოლაში გადავიდა და მერე აღარც გამოჩენილა.
სკოლის მერეც სოტეროსთან გვიყვარდა ასვლა. შეიძლება იმიტომ, რომ მისი სახლი ყველაზე ახლოს იყო სკოლიდან, ან იქნებ იმის გამოც, რომ ერთადერთს მას ჰქონდა ალუმინის მშვენიერი, უზარმაზარი კონსტრუქტორი, რომლისგანაც ხან თვითმფრინავს ვაშენებდით, ხან იახტას და ხან ფანტასტიურ საპლანეტათაშორისო ხომალდს. ახლა რომ ვიხსენებ, ალბათ, უბრალოდ – ეს იყო განსაკუთრებული თავისუფლების ატმოსფერო, რომელიც არც ერთს საკუთარ სახლში არ გვქონდა. მთავარი – ყველგან სრულიად უწესრიგოდ ეწყო სხვადასხვა წიგნი, სადაც არ უნდა დამჯდარიყავი, ხელის გაწვდენაზე, თითქოს სპეციალურად ამ ადგილისთვის იდო რამდენიმე ცალი, რათა ორი წუთით გადაგეფურცლა, მერე კი დაინტერესებული თვალს ვეღარ აცილებდი – ათვალიერებდი და კითხულობდი. საკვირველია – ამ ქაღალდის ზვინებიდან სოტეროს ყველაფერი ჰქონდა წაკითხული და ყველაფერზე გეტყოდა ავტორიტეტულ აზრს. თითქოს ამ სახლის ნაწილი იყო მამამისიც, ნოდარი, სოტერო რომ პატარა ბავშვივით – "ჩემს ნოდარიკოდ" ახსენებდა ხოლმე. დაბალი, დაბნეული ფიზიკოსი სქელშუშიანი სათვალით, თითქოს მისჯილი და ჩაკეტილი თავის პატარა ოთახში, სადაც არავის, სოტეროსაც კი არ ჰქონდა შესვლის უფლება. ზოგჯერ თუ შეუღებდა კარს და იქიდანვე დაუძახებდა ჩაიზე. ისიც პატარა, დაბნეული ბავშვის იერით მოკლე ნაბიჯებით გადმოჭრიდა ოთახს და ჩვენთან დაჯდებოდა. ყოველთვის – ყველაზე ადრე დალევდა, ბოდიშს მოიხდიდა და თავის სამფლობელოს უბრუნდებოდა – მთებად აღმართულ სქელტანიან წიგნებს, რომ შეხედავდი და აზრი მოდიოდა თავისთავად – ერთხელაც წამოიქცეოდნენ და შთანთქავდნენ თავის პატრონს. ჩვენ სულ ერთადერთხელ ვიყავით ამ ოთახში სტუმრად – მე და თემი, სოტერო რომ არ დაგვხვდა სახლში. მამამისი ოთახიდან კი არა, თითქოს საკუთარი სამყაროდან გამოვიდა, ჩაიც კი აგვიდუღა, თუმცა ნაყენის დასაყენებელ ფაიფურის პატარა ჩაიდანს დიდი ხანი ეძებდა. მაშინ იყო, თემიმ სასაუბრო თემა რომ ვერ მონახა და გრძელი, უხერხული პაუზის მერე ჰკითხა – რაზე მუშაობთო. ნოდარიკო დიდი ხანი ფიქრობდა, არ ვიცი რაზე – როგორ დაეწყო, ან დაეწყო თუ არა საერთოდ. და დაიწყო. ნახევარი საათი აღარ გაჩერებულა. თითქოს ამ წუთს ელოდა, საკუთარი აზრები ბგერებად რომ გარდაექმნა და ბგერებისთვის, როგორც მატერიალური რამისთვის, შეეხედა შორიდან. სულაც არ აინტერესებდა, რომ მე და თემის ინჩიბინჩი არ გაგვეგებოდა მისი ნათქვამისა, თუმცა ნოდარიკო მეცნიერულ ტერმინებს თავს არიდებდა და ყვებოდა მრავალგანზომილებიან სამყაროზე, სადაც დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში შეიძლება სულ სხვადასხვა ქვესამყარო, მეტიც – სხვადასხვა ცივილიზაციები განვითარებულიყო. და მხოლოდ განვითარების უფრო მაღალ საფეხურებზე მყოფ ცივილიზაციებს შეეძლოთ ქვესამყაროებს შორის არსებული ბარიერების გადალახვა და მათ შორის მოგზაურობა... ის მრავალრიცხოვანი ამოუხსნელი ფაქტები კი, რომელიც თითქოსდა უცხო გალაქტიკებიდან მოსულ არსებებს მიეწერება, სხვა არაფერია, თუ არა ქვესამყაროებს შორის ბარიერების გადალახვის უნარი. ღმერთები, ანგელოზები და ღვთიური არსებებიც ამ უნარის მქონე არსებებია და სხვა არაფერი. და სულაც არ იყო გამორიცხული, რომ სამყაროს იმ აბსოლუტურ წერტილში, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, შეიძლება სხვა ქვესამყაროს უამრავი სხვა ობიექტი და მეტიც – ცოცხალი არსებებიც ყოფილიყო.
აქ მე და თემიმ უაზრო თვალებით შევხედეთ ერთმანეთს.
"ძნელი დასაჯერებელია კია, – განაგრძო ნოდარიკომ, – მაგრამ ამ შემთხვევაში მეცნიერება მიადგა იმ ბარიერს, სადაც ფაქტების არგუმენტები მთავრდება და იწყება დღემდე მისთვის უცხო – რწმენის არგუმენტები. ანუ არსებობს ახსნა, თუ არგუმენტებს ირწმუნებ. თუ არ ირწმუნებ – არ არსებობს, ანუ მხოლოდ ადამიანის გონების, მისი წარმოსახვის და ფანტაზიის შედეგია, თუმცა არსებობს ვარაუდიც, რომ სამყაროებს შორის ბილიკმა ადამიანის გონებაზეც შეიძლება გაიაროს."
აქ მე ისევ თემის ამსამყაროული უაზრო თვალების დანახვა მომინდა, მაგრამ გვერდზე გახედვის მომერიდა.
და ნოდარიკოც თითქოს მიხვდა, რომ ჩვენი გონება სამყაროებს შორის ბილიკებად არ გამოდგებოდა, არც მიბრუნებულა, ლაპარაკიც კი არ შეუწყვეტია, ისე გაიშვირა ხელი და მწვანეყდიანი წიგნი აიღო, რომელზეც გაცრეცილი, ოდესღაც ოქროსფერი ასოებით "სპარსული ზღაპრები" იყო ამოტვიფრული. გადაშალა და კითხვა დაიწყო:
"შეაღო სიმურგმა მეცხრე, ოქროს კარი და იხილა ჯადოსნური ქვეყანა, სადაც თეთრი, ფრთოსანი რაშები დაქროდნენ ზურმუხ­ტისფერ მდელოზე, უღრუბლო ცაზე ულამაზესი ფარშევანგები ფრენ­დნენ, ათასფერი ყვავილები ოდნავ ირწეოდნენ სიოს ნაზ დაბერვაზე, კამკამა, ბროლისებრ წყალში კი ულამაზესი ჰურიები ნებივრობდნენ... ქვეყანა – სადაც არც სიკვდილი იყო და არც სიცოცხლე, არც სი­კეთე და არც ბოროტება. ქვეყანა, რომელსაც არც დასაწყისი ჰქონდა, არც დასასრული და მარადიული გაზაფხული იდგა."
ეს კი მეც და თემისაც დაგვამახსოვრდა.
კარგად.

დედამისი?
ყველა ნაცნობი მხოლოდ ერთხელ შეეკითხებოდა მის შესახებ. სოტერო პასუხად ძველი ხის დარაბასავით მიხურავდა – "სმოლენსკშია". ისე რომ – უნდა მიმხვდარიყავი – აღარც შეგახედებდა და მეტი არც უნდა გცოდნოდა. ყველამ იცოდა "სუსურუკუს" ისტორიის მასწავლებლის მრავალჭირნახული და სხვათათვის მრავალჭირმნახველი ვლასის გარდა, ყოველ გაკვეთილზე რომ თავის პირად ისტორიას ქვეყნის ისტორიას გადააჯაჭვავდა ხოლმე და პირადი ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ პირადი იყო, უფრო ფრაგმენტული და ბუნდოვანი გამოსდიოდა, თუ გამოჰყავდა. არამასწავლებელმა წიგნის მწერალმა ისტორიკოსებმა რომ იციან – რაღაც მნიშვნელოვანს მიჩქმალავენ ან ისე შეეხებიან, როგორც ვლასი ოროსან მურთაზას ყურს – ძველ, მორახრახე "ბუდილნიკს" რომ დაქოქვა სჭირდებათ, ისე გულმოდგინედ უტრიალებდა, თან არც მოყოლას შეწყვეტდა – ვითომ მურთაზას ყური რაო, როცა ქვეყანა ინგრეოდა და ქვეყანა შენდებოდა. მუდამ მბორგალი მურთაზაც მხოლოდ ამ დროს იყო ბედისმორჩილი. რუმინეთის მთავრობასავით - 39 წელში, სტალინისა და ვლასისთვის ბესარაბიის დათმობა რომ არ უნდოდა და მაინც დათმო. ვლასი ყვებოდა და ჩვენ გულმოდგინედ ვუსმენდით. კითხვებსაც ვაძლევდით – ბევრს, ვლასის პირადი ცხოვრებიდან, რა თქმა უნდა. ჩვენ რომ არ დაგვესვა, ვლასი დაგვისვამდა, უკვე სუსურუკუს ისტორიიდან და ეს ცხადია – ნაკლებადსახალისო იქნებოდა. მაგრამ ხომ არის სასკოლო გამოცდილება. უფროსკლასელებისგან ვიცოდით – ომის შემდგომ პერიოდზე არ უნდა გვეკითხა, ხრუშჩოვამდე და მერეც, ვიდრე ვლასი ძერჟინსკი-მენჟინსკი-ეჟოვ-ბერიას არ დაივიწყებდა და კამენსკისა და პესტალოცის სამსახურში არ ჩადგებოდა. არ უნდა გვეკითხა, თუმცა იმავე წყაროსგან ვიცოდით, რომ ვლასი ომის მერე დასავლეთ უკრაინაში ბენდერელების კომუნიზმის რელსებზე შეყენებას ცდილა და ამაშიც სიბეჯითე გამოიჩინა. დამაშვრალი ხრუშჩოვმა სამი წლით კოლიმაში გაუშვა. ვლასი იქ ყოფნას კომუნიზმის მშენებლობაში არ ითვლიდა და არც უნდა გვცოდნოდა. წეღან რომ ვთქვით – თეთრი ლაქები ისტორიაში. ეკითხებოდა მხოლოდ სოტერო. იცოდა – არ უნდა ეკითხა, მაგრამ მაინც ეკითხებოდა.
"ვლასი მასწ, ომის შემდეგ ძნელი იყო კომუნიზმის მშენებლობა?"
ვლასი ნერვიულად შეათამაშებდა ხოლმე მხარს, თითქოს თბილისის რომელიმე ბნელ ჩიხში ბენდეროველების ჩასაფრებას წააწყდაო და კურსკის რკალს გადარჩენილ ცალ თვალს ორსავ თვალში გაუყრიდა სოტეროს.
"ხვალ დედას მოიყვან."
"დედა ვერ მოვა, პატივცემულო..." – სოტერო რომ არც იკითხავ­და – რა დააშავა.
"რატომ?"
"სმოლენსკშია..."
"სმოლენსკში?" – გაიკვირვებდა ხოლმე ვლასი. ცალთვალა მზერას არ მოაცილებდა, მაგრამ ვგრძნობდით კია, მრისხანება ჩვენთვისდა გაუგებრად რამდენიმე წამში ცხრებოდა, მერე ამოიხვნეშებდა და – "კარგი, გადავიდეთ ახალ საკითხზე..."
ეს მეორდებოდა ყველა გაკვეთილზე, შამანთა რიტუალივით, ზუსტად მსგავსი ტექსტებითა და ქმედებით.
"აი, ომის მერე, პატივცემულო..."
"ხვალ დედას მოიყვან."
"დედა ვერ მოვა..."
"რატომ?"
"სმოლენსკშია..."
"სმოლენსკში?"
სულ ასე იყო, არც ერთს არ სწყინდებოდა და არც ტექსტს  ცვლიდა.
დედამისი კი სულ ორჯერ მყავდა ნანახი. ერთხელ – ქუჩაში დამანახა თემიმ. მაღალი, ძალიან ლამაზი ქალი, ქერა და გარუჯული. ყოფილ ბალერინასავით გამართული, მსუბუქად და ამაყად თავაწეული მიაბიჯებდა. სოტერო პატარა ბავშვივით ხელჩაბღუჯული მიჰყვებოდა. არა, კი არ მიჰყვებოდა, ნახევარი ნაბიჯით უსწრებდა, ქვემოდან შესციცინებდა სახეში და რაღაცას უყვებოდა. ისიც მშვიდი ღიმილით უსმენდა. მეორედ მთაწმინდაზე შევხვდი, შატალოზე რომ ვიყავი თემისთან ერთად. უცხო კაცთან იყო, მხარმიდებულები ჩუმად გასცქეროდნენ სადღაც ქვემოთ უხმოდ მოფუსფუსე თბილისს. ისეთივე წრფელად მეოცნებე თვალები ჰქონდა, სოტეროსათვის რომ შემინიშნავს სხვა დროს.

დავამთავრეთ სკოლა.
სოტერომ კიდევ ერთხელ გაგვაკვირვა, როცა სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, თავად მეხუთე კლასის მერე მის ხელში ფერადი ფანქარიც კი არ დამინახავს. სულ გვარწმუნებდა კი – ნოდარიკოსავით ფიზიკოსობა მინდაო. სტუდენტობის დროს ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს. ყოფილა, დაგვირეკავს, არ მოუცლია ჩვენთვის და თემი აბუზღუნებულა – აღარ ვუნდივართ და რა გინდა, რა ბებიაჩემის მონოკლივით ეკიდებიო კისერზეო. თავად იშვიათად გავახსენდებოდით ხოლმე. პირველ კურსზე იყო – ერთხელ თავად რომ დაგვირეკა და საკურსო გამოფენაზე დაგვპატიჟა. გახსნამდე ერთი საათით ადრე მივედით. ჯერ არავინ იყო. ნამუშევრები უკვე გამოფენილი იყო, მაგრამ არც ერთზე ავტორი არ იყო მითითებული – ალბათ გამომცდელებისთვის. მე და თემი დავბოდიალობდით და ვცდილობდით გამოგვეცნო, სოტეროსი რომელი იყო. ერთი იყო სხვებს შორის გამორჩეული – გოგონა მიდიოდა ტყის ბილიკზე და ნაირფერ ფოთლებს მიაბზრიალებდა ქარი მის გარშემო. თემისაც ჩემსავით ის მოეწონა. იმედი გვქონდა, რომ ჩვენი მეგობრის იქნებოდა, მაგრამ – არაო. სოტეროსი ერთ-ერთი ყველაზე უსახური, სხვებისგან არგამორჩეული პეიზაჟი იყო. ის კი, ვინც მოგვეწონა, მისი ჯგუფელისა იყო. "წალანწ – დაგვიდასტურა სოტერომაც – მაგრამ რასაც ხედავთ – ეგაა მაგის პიკი. აღარ გაიზრდება, ხაზს რომ გრძნობს, ხედავთ, კოლორისტი კი – დიდი ვერაფერი... ინტელექტუალური რესურსი კხ... კხ.... თუ სადმე სუფრაზე რომელიმე მხატვრის სახელს მოჰკრა ყური და ისეთი გატოვი არ იყო, რომ არ დაავიწყდეს, ხომ კარგი,M მაგრამ თავად არა აქვს სურვილი, რომ გაიზარდოს." @ვიდრე მე სოტეროს ველაპარაკებოდი, თემი სურათზე ცხვირმიბჯენილი ათვალიერებდა სოტეროს ნაწვალებ-ნაღეჭს და ხმას არ იღებდა. მუდრეგი კახელი – კომპლიმენტის თქმა არ უნდოდა, არადა – არც საყვედური ემეტებოდა მეგობრისთვის. სოტერომ ხელი ჰკრა და ცხვირი მიახლევინა სურათზე –@"ზეთითაა დახატული, ბიჯო, კახური ზეთითა". "ჯობდა ფეხბურთს წაჰყოლოდი" – ამოიხვნეშა თემიმ. გამოფენიდან მარტო ჩვენ ორნი წამოვედით – მე და თემი.
თემიმ – "ასეც ველოდი, ამაშიც ნიჭიერი რომაა, იმაშიც და იმაშიც, ხდება ხოლმე რომ – ცხოვრებაში არც არაფერი."
ჰოო – სულ დამავიწყდა – თავისი განსაკუთრებულობა, მდედრებთან უთიერთობაშიც გაამჟღავნა. მთელი კლასი რომ ფრიადოსან თინიკოზე ვიყავით შეყვარებული, იმან სკოლის კომკავშირის მდივანს დაადგა თვალი – დიმა ერისთავის ნახატებში რომაა – ისეთ ანა-ანუტას. სავსე მკერდით, თხელი, თხელი წელით, მერე რომ აღარ მინახავს, ისეთით, ოდნავ მსხვილი, სწორი და მკვრივი ფეხებით. თან ჩვენს სკოლაში მუშაობდა, თან სადღაც სწავლობდა დაუსწრებელზე.
იდეინიცა.
აი, დედას რომ გაყიდიდა და მამას ხურდაში მიაყოლებდა პარტიისა და კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის, ისეთი იდეინიცა. მუდამ ერთი და იგივე თეთრი კოფტა ეცვა, ან მე მახსენდება ახლა ასეთი. თან სულ კომკავშირული შემართებით დადიოდა, რაც კიდევ უფრო უსვამდა ხაზს მისი მკერდის სილამაზეს. უკვე იმ ასაკში შევდიოდით, რომ ენა ავიმყრალეთ, მაგრამ სოტეროს უხამსს ვერას დააცდენინებდი. არადა, ხომ ვხედავდი, ქალად მოსწონდა. მის გვერდით ყოფნის სხვა საბაბი რომ ვერ მონახა, კომკავშირში მიღება სთხოვა. ის კი – იდეინიცა, სექსსა და ეროტიკას ბურჟუაზიულ გადმონაშთად რომ თვლიდა, ისეთი. მაგრამ ბუნებას რას უზამდა, ქალური გუმანითა და ინტუიციით მიხვდა რაღაცას და "ერთი წლის შემდეგ მოდი, ჯერ ადრეა შენთვისო," – უთხრა "როგორ იწრთობოდა ფოლადის" მზერით. სხვა დროს რომ არ იბნეოდა, იმ დროს დაიბნა სოტერო, ვერაფერი უთხრა. მერე კი დააწყო, დაალაგა რეჩები და ისევ მიუხტა – "მინდა, რომ მომზადებული შევიდე კომკავშირში და შეფობა გთხოვოთო." და რომ არც ეზარებოდა, სკოლის იდეინიკებთან ერთად იჯდა და იზუთხავდა მეცნიერული კომუნიზმის წყაროებსა და შემადგენელ ნაწილებს, ქართული კომკავშირის სათავეებს იკვლევდა და დამკვრელური მშენებლობების გეოგრაფიას სწავლობდა, ყველაფერზე თანახმა იყო, ოღონდ ანუტას სიახლოვეს ყოფილიყო. რამდენჯერმე მომიწია მათ კომკავშირულ თათბირზე დასწრება და ვუყურებდი, სოტერო ყიზილ-ყუმის ოაზისსა შიგან მყოფი უზბეკი დოლგოჟიტელივით როგორ ნეტარებდა ანუტას შორიახლოს მჯდომი, ერთი-ორჯერ გადაიხარა მისკენ და პატარა, ლამაზ ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ხომ არაფერი გამიგია რა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათი საუბარი მაკულატურის შეგროვებაზე ან ავლაბრის არალეგალურ სტამბაში ექსკურსიის შესახებ იქნებოდა. მაგრამ ანუტაც რომ თავის თავსაც არ უტყდებოდა – მჩქეფარე ქალი იყო, "დიდი პოტენციის მქონე" – სოტეროს არგასაგონად ბრძნულად რომ დაარტყამდა ხოლმე ბეჭედს თემი და თოთხმეტი წლის აქსელერატთან, რომელსაც წვერის გაპარსვაც რცხვენოდა ჯერ და აქა-იქ ამოყრილ ბეწვს ქიმიის მასწავლებლისათვის აწაპნილი პინცეტით ებრძოდა, კრიტიკულზე ახლო მანძილზე მიახლოებაც კი "ღაწვებს უფაკლებდა". ესეც თემის ლექსიკიდანაა. წლების მერე რომ აღვადგინე მოვლენათა ჯაჭვი, ასე მგონია, ანუტასაც მარტო აქტივის კრებაზე არ უცემდა სოტეროსთვის გული. მაგრამ ისიც დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა – ხმადაბლა, ნახევრადჩურჩულით საუბარი კომკავშირის როლზე მომწიფებული სოციალიზმიდან კომუნიზმის გარდამავალ ეტაპზე – ეს იყო ის მაქსიმუმი, რომლის იქითაც არცერთს ნაბიჯი არ გადაუდგამს და არც უფიქრია მეტზე. მაგრამ ანუტა ქალურად ჭკვიანი იყო, ალბათ მიხვდა საშიშროებას – "ნაპერწკლიდან ანთებული ალისას", რომელიც არც სოტეროს მოუტანდა ბედნიერებას და არც თავად მას. და ერთხელაც უბრალოდ გაქრა.
წავიდა.
დარჩა სოტერო უმისოდ ბეკინა სამანიშვილივით. რომ ვერც ვერაფერი გაიგო ანა-ანუტასი – ვერც საცხოვრისისა და ვერც ახალი სამსახურის შესახებ.
ერთი წლის მერეც დაგვიძახა საკურსო გამოფენაზე. თემიმ პირდაპირ უთხრა – არ მაინტერესებს და არ მოვალო და მარტო წავჩაქჩაქდი. გრიბოედოვის დასაწყისში ვიყავი, თქეში რომ წამოვიდა და აკადემიაში მისული, გალუმპული უკვე კბილს კბილზე ვურაკუნებდი. დამაგვიანდა – დარბაზში სამი მოხუცის გარდა აღარავინ იყო. თავი შემეცოდა – ასე გავწვალდი და სოტეროც კი არ დამხვდა, ჩემი ყურადღება რომ დაეფასებინა. მაისის წვიმამ უცებ გადაიღო, მაგრამ თითქოსდა გამაფრთხილებლად – კიდევ უხმოდ ელავდა და განსხვავებული სინათლით ანათებდა კედელზე ჩამოკიდებულ სურათებს. დავდიოდი. ერთფეროვან პეიზაჟებსა და პორტრეტებში ვცდილობდი ამომეცნო – რომელი იყო სოტეროსი. ხომ ვიცოდი – მეორე დღეს დამირეკავდა და აზრს მკითხავდა. იმას კი მივხვდი – ეს ძიები აქაურები იყვნენ, მაგრამ კითხვა მომერიდა. თავად კი ყურადღებას არ მაქცევდნენ, ერთ სურათს მისჩერებოდნენ და ჩუმად, მონოტონურად პუტუნებდნენ – თითქოს რაღაც რიტუალურ შელოცვას ასრულებდნენ. უცებ, თითქოს სადღაც კულისებში ვიღაცამ გამაფრთხილებლად ტაში შემოჰკრა, სამივე მიბრუნდა და ერთდროულად, უხმოდ გავიდნენ დარბაზიდან. აუტანელმა სიცივემ დამიარა. ეს ერთი სურათიღა მქონდა სანახავი, ნახევრადწრედ მდგარმა ბიძიებმა რომ არ მიმიშვეს. აძაგძაგებული მივედი. უამრავ პატარა ფიგურიანი კომპოზიცია იყო. კარგის და ცუდის გარჩევის უნარი წართმეული მქონდა. მხოლოდ სოტეროს ნახატი მინდოდა მენახა. რომ ვერ ამოვიცანი, აღარც გავჩერებულვარ, მივბრუნდი, დარბაზიდან გავედი და კიბეებზე დავეშვი. ჩავრბოდი და გონებით კი ისევ დარბაზში დავბოდიალებდი – უიმედოდ ვეძებდი სოტეროს ნამუშევარს. წარმოსახვაში იმ ბოლო სურათთან რომ მივედი, ვეღარ აღვიდგინე. ფრაგმენტულად სახეები, პატარა ფიგურები...
არრრრაააა...
მივბრუნდი და ტილოსთან უკვე დიდხანს, დიიიდხანს გავჩერდი. იმ ესპანელი კონკისტადორის შეგრძნება მქონდა, ჯუნგლის უზარმაზარ ფოთლებს რომ გადაწია და უცხო, მითიური ხალხის დასახლება დაინახა მდინარის პირას. ჰაერში აშენებული წარმოსახვითი ქალაქის ცხოვრებას ვუმზერდი, სადაც თითქოს ყველა მაცხოვრებელი ერთმანეთს ჰგავდა, მაგრამ ორ ერთნაირ სახეს ვერ ნახავდი, თითოეულს თითქოს უფორმო ვუალი ფარავდა, სერიოზული სახით ადი-ჩადიოდნენ უამრავ სხვადასხვანაირ მომწვანო-მოოქროსფერო კიბეზე, არც დასასრული რომ ჰქონდათ და არც დასაწყისი. ეს უცნაური, უხმო, უქუხილო ელვაც ისე ანათებდა ნახატს, თითქოს უცხო არსებები საცაა ამოძრავდებიან და თბილისური წვიმისგან შეშინებულები სადღაც ნახატის მიღმა დაიმალებიანო. ნამუშევარს ამქვეყნიურობასთან ერთადერთი – მკაფიო, ლამაზი კალიგრაფიით გამოყვანილი წარწერა აკავშირებდა – მარჯვენა ზემო კუთხეში – "სოტერო".
ჰო – და კიდევ – სიღრმეში ერთადერთი ფიგურა იდგა გან­ხვავებული – წითელ მოსასხამში გახვეული. არა, კი არ იდგა, თითქოს ყველაფერს ზურგი აქცია, გორაკს სანახევროდ მიფარებული ქვემოთ ეშვებოდა და საცაა თვალს მიეფარებოდა.
ხომ არის – ცუდად ხატავს და ცუდად ეყიდება.
ან კარგად ხატავს და ცუდად ეყიდება.
ან ცუდად ხატავს და კარგად ეყიდება.
ხშირად.
იშვიათად კი – კარგად რომ ხატავს და კარგად ეყიდება.
ჩემი აზრით, სოტერო ეს იშვიათი იყო. თემი კი თვლიდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული მხატვრული მიგნების ექსპლუატაციას ეწეოდა. მაგრამ ის, რამაც წარმატება მოგიტანა, რითაც სხვებისგან გამორჩეული ხარ, რატომ უნდა დააგდო? ვითომ იოლია ორიგინალური სტილის მიგნება? პიკასოს შეეძლო ასე, სეზანს – არა მგონი. სიცოცხლის ბოლომდე ვაშლებს ხატავდა. სოტეროს დიდად არც ის ანაღვლებდა – მე რას ვიფიქრებდი და არც ის – თემი რას იტყოდა. ხატავდა და ხატავდა, როგორც თემი იტყოდა ხოლმე – "სოტერბურგის" პეიზაჟებს. ყველაფერი იმ პირველის გაგრძელება იყო – ფიგურები, კიბეები. ის წითელმოსასხამიანი ფიგურაც სხვადასხვა სახით ყველგან მეორდებოდა. უყურებდნენ, ვიშვიშებდნენ და ყიდულობდნენ. ძვირად. ფული გაუჩნდა. ჩვენზე ადრე და ჩვენზე ბევრი. მერე იყო – ცოლიც მოიყვანა. ვერ შეელია ყმაწვილკაცობის აუხდენელ ოცნებებს და თითქოს თავისი მოგონებებიდან გალათეასავით გამოძერწა ანა-ანუტა, საკვირვლად რომ ჰგავდა, უფრო მშვენიერიც, მაგრამ მაინც მგონია, ის ნაპერწკალი აკლდა, პატარა ბიჭის ეროტიულ ოცნებებს აბრიალებას რომ უქადდა. ერთხელაც დაავლო ხელი მას, მიგვატოვა ჩვენც, სამყაროთა შორის კარიბჭეც, საკუთარ სამზარეულოში ჩაიდნის მაძიებელი უსუსური ნოდარიკოც, რომელიღაც კერძო გალერეის მიწვევით წავიდა სვიზერლენდსა და ჩარჩა. თემიმ ნახა ერთი წლის მერე. კარგად არისო, ბევრს ხატავსო, მაგრამ "სოტერბურგს" აღარაო. ისეთსო, როგორც ბევრი სხვა. აბსტრაქციებამდე გაიზარდა, ასე ჰგონიაო თავად, ან მე მარწმუნებდაო ასე. ფოტოებიც ჩამოიტანა. სოტერო და ვიღაც ორი ჯანმაგარი ჯეელი  ავსტრიელი ქალის ნაციონალურ ტანსაცმელში – თეთრ, მაქმანებიან წინსაფარსა და ფართომკლავიანი კაბებში გამოწყობილი. სოტეროს უფრო ბანჯგვლიანი წვივები ჰქონდა. "ჰომო ხომ არ გახდა?" - გავიკვირვე. "არა - ისევ სექსოა" - მსუნაგად გაიღიმა თემიმ. "მაშ ეს რაღაა?" "ინსტალაცია. წითელქუდები რუხი მგლის მარადიულ მოლოდინში" - თავისი სიტყვები რომ არც სჯერა და არც ესმის თემის. "ჭკვიანია სოტერო. ინსტალაცია სერბ დუშანთან და ამერიკელ როისთან ერთად გააკეთა. ორ კვირაში ლიონში უნდა წაიღონ, იქიდან სან-სებასტიანში." სხვა ფოტოც იყო – კარგ მანქანასთან გადაღებული მთელი ოჯახი – სოტერო, მაგდა – ასე ერქვა მის ცოლს და ნოდარიკო-უმცროსი. ყველა მშვიდად იღიმებოდა. რაღაც არაქართულად.
თემი აიმრიზა – ეს ქართულ-არაქართული ღიმილი რაღაა, მოიშალეო მკერდზე მჯიღდაკრული პატრიოტიზმი.
ორი წლის მერე იყო. ვასკამ, მოსკოვში გადახვეწილმა ჩვენმა სკოლელმა, იქ ფულის მშოვნელმა ნი მესტნიმ და მესტნებისგან შეწუხებულმა, აქეთ გადმოხვეწის მდომელმა, სანატორიუმი რომ იყიდა აბასთუმანში და თემის, რომელსაც თავისი ბიზნესი ჰქონდა და ენდობოდა, როგორც საქმის მცოდნეს და წესიერს, სთხოვა – გადაებარებინა და მიეხედა. და პარი და ვრემენი. და თემი გაემგზავრა მისახედად. მასთან მეც. რომ არ მინდოდა და ხათრი არ გავუტეხე. რუსეთის მეფის ძმის აშენებული ძველი სასახლე ბალშევიკებს კომუნიზმის მშენებლობაში დაღლილი მშრომელი მასების დასასვენებელ სახლად გადაეკეთებინათ. არაშენებული კომუნიზმიდან ველური კაპიტალიზმისკენ პირნაქცევ პროლეტარიატს შავ-ბნელი 90-იანი წლების დასაწყისში პირწმინდად გამოესუფთავებინათ იქაობა. ფანჯრები შუშიან-ჩარჩოიანად ამოეღოთ, ფიცრის იატაკი აეყარათ, ფერადი ლითონის მაძიებლებს კი არ დაზარებიათ და კედლებიდან სადენებიც დაეძროთ. ახალ მეპატრონეებს ცუხცუხით მიგვიძღოდა წინ ცოტათი დაბნეულ-შეშინებული, არ ვიცი რიღას მცველი მოხუცი სპარტაკა და გვიხსნიდა, თითოეულ ოთახს რისი დანიშნულება ჰქონდა რუსეთის დიდი კნიაზის და რისი – ბალშევიკების ზეობისას. მე გულს მიკლავდა ნგრევის ამ სურათის ხილვა, მეცოდებოდა და ვბრაზდებოდი ამ გაღატაკებულ-დამშეულ აბასთუმნელებზე, სადღაც შორს, შორს რომ ჩარჩენილიყვნენ დროში და იქიდან ამოსაფოფხებელ ხელს სხვისას ელოდნენ მაინც. თემი კი – მშვიდად დაჰყვებოდა, ციფრულ აპარატს აწკაპუნებდა და რაღაცეებს იწერდა.
"უარესს ველოდი," – მომიბრუნდა ჩემდა გასაკვირად რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩენილს.
"უარესი რაღა უნდა ყოფილიყო," – გავიკვირვე მე.
"ხოზო, რამდენადაც უცნაური არ უნდა მოგეჩვენოს, მძარცველებმა ნაწილობრივ გააკეთეს ჩვენი საქმე – დახსნეს ის კარ-ფანჯრები, რომელიც მაინც იქნებოდა ჩვენი დასახსნელი, მოაცილეს ის დამპალი იატაკი და ძველი ელექტროგაყვანილობა, რომელიც ისედაც მოსაცილებელი იყო, დაიტაცეს ის ავეჯი, რომელიც გადასაყრელი იყო. თუ მათ შორის მცირედი რამ ისტორიული იყო დარჩენილი, ხვალვე მოგვიტანენ თავად და კაპიკებში შემოგვთავაზებენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას – რამდენიმე ათეული ათასი დოლარის ეკონომიაა გაკეთებული ნაგვის გატანაზე."
სპარტაკა მობრუნდა და ეჭვით აგვათვალიერა ორივე – არ დაიჯერა თემის ნათქვამი.
საუბარი სასწაულად გადარჩენილ ძველ ვერანდაზე გავაგრძელეთ, სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან. გადავცქეროდით მშვენიერ ხედს, საუკუნის წინ რომ რუსეთის დიდმთავარი მიხეილი ტკბებოდა ჩვენსავით. სპარტაკას მოტანილი თუთის არაყის დაგემოვნების შემდეგ ჭამის და ლაპარაკის მადამომატებულმა თემიმ გეგმების დახვავება დაიწყო. "მშვენიერი ადგილია, აქედან წასულს არ შეიძლება გულმა არ გამოგიწიოს და მობრუნება არ მოგინდეს. შენობაც მშვენიერია – ასეთი ძალზე ცოტაა საქართვე­ლოში. და რაც მთავარია – ისტორია აქვს. რუსეთის დიდმთავარიც ისტორიაა და ბალშევიკებიც. ნაგებობების აღდგენაც ისტორიის გაგებით უნდა მოხდეს. უკვე ვხედავ – რაც გამოვა."
მზე რომ ჰორიზონტისკენ გადაიხარა და ღრუბლებიც ოდნავ შეაწითლა, დაღლამაც შეგვახსენა თავი და სპარტაკას იმ ერთადერთი ოთახისკენ გაძღოლა ვთხოვეთ, აქაური საპატიო სტუმრებისთვის რომ ჰქონდათ გადანახული. წინ მე მივდიოდი. შესვლისას წირთხლს წამოვკარი ფეხი, ვერც წავიქეცი და ვერც წონასწორობა შევინარჩუნე, თავდახრილმა რამდენიმე აცა-ბაცა ნაბიჯი გადავდგი, მოპირდაპირე კედელს მივეყუდე და ავიხედე. თვალწინ დიდი წითელი ლაქა დავინახე. ამ დროს თემის ხმაც გავიგონე – ეს არ იყო სიტყვები, არამედ რაღაც ამოსლუკუნების მაგვარი, დიდი გაოცების გამომხატველი – ბეეეჰ!... უკუსვლით მოვცილდი კედელს, თემის და სპარტაკას ამოვუდექი გვერდით და ალბათ ერთი წუთი სამივე ჩუმად ვუყურებდით სოტეროს ნახატს, მაგრამ მგონია, ეს ყველაზე გრძელი წუთი იყო ჩემს ცხოვრებაში. უკანა პლანზე ისევ კაცუნები დაჰქროდნენ ციურ კიბეებზე, სურათის წინა პლანზე ბედუინივით მთლიანად წითლად შემოსილი ფიგურა იყო, ტილოს საერთო ფართობის ორ მესამედზე მეტს რომ ფარავდა. მისი სამოსის თითოეული ნაკეცი ისეთი დეტალიზირებული იყო, როგორიც მხოლოდ დიურერთან მენახა სხვა დროს. არადა რუსული სამხედრო კარავის უხეშ ბრეზენტზე იყო დახატული და შუაზე გადახერხილ ხის კარზე დაჟანგული და გაღუნული ლურსმნებით მიჭედებული. ვერავის მივამსგავსეთ.
"არადა სულ მეგონა, რომ ნოდარიკო იქნებოდა", – თქვა თემიმ.
მეც ხშირად მიფიქრია ამ წითელსამოსიან არსებაზე და რატომღაც ვთვლიდი, რომ ანა-ანუტა უნდა ყოფილიყო, თუმცა თემისთვის ეს აღარ მითქვამს.
"ხუთნი იყვნენ ჩამოსულები – სტუდენტები ვართო. ოთხნი ორ დღეში წავიდნენ, ეს კიდევა ერთი კვირა დარჩა. უცნაური ბიჭი იყო. მთელი დღე არ გამოჩნდებოდა, ვერ გაიგებდი, ნომერში იყო, თუ ტყეში სახეტიალოდ გასული. ერთი კვირის მერე ჩვენს ხის მჭრელებს წიფლის მორები მიჰქონდათ გოდერძის უღელტეხილის გავლით, იმათ ჩაუჯდა და გაჰყვა. ფული გადამიხადა და უკვე მანქანაში შემხტარმა, დამიყვირა – რაღაცეები დავტოვე ნომერში, შემინახე და გამოგივლიო. ერთი პატარა ზურგჩანთა და ეს ნახატი ვნახე. მას მერე დიდი ხანი გავიდა, მაგრამ ორივე შენახული მაქვს. ერთხელ ვიღაც თბილისელებიც კი გადამეკიდნენ – ამ ნახატის პატრონი დამბრუნებელი აღარაა და მოგვყიდეო, მაგრამ ვერ ვქენი. ისე მითხრა, რომ ვიცი, ერთხელაც მობრუნდება და თავისას მოიკითხავსო."
ნომერში აღარ გავჩერდით, სპარტაკას იმ ვერანდაზე გავაშლევინეთ ლოგინი და მატყლის სქელ საბნებში გახვეულებს, ნასვამებსა და დაღლილებს, უცებ დაგვეძინა. მძიმედ მეღვიძება ხოლმე და რამდენიმე წუთი მჭირდება გონს რომ მოვეგო. მაშინაც ასე იყო. თვალი რომ გავახილე, ოდნავ სინათლეშეპარულ ცაზე ჯერ კიდევ ბრწყინავდა უზარმაზარი ვარსკვლავები და უცებ მეგონა, რომ მათ შორის მივფრინავდი. გამოფხიზლებულმა თემის გადავხედე, უდარდელად რომ ამოედო თავქვეშ ხელი და გაჯგიმულს ეძინა. საგნები ოდნავ ილანდებოდნენ და ფორმასაც კი ვერ გაარჩევდი წესიერად მოლურჯო-მოშავო მრუმეში. ყველაფერი მდუმარებდა. თვალები დავხუჭე და დაძინება ვცადე. უცებ ხეები ხმამაღლა აშრიალდნენ. წამოვდექი და გადავიხედე ზემოდან. ხეებმა შრიალს მოუმატეს და ერთი მიმართულებით გადაიხარნენ, თითქოს სული ჩაიდგეს და ვიღაცას ხელებგაშვერილი ვედრებით მიმართავენო. მეც იმავე მიმართულებით გავიხედე და წითელ სამოსში გამოწყობილი ფიგურა დავინახე, დედამიწიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე ჰაერში რომ მიაბიჯებდა...
პრაგმატული და რაციონალური გონების პატრონი ვარ. არ მჯერა არც ალქაჯების და ტყაშმაფების, არც ციური ანგელოზების, არც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების და სხვა პარანორმალური მოვლენების, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ზემოაღწერილი ნამდვილად დავინახე. მოვტრიალდი და თემი ღონივრად შევანჯღრიე. ისიც უცებ ისევე შემართულად წამოჯდა და უაზრო თვალები გამიშტერა.
"გესმის, თემი, სოტერომ აქ მიაგნო სიმურგის ოქროს კარს..." – ჩავძახე მე.
"ჰოოოო..."– ისე გაგრძელებით თქვა თემიმ, ვერ გავიგე – მეთანხმებოდა თუ უბრალოდ იმედგაცრუებული იყო, ასე ადრიანად რომ გავაღვიძე. თქვა, ისევ დავარდა და მაშინვე დაიძინა. ღამინდელი კი დღისით არც უხსენებია. არ ვიცი – არ ახსოვდა, თუ დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. მეც აღარაფერი ვთქვი.
თბილისში ჩამოსულმა სოტეროს ბოლო ფოტო მოვქექე, აი ის – მანქანასთან, ოჯახობასთან ერთად. და მივხვდი – სოტერო დაცარიელებული იყო.
შემეცოდა.
ტანჯულზე მეტად ცარიელი ადამიანი მგონია შესაცოდი და რა ვქნა. თუმცა თემის რომ ჰკითხო, შესაცოდი არც არაფერი სჭირს. შესაცოდები ჩვენ ვართ, არ ვიცით ევროპაში, არ ვიცით აზიაში, ამ ორმაგ პროვინციაში ჩარჩენილები, ერთისგან რომ წამოვედით და მეორემდე რომ ვერ მიგვიღწევია ჯერ.
შეიძლება მართალიცაა.
სოტეროსათვის – სიმურგის ოქროს კარი დაიკეტა.
სამუდამოდ.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:00:35
ორი ჩემოდანი                                              #20

   
    ორ გადატენილ ჩემოდანს მოათრევდნენ ჭუჭყიან კიბეზე - ძლივს მოჰქონდათ, მაგრამ ერთმანეთისთვის ხელის წაშველება აზრადაც არ მოსვლიათ - ორივე მხოლოდ  საკუთარ სიმძიმეზე ფიქრობდა. . . რადგან ერთმანეთს  თავიანთი ცხოვრების მეორე ეტაპზე შეხვდნენ, ნივთები, რომლებიც ამ ჩემოდნებში ელაგა, ბევრად მეტს ნიშნავდა თითოეულისთვის - ჩემოდნებიც ბევრად მეტს იტევდა, ვიდრე  ერთი შეხედვით  ჩვეულებრივ  ნივთებს. . . მოათრევდნენ საკუთარ წარსულს და მომავალზე მეტად ის  აწუხებდათ,  სხვა დროსაც  ფეხით  რომ მოუწევდათ მძიმე ჩანთების ჭუჭყიან და თაგვისსუნიან კიბეზე თრევა.  მერე ეს ნივთები თავიანთი ისტორიებიანად ერთ დიდ კარადაში უწესრიგოდ შეყარეს. . . შემაწუხებლად  პატარა ოთახში, სადაც ზოგჯერ სუნთქვაც კი ჭირდა, ერთმანეთში ორი განსხვავებული ცხოვრება გადადიოდა, ზუსტად ისე, როგორც პირველკლასელის მიერ გამოყვანილი ასოები გადადის მეორე გვერდზე იმიტომ, რომ ასოების გადათხაპნის შიშით და მასწავლებლის უკმეხი კომენტარებით შეშინაბული ბავშვი  რაც შეიძლება მაგრად უჭერს კალამს ხელს. . .
  ერთად ცხოვრება ადვილი არ იყო - სულ რაღაცას ეძებდნენ და ვერასდროს პოულობდნენ. . . დაკარგულმა ნივთებმა  გადაწყვეტინეს, ნივთები ერთმანეთისგან დაეცალკევებინათ - კარადის ერთი მხარე ერთმა დაისაკუთრა, მეორე - მეორემ.  წიგნებიც დააცალკევეს - ასე უფრო ადვილი და კომფორტული იყო. . .  დაცალკევებას ერთმანეთის ნივთებში გაუთავებელი ქექვის პერიოდი მოჰყვა - რაღაცას ეძებდნენ, მაგრამ რას - თვითონაც არ იცოდნენ. . . პირველი სამსახურში მეორეზე ერთი საათით ადრე მიდიოდა, მის წასვლას ჩასაფრებული მეორე როგორც კი დროს იხელთებდა, ლოგინში მის მხარეს გადაწვებოდა, საბანი მამაკაცის მძაფრი სუნამოსა და ნიკოტინის სუნით იყო გაჟღენთილი;  იწვა და მის პროფესიული ტერმინებით გაძეძგილ წიგნებს კითხულობდა - არცერთი სიტყვა არ იყო ნაცნობი  -  მარტო წინადადების მეორეხარისხოვანი  წევრები და სასვენი ნიშნები, რომლებიც ზმნებისა და არსებითი სახელების გარეშე ვერც საკუთარ თავსა და ვერც მათ პატრონზე ვერაფერს ამბობდნენ. . . თავიდან,  ზოგიერთი ადგილის ამოკითხვისას ბუნდოვანი ასოციაციები უჩნდებოდა საკუთარ წარსულთან, დაახლოებით ასეთი - საკუთარი უიშვიათესი ჯგუფის სისხლით ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დაღლილ სხეულებს კვებავს, სახლში გაბინტული ხელებით მოდის და აღშფოთებული დედა გაუთავებლად საყვედურობს - საკუთარ შვილებს  დაუტოვე რამე შე სულელოო. სიკვდილის სახლიდან დაბრუნებულს ნერვებს უშლის,  დედა მასზე მეტად მის ჯერ არდაბადებულ  შვილებზე რომ  ნერვიულობს, მაგრამ ვერაფერს ამბობს,  იმიტომ, რომ სისუსტისგან ფეხები ეკეცება  და არავისთან კამათის თავი არ არქვს -  მიტუმეტეს, დედასთან.. . .  თანდათან მსგავსმა ასოციაციებმაც იკლო,  კითხვა ჯერ მოსაწყენი, შემდეგ მოსაბეზრებელი, ბოლოს კი აუტანელი ხდებოდა, ამიტომაც  მხოლოდ ფურცლავდა - ჯერ მშვიდად და ინტერესით, შემდეგ ისტერიულად, ზუსტად ისე, როგორც არაილუსტრირებულ, "დიდების" წიგნებს ფურცლავენ-ხოლმე ცნობისმოყვარე პატარები. . . მერე ლოგინიდან სასწრაფოდ დგებოდა და ყველაფერს პედანტური სიზუსტით ასწორებდა - ზუსტად ისე, ანაბეჭდების დატოვების რომ ეშინიათ და საკუთარ კვალს საგულდაგულოდ შლიან. . .
  პირველი სამსახურიდან მეორეზე ერთი საათით ადრე ბრუნდებოდა და მის ნივთებში გაუთავებელ ქექვას იწყებდა - დაახლოებით ისეთ  საიდუმლოს ეძებდა, პირველი შეყვარებულისთვის საგანგებოდ მიწერილი და მერე რატომღაც გაუგზავნელი წერილები რომ მალავენ -  "დავიჯერო, ამ სულელ გოგოს არაფერი აქვს შემონახულიო?" - ნერვიულად გაეფიქრებოდა, მაშინვე ახსენდებოდა გოგოს მოყოლილი ისტორია პირველ შეყვარებულზე - თითქოს, ცხადად ხედავს, შეციებულს როგორ აცვია ბიჭის ხაკისფერი ქურთუკი, გვერდით როგორ უდგას თხელი პულოვერის  ამარა დარჩენილი ბიჭი და როგორ ყრიან  მტკვარში პატარა ხის ტოტებს, შემდეგ როგორ აღმოჩნდებიან რუსთაველის პროსპექტზე და როგორ შეუერთდებიან  აქციაზე გაზით მოწამლულ სტუდენტებს - როგორ აღმოჩნდება ერთი ჩვეულებრივი წვიმიანი და ცივი შემოდგომის დღე  2007 წლის 7 ნოემბერი. . . ახსენდება როგორ ჰკითხა, ერთმანეთს რატომ დაშორდითო, მან კი უპასუხა, ამ წლების განმავლობაში იმედენი რამ მოხდა ქვეყანაშიც და ჩვენს ცხოვრებაშიც,  რომ ადამიანს ღმერთი დაავიწყდებოდა და რა გასაკვირია, ჩვენ ერთმანეთი დაგვიწყებოდაო. შემდეგ  წამიერ ლირიკულ გადახვევას  ხელის  ერთი ჩქნევით    მაშინვე  აქრობდა,  შლიდა,    სამზარეულოში შედიოდა და ნახევრად შემწვარ ხორცს უგემურად ღეჭავდა. . .
    სახლში სადილების გაკეთება აღარ გვინდაო - ერთობლივად გადაწყვიტეს. . . "დილით ყავასაც ნუ მომიდურებ, ისეთ მწარეს აკეთებ, მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარო" - არც ეს იყო პრობლემა, ყავის მოდუღებას ბავშვობიდან ვერ იტანდა. . . ხან სად იკვებებოდნენ, ხან - სად, ზოგჯერ საერთოდ ავიწყდებოდათ, რომ უნდა ეჭამათ. . . სამაგიეროდ, გაზისა და ელექტროენერგიის გადასახადი  იყო ძალიან  ცოტა - ქვითარზე მყარად დასმული ერთციფრიანი თანხა ორივეს იმაზე ბევრად მეტად მოსწონდა, ვიდრე ერთმანეთის ნივთებში ქექვა, ან სახლში  ერთად სადილობა. . .
  საგნების დაშორებას ლოგინების ერთმანეთისგან დანცალკევება მოჰყვა - "როცა მძინავს, შენი თმები ცხვირზე მიღიტინებს და მთელი ღამე ვერ ვიძინებ, მერე კი სამსახურში გათიშული ვზივარო", "შენი ხელი თავში ისეთი ძალით მხვდება, რომ მეღვიძება და სანამ დამამშვიდებელს არ დავლევ, ვერაფრით ვიძინებო", "ეს საერთო საბანი რა უბედურებაა, სულ შენ გახურავს, მე კი მთელი ღამე ვიყინებიო". . .
  ცოტა ხანში პატარა სახლის ისედაც შემაწუხებელი სივიწროვე, სადაც ზოგჯერ სუნთქვაც კი ჭირდა, საგნებს შორის არსებულმა დისტანციებმა კიდევ უფრო ვიწრო და აუტანელი გახადა. . . დისტანცია დღითი დღე იზრდებოდა, საგნები, თითქოს, კედლებს შორის მოქცეულ სივრცეებში ვერ ეტეოდნენ, კედელი კი სულაც არ სკდებოდა, არადა, თეორიულად მაინც ხომ შეიძლებოდა, ზუსტად ისე გამსკდარიყო, გოგოს საყვარელი რეჟისორის - ანტონიონის ფილმის ფინალში მაცივარი რომ  სკდება და ყველაფერი ჰაერში აღმოჩნდება. . . და როგორც გოგოს საყვარელი მწერალი შოთა იათაშვილი იტყოდა: "წლები გადიოდა, მათ შორის კი დისტანცია არ იცვლებოდა (არც საგნებს შორის მანძილი), ეს დისტანცია დიდი არ იყო, მაგრამ რაც დრო გადიოდა, ჩანდა, რომ გადაულახავი იყო". ამ დროს კი კარადის თავზე ჯიუტად ეწყო ერთმანეთზე ორი ცარიელი ჩემოდანი, რომლებსაც ერთად არყოფნის არჩევანი მაშინ წაართვეს და ერთად ყოფნაც მაშინ  მიუსაჯეს,  როცა ერთხელაც, ერთმა არც ისე ლამაზმა  გოგომ და ერთმა ძალიან სიმპათიურმა ბიჭმა მათ წინ აღმართული უზარმაზარი და უკვე საზარელი  რკინის კარებიდან  ძლივსძლივობით  შემოაგორეს,  დააცარიელეს და  კარადის  თავზე  შემოალაგეს. . .  ელოდებოდნენ,  როდის დააცალკევებდნენ  ერთმანეთს. . .

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:02:11
#21

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:03:05
შვილი                                                      #22




წვიმდა...
მანქანა რკინის ჭიშკართად გაჩერდა ნიკო სწრაფად შევიდა სახლში საწვიმარი გამოიტა და თინას მოაფარა, რომელსაც გულზე მიკრული მართა მიჰყავდა სახლისკენ.
ნიკომ ბუხარში ცეცხლი დაანთო, სახლში სითბომ დაისადგურა. ნიკოს და თინას ბედნიერებით სავსე წყლიანი თვალები ჰქონდათ. ბუხრის წინ დაწნულ კალათში პატარა მართას ეძინა. მას წითელი თმა რძისფერ სახეს ცეცხლივით უნათებდა ცხვირზე კი რამდენიმე ჭორფლი ეტყობოდა.
შესაძლოა ცხოვრებამ ზურგი მოგაქციოს და ფერადი დღეები გაგიშავთეთროს, მაგრამ გაჩუქოს წამი ბედნიერების, რომელიც განვლილ სიცოცხლეზე მაღლა იდგება და ცნობიერების იმ პატარა ადგილს გაანთებს მთელ არსებაზე, რომ ახდეს ზეგავლენას.
ნიკო და თინა არც ისე ახალგაზრდები იყვნენ თინა 47 წლის იყო. ნიკო  მასზე 4 წლით უფროსი, მიუხედავად ასაკისა, ისინი ბავშვის აღზრდას არ უშინდებოდნენ.
უყურებდნენ მართას და ხვდებოდნენ თუ რა დიდი სიყვარულის ტარება შეუძლია შვილს, რომელიც შენს წინ იზრდება, ფეხს იდგამს და ყალიბდენა.
წლებიც ბავშვივით მალე იდგამს ფეხს და გარბის იქ საიდანაც ვეღარ ბრუნდებიან, უკან დაბრუნების სურვილის მიუხედავად.
გოგონას მამასთან ერთად გვირილების მდელოში სეირნობა უყვარდა, როდესაც წამოიზარდა ხშირად იხსენებდა სიცოცხლის ფერად პერიოდს.
ცხოვრება ყოველ წამს სახეს იცვლის, ყოველ დღე ახალ მონოსპექტაკლს დგამს შენ მსახიობი ხარ, სიმძიმე დაგაქვს მხრებით, საზოგადოების აღტაცებას იწვევ ზოგჯერ კი პირიქით, მტვრიან კულისებში ყურს უგდებ სხვის მთავარ როლზე ხალხის აპლოდისმენტებს.
თინა და ნიკო კარგად ცხოვრობდნენ არაფერი აკლდათ, იცოდნენ დაუღალავი შრომის ფასი და არასდროს ნებდებოდნენ ცხოვრებას, თუმცა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ეს არის საკმარისი, რომ ყოფიერებამ ზურგი არ მოგაქციოს. მათ ფინანსურად ძალიან გაუჭირდათ მართას კი სწორედ იმ დროს სჭირდებოდა ფინანსური კეთილდღეობა, სწავლის გაგრძელებისთვის. ქალიშვილი მათ მწუხარებას გაგებით ეკიდებოდა და ანუგეშებდა დედ–მამას.
მართას ნათლია, სალომე, ღვთისმოშიში კარგად აღზრდილი ქალი იყო. სალომემ ოჯახის იმჟამინდელი მდგომარეობა იცოდა და ნათლულის მშობლების უხასიათობა გულს სტკენდა. იგი ნიკოსა და თინას დაელაპარაკა უთხრა, მართას სწავლას ის დააფინანსებდა. მშობლებს ძალიან უხაროდა ეს ამბავი.
თინა და ნიკო თვალდახუჭულები ენდობოდნენ სალომეს, მის ყოველგვარ ქმედებას გაგებით ეკიდებოდნენ, ამიტომ მისთვის ოჯახის ბევრი ისეთი დეტალი იყო ცნობილი რაც სხვებისთვის საიდუმლოდ რჩებოდა.
სალომე და მართა თბილისში, სალომეს სახლში გადავიდნენ დასვენების დღეებში კი გოგონა დედ–მამასთან წყნეთში ბრუნდებოდა.
მისი ყოველი დღე, მზიანი დილით იწყებოდა და ტკბილი ძილით მთავრდებოდა. მას შვილივით უვლიდა სალომე.
მართამ სასწავლებელში ბევრი მეგობარი გაიჩინა და მათი ცხოვრების წესს ეზიარა. მას უხაროდა მათი სიხარული თუმცა გულიც წყდებოდა, რადგან მისი იმჟამინდელი ცხოვრება ხშირად ტკივილს აყენებდა და თვალებზე მომდგარი ცრემლები აზიარებდა იმ მწუხარებას, რომელიც მშიერი ძაღლივით კბენდა ბედნიერებას.
ერთი წელიწადი ისე გავიდა მართა, დედ–მამასთან არ ასულა ვერ იცვლიდა ალბათ, ან საიმისოდ არ რჩებოდა ძალა ის სიმძიმე ეზიდა მისი ოჯახი გულში რომ მალავდა, თუმცა მაინც შესამჩნევი ხდებოდა მისთვის.
წუთისოფელი სავსეა ტკივილით დიდხანს ვერ ითმენს სიხარულს და ჩნდება მასში სიმწარის აუტანელი მეტასტაზები, ნიკოშიც ასევე გაჩნდა მწუხარება. მას სიმსივნე აღმოაჩნდა ეს ამბავი მართას არ უთხრეს, ნიკო ცდილობდა შვილთან რაც შეიძლება მეტი დრო გაეტარებინა, ამიტომ თბილისში ჩადიოდა მის მოსანახულებლად.
შვილო, მთელი ჩვენი სიცოცხლე ერთი პატარა კიბეა სრულყოფილებამდე, ანდაც პირიქით. ეცადე სწორ გზაზე იარო ჭეშმარიტება ისაა, რასაც შენი გული გკარნახობს. ნუ დაეცემი და თუ დაეცი მალევე წამოდექი დასაკარგი დრო არ გაქვს. ყველა წამის სინათლე უნდა მიისაკუთრო, რომ სიბნელეში გზის გაკვლევა არ გაგიძნელდეს. უნდა გახსოვდეს თითოეული ჩვენთაგანი ინდივიდუალურად აზროვნს და მისი იდეოლოგია შენს ოდეოლოგიას სრულად ვერ დაემთხვევა, ამიტომ ოპტიმისტური თვალით შეხედე მათ ქმედებებს. ნუ შეგაშინებს სიძნელეები, მასზე გამარჯვებისას იგრძნობ ბედნიერებას, ამ დროს ცაში აიხედე ღმერთს მადლობა უთხარი და ბოლომდე განსხივდი ბედნიერების ძალით. ყოფიერების სიმსუბუქე ნუ გაგაოცებს, იარე ტაატით დედამიწაზე მხოლოდ მათთვის ვინც ღირსეულია. გიყვარდეს და ნუ შეიძულებ, ნუ ინანებ შეცდომებს თუკი მათი ჩადენის საჭიროება არსებობდა. იტირე გულით, ნუ შეგეშინდება ცრემლების გახსოვდეს, სიცოცხლე ტკივილისა და ბედნიერების გზაგასაყარია. დახუჭე თვალები, გაიხსენე სიკვდილის არსებობა ეს ცხოვრებაში დაგეხმარება, ძალიან ნუ შეგეშინდება, იცოდე სიკვდილზე საშიში დავიწყებაა, ნურასდროს დაივიწყებ ადამიანებს და მათ კეთილ საქმეს დაეყრდენი. ისწავლე პატიება, თავმდაბლობა. იყავი გულწრფელი.
ქალიშვილს მამა უზომოდ უყვარდა, ამიტომ მისმა ნახვამ და საუბარმა გაახარა. ნიკო წყნეთში დაბრუნდა.
სალომეს პატარა ნათელი სახლი ჰქონდა დიდი ფანჯრებით. სალომე და მართა საღამოობით ყოველთვის საუბრობდნენ.
ენდობი ადამიანებს უანგაროდ, დაუფიქრებლად არ წარმოგვიდგენია, რომ ასე შეიძლება ღალატის მსხვერპლი გახდე. უყურებ ხალხს თვალებში და ხვდები, თვალები სულის სარკეა. იმას აღარ აკვირდები რომ სარკეში ადამიანის ანარეკლთან ერთად, მათი ჩრდილიც მოჩანს შენ კი ამჩნევ მხოლოდ იმას რაც იოლადაა შესამჩნევი, ასე საქმეს იმარტივებ რეალურად კი ამძიმებ შენს მდგომარეობას, აძლევ სხვებს იმის უფლებას გიღალატონ. იცი რა არის ღალატი? ღალატი არ მოსვლაა როდესაც ელი, ღალატი დავიწყებაა და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა. ღალატი თვალის გახელაა მაშინ, როცა თვალები დახუჭული უნდა გქონდეს და თვალის დახუჭვაა იქ სადაც ორივე თვალით წინ უნდა იყურებოდე.
მართა, (სალომეს ჩახლეწილი ხმა ჰქონდა) სიმართლეზე ძვირფასი ამქვეყნად არაფერია, სიმართლემ შესაძლოა უზომო ტკივილი მოგაყენოს, მაგრამ ის მაინც სიმართლეა და ყველას აქვს უფლება იცოდეს ჭეშმარიტება. თვალდახუჭული ცხოვრება რთულია, თითქოს დამარცხებული, დამცირებული ხარ ყველას წინაშე როდესაც შენზე სხვამ უფრო მეტი იცის ვიდრე შენ, საკუთარ თავზე. ამიტომ გთხოვ გამიგო და სწორად იმსჯელო შენ ნიკომ და თინამ მოგცეს ის რის მოცემასაც სხვები ვერ შეძლებდნენ, მათ გაზიარეს ოჯახის სითბოს და გაგაბედნიერეს, ნუ დაივიწყენ ამას, მაგრამ იცოდე შენ თინას და ნიკოს შვილი არ ხარ. მათ დედ–მამა ნაადრევ ასაკში დაეღუპათ, ამიტომ ის მზრუნველობა ყოველთვის აკლდათ რისი გაზიარებაც შვილისთვის მოინდომეს. თინას შვილი არ გაუჩნდა და მათ შენ ამოგარჩიეს. მათ თავიანათი ცხოვრება სათუო გახადეს, შენ გიყურებდნენ თვალებში და შენი თვალების სწამდათ, წყნეთში აგიყვანეს და მოგაშორეს ყველაფერს, ყოველთვის ეშინოდათ შენი დაკარგვის, ეშინოდათ ვინმეს არ გაემჟღავნებინა სიმართლე. მე ერთადერთი ადამიანი ვარ მათ შემდეგ, ვინც ეს იცის. ისინი მენდობიან მაპატიე ვერ შევძელი ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მათ სურდათ.
მართას სახე გაუფერმკრთალდა, თვალები აუწყლიანდა, აქვითინდა ვერ ხვდებოდა თუ რატომ მიაყენა ამხელა ტკივილი სალომემ. დედ–მამის მოძებნა მაინც გადაწყვიტა იმ მცირედი დეტალების ამოსავსებად, რაც ეგონა რომ თინასთან და ნიკოსთან დააკლდა. იმ დროს ვერ მიხვდა ვისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იგი.
ცხოვრება ერთი დიდი კითხვის ნიშანია, რომელსაც არსად უწერია წერტილი ვერ ხვდები რა არის ღალატი ტყუილის ქვეშ ცხოვრება თუ სიმართლის აღიარება, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სამართლიან ტყუილში უფრო მეტი ჭეშმარიტებაა, ვიდრე მტკივნეულ სიმართლეში.
სალომემ თინასგან იცოდა, რომ ნიკო სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა, უთხრა მართას ეს ამბავი მან ყურადღება არ მიაქცია. იგი ბიოლოგიური დედ–მამის ცხოვრების დეტალებს ეცნობოდა, როგორც ჩანს ისინი მართას გარეშე თავს ბედნიერად გრძნობდნენ და სრულებით არ ახსოვდათ ის მიტოვების ტკივილი, რომელიც გოგონას სისხლს პეშვებით სვამდა.
ნიკო განიცდიდა, რომ მისი შვილი მის გვერდით არ იყო. თინას უთხრა, რომ ბედნიერი იყო რადგან თინა და მართა ჰყავდა ამქვეყნად.
ნიკომ დაიძინა.
დაიძინა ღრმად და მშვიდად თითქოს დაიღალა ტკივილით და ბედნიერებაც ბოლომდე განიცადა ავიდა კიბის ბოლო საფეხურზე, სიცოცხლის დასრულებისა და მარადისობის გაზაგასაყარზე დადგა.
თინა ღმერთს მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ნიკოს სულის ცხონებას.
მართა სასოწარკვეთილი იყო, როდესაც ის გაიგო რაც თვრამეტი წელი მისთვის უცნობი და შორეული იყო თავს მარტოსულად გრძნობდა, ხვდებოდა რომ მას უღალატეს, ახსენდებოდა მამის სიტყვები და ცრემლები მოსდიოდა: ღალატი ადამიანების დავიწყებაა...
შუაღამე წვებოდა ცაზე, ქარი დედამიწას სულში უძვრებოდა... მართა სასწრაფოდ ავიდა წყნეთში, ეზოში შესვლისთანავე საღებავდამსკდარი სახლიდან მომავალი სიცივე, სიცარიელე და ქაოსი სახეზე მტვერივით შეეყარა. შევიდა სახლში, დაინახა მამა სახემშვიდი და დაწყნარებული, თითქოს ნიკომ დატოვა მართა და წავიდა. მართა უცრემლოდ იდგა და სჯეროდა, რომ მამები შვილებს არასდროს ტოვებენ. მამა წავიდა ამ ქვეყნიდან, თუმცა მართაში სამუდამო კვალი დატოვა.
მართა დარცხვენილი იყო თავის საქციელის გამო.
ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებებს და შემდეგ მათთან ერთად გვიწევს ცხოვრება. ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს და გვიმძიმს მათი აღიარება. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საქციელები ჩვენივე ღირსებას ამდაბლებენ. სამწუხაროა, ასეთი სუსტია ადამიანი, ის ცხოვრების უმარტივეს გამოცდებზეც კი ვერ იმარჯვებს ან იქნებ ეს ცხოვრებაა იმდენად რთული, რომ წარმოუდგენელია მის წინაშე შეუცდომელი იყო.
თინა მამასთან დარჩა მის გვერდით იჯდა თითქოს იმ წლებს იხსენებდა, რომელიც მათ ერთად გაიარეს. მამა გამორჩეულად უყვარდა, ამიტომ განსაკუთებით სტკიოდა ის არასწორი ნაბიჯი, რაც მის წინაშე ჰქონდა გადადგმული. იყო მწუხარე და სევდიანი თუმცა ახსენდებოდა მამის სიტყვები: „ნუ შეგაშინებს სიძნელეები, მასზე გამარჯვებისას იგრძნობ ბედნიერებას ამ დროს ცაში აიხედე, ღმერთს მადლობა უთხარი და ბოლომდე განსხივდი ბედნიერების ძალით.“
სალომე აღარ გამოჩენილა, ალბათ თავისი შეცდომა არ აძლევდა საშუალებას ნათლულისთვის თვალებში ჩაეხედა, ის საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა.
ადამიანები ორი მიზეზით იკარგებიან პირველი, როცა თვალებში ჩახედვის რცხვენიათ და მეორე, როცა მისი სიღრმის ჩაწვდომის ეშინიათ.
იყო შუაღამე, ბუხარი ძველებურად გიზგიზებდა, თუმცა სახლში რა თქმა უნდა ძველებური სითბო აღარ ტრიალებდა, ნიკოს სითბო ეს ბუნებრივიცაა ცხოვრებაში არაფერი მეორდება, ყველაფერი წარმავალია.
თინა ცუდად იყო. წლებზე მეტად მის სახეს ნაოჭებად, სიყვარულის ნაკლებობა დაემჩნა. ხელებზე ლილისფერი ვენებიდან სიმხურვალე გამოდიოდა, სისხლი მასში მდორედ მიედინებოდა. შვილმა ვერ გაბედა დედას წინაშე შეცდომის აღიარება, მიუხედავად იმისა, რომ მოსვენება ჰქონდა დაკარგული.
მართა შვილო, გჯეროდეს არსებობენ ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ დაუფიქრებელი ნაბიჯებით იარონ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი უგრძნობნი არიან. ნურასდროს შეგეპარება ეჭვი მათ სიყვარულში, რადგან სიყვარული პატიებაზეა დამყარებული, რთულია მაგრამ ყოველთვის შეუნდე, ისწავლე მათგან და ასწავლე მათ. ამქვეყნად ადამიანზე ძვირფასი, ურთიერთდამოკიდებულებაზე საჭირო არაფერია. მე ვიცი შენი და სალომეს თავგადასავალი, მამაშენმაც იცოდა გულს ნუ გაიტეხ ყველაფერი კარგადაა. ჩვენ ბედნიერები ვარ, რომ ჩვენ აგვირჩიე. სალომეს მადლიერი იყავი, რათა მან დაგაფიქრა სიტყვის ძალაზე შენ მისგან ისწავლე, რომ სიტყვებმა შესაძლოა იმაზე მეტი კვალი დატოვოს, ვიდრე ნებისმიერმა ქმედებამ ხილულმა ან უხილავმა სასწაულმა.
თინამ ქმრის გარდაცვალება ვერ გადაიტანა.
მართამ იცოდა, რომ დედ–მამა სადღაც შორს, თუმცა აუცილებლად ერთად იყვნენ სტკიოდა მათი გარდაცვალება, უჭირდა მათ გარეშე მაგრამ უხაროდა, რომ სწორედ თინასა და ნიკოს შვილი იყო.
გავა დრო და მე ისევ შევალ სახლში, სადაც ჩემმა ბავშვობამ ჩემს ოჯახთან ერთად ჩაიარა, ამას დაბრუნება ჰქვია. გზაში კი ვიფიქრებ, რომ იქ ის სითბო აღარ დამხვდება, რომელიც ოდესღაც შევქმენით მე თინამ და ნიკომ. იმასაც ვიფიქრებ, რომ საღებავდამსკდარი ფანჯრებიდან გარეთ გახედვა ჩემთვის მტკივნეული იქნება, თუმცა ეზოში შესვლისთანავე დავრწმუნდები, ჩემი აზრის სიცრუეში, რადგან სიცოცხლე შესაძლოა დასრულდეს და წავიდეს, სიყვარული კი ყოველთვის იქ რჩება, სადაც მოგონებებს მიჰყავხარ.
მე მივხვდი, შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ მაინც ბედნიერი იყო, რადგან ბედნიერებას წესები და ფორმულები არ გააჩნია. მე ვნახე შეიძლება გიღალატოს მან ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელი, თუმცა უნდა მიუტევო. მე ვიგრძენი, რომ შენიანი ისაა ვინც თვალებში გიყურებს გცნობს და მაინც შენთან რჩება. მე მივხვდი შენი მას სწამს ვინც იცის შენს ადგილას ყველა მოიტყუებოდა, მაგრამ მაინც სჯერა შენი. მე მომინდა, შენც აუცილებლად მოგინდება იპოვო სრულყოფილება ჭეშმარიტებაში, მაგრამ დარწმუნდები ჭეშმარიტება მხოლოდ ისაა, რომ სრულყოფილებაა ცრურწმენა. მე მივხვდი, რომ სიკვდილი დავიწყებაა და თუკი არ დაივიწყებ ვინც გიყვარს ამით მარადიულ სიცოცხლეს შესძენ მის არსებობას, ესაა მარადისობის კანონი, ესაა სიცოცხლის უზენაესი საფეხური. ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს, შენი ადგილი ისაა, სადაც წარსულის მონატრების სურნელი ტრიალებს. სიცოცხლე მტკივნეულია და მისი ყურებით თვალები ნუ დაგეწვება, ის მრავალჯერ გადაგხაზავს, თვალებში ქვიშას შეგაყრის, როცა შებრუნდები ზურგში დანას ჩაგარტყამს, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ მოგანათებს სინათლის სხივებს. შენ ასე იზრდები, ყალიბდები, გრცხვენია, თუმცა ეგუები დაშვებულ შეცდომებს, გიმძიმს თუმცა იტან მრავალ დარტყამს.
მელანქოლიურია, როდესაც თაროზე მწკრივად დალაგებულ დღეების რიგში, აცნობიერებ, რომ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში, თუკი რამ შეიცვალა ეს მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ.
მართა თბილისში გადავიდა საცხოვრებლად დაოჯახდა, თუმცა შვილები არ ეყოლა.
შესაძლოა ცხოვრებამ ზურგი მოგაქციოს და ფერადი დღეები გაგიშავთეთროს, მაგრამ გაჩუქოს წამი ბედნიერების, რომელიც განვლილ სიცოცხლეზე მაღლა იდგება და ცნობიერების იმ პატარა ადგილს გაანთებს მთელ არსებაზე, რომ ახდეს ზეგავლენას.
მანქანა რკინის ჭიშკართად გაჩერდა, გიორგი სწრაფად შევიდა სახლში, საწვიმარი გამოიტა და მართას მოაფარა, რომელსაც გულზე მიკრული ნიკო მიჰყავდა სახლისკენ.
გიორგიმ ბუხარში ცეცხლი დაანთო, სახლში სითბომ დაისადგურა გიორგის და მართას ბედნიერებით სავსე, წყლიანი თვალები ჰქონდათ. ბუხრის წინ დაწნულ კალათში პატარა ნიკოს ეძინა. მას წითელი თმა რძისფერ სახეს ცეცხლივით უნათებდა ცხვირზე კი რამდენიმე ჭორფლი ეტყობოდა.

წვიმა...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:03:44
მეფეს რად უნდა მკლავჭიდი?                                    #23



  ჰე, დავიწყოთ ახლა, დავიწყოთო, ბესომ თქვა, დაგვიანდაო.
  მოიცა, მესტია ჩამოვიდესო,  ნუპაგაძიმ უპასუხა.
  კაცო, არ მოდის ეს მესტია და როდემდე ველოდოთო?
  თერთმეტამდე დაველოდოთო, ნუპაგაძიმ, სათქმელი მაინც მექნება, ერთი საათი გელოდეთ და არ მოხვედითო.
  მესტიაში წუხელ მოთოვდა და ვერ მოდიან ეტყობაო, იულონმა.
  ვახ, რომ მოვიდნენ და ერთი წუთი მაინც აკლდეს თერთმეტს, ამხანჯლავენ, სადა მაქ მაგათი თავიო, გაჯიუტდა ნუპაგაძი და რაჭის გუნდის კაპიტანს მიუბრუნდა:
- თქვენი შემადგენლობა ჩამაწერინეთ. – მიუჯდა მაგიდას.
- ჩვენ, ბატონო... როგორ მოგმართოთ?
- ნუპაგაძი კვასხვაძე.  ნამდვილი სახელი დავითი მქვია, მარა შეიძლება ვერ გევიგონო, ნუპაგაძი ქე მეყურება.
- ბატონო ნუპაგაძი... ბატონო დავით, აი, ჩვენ ვართ რაჭის გუნდი....
- მკლავჭიდის გუნდი?
- არა, რატომ მკლავჭიდის? ჭადრაკის გუნდი. ჭადრაკის ჩემპიონატი არაა?
- მრავალჭიდია ზონალური. წინა კვირაში იყო ფეხბურთი და კალათბურთი, დღესაა ჭადრაკი და მკლავჭიდი. თქვენ ჭადრაკი ხართ, თუ მკლავჭიდი?
- ჰოო?! – დაფიქრდა ვოვა, - ჭადრაკი თუ მკლავჭიდიიი? რაჭიდან ჭადრაკზე გამოგვაგზავნეს და... მოიცა, ბიჭებს დაველაპარაკები...
  ვოვა თავის გუნდთან დარბაზის კუთხეში განაპირდა და გუნდს დაბალ ხმაზე აუხსნა:
- ესე იგი, ახლა რა ხდება: აქ ყოფილა მრავალჭიდი და არა მარტო ჭადრაკი. წინა კვირაში ჩატარებულა კალათბურთი და ფეხბურთი და დღეს ტარდება ჭადრაკი და მკლავჭიდი.
- მერე რატო არ გვითხრეს, წამოვიყვანდით მკლავჭიდის გუნდსაც, იმისთანა ბიჭები გვყავს, ძვლებს დაუფშვნიდენ ამეებს! – წამოიყვირა გრუხუნა ბადრიამ.
- ჩუმად, ნუ ყვირიხარ. ალბათ ჩვენს სპორტკომიტეტში თვითონაც ვერ გაიგეს ხეირიანად, რა შეჯიბრია.  ჰოდა ახლა ესენი მეკითხებიან, თქვენ მკლავჭიდი ხართ თუ ჭადრაკიო?
- ორივე-თქვა! – ისევ ბადრიამ იყვირა.
- მეც ეგრე ვიფიქრე. – თავი დაუქნია ვოვამ.
- რა ფიქრი მაგას უნდა, რა, ჯერ ხელი გადავწიოთ, მერე შახმატი ვითამაშოთ, ხელი დამეღლება, თუ რა? აგერ არა მაქ მეორე ხელი?
ლადო ჩუმად ეწეოდა და თანხმობის ნიშნად ისიც თავს აქნევდა.
ვოვამ ბიჭები შეათვალიერა, თვითონაც ჯან-ღონით სავსე კაცია, საშუალო სიმაღლის და საშუალო ასაკის, ლადო და ბადრია კიდევ ახალგაზრდები, მაღლები, ვულკანებივით ფეთქავენ, რატომაც ვერ იმკლავჭიდებენ? ჭადრაკის გუნდად საკმაოდ ძლიერი გუნდია – ვოვა ოსტატობის კანდიდატია, ბადრი და ლადო – პირველთანრიგოსნები, მაგრამ ისეთი ღონიერი მოჭადრაკეები არიან, შეხედავ – მკლავჭიდის გუნდი გეგონება.
- სამი გუნდი ვართ, კაცო, ე მესტია არ ჩამოდის, მესამე ადგილზე ხო გავალთ! – ბადრია თანდათან იხიბლებოდა სიახლით, აზარტში შედიოდა, იფშვნეტდა ნიჩბებივით ხელებს, - რა მესამე, ცაგერლები გამხდრები არიან, მაგათ ორს ერთად გადავდგამ, მიდი კაცო, მიდი უთხარი. ჩავალ მერე ონში, გოგიას ხბოს ვაკისრებიემ, საპრიზო ადგილი ხო ჩამოგიტანეთ-თქვა, რაიონი ხო ვასახელეთ-თქვა...
  ვოვა მაგიდასთან დაბრუნდა. მაგიდას უსხდნენ მსაჯი - ბესო თავაძე და ორგანიზატორი - ნუპაგაძი კვასხვაძე, რომლებიც ახლა ცაგერის გუნდის კაპიტანთან არკვევდნენ ცაგერის გუნდის სპორტულ ორიენტაციას.  მოლაპარაკებას ვოვაც შეუერთდა და ბოლოს ასეთი სურათი გამოიხატა:
ცაგერის გუნდიც და ონის გუნდიც ჩამოსულია ქუთაისში მოჭადრაკეთა შემადგენლობით - სამ-სამი კაცი და თითო ქალი. არც ცაგერმა იცოდა, რომ მკლავჭიდის შეჯიბრებაც ტარდებოდა და არც ონმა. ვისი ბრალია ეს, ქუთაისმა არ გააფრთხილა რაიონები, თუ გააფრთხილა, მაგრამ იმათ ვერ გაიგეს, ამას დიდად არავინ ჩაეძია, თუმცა ნუპაგაძი ამტკიცებდა, ჩვენ გავაფრთხილეთო.
  ერთი კი უსაყვედურა ცაგერის გუნდის კაპიტანმა, იულონმა, ალბათ არ გააფრთხილეთ, თორემ ხომ გამოგზავნიდნენ მკლავჭიდის გუნდსაცო, მაგრამ ისეთი სიწრფელით და ფართო პირჯვრის გადაწერით ამოიწყვიტა ცოლ-შვილი ნუპაგაძიმ, რომ მაშინვე დაამთავრეს ამაზე კამათი, თუმცა ონელების და ცაგერლების თვალებში ჩარჩენილი და წამიერ გამოხედვებში გამომკრთალი ეჭვის ნაფლეთები აიძულებდნენ ნუპაგაძის დროდადრო ცილ-შვილის დაფიცების და პირჯვრის გადაწერის რიტუალი თავიდან შეესრულებინა.   
  ბევრი იმსჯელეს, თუ ცოტა იმსჯელეს, ბოლოს ნუპაგაძიმ თქვა, მოდი, ახლა არც თქვენ ხართ დიდი მკლავჭიდელები, არც ჩვენ ვართ, მარა ჩვენ ქუთაისში ვართ, გავალთ აგერ ბირჟაზე, დავუძახებთ ჯანიან, ნასვენებ ბიჭებს და შემოვიყვანთო, მარა რად გვინდაო? ახლა მაგათი ღლაბუცით დავიღალოთ კიდეო? გადავინაწილოთ უცებ შინაურულად ადგილები მკლავჭიდში და დავიწყოთ პირდაპირ ჭადრაკი, სუყველა მოჭადრაკეები ვართ ახლა აქო, მალე მოვრჩებით – მალე წავალთ სახლებშიო.
ასეთი კარგი ჩამოყალიბებული წინადადება არ შეიძლება, არ მოგეწონოს. მაშინ დროს ნუღარ დავკარგავთო, ერთმანეთს გადახედეს და იულონმა უთხრა ნუპაგაძის, თქვენ მიბრძანდით პირველ ადგილზე, მასპინძლები ხართო. ნუპაგაძიმ არაფერი თქვა, რა ეთქმოდა – მართლაც მასპინძელი იყო. მერე ონელებმა და ცაგერლებმა გადახედეს ერთმანეთს და ისევ იულონმა შესთავაზა ვოვას, თქვენ მეორეზე მიბრძანდით, აშკარად უფრო ღონიერი გუნდი გყავთო. ვოვა ზრდილობიანი კაცი იყო და არა, ბატონო, თქვენ მიბრძანდით მეორეზე, უფროსი კაცი ბრძანდებითო. ბადრიამ იდაყვი წაჰკრა ვოვას:
- მესამე ადგილს მე ვერ შევეგუები, მაშინ ხელი გადამაწევინეთ, დავინახო, რო წავაგე.
მაგრამ არ გახდა საჭირო ხელის გადაწევა, იულონმა დაიჟინა, რაჭველები მიბრძანდით მეორეზე, ვიჩინით და ხვანჭკარით ნაკვები ხალხი ხართ, ლოყები გიღაჟღაჟებთო, თუმცა მარტო ბადრის უღაჟღაჟებდა ლოყები, ისიც უხვანჭკაროდ, ვოვა და ლადო ფერმკრთალები და შავგვრემნები იყვნენ.
  ასე ტკბილი და ზრდილობიანი მასლაათით მოჭადრაკეთა სამივე გუნდი საპრიზო ადგილებზე გავიდა მკლავჭიდში – იმერეთი პირველზე, რაჭა მეორეზე, ლეჩხუმი მესამეზე. სვანეთი არ გამოცხადდა. ამასობაში საათი და თხუთმეტი წუთიც გახტა და ონის და ცაგერის გუნდები ჭადრაკის დაფებს მიუსხდნენ.
  საქმიანი სიჩუმე ჩამოვარდა - ბესო მკლავჭიდის შეჯიბრების შედეგების სათანადო ბლანკებში შეტანას შეუდგა, მოჭადრაკეები დაფებს დააკვირდნენ, ნუპაგაძიმ ქუთაისელ მოჭადრაკეებს დაურეკა, მოდით, ახლა ონი და ცაგერი თამაშობენ და ნახევარ საათში აქ იყავით, ჩვენ უნდა ვითამაშოთო. მერე ნუპაგაძიც ჩაჩუმდა და ნამდვილი საჭადრაკო სიჩუმე ჩამოდგა – მარტო გადადგმული ფიგურების და მაგიდაზე თითების კაკუნის ხმაღა ისმოდა.
  ის იყო, მოჭადრაკეებმა პირველი 5-6 სვლა გააკეთეს, რომ კარი გაიღო და ოთახში ერთმანეთის მიყოლებით შემოვიდა სამი ახალგაზრდა კაცი მძიმე ნაბიჯებით, აწითლებული ლოყებით, საყელოაწეული ქურთუკებით და წარბებამდე ჩამომხობილი სვანური ქუდებით.
დავთრებში თავჩარგულ ბესოს ნუპაგაძიმ იდაყვი წაჰკრა და გადაფერფლილმა წაუბუტბუტა:
- მესტია ჩამევიდა!
- აპა დეგვერხა! – ნელა ასწია თავი ბესომ.
მოსულები კარებთანვე დადგნენ და სვანური კოშკებივით შემართულებმა შორიდან გადახედეს არე-მარეს.
- აქ რა ხდება? – იკითხა ყველაზე უფროსმა.
ნუპაგაძი ადგა და გაემართა სტუმრებისკენ.
- მობრძანდით, თქვენ ალბათ მესტიიდან, ხომ?
- დიახ! – თოფივით გამოისროლა სვანმა და მარცხენა ბეჭიდან თოვლი გადმოიფერთხა.
- ჭადრაკზე ჩამოხვედით, არა?
- რატომ ჭადრაკზე?! – გაიოცა და თანამგზავრებს გადახედა, - მკლავჭიდზე. მკლავ-ჭიდი სადაა?
- ა.ა..ააქაა, მობრძანდით....
- აბა, სადა?! ესაა მკლავჭიდი? – ჭადრაკის დაფებისკენ აიქნია ნიკაპი.
- იცით, მკლავ-ჭიდი აქ იყო და და.. და.. დამთავრდა. – უმწეოდ გადახედა ნუპაგაძიმ ყველა დამხვდურს, მაგრამ დამხვდურებშიც ისეთი ვერაფერი სიმხნევე იპოვნა, საყრდენად რომ გამოადგებოდა მის მდგომარეობაში ჩავარდნილ პასუხისმგებელ ორგანიზატორს.
- როგორ დამთავრდა, ჯერ არ დაგვიწყია?! – გაიოცა სვანმა.
- თქვენი სახელი? – ხელი ჩამორთვა ნუპაგაძიმ.
- ვამეხი! – მართლა მეხის ჩაცემასავით ჩაუთაქა ერთი თავით დაბალ ნუპაგაძის თავისი თავზარდამცემი სახელი.
ნუპაგაძი კინაღამ ჩაიკეცა.
ბესო წამოდგა, მოჭადრაკეთაგან უფროსებიც წამოიშალნენ. გასაგები იყო, რომ დროებით მაინც ტურნირი უნდა შეჩერებულიყო.
- თქვენ საათნახევარი დაგაგვიანდათ, - დაიწყო ბესომ, - სატურნირო წესდების მიხედვით, თუ მონაწილე იგვიანებს ერთი საათით, მაშინ ქულა ეთვლება მის მეტოქეს.
- რა თქვი ახლა?! – დააკვირდა ვამეხი ბესოს, მერე ისევ ნუპაგაძის მიმართა, - რა თქვა ამან ახლა?!
- სამწუხაროდ, წ..წაგება ჩა.. ჩაგეთვალათ...
- რა წაგება ჩამეთვალა, იფარიდან ფეხით გადმოვედი! – გაფითრდა ვამეხი.
- მესტიიდან “კოლხოზნიკით”. – დაამატა გურამმა.
- უჰ, მობრძანდით, გათბით! – ისე დაიბნა ნუპაგაძი, რას ამბობდა, თვითონაც აღარ იცოდა.
- გათბობა რად მინდა, რძე კი არა ვარ! – თქვა ვამეხმა.
იულონი და ვოვაც მიუახლოვდნენ მოსაუბრეებს, ხელი ჩამოართვეს.
- არ გამოვა ასე. - უთხრა ვოვამ ნუპაგაძის.
- არ გამოვა, ხო. – თავი დააქნია ნუპაგაძიმაც, ერთი წუთით, დავრეკავ. – თქვა და გავიდა.
- დარეკე! – ნება დართო ვამეხმა.
თავის კაბინეტში შესულმა ნუპაგაძიმ მკლავჭიდელ ოთარა მაჩიტაძეს დაურეკა, სვანეთის გუნდი ჩამოვიდა და უნდა მოხვიდეთ სასწრაფოდო.
- რაღა დროის ჩამოსვლაა, ორი საათი დაიგვიანეს. – შეიცხადა ოთარამ.
- ბიჭო, დაიგვიანეს, მარა ფეხით გადმოსულა ელის პერევალზე, უკან წამსვლელია ახლა ეს?! ან მე რაფერ ვუთხრა, უკან გაბრუნდი-თქვა, ჩემხელა კეხი აქ ცხვირზე.
- ვინაა, რა ქვია?
- ვამეხიო, წითური კაცია, ლამაზი, ჭროღა თვალებით...
- ვამეხა გულბანი?! ბიჭო, მაი სუსურუკუს ჩემპიონი იყო მგონია, რუსებს უტრიალებდა კარგების და კეთილების იდაყვებს.
- კაი კაცო! ჰოდა ეგ გადმევიდა ფეხით იფარიდან და მოი ახლა, თვარა თვითონ მოვა, იმფრათ იყურება.
- სად მოვალ, თუ ძმა ხარ, ახლა მაგასთან მაბღლაუძე. გოუშვით პირველ ადგილზე ულაპარაკოთ...
დარბაზში დაბრუნებულმა ნუპაგაძიმ  ხათრიანად აუხსნა სვანებს, რომ ქუთაისის მკლავჭიდის გუნდის 2 წევრი უკვე ქალაქიდან გასულა და რადგან სვანებმა რთული და თოვლიანი გზა გამოიარეს, ქუთაისი მზადაა და ალბათ სხვა მონაწილეებიც არ იტყვიან უარს, რომ სვანეთის მკლავჭიდელთა გუნდი პირველ ადგილზე გაუშვან.
იულონი და ვოვაც მაშინვე დათანხმდნენ, კი ბატონო, გავუშვათ პირველ ადგილზეო.
- გაშვება რად მინდა! – გაშალა ბეჭები ვამეხმა, - ხელი გადავწიოთ და ჩემით გავალ.
- ჰოდა, ისედაც რომ გახვალთ, იმიტომ აზრი აღარ აქვს ხელის გადაწევას, თან ქუთაისის გუნდიც უკვე გასულია.
- სადაა გასული?!
- სიმამრი გარდაეცვალა იმას... რა ქვია.... და იქ წავიდა... – სულ აიჭრა ნუპაგაძი.
- გუნდს სიმამრი სადა ჰყავს?!
    იულონმა, ნუპაგაძიმ და ვოვამ დიდხანს არწმუნეს ვამეხი, რომ აზრი არ აქვს ახლა ხელის გადაწევას, ცაგერს და ონს ქუთაისმა უკვე მოუგო, ხოლო ქუთაისის გუნდი ახლა აქ აღარაა და გამოუცხადებლობის გამო მესტიასთან წაგება ეთვლება, ამიტომ მესტია პირველ ადგილზე ღირსეულად გადის, განა ვინმე სამადლოდ უშვებს.
  ვამეხს უამრავი შეკითხვა ჰქონდა, ხან თქვა, მაშინ ცაგერს გადავუწევთო, ხან თქვა, მაშინ ონს გადავუწევთო, აბა ვინმეს ხელი არ გადვუწიოთო? ასეთი პირველი ადგილი რად მინდაო? რა გინდათ, ბატონო ვამეხ, მიბრძანდით პირველ ადგილზეო, გაგიჟდა ნუპაგაძი. ბოლოს ბადრიამ თქვა, მე გადამიწიეთო. მარტო შენ არაო, დაჯექით ერთი ცაგერიდან, ერთი იმერეთიდან და ერთი რაჭიდანო, ამაზე მეტი დათმობა მე არ შემიძლიაო, ვამეხმა.
  ასეც გააკეთეს – სვანეთის გუნდის პირისპირ დაჯდა სამი რეგიონის სახელდახელო ნაკრები – ნუპაგაძი,  იულონი და ბადრია. ნუპაგაძი და იულონი ადვილად დაამარცხეს პროფესიონალმა მკლავჭიდელებმა. იმათაც არ უბრძოლიათ დიდად, ისე დათმეს - მინიმალური, პრესტიჟის წინააღმდეგობის გაწევით, მაგრამ ბადრიამ ცოცხლი თავით არ დათმო ორთაბრძოლა, რომ ჩააფრინდა გურამის მარჯვენას თავისი დათვის ტორივით მხაპავი ხელით, იმდენი აჯანჯღარა, სანამ არ გადაუწია. აფსუს! რა ხელები ცდება ჭადრაკზეო, თვითონვე დაენანა და საკუთარი ხელები სიყვარულით შეათვალიერა. კარგი ბიჭი ხარ შენო, ვამეხმაც დაჰკრა ზურგში მუშტი. ასე ორით ერთი მოიგეს სვანებმა და ახლა უკვე სუფთა სინდისით დათანხმდნენ, რომ გასულიყვნენ პირველ ადგილზე.
  ამასობაში ქუთაისელი მოჭადრაკეებიც მოვიდნენ და ახლა ისევ ჭადრაკს მივხედოთო, თქვა ნუპაგაძიმ, თქვენ ხომ ითამაშებთო? ჰკითხა ვამეხს და ჭადრაკის დაფების მოსატანად გავიდა.
  ვამეხი, გურამი და ჩებუ მედიდურად დააკვირდნენ ჯერ მოჭადრაკეებს, მერე დაფებს, მერე კუთხეში მიდგნენ და მოკლე თათბირი გამართეს.
- შენ ჭადრაკი ხომ იცი? – ჰკითხა გურამს ვამეხმა.
- სვლები ვიცი, ისე რა მოჭადრაკე მე ვარ. – უპასუხა გურამმა.
- ამათაც სვლები იციან, შენ ესენი მართლა მოჭადრაკეები ხომ არ გგონიან? შენც ხომ იცი სვლები? – მიუბრუნდა ჩებუს.
- ცოტა მახსოვს.
- ჰოდა დაჯექი და აკეთე ეგ სვლები, რომლებიც გახსოვს.
- აი, დავუშვათ ვაკეთე, ვაკეთე სვლები. ისიც ხომ აკეთებს ამ სვლებს და ბოლოს რა უნდა ვქნა? მოგებული ვინაა და წაგებული ვინ? – იკითხა ჩებუმ.
- ბოლოს მეფე უნდა მოუკლა. ვინც მეფეს მოუკლავს, ისაა გამარჯვებული.
- მეფე?! მეფეს რად უნდა მკლავ-ჭიდი? – ჯიბეებიდან ხელები არ ამოუღია, ისე გაშალა იდაყვები გაოცებულმა ჩებუმ.
- მკლავჭიდით არა, ფიგურით უნდა მოუკლა. მაგრამ მოკვლამდე არ მივა საქმე. ეგენიც ხომ მკლავჭიდელები არიან, ათიოდე სვლის შემდეგ მოვრიგდებით ყაიმებზე და წავალთ სახლებში.
კარგიო, თქვეს გურამმა და ჩებუმ და სვანი მკლავჭიდელები საჭადრაკო დაფებს ალმაცერად თავაწეულები, უკადრისად - ნახევარი მეტრის მოშორებით და ცოტა გვერდულად მიუსხდნენ.
  სამი სვლის მერე ჩებუ დაფიქრდა და ვეღარ გაიხსენა ზუსტად, მხედარი რამდენ უჯრაზე უნდა გადახტეს - ორზე, თუ სამზე და ქუთაისის ნაკრების სიამაყეს, ოსტატობის კანდიდატ როსტომ ბარბაქაძეს უთხრა:
- შევთანხმდეთ ყაიმზე!
როსტომს თვალები შუბლზე აუვიდა.
- რაია აქ საყაიმო ჯერე?!
დაახლოებით კიდევ ხუთი სვლის მერე  ჩებუმ ორი პაიკი და ორი მხედარი დაკარგა და როსტომს ამაყად ჰკითხა.
- ახლაც არ შევთანხმდეთ ყაიმზე?
- რა შეატყვე საყაიმო, ძამია? – ხელები გაშალა ბარბაქაძემ.
ვამეხმა კმაყოფილმა გადმოხედა თანაგუნდელის დაფას და დინჯად უთხრა.
- ითამაშე კიდე ცოტა.
  ჩებუმ ფარული შვებით განაგრძო თამაში – ეს მხედრები მაინც ხომ მოიშორა, რთული მოსახმარები იყვნენ, უშნოდ დახტუნავდნენ. ტყუილად ახტუნავა აქეთ-იქით ცხენები, ვერაფრით როსტომის მეფეს ვერ დაუმიზნა. ჩებუს სამიზნე ერთი ჰქონდა – როსტომის მეფე. სხვას ვეღარაფერს ხედავდა, ყველა ფიგურით იმას უმიზნებდა, მაგრამ რამდენი ფიგურითაც დაემუქრა, იმდენი მოუკლა როსტომმა. თითო სვლაზე თითო ფიგურას კარგავდა ჩებუ, როსტომს კი შუა თამაშში მხოლოდ სამი პაიკი და ერთი მხედარი აკლდა.
ბოლოს, როცა ჩებუ ისე შემოიფცქვნა, რომ მის ადგილზე არცერთი თავმოყვარე მოთამაშე თამაშს აღარ გააგრძელებდა, ეჰ, რაც არის –არისო, თქვა და ხელი ჩაიქნია, შევთანხმდეთ ყაიმზეო. ცოტა კიდევ ვითამაშოთო, როსტომმა უპასუხა და მარტივი, მაგრამ გარდუვალშამათიანი სამსვლიანი კომბინაცია წამოიწყო. ჩებუს არავითარი ყურადღება არ მიუქცევია მისი კომბინაციისთვის, მოკიდა ხელი თავის ერთადერთ კუს და სადღაც მარჯვენა კუთხეში გადადგა – ისევ მეფეს დაუმიზნა. როსტომი უკვე მის ატა-ბატა სვლებს თვალყურს აღარ ადევნებდა, თავისი გარდუვალშამათიანი კომბინაციით იყო გატაცებული – ეტლი ჩაასაფრა, ერთ სვლაში უკვე შამათია, მორჩა!
და სწორედ ამ ბოლო სვლის წინ ჩებუმ გადაყო გრძელი ხელი, წაიღო ეს თავისი უკანასკნელი კუ და მერვე ჰორიზონტალზე უამრავი ფიგურის გარემოცვაში ჩაჭედილი და საიმედოდ დაცული მეფე მოუკლა როსტომს.
- მოვიგე! – შესძახა.
- რა მოიგე! – გამოანათა თვალებიდან როსტომმა, - საიდან მოკალი, რა მოკალი?!
ყველა მათ დაფას შემოეხვია.
- ხომ გეუბნებოდი, ყაიმზე შევთანხმდეთ-თქო! - მუჭში ჩაბღუჯული ეჭირა როსტომის მეფე ჩებუს.
- არა, ბატონო, ეგრე არ შეიძლება, მეფე არ კვდება! – გააპროტესტა როსტომმა.
- როგორ არ კვდება, გორგასალი მოკვდა და...!
- აუუუუ, ელაპარიკე ახლა ამას! – ბესოს უჩურჩულა გულშეღონებულმა ნუპაგაძიმ.
- მეფე არ კვდება ჭადრაკში, მეფეს რომ დაემუქრები, თუ მეტოქემ ვერ დაინახა, “ქიში” უნდა უთხრა. – უხსნიდა როსტომი ჩებუს.
- რა უნდა უთხრაა?! – ვამეხს გახედა ჩებუმ.
- “ქიში.” – გაუმეორა როსტომმა.
- “ქიში” რა არის, “აქში”? მეფეს აქში როგორ ვუთხრა, ქათამია?
- “აქში” კი არაა, გაფრთხილებაა, მეფეს ვემუქრებიო. – ახლა ბესო მსაჯი ჩაერია საქმეში.
- გაფრთხილება რად უნდა? მე რომ ჯიხვზე წავალ სანადიროდ, იმას ხომ არ ვაფრთხილებ, მოვდივარ და ქიში-თქვა!
- დადგი მეფე, თუ ძმა ხარ, სად ნახე ამფერი თამაში? – ხელი გაუწოდა როსტომმა მეფის გამოსართმევად.
ჩებუმ მეფე ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და ჯიბე ელვა-შესაკრავით შეიკრა.
ვამეხი წამოდგა და ჩებუ გვერდზე გაიყვანა. იქ რა ელაპარაკა, ვერავინ გაიგო, მაგრამ როცა დაბრუნდნენ, ვამეხს ხელში ტყვეობიდან დახსნილი მეფე ეჭირა, ხოლო ჩებუ უკმაყოფილოდ გამოიბღვირებოდა ქუდის ქვემოდან. როგორც იქნა მეფე თავის ადგილზე დააბრუნეს, ხოლო ღირსებაშელახული ჩებუ დაახლოებით ერთი მეტრის სიშორეზე კიდევ უფრო გვერდულად მიუჯდა მაგიდას, მაგრამ “ქიში” მაინც არ თქვა,  უნდილი მზერით უყურა, როგორ გასწია როსტომმა მეფე გვერდზე, მერე გულგატეხილმა ორად-ორი შერჩენილი პაიკიდან ერთი განურჩევლად წასწია წკიპურტის წარტყმით და როსტომმა “ქიშიო” ლაზიერის ხმაურიანი გადმოდგმით გამოუცხადა.
- ეს ქიში ის ქიშია, ჯიხვს რომ უნდა ვუთხრა? – იკითხა მკვახედ ჩებუმ.
- არა, ეს სხვა ქიშია. ის ჯიხვი გაიქცევა და შენი მეფე ვეღარ გარბის, შამათია.
- შამათი რა არის?
- წააგე.
- მე წავაგე?! – ჩებუმ ვამეხს და გურამს გახედა და წამოდგა, - ჩვენ წავაგეთ?! მეფე მე მოგიკალი და კიდე მე წავაგე?
- ჰო, თქვენ წააგეთ. – მორიდებით შეაპარა ბესომ.
- შენ ხარ მსაჯი? – ახლა ბესოს მოუბრუნდა ჩებუ, - მაგარი მსაჯი ხარ, აი! ჯიხვი რომ მოვკლა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯიხვმა მომკლა?
ისევ წამოიშალა ყველა.
- რაშია საქმე? – მკაცრად იკითხა ვამეხმა.
- მატი ჩაუსვა და წააგო, ასეა წესი.
- რა არის წესი? მე რომ მოვიგებ – არ ითვლება და ეს რომ მოიგებს – ითვლება?!
- ჯერ გაჩერდი! – ხელით დახია უკან ვამეხმა ჩებუ. – როგორაა წესი? – ჰკითხა ბესოს.
ჯერ მსაჯებმა ვამეხი დაარწმუნეს, რომ ჩებუმ წააგო, მერე ვამეხმა ჩებუ გაიყვანა გვერდზე და ვერ დაარწმუნა, მხოლოდ იმას მიაღწია, რომ ჩებუმ სიტყვა მისცა, შენი ხათრით გავჩერდებიო...
შებინდებისას ტურნირი დამთავრდა ყველასათვის დამაკმაყოფილებელი შედეგებით: იმერეთი ჭადრაკში პირველ, ხოლო მკლავჭიდში მეორე ადგილზე გავიდა, რაჭა ჭადრაკში მეორე – მკლავჭიდში მესამე ადგილზე, ლეჩხუმი ჭადრაკში მესამე, მკლავჭიდში მეოთხე ადგილზე, სვანეთი კი ჭადრაკში მეოთხე, მკლავ-ჭიდში პირველ ადგილზე. საერთო ჯამში მეოთხე ადგილს არავინ არ გასცილებია და თითო, ან ორ-ორი საპრიზო ადგილი ყველას ერგო. ერთი ჩებუს ვერ გაეგო, როგორ დარჩა წაგებული, როცა მეფე თვითონ მოკლა და ერთხანს ჯიბეშიც კი ედო.  როცა ტურნირის მონაწილეები გარეთ გამოვიდნენ და გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ვახშმისთვის რესტორნისკენ გასწიეს, ლამპიონები ახალი ანთებული იყო და ფიფქები ლამპიონებს ფარვანებივით ეხვეოდნენ...

                              *    *    *
    მეორე საღამოს მესტიაში დაბრუნებული ჩებუ სუფრაზე ძმაკაცებს უყვებოდა, როგორ მოუგო ოსტატობის კანდიდატს ჭადრაკში, მაგრამ ძალად წააგებინეს და ჩებუმ მხოლოდ ვამეხის ხათრით შეიკავა თავი...
    სწორედ იმ დროს რაჭაში ბადრია  სპორტკომიტეტის თავმჯდომარე გოგიას მიადგა ორი დიპლომით, ხბო უნდა იკისროო, ჭადრაკშიც გასახელეთ და მკლავჭიდში კიდე, შენ ჭურში იჯექი, ისე ჩამოგიტანეთ საპრიზო ადგილიო. აუცილებლად ვიკისრებო, გოგია შეპირდა და გახარებულმა დიპლომები მიმდინარე წლის მიღწევათა სტენდზე გამოფინა.
  მეორე შეხვედრაზე ბადრიამ გაუცინა, გოჭი მაინც იკისრე, ხბოს თუ ვერ შეწვდებიო.
იქნება, იქნებაო! ხელი აუწია გოგიამ.
  ცოტა ხანში ბადრია ქათამზე ჩამოვიდა, მერე წიწილაზე, მერე კალმახზე და  როცა უკვე მარტის დასაწყისში ხუთშაბათის ბაზრობაზე შეხვდა გოგიას, შორიდანვე მიაძახა:
- ებიჭო, გოგია, სოკო მაინც იკისრე, გაზაფხულდა!
- იქნება, იქნება,  ნუ გეშინია, ყველაფერი იქნება! – მკლავზე ხელი მიარტყა გოგიამ.
- როდისღა შეკაცო? აწი მეორე სპარტაკიადა მოვა, აღარ გინდა ერთი გუნდით ორი დიპლომი?
- კაცო, რას გადამეკიდე, მე ერთ დიპლომზე გაგაგზავნეთ, ი მეორე დიპლომი მე სულ არ დამიბარებია.
- შენ არ დაგიბარებია, მარა, წერეთელმა ხო დაგვიბარა.
- ჰოდა წერეთელმა იკისროს, აიგერა დგას ნუკრია წერეთელი, კაკრაზ სოკოს ყიდულობს.
- ვაი, ვაი, ისე გატყობ, ჩამომიყვან შენ ერთ ლობიანზე.
- რა უჭირს რა... – იცინოდა გოგია.
- აი საით მიაქანებ რაიონის სპორტულ ცხოვრებას. ასე ჩააგდე სპორტი ხბოდან ლობიანამდე.
- რითი ცუდია ლობიანი, რა? ლობიოზე გადაიარა რაჭის და მთელი საქართველოს ისტორიამ. სპორტი ვეღარ გადაივლის? – გაუცინა გოგიამ და ისევ გაშორდა.
- სადამდე დაეცი, გოგია, აწი დაგრჩა მჭადი, ყველი და მწვანე ხახვი. – მიადევნა ბადრიმ.
- იქნება, იქნება! – უკვე შორიდან მოაძახა გოგიამ...
  სახეზე ღიმილშერჩენილი ბადრია დაფიქრდა –
სპორტი ლობიოზე გადაივლისო?! ეს რა თქვა!
ისტორიაცო, ვაახ! ...
ისტორია ბადრიასთვის ძნელი საფიქრალია და
ლობიოზე გადავლილი სპორტი ქეც ისეა ლობიოსავით.
რა ძალაა, თუარა ხმელა პურზეც კი გადაივლის....

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:05:07
ქაძუმი იოშიდას გრძელი გზა                                      #24
შორი მთის იქით
დაჭიმულ ცაზე უკრავს მედოლე
ღამით იწვიმებს



ღამით ქარი ამოვარდა და ფანჯარა ააზანზარა.
ქაძუმი  სამჯერ ადგა ცოლის ძილის შესამოწმებლად. იურიკო მძიმედ სუნთქავდა, გმინავდა დროდადრო.
„ ხვალ რძეს ამოვიტან “
გაიფიქრა ქაძუმიმ და მინას ხელი მიადო. მინა ჩაწყნარდა. ხიდზე მატარებელმა გაიარა. ქაძუმიმ ფანჯრიდან დაინახა მოელვარე შუქი, რომელიც ტყემ შთანთქა.
სადგურის სინათლეზე ჩანდა, როგორ იწყებოდა წვიმა.
წვრილი წვეთები ქარის დაძალებით ასკდებოდნენ ფანჯარას.
კიდევ შეუტია ქარმა ქაძუმის სახლს.
იურიკომ გმინვა დაიწყო. ქმარი მიუახლოვდა. ეს გმინვა აშინებდა ყველაზე მეტად, იმიტომ რომ საერთოდ არაფრით შეეძლო შეჩერება.
–წყალი გინდა?
–არა.
ძალიან ჩუმად თქვა იურიკომ.
ეს ბოლო კვირა ღამ–ღამობით თითქმის ვერ იძინებდა ტკივილების გამო. ვერც ლოგინიდან დგებოდა.
ქაძუმის კი არაფრით შეეძლო შველა.
იურიკო მალევე დაწყნარდა. მოხუცი ქმარი დიდ ხანს იდგა მის საწოლთან. მერე კი თავისისკენ გაეშურა.
„ ხვალ, როგორც კი გათენდება, რძეს ამოვიტან “.
–როგორ ბრძანდებით , იოშიდა–სან?
ეს სადგურის მეთვალყურე იყო.
–ჯანმრთელად ვარ, ტანაკა–სან. თქვენ?
–მეც კარგად! ქალბატონი იოშიდა როგორ არის?
–ისიც ჯანმრთელადაა. აი, რძე მიმაქვს! ასწია ქაძუმიმ ჩანთა.
ტანაკამ თავი დაუქნია.
–კარგია!
–ტანაკა–სან! მატარებელი ხომ არ ჩანს, რომ გადავიდე?
–ჯერ რა დროსია!
უპასუხა მეთვალყურემ, მაგრამ ლიანდაგს მაინც გახედა. ქაძუმი აქეთა მხარეს გადმოვიდა და გზას გაჰყვა. ყოველთვის ეშინოდა სახლში დაბრუნების, როცა იურიკო ცუდად იყო. ეშინოდა, როცა ცოლს დიდხანს ეძინა. ხოლმე განზრახ ცდილობდა რამის დახმაურებას, ოდნავ მაინც რომ გამოძრავებულიყო. მაგრამ ავადმყოფობის დღეებში იურიკოს თითქმის მთელი დღე ეძინა. ქაძუმი კი აივანზე იჯდა ტორისთან  ერთად. ტორი ტანაკას ჰყავდა სადგურზე. მერე კი ქაძუმის გაატანა. მოხუცს არასდროს ჰყოლია არც ცხოველი და არც ფრინველი, მაგრამ ახლა უამისოდ ვერ გაძლებდა. სახლში სრული სიჩუმე იქნებოდა, ბეღურა რომ არა.
„ აგე, ლურჯი მთა რომაა, ხომ ხედავ? “
უყვებოდა ქაძუმი ტორის.
„ მანდ ცხოვრობს კამი  “
ქაძუმიმ ასე იცოდა. არავის უთქვამს ამის შესახებ. არც არასდროს გასჩენია აზრი, რომ ღმერთი ცაში იყო ან მზეში ან კიდე სადმე. ღმერთი ლურჯ მთაზე ცხოვრობდა. ბავშვობიდანვე დარწმუნებული იყო. როცა სახლზე ფიქრობდა, ეს მთა პირველი ახსენდებოდა. შეიძლება იმიტომ, მამამისიც, პაპამისიც და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი წინაპარი სწორედ ამ მთას უყურებდა მთელი ცხოვრების მანძილზე.
„ შარშანწინ კიოტოშიც კი ვიყავით ოჰანამიზე მე და იურიკო.  ყველაზე კარგი წელი იყო . არც კი გაციებულა. “
ტორი არაფრით გამოირჩეოდა სხვა ბეღურებისგან . გალიაში დახტოდა და ნისკარტს უკაკუნებდა ძირს.
„ ძალიან ბევრი ალუბალი იყო და ხალხიც ბევრი “ აგრძელებდა ქაძუმი .“ მთელი კვირა ვიყავით, ასეთი სილამაზე ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს. შენც არ გექნება ნანახი, ალბათ. მისმენ, ტორი–ჩან ?“.
შიგნიდან იურიკოს ხმა გაისმა. ქაძუმი შევიდა.
–რძე ამოვიტანე, სასარგებლოა, უნდა დალიო.
–წყალი მომაწოდე.
–კარგი, მაგრამ მერე რძეს დალევ.
ქაძუმიმ იურიკოს თავი აუწია ცოტათი და წყალი დაალევინა.
–არ მინდა რძე. თქვა ქალმა და ისევ ბალიშზე დაესვენა.
–არა, უნდა დალიო, უკეთ გახდები!
იურიკომ ამოიგმინა.
–მე ვთქვი, არ მინდა რძე!
ჭირვეულობას იწყებდა.
–ღამით უარესად გახდები!
–მაინც არ დავლევ.
ქაძუმის ტირილი მოუნდა. ალიონზე სოფლამდე ჩავიდა, რიგში იდგა, რძე ამოიტანა, იურიკო კი უარს ამბობდა.
-კარგი, საღამოთი დალევ.
–ფანჯარა გახსენი.
ქაძუმიმ შეაღო ცოტათი. ოთახში ნელ–ნელა გაზაფხულის სიგრილე შემოვიდა. ქაძუმი საწოლზე ჩამოჯდა. იურიკო მეტისმეტად დაიღალა ამ მოკლე საუბრისგან. შუბლზე და ცხვირზე ოფლის პატარა წინწკლები გამოუჩნდა. ქაძუმიმ სახე მოუწმინდა.
–კარგად გეძინა?
იურიკომ შეხედა. ქაძუმი მიხვდა. ბოლო დროს ქალი ყველაფერზე ღიზიანდებოდა. ღიზიანდებოდა, როცა ქმარი ოთახში შემოდიოდა, ღიზიანდებოდა, როცა არ შემოდიოდა, როცა რძე მოჰქონდა, მაგრამ განსაკუთრებით, როცა ზრუნვას ამჟღავნებდა.
ქაძუმიმ ბულიონი ჩაასხა ჯამში.
–დღეს ტანაკა–სან ვნახე.
–ვიცი.
–ხო. მოგიკითხა.
–მერე შენ რა უთხარი?
–უკეთაა–მეთქი.
იურიკომ გაიცინა, როგორც შეეძლო, მერე კი ხველება აუტყდა.
ქალი განსაკუთრებით ფერმკრთალი ჩანდა დღეს, თუ შუქი ადგებოდა ასე, ქაძუმი ვერ მიხვდა.
–აი, ბულიონი. გუშინ გავაკეთე.
ძნელად ყლაპავდა. ყოველი კოვზის მერე ისვენებდა და ყვითელ ჭერს უყურებდა.
–კარგია?
ქაძუმის არ სწყინდა, როცა ცოლი არ პასუხობდა. „ ცუდად არის და უჭირს ლაპარაკი “  ამბობდა გულში ქაძუმი, მაგრამ შესანიშნავად ესმოდა, რომ მთავარი მიზეზი სისუსტე არ იყო.
ძალიან ბევრს იხსენებდა. იჯდა აივანზე და იხსენებდა. ცდილობდა დაწვრილებით აღედგინა მათი საერთო ცხოვრების ყველა მომენტი. მაშინ კიდევ იურიკო მღეროდა. მღეროდა სიმღერას წითელ ჭრიჭინაზე  და გამოსდიოდა ყველაზე ლამაზად. ეს უნივერსიტეტის თეატრში იყო, მაგრამ ქაძუმის რატომღაც ბაღი ახსოვდა. წითელი ჭრიჭინებით სავსე უნივერსიტეტის ბაღი. მაშინ ცხრამეტი წლის იყო და ცხოვრებაში მეორედ ჩავიდა კიოტოში. ბიძაშვილმა წაიყვანა წარმოდგენაზე და ბიძაშვილმავე გააცნო იურიკო. არავის შეეძლო წარმოდგენა, რომ იურიკოს, რომელსაც ყველა ერთხმად გეოლოგის ბრწყინვალე კარიერას უწინასწარმეტყველებდა, შეუყვარდებოდა თავისზე ორი წლით უმცროსი სოფლელი ქაძუმი.
ასე დაიწყეს ერთად ცხოვრება სახლში, მატარებლის სადგურის ახლოს. დილაობითა და ღამ–ღამობით კიოტოს მატარებელი გადიოდა ხოლმე. ლიანდაგის გასწვრივ ხეებიდან ჩიტებს აფრთხობდა და თხუთმეტი წუთით ჩერდებოდა. ხალხი ჩამოდიოდა მატარებლიდან, მერე კი სოფლისკენ მიდიოდა. ამ დროს იურიკო აივანზე გამოდიოდა, ან ფანჯრიდან უყურებდა, როგორ იწყებდა ლოკომოტივი ქშენას და მერე ნელ–ნელა ტყეში იკარგებოდა. ქაძუმის კი არ უყვარდა მატარებელი. ეს ზედმეტად წყნარი ადგილი იყო და, როგორც ამბობდა, ტანაკა–სან რომ არა, არავითარი სარგებელი ამ ხმაურისგან არ იქნებოდა. მხოლოდ ჩიტების დაშინება და მეტი არაფერი.
ქაძუმიმ წერაც კი დაქორწინების მერე ისწავლა და ისიც ბოლომდე ვერა. სამაგიეროდ, შესანიშნავად შეეძლო სხვა უამრავი საქმე. ხეზეც თლიდა და კალათებსაც წნავდა.
შვილები კი არ ჰყავდათ.
საღამოობით ისხდნენ ერთად და რადიოს უსმენდნენ. იურიკოს დენ მარტინი უყვარდა ძალიან, რომელსაც არც ისე ხშირად უშვებდნენ რადიოსადგურები. ეს სტუდენტობას ახსენებდა, ხმაურიან კიოტოს. ქაძუმის კი არ ჰქონდა საყვარელი სიმღერა, გარდა წითელი ჭრიჭინისა, რა თქმა უნდა.
ასე ცხოვრობდნენ.
საღამოთი ტანაკა ამოვიდა და ღვინო ამოუტანა. „ შვილიშვილმა გამომიგზავნა, ესპანური ღვინოა “ ამბობდა ტანაკა. „ ქალბატონი იოშიდასთვის სასარგებლო იქნება “ . ქაძუმიმ დიდი მადლობა გადაუხადა და შეიპატიჟა კიდეც, მაგრამ ტანაკას ეჩქარებოდა. ერთი ტორის მიუკაკუნა გალიაზე „ როგორ ხარ, ტორი–ჩან “ და წავიდა ისევ.
იურიკო კი ადრე პიანინოზეც უკრავდა. ქაძუმი ოცნებობდა პიანინოს ყიდვაზე. ფული არ ჰქონდა საკმარისი. გულს უკლავდა იმისი გააზრება, რომ იურიკომ ამ ყველაფერს მის გამო დაანება თავი. უფრო სწორად კი იმისი გაფიქრება, რომ იურიკო ნანობდა ამას, თუმცა არასოდეს უთქვამს.
–არა უშავს, აი ნახავ, ნახავ, ტორი–ჩან!
იურიკომ ისევ დაახველა. ქაძუმიმ შეიხედა. ეძინა.
აცივდა ცოტათი.
ქაძუმი გარეთ გამოვიდა. საოცრად წყნარი საღამო იყო. მხოლოდ ლურჯი მთიდან წამოსული ქარი დასრიალებდა სარეველაში. რაღაც უცნაური ფერი ჰქონდა საღამოს. ქაძუმი იდგა და აკვირდებოდა, როგორ გადადიოდა სილურჯე სიშავეში და სანამ მთა საბოლოოდ შთანთქა სიბნელემ, ქაძუმიმ ჩურჩულით თქვა:
„ კამი–სამა...
უშველე ჩემს ცოლს “.
ეს იყო მისი პირველი ლოცვა.
ნათურის შუქზე
ჩემს მაგიდაზე ახტა კალია
ღამის სტუმარი

იურიკომ შუა დღისით გაიღვიძა. ღამით კარგად ეძინა, ერთხელაც არ შეუწუხებია ტკივილებს. ქაძუმი არ ჩანდა. ეს პირველად ხდებოდა. თუ სოფელში ჩადიოდა, აუცილებლად შუადღემდე ბრუნდებოდა, ახლა კი არ ჩანდა. ეზოშიც არ ისმოდა ხმა. მხოლოდ ტორი ფორიაქობდა გალიაში და მაშინ იურიკოს შეეშინდა. შეეშინდა, რომ ქმარს ყელში ამოუვიდა მისი ჭირვეულობა, უჟმურობა ან სულაც, ავადმყოფობა და წავიდა. ქალი ცოტათი წამოიწია საწოლიდან, იდაყვებს დაეყრდნო და გაიხედა.
იურიკოს გულში იმ ეჭვმა დაისადგურა, რომელიც აღელვებულ ადამიანში ყველაზე ცუდ ფიქრებს აღვიძებს. წარმოიდგინა, როგორ გავიდა ქაძუმი ეზოდან. გავიდა და ჭიშკარიც არ მიხურა. მაშინ იურიკოს შეეცოდა ქმარი. არა იმის გამო, რომ მუხლჩაუხრელად უვლიდა, არა იმის გამო, რომ თვითონ ცივად პასუხობდა. უბრალოდ, წარმოიდგინა ქმრის ჩამოძენძილი სახე, ლოყები, ქუთუთოები და შეეცოდა. ფანჯრიდან ეზო კარგად არ ჩანდა. ქალს შუბლი ასტკივდა და ისევ დაწვა. 
კარის ხმა გაისმა. ქაძუმი შემოვიდა.
-გაიღვიძე უკვე ხო? იღიმებოდა კაცი.
და იურიკომაც გაიღიმა. პირველად ამდენი დღის მანძილზე.
-სად იყავი?
ქაძუმიმ საათს ახედა, არაფერი თქვა. ფანჯარასთან მივიდა, რადიო ჩართო და მიმღები დაატრიალა. რადიო ერთი სიხშირიდან მეორეზე დახტოდა, ბოლოს რაღაც დაიჭირა და გაჩერდა. ქაძუმი იურიკოს საწოლზე ჩამოჯდა. მალე სიმღერა მორჩა და სანამ მეორე დაიწყებოდა, ქაძუმიმ კიდევ ერთხელ ახედა საათს. უცებ საოცრად ნაცნობი მელოდია გაისმა. ამ წამს იურიკოს გულში რაღაც გამოძრავდა. რაღაც შორეული და უზომოდ ნოსტალგიური.
“ Everybody loves somebody sometimes…”
დენ მარტინი. უზრუნველი, როგორც შუქით განათებული ნიუ-იორკის ქუჩები, რომლებზეც იურიკო ახალგაზრდობაში ოცნებობდა.
"Everybody finds somebody someway…”
წვეთი აკლდა აქვითინებამდე. რაღაც უსაზღვრო სევდა უღადრავდა გულს, სევდა თავისი სიცოცხლის შესახებ.
იურიკომ ქმარს შეხედა. სახე განათებული ჰქონდა.
–რა კარგი ამინდია დღეს.
–კი, ასეა.  დაეთანხმა ქაძუმი. 
ამინდი მართლაც მზიანი იყო და დენ მარტინი მღეროდა. ტორიც დახტოდა და ყველაფერი იყო კარგად.
–მომავალ წელს კინკაკუჯიში  წავალთ. შარშანწინ ვერ მოვასწარით, გაისად კი წავალთ. გახსოვს, შარშანწინ კიოტოში რომ ვიყავით?
–კი. საიჰოჯიშიც  ვერ მოვასწარით.
–საიჰოჯიშიც წავალთ. ასე იქნება, წავალთ.
–ტორი?
–ტორის ტანაკა–სანს დავუტოვებთ. ან სულაც, წავიყვანთ. რა გვენაღვლება, წავიყვანთ.
მზე იყო. ქაძუმი და იურიკო სადგურზე იდგნენ ჩემოდნებით ხელში. ბატონმა ტანაკამ შუქი აანთო და კიოტოს მატარებელმაც ქშენა დაიწყო. ქაძუმის ტორი ჰყავდა გალიაში, დახტოდა და ძირს ნისკარტს უკაკუნებდა.
–იოშიდა–სან , მატარებელი ხუთ წუთში გავა! დაიყვირა ტანაკამ.
–ტანაკა–სან, ეს მატარებელი საიჰოჯიში ჩავა? შესძახა იურიკომ.
– ასეა ქალბატონო იოშიდა! ჯერ საიჰოჯიში ჩადის, მერე კი პირდაპირ კინკაკუჯიში!
– დიდი მადლობა ტანაკა სან!
მატარებლის ხმაურის გამო არაფერი ისმოდა, მაგრამ ტანაკამ გაიგო მაინც. ტყე არ ჩანდა. რელსების გასწვრივ მხოლოდ ვარდისფერი საკურა იყო ჩამწკრივებული კიოტომდე.
–ხომ გეუბნებოდი!
ამბობდა ქაძუმი. სადღაც შორს დენ მარტინი მღეროდა, მაგრამ იურიკოს კარგად ესმოდა.
„ ალბათ ქაძუმიმ მემანქანეს სთხოვა...“
კუპეში ქარი საკურას ყვავილებს ყრიდა და იურიკოს მოეჩვენა, თითქოს არავითარი მატარებელი არც არსებობდა და ისინი თვითონ მიფრინავდნენ რელსებზე ცოტათი ზემოთ.
„ მალე კიოტოში ვიქნებით “
ყოველთვის, როცა
ცვარი სწყდება ბალახის ღეროს,
ვიღაცა კვდება.
აღმოსავლეთიდან შავი ღრუბლები წამოვიდნენ.
ლურჯი მთა ჯერ აშრიალდა, ფოთლებმა ტკაცუნი დაიწყეს. წვიმა იწყებოდა ნელ–ნელა, მერე კი ერთბაშად წამოვიდა. ქარმა ქაძუმის სახლს ჩაუქროლა, ნათურა აათამაშა და სადგურისკენ გაეშურა. ქაძუმი საწოლიდან წამოიწია. იურიკო ახველებდა. ახველებდა მთელი ძალით და შეუჩერებლად. ხელებით თეთრეულს ეჭიდებოდა და კანკალებდა ტკივილისგან. ქაძუმი ახტა, წყალი მოარბენინა, მაგრამ საწოლის წინ დაეღვარა.
–იურიკო!
ქალს არ ესმოდა არაფერი. ყმუოდა, იგუდებოდა და ძნელად თუ ადამიანური ტირილიც აღმოხდებოდა. პირველად იყო ასე. აი უკვე რამდენიმე კვირის მანძილზე თავის აწევის ძალაც არ ჰქონდა, ახლა კი საოცარი ძალით იგრიხებოდა.
–იურიკო, გაჩერდი!
ყვიროდა ქაძუმი. ვერაფრით აკავებდა და ხელები დაუჭირა ცოლს, იურიკო კი მაინც არ ჩერდებოდა.
–გაჩერდი!
ტირილი დაიწყო კაცმა. ქალს არაფერი ესმოდა, უგონოდ იყო. მერე კი უცებ დაეგდო საწოლზე. წამით სიჩუმე ჩამოვარდა. ქაძუმი ასე შეშინებული არასოდეს ყოფილა.  უყვიროდა , ანჯღრევდა. ქალის სახეზე საშინელი გამომეტყველება აისახა. დააღო პირი და ხაოდა.
მერე კი თავიდან დაეწყო კრუნჩხვები. ქაძუმი სახეზე აფარებდა ხელებს, თვითონაც პანიკა ეწყებოდა.
–იურიკო!
მთელი  სხეული უცახცახებდა ქალს. ქაძუმიც ცახცახებდა. არაფერი მოსდიოდა თავში, უბრალოდ ტიროდა პირდაღებული და ცოლის სახე ეჭირა.
წვიმდა კოკისპირულად, სახურავს ასკდებოდა.
და წამით ქაძუმის თვალთ დაუბნელდა. უეცრად სიმშვიდე იგრძნო. საშინელი სიმშვიდე.
მერე კი მთელი შიგნეული ასტკივდა. სახეზე  ჩამოუცურა ცოლს ხელები და ყელში მოუჭირა. იურიკოს თვალები გაუდიდდა . ქმარს ველური მზერით უყურებდა, ქაძუმი კი სულ უფრო უჭერდა თითებს. ქალი ბიძგებით ცდილობდა ჰაერის ჩასუნთქვას, ხელები ჩაავლო ქაძუმის ხელებს, მაგრამ მალევე ნელ–ნელა დაუშვა საწოლზე და როდესაც საბოლოოდ მოულბა სხეული, მხოლოდ მაშინ მოაშორა კაცმა ხელები.
***
ტირიფი ტბაში
ხედავს საკუთარ ორეულს.
ვინ დააშორებს მათ?
წვიმა არ შეჩერებულა. ასეთი ძლიერი თქეში დიდი ხანია არ ყოფილა.  ტალღებად ეხეთქებოდა.
ქაძუმი ცოლის საწოლის კიდეზე იჯდა და გაშტერებული უყურებდა იატაკს. საერთოდ არაფერს გრძნობდა. ასე იჯდა გათენებამდე.
ალიონთან ერთად წვიმა შეწყდა. ახლა მხოლოდ ხეებიდანღა წვეთავდა.
ტანაკა სადგურზე მივიდა. რამდენიმე საათში მატარებელს უნდა გამოეარა. ყოველთვის უფრო ადრე მიდიოდა, ჩაის ადუღებდა და შვილის მიერ ქალაქიდან ჩამოტანილ გაზეთებს კითხულობდა. გარდა ამისა, მაგიდის უჯრაში საკე ჰქონდა ყოველთვის. სახლში ვერ აჩერებდა, ცოლს რომ ეპოვა, საშინელ ქოქოლას დააყრიდა.
გზაზე სილუეტი გამოჩნდა. ქაძუმი იყო, ურიკა მიჰქონდა.
„ სად მიდის ნეტა? “ გაიფიქრა ტანაკამ.
ქაძუმი გზიდან სველ ბალახებში გადავიდა. ჯერ კიდევ ბნელოდა, მაგრამ ლურჯი მთა უკვე იბრუნებდა სილურჯეს. ურიკაზე ქალის სხეული იდო.
ახლა ქაძუმის გონება ბურუსში იყო ჩაძირული. მხოლოდ ბალახებს ხედავდა, მიდიოდა და უცებ:
„ საიჰოჯი “
და რაღაც საშინელი იმედგაცრუება დაეუფლა, ისეთი საშინელი, რომ მუცელი აეწვა.
ურიკა დაბლა დატოვა.
იურიკოს სხეული საოცრად მსუბუქი იყო, თუმცა ქაძუმი არც არაფერს გრძნობდა. ტყე ჩუმად იყო. ფოთლები ბრწყინავდნენ.  მზე ამოდიოდა და მწვერვალიც ახლოვდებოდა და როდესაც შორიდან მატარებლის კივილი გაისმა, ქაძუმიმ გვამი ლოდის წინ დადო, მერე კი ახედა და ძალიან ჩუმად თქვა.
„ კამი–სამა, მიიღე ჩემი ცოლი “
ეს იყო ქაძუმის ბოლო ლოცვა.
***
ტანაკა რელსებს ამოწმებდა. საღამოვდებოდა უკვე.
„ ნეტა ქალბატონი იოშიდა როგორ არის “
დღეს სადგურზე უნდა დარჩენილიყო. ამინდების გამო  მატარებლის განრიგი შეცვალეს და ახლა უფრო ადრე უნდა გამოეარა. ძალიან არ უყვარდა ეს დღე, მაგრამ სახლშიც ეზარებოდა მისვლა, ცოლს ეჩხუბა დილით.
„ ავაკითხავ, როგორც კი ამას დავამთავრებ, ან თუ კიდევ არ გადმოწიეს განრიგი “.
–ტანაკა–სან! გაიგო ხმა.
ტანაკა შემოტრიალდა. რელსების იქით ქაძუმი იდგა, ხელში კი გალია ეჭირა.
–იოშიდა სან, ახლა ვფიქრობდი ზუსტად თქვენზე!
გაიცინა ტანაკამ.
–ტანაკა–სან, მატარებელი ხომ არ ჩანს, რომ გადავიდე?
ქაძუმი რელსებს მიშტერებოდა. ტორი გალიაში დახტოდა.
–მოხდა რამე, იოშიდა–სან?
ტანაკამ ფარანი აწია.
ქაძუმიმ ახედა. სრულიად უაზრო მზერა ჰქონდა. მერე კი შეტრიალდა და რელსების გასწვრივ იმ მხარეს წავიდა, საიდანაც კიოტოს მატარებელი უნდა მოსულიყო. ნელ–ნელა ტყის სიბნელეში დაიკარგა მოხუცის სილუეტი. ხეებს ქარმა გადაუარა.
–იოშიდა სან!
იყვირა ტანაკამ სიბნელეში და პასუხი არ მიიღო.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:05:44
და ვერ გავიგე პასუხი ღვთისგან                              #25




...“ავტობუსი გზატკეცილზე მსუბუქად მიჰქოდა და მე ვფიქრობდი:
„ქვეყნიერება  ქაოსური ზენიტის გზაჯვარედინზე დგას. მისი გადმოსახედიდან  ნათლად მოჩანს:  წ ა რ ს უ ლ ი,  ა წ მ ყ ო,  მ ო მ ა ვ ა ლ ი  და  ამ  სამი განზომილების  მსაზღვრელი -  ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი.
ყოველი დრო თავის  გმირსა და იუდას შობს.  წარსულის განსჯა ადვილია, რამეთუ იგი გადაშლილი წიგნია. მომავლისა კი  ძნელი, რადგანაც იგი დახურულია. ქვეყნისა და ერის ბედ - მომავალი  ყოველ  ჩვენთაგანშია. მაშ რა გვიშლის ხელს, რომ ერთ მუშტად ვერ შევიკარით?  ნუთუ არ მობეზრდათ  „მამათა“  და  „შვილთა“  ომი?  არ მეგულება ქართველი, თუ ის სულმთლად ღვთის პირისაგან გადავარდნილი არ არის, საქართველო შვილივით არ უყვარდეს. მერედა  ვუვლით კი მას შვილივით?  დედამიწაზე  ღვთისგან გაჩენილი ყოველი წერტილიც  ულამაზესია, რომელსაც ფეხს ვადგამთ, ვთელავთ…
                თავის მხვრივ ყველა ქართველი უდიდესი პატრიოტია, მაგრამ  მხოლოდ სიტყვებით, ფუჭი დაპირებებით,  საქმე საქმეზე რომ მიდგება, მათი „პათოსი“ უკარკასო ხუხულასავით ინგრევა...
ვინ არიან ისინი, რომლებიც კუთვნილ ბედნიერებას ხელიდან აცლიან  ადამიანებს?  ვინ განაგებს ხალხის ბედს?  ვინ მართავს მასას, ბრბოს, ჭეშმარიტ მოაზროვნეებს?..
                      იერარქიული კიბის  პირველ საფეხურზე    „ნეგატივები“  დგანან,  კიბის თავში კი, „პოზიტივები“.  „ქვე მდგომნი“ მაღლა მიიწევენ, მაღლა მგომთ  გული უსკდებათ იმის შიშით „მწვერვალიდან“ არ ჩამოვარდნენ. ამ ორ „ფენას“ ადამიანთა ბედი კი არ ანაღვლებთ, არამედ ერთმანეთთან  ანგარიშსწორება, სკამი, დიდება.  ყოველი საუკუნე და ყოველი „ზე“ „ქვე“ ფენები ერთსადაიგივე შეცდომებს  იმეორებს ერისა და ქვეყნის წინაშე.  საერთოდ  აქვთ კი ასეთებს ერისა და ქვეყნის დარდი?..
ადამიანებმა, რომლებსაც არსებობა ტანჯვად ექცათ,  ღვთის რწმენაც დაკარგეს. ეკლესიასაც  უნდოდ  ჩაუარეს, რადგან შიგ რომ შევიდნენ, სანთლების დასანთებად გასამეტებელი ზედმეტი გროშები  არ გააჩნიათ, ჰო, ზედმეტი, რამეთუ რაც აქვთ, ლუკმა პურისთვის. ასეთებს  ძალაც კი აღარა აქვთ,  ილოცონ“...
                              ...ამ ფიქრებში გართულმა ვერც კი ვიგრძენი როგორ მივუახლოვდი ჩემს ქალაქს.  „გააჩერეო“,-  უთხრა მძღოლს  გვერდით მჯდომმა  ქალბატონმა, რომლის ხმამ  ფიქრები  გამიფანტა.  გზის მარცხენა მხარეს, ოციოდე მეტრის დაშორებით ხელისგულივით გაშლილ ვაკეზე სამი უზარმაზარი მუხა შევნიშნე. ერთ ბუდეში მოშუშებული ტყუპებივით ვერ გაარჩევდი ერთმანეთისგან. ამ  ცადაწვდილ საოცრებებს უმსხვილესი ტოტები ისე გაეწვდინათ წინ, თითქოს ადამიანის ხელმა  ხელოვნურად მისცა მიმართულება. ტოტები ჰაერში გამოკიდებული  ხიდის  ასოციაციას ქმნიდნენ, რომლებიც ატლანტივით იჭერდნენ ადამიანის ხელით მათ ტოტებზე დადგმულ  ზღაპრულ ქოხს...
ქოხი,  „სამეფო სასახლეს“, რომელიც ყოველგვარი ცხოველების რელიეფით იყო დამშვენებული,  ტოტებისავე  ხიდით უკავშირდებოდა  და  ოთხივე  კუთხით  ჩუქურთმაში ჩასმული აივანი ეკრა გარს.  ეს  საოცრება  კვართივით ხელთუქმნელი  ჩანდა, ბუნებრივად ტოტებისაგან  შექმნილი...  ალბათ  საოცრებაზე მეტიც...  ჩანდა, რომ  ტოტების  ხიდით სასახლეში შედიხარ,  იქედან  კი სასახლის აივანზე  გამოდიხარ...
ავტობუსი დაიძრა და მე დავიყვირე:
„ გთხოვთ გააჩეროთ!“...
„გაჩერებული არ იყო ქალბატონო?“
„მაპატიეთ, უნდა ჩავიდე“...
                                და მე  ავტობუსიდან ჩამოვედი . „ზღაპრულ სასახლეს“  მივადექი...
„მასპინძელო!“,- დავიძახე მოკრძალებულად.  აივანზე  ხანდაზმული ქალი გადმოდგა.  ვინ გინდათო, მკითხა.
„ჟურნალისტი ვარ, თქვენმა  უცნაურმა სახლმა მომხიბლა. შეიძლება დავათვალიერო?“
„ჟურნალისტი? - მასპინძელი ეზოში ჩამოვიდა, სახლში შემიპატიჟა,-  დღემდე არავინ დაინტერესებულა  ჩვენი  რომანტიულობით. ეს „ზღაპარი“ ოცი წლის წინ დაწერა  ჩემმა მეუღლემ და რეალობად აქცია“,- მითხრა  წარმოსადეგმა  ქალბატონმა და „ფანტაზიის“ კარიბჭე გამიღო.
          ... ახლოდან  უფრო დიდი  საოცრება გადაიშალა ჩემს თვალწინ, ანუ ღვთის მიერ შექმნილი სამოთხის ბაღი, რომელშიც ფანტასტიური სასახლე კი არა, თავად პარნასი  არმართულიყო. ამ პარნასზე კი, ის სამი მუხა  აღმოცენებულა მრავალი წლის წინათ.
„შემობრძანდით“,-მითხრა ქალბატონმა და იმ  ოთახში შემიყვანა, სადაც მისი მეუღლე, ასევე საოცრად მომხიბლავი, ჭაღარა მამაკაცი  იჯდა  საოცარ ფორმა-ფიგურებიან მაგიდასთან და ხატავდა. ფეხზე წამოდგა.  ერთმანეთს გავეცანით. ჩემმა ვიზიტმა იმდენად გააოცა,  სიტყვა ვერ იპოვა სათქმელი.
„თქვენ მხატვარი ხართ?“-ვკითხე  დაბნეულობის გასაფანტავად.
„მე  ხელოვნების ყველა დარგისა და ჟანრის მონა ვარ, ისეთივე მონა, ვით სვეტიცხოვლის ამგებნი“.
„საოცრება თავად თქვენ ყოფილხართ“...
„თქვენც“, - მითხრა და დასძინა:- რამეთუ  აქამდე არავის შეუნიშნავს ჩემს მიერ შექმნილი ის მონუმენტური ტილო, რომელსაც სამყაროს სული ჰქვია“.
„ყავას მოგართმევთ“, -ამბობს დიასახლისი და გვტოვებს.
„მინდა აქაურობა დავათვალიერო და სტატია დავწერო თქვენზე, ამის უფლებას მომცემთ?“,-ვკითხე მამაკაცს.
„ჯერ დაათვალიერეთ“, - მითხრა.
                      და მე ვიხილე: ზღვის ფერადი ნიჟარებისა და  კუს ბაქანისაგან  ულამაზესი დიზაინით გაკეთებული ჭაღი.
  წითელგულიანი ურთხმელისაგან  ზღაპრული მაგიდა-სკამები.  ჭილოფისაგან დაწნული  ფარდაგები.  შემოდგომის ფოთლებისაგან  კანაფის ძაფით შეკერილი ფარდები.  იმავ  ურთხმელისგან  „მაღალრელიეფიანი“  საწოლები. მტრედის ბუმბულის ლეიბ-ბალიშები, ფარშევანგის კუდისგან საწოლზე  გადასაფარებლები. წიგის  ორნამენტებიანი თაროები, რომლებზეც  მისივე ხელით შესრულებული ნახატები ეწყო...
და  ამ  უცნაურ პიროვნებას,  თავისებური ხედვით  გამოესახა:  ცნობილ მხატვართა ნამუშევრების ინტერპრეტაცია :  „ ჯვარცმა“,  „მარია მაგდალინელი“,  „იუდა“,  „იულიუს კეისარი“,  „პილატე“,  „მოგვები“  და  ბოლოს, თავისი ინდივიდუალურ-ორიგინალური  ორი სურათი: 
1. საოცრად ჭრელაჭრულაში  გამოწყობილი  „მახარე“,  რომელიც  ამჟამად სევდიანად უმზერს ყველას. 
2. ავტოპორტრეტი... დიდი ტილო, რომელზეც  ასეთი სიუჟეტია:  იგი თავად  დგას მოლბერტის წინ ხელში პალიტრითა და შავ საღებავში ამოვლებული ფუნჯით, რომელიც ხარხარებს „მახარეს“ დუმილზე  და  „ღვთის ცრემლს“  ხატავს...
                    უცნაური სასახლისა და ხელოვანის  სიმდიდრეს წარმოადგენდა:
ხისა და თიხისაგან დამზადებული  ჯამ-ჭურჭელი. კედლებზე  გაკრული გარეული ცხოველების ტყავი თავიანად, რომლებიც ისე გიმზერდნენ სიცოცხლე ჩამქრალი თვალებით, თითქოს  გეკითხებოდნენ“ „ცხოველები ჩვენ ვარ თუ თქვენ, ადამიანები?“
                    ამ სურათმა რატომღაც „უკანასკნელი მოჰიკანი“ გამახსენა. სულს ნოსტალგია ჩაეღვარა. „თითქოს „ გედის სიმღერაც“ შემომესმა და შემაკრთო. მასპინძელი იმავ ულამაზესგულიანი ურთხმელისგან გაკეთებულ ფანჯარასთან იდგა და  მეწამული ზღვის უმშვენიერეს  ხედს გაჰყურებდა. გვერდით დავუდექი. დიდხანს ვუმზირე  უსასრულობას.  ზღვის უნაზესი ჭავლი იმ ადამიანს ჰგავდა, რომელიც გარეგნულად  მალავს  სულიერ ტკივილს და შინაგანად  ალმოდებულ ასკილსა ჰგავს. ამას  თვალთაგან გადმოუღვრელი სულის  სიმტკიცე და ჭირ-ვარამთან ძმობის სიმფონია ჰქვია.
        ქალბატონმა ყავა მოგვართვა.  ნაცვლად ტკბილეულისა, ხურმისა და ვაშლის ჩირი.  ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ ვახერხებთ ხმის ამოღებასა და კითხვის დასმას.  ვგრძნობ მათ სიხარულსა და ბედნიერებას იმის გამო, რომ შენიშნეს მათი მონუმენტალური ტილო სულისა და დაინახეს მათი არსებობის კრედო. მე  მალულად გავაპარე მზერა მამაკაცის ხელებისკენ, რომელმაც  ბუნებას საკუთარ სულში  სარკე ჩაუდგა და  სხვისთვის „უბრალოება“,  უკვდავ ძეგლ-საოცრებად აქცია...
რა ცოტა ჰყოფნის ადამიანის ბედნიერებას და რა დიდი დრო სჭირდება  მიიღო იგი, ან კი საერთოდ ვერ მიიღო ვერასოდეს და „ელიოზივით“ ცარიელ ფაცერს ჩაჰყურებდე წყლის ფსკერისაკენ... იმედით... ამაო იმედით... და მაინც ადამიანური იმედით, რომ უნდა აგისრულდეს, რომ აუცილებლად უნდა იპოვო უპოვარი...
                      გაოგნებულმა დავტოვე  „ზღაპრის სამფლობელო“.  ქალაქს ორი კილომეტრი  მაშორებდა.  ფეხით დავუყევი, რათა ემოციებისა  და ნანახის  სინთეზი  გამეაზრებინა.
„რა ვუწოდო ამ რომანტიკის შემქმნელ ხელებს? განა ყოველი ჩვენთაგანი არ ვისურვებთ  ამ ზრაპარში ცხოვრებას? ვაი რომ  ვისურვებთ“...
              … მოვდიოდი და იმ მუხათა ბედზე ვფიქრობდი, როლებთაც  თავიანთ თანამოძმესავით არ გაუღიმათ ბედმა. როლებმაც  საკუთარ თავზე გამოსცადეს  მეხთა გრგვინვა და ადამიანთაგან ნაჯახის სისასტიკე. რომლებისთვისაც არავის მოუშუშებია დამეხილი გული, პირიქით, მოჭრეს და  საკუთარი სხეულის გასათბობად  ღუმელს შეუკეთეს...
ფიქრი მომეძალა. ნუთუ ერთხელ მაინც დაინტერესებულან  ღვთისა თუ კაცისაგან ბედნაწყალობევი მუხები თავიანთი ჯიშისა და  მოდგმის ბედზე?
              ...ბუნების კანონთან უძლურია ადამიანი, მაგრამ ადამიანური კანონზომიერებანიც ხომ არსებობს?
როცა ერთი იკლავს წყურვილს, ხოლო მეორეს დამშრალი ღარი რჩება ხელში, სწორედ აქ იბადება წყენა უფლისადმი, რამეთუ ყოველთა თანაბრად არ მიანიჭა სურვილის დაოკების ბედნიერება.
ადამიანთ აავადებს სულიერ-ფიზიკურად მიზნის მიუღწევლობა, დაუსრულებელი მოლოდინი,  მქადაგებლისგან ამაო დაპირება ფუჭი  სიტყვებით, რომლებიც რწმენას უკლავს მორწმუნესაც კი...
                    ტაძარს მივაშურე. (ჩემის აზრით) უფალს „შინ“ ვეწვიე, რათა  როგორც ყოველთვის, მისგან გამეგო ჩემში გაჩენილ  კითხვებზე პასუხი.
                  ... მაცხორის ხატტან მივედი, ყოვლისმხილველ თვალებში ჩავხედე და ჩურჩულით ვკითხე:
„ღმერთო,  განა რა  შეუძლია ჯანსაღ სხეულს, თუკი მასში ჯანსაღი სული არ დევს?  სულის გარეშე ხომ სხეული  ტალახის უმძიმესი მასაა?“...
„ ადამიანო! ეს მასა რომ მსუბუქი იყოს, სურვილებს ლაგამი უნდა ამოსდო, უნდა დააოკო ნდომა. სული ჩემგან საჩუქრად გერგოთ, იგი ბროლივით მსხვრევადია, უნდა გაუფრთხილდეთ“.
„მაინც როგორ, უფალო, როცა ამ ბროლითურთ ლუკმა პურის საშოვნელად თავქუდმოგლეჯილი დავეხეტებით?“
„პური და წყალი თქვენშია, მაგრამ უკმარისობის გრძნობა მეტის  სურვილისკენ მიგაქანებთ. პური რწმენაა,  წყალი ლოცვა, ხოლო ნებისყოფა  მარხვა... რომელიმე არის თქვენში  სრულყოფილად?“
„კი უფალო, არის, მაგრამ ამით სიღარიბეს თავი ვერ დავაღწიე. უსახსრობამ ბროლიც დამიმსხვრია და რკინაც მაკვნეტინა. ჩამინერგეს რწმენად, რაც უფალს არ სურს, არ ახდებაო.  მაშ როგორ ვიპოვო ფონი,  როცა მას შენ ეფარები?“
„რასაც ეძიებდე, ჰპოვებდეო“
„ არ არის ეს ჭეშმარიტება უფალო. ვეძებე და ნაცვლად იმისა უპოვნელი მეპოვა, რაც გამაჩნდა ისიც დავკარგე, ანუ რწმენა“.
„გულით არ გწამს და ამიტომ ადამიანო“.
„არა, ეს რომ ასე არ არის, იცი შენ ღმერთო, რადგან ყოვლისმხილველი ბრანძანდები და ყველაფერს ხედავ“.
„ჰო, ვხედავ“...(თითქოს სახე შეეფაკლა უფალს)...
„მერე? მერე რატომ არ ჩაუდგა ფესვებში წყალი ჩემს მუხასაც? რატომ გაუყვითლდა ფოთლები? რით ვუშველო?“
„დროით ადამიანო, დროით. დრო ყველაფერს თავისას მიაგებს“
„მე ხომ მოკვდავი ვარ უფალო.  ჩემი დრო შენგან ნათხოვარ სიცოცხლეში იწურება.“
„უიმედობა სიკვდილია თავად, სიკვდილი იმაზე ადრე, ვიდრე თქვენში ჩემგან  ბოძებული სიცოცხლე ცად ამაღლდება“.
„სიკვდილამდე იმედი და ტანჯვა-წამებით ამაო მოლოდინი რაღაა ღმერთო?!“
„ ? ! „...
და მე  ვერ გავიგე პასუხი ღვთისგან.  . .
                  ... ვერც ის, თუ რატომ იჩაგრებიან ერთნი ღვთის საჩუქრისგან -  ( ანუ სიცოცხლისაგან),-  ხოლო მეორენი ბედნიერების ზენიტზე ასულნი თავად იღუპავენ თავს  მეტის ნდომითა და მართლაც დაუოკებელი  სურვილით...  რაც იგივე „ბაბილონია“. 
                      არა, არავის  ძალუძს „სხვისი ჭირის“ გათავისებ-გაგება ისე, როგორც არ  ძალუძს  ადამიანს  შექმნას უკვდავი ადამიანი. ეს მხოლოდ ყოვლისშემძლეს შეუძლია, რომელიც დუმს და არ ეჩქარება... რატომ  არ ეჩქარება? ჰო, არ ეჩქარება ტანჯვა შეუმსუბუქოს თუნდაც მუხლზე დაცემულ მლოცველს... რწმენა გადაგვარჩენსო, მაგრამ რისი რწმენა შემოგვრჩა ადამიანებს?
სიყვარულის? - არა!. 
მეგობრობის? - არა!
ერთმანეთის გაგებისა და თანაგრძნობის? -  არა და არა!..
უფლის?    - ვაი რომ არც ამისი...
და მაინც ვარსებობთ: უსიყვარულოდ...
                                                    უმეგობროდ...
                                                          უმოყვროდ...
                                                                  უღვთოდ...
„და ეს არსებობაა უფალო?“, - ტაძრის კედელზე გამოსახულ უფლის ხატს ისევ ჩავხედე თვალებში, რომელმაც “მიპასუხა”:
„ამას მე მეკითხები ადამიანო?“ შენ რომ ნახე, იმ  ზღაპრული რომანტიულობის მქონე პიროვნებას სწორედ რომ სული, სული ჰქონდა  ბროლისა და გამჭვირვალე, რომელიც მიზნამდე მიიტანა. განა იმ სასახლეში თვალ-მარგალიტი და ოქრო-ვერცხლი  დაინახე? ...
„ცხოველები შემეცოდა უფალო,  ისინი ისე მიმზერდნენ გაცივებული თვალებით, თითქოს მეუბნებოდნენ: „შენმა  მსგავსმა „ცხოველმა“ იმიტომ მომისწრაფა სიცოცხლე, რომ ჩემი ბეწვითა და თავისი გამბედაობით თავი მოეწონებინაო“.
„სიკვდილი თავად დაიმსახურა ყოველმა ცოხალმა არსებამ“.
„არა,  ეს შენ  დაგვიწესე უფალო და  ამით ადამიანებზე მიცემული პირობა მათი უკვდავებისა, დაარღვიე“.
„უკვდავება მოკვდაობაა“...
„ამას  ადამიანის გონება  ისე ვერ აღიქვამს და ვერ გაითავისებს, როგორადაც შენ ფიქრობ უფალო. ჩვენ სიცოცხლე გვინდა, მარადიული, უჭკნობი, უბერებელი სიცოცხლე, რამეთუ მაშინ  ქრება  ყველაფერი, როცა ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ და რაა საჭიორო ბედნიერებისთვის.  „ გენიოსის გამოჩენა საოცრებას ჰგავს, მეორე მხვრივ კი, არაფერი არის გენიოსის გამოვლინებაზე ბუნებრივი“- ო,  უფალო, ის მხატვარი გენიოსია?  ან ბედნიერი იმით, რაც შექმნა?
„თქვენ, ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთში გენიოსს,  ჭეშმარიტ ადამიანს  ეძებდეთ,  ერთმანეთის ბედნიერებით,  სამშობლოს სიყვარულით,  მამულისადმი თავდადების გრძნობით ხარობდეთ, პირიქით,  ერთმანეთს გულს  უკლავთ.  არადა უკვდავებას, მარადიულ სიცოცხლეს მთხოვთ“.
„უფალო, ადამიანთაგან ნუთუ ერთი მაინც არ არის თქვენი  რჩეული, რომელიც უკვდავი და მარად ჭაბუკი დარჩება?  ნუთუ ჩვენი სიცოცხლე  ის ზღვაა, რომელზედაც  ფეხით დადიხართ?“...
„კადნიერება ადამიანის მოგონილია.  ადამიანის უკვდავება კი, მისივ რწმენაშია“.
„რწმენა ხედვის არეა უფალო. თუ არ დავინახავ, როგორ, რა ვირწმუნო? ის, რომ ბრმად ვენდო 
ხალხის დამაბეჩავებელ დოგმებს არარსებულის შესახებ?. „
„თუ  არ ირწმუნე,რაც უნდა ფართოდ გააღო თვალი, მაინც  ვერ დაინახავ ადამიანო“
„ღმერთს არ ეჩქარება  ყოველს რომ თავისი მიაგოსო.  მართლა არ გეჩქარება უფალო თუ ბედის ანაბარად  გვტოვებ?
„?!“
და ვერ გავიგე პასუხი ღვთისგან...
„შენი დუმილი როგორ ავხსნა  უფალო?“
„რას ითხოვ ადამიანო?“
„კითხვებზე ღვთიურ პასუხს“...
„ გისმენ“...
„უფალო, ადამიანები მაშინ ვირწმუნებთ  აღდგომას, როცა იმ ერთ დღეს მაინც არავინ მოკვდება და აღდგომილს წამით, თუნდაც ლანდად  გიხილავთ,  რომ შენსდამი ყოველ ურწმუნოს რწმენა  გაუჩნდეს. რწმენა და არა შიში, რამეთუ  შიში არ შეიქმს სიყვარულს. სანამდე უნდა  ვთხაროთ  ადამიანებმა სინათლისაკენ გამავალი გვირაბი და  ნაცვლად სინათლისა  გვირაბის ბოლოში,  სამარე  ვიხილოთ?“
„?!“...
„არც ახლა მპასუხობ უფალო?“
„ ჯერ კითხვები არ დაგისრულებია“
„ ღმერთო,  ბოროტმოქმედი, ცრუ მოწმე, როცა  ბიბლიაზე  ხელს  დებს  და ტყუილზე იფიცებს, ის ხელი  მაშინვე რატომ არ ხმება?  ასე რომ ხდებოდეს, ბიბლიისაც ვირწმუნებდით და  ღვთისასაც?“
„მაგრამ შენ ხომ ორივესი გწამს მაინც, შენ რატომ მსაყვედურობ სხვისი ენით?“
„მე ის დედა ვარ, რომელმაც შვილები ვშობე შენთვის, ერისთვის, სამშობლოსთვის და  არა სიკვდილისთვის, არა ტანჯვისთვის, არა ომისა და სისხლისღვრისთვის. მე ისევე მსურს დედამიწაზე „სამოთხე“ როგორც შენ შეგვიქმენი იგი და შენვე ძალგიძს მოგვაქციო ჭეშმარიტ ადამიანებად.  ადამიანები ადამიანებს ნიშნს უგებენ,  ერთმანეთს ეჯიბრებიან მხოლოდ განდიდებასა და გამდიდრებაში, სისხლისღვრასა და ბოროტებაში, სად არის ის გზა, ის  კეთილი ჯადოქარი, რომელიც  ამ ცხოვრების გზაჯვარედინზე შემხვდება და  მიმანიშნებს თუ როგორ გავაკეთილშობილო  ბოროტნი, როგორ  მოვაქციო  თვალთმაქცნი ჭეშმარიტებისაკენ,  ან  რა უნდა გავაკეთოთ  სრულიად ადამიანებმა, რომ  უკვდავება დაგვიბრუნო.  ან იქნებ  აგვიხსნა რისთვის გაგვაჩინე, რაში გჭირდებით ასე გაორებულნი, დაავადებულნი, განადგურებულნი, სულით ხორცამდე ერთმანეთისგან სულში ჩაფურთხებულნი.  ვინ მოიგონა, რატომ გაჩნდა სიტყვა  „ღალატი“, „სიკვდილი“  „ბოროტება“ „სისხლისღვრა“... რად ებრძვის იგი „სიკეთეს“ ჭეშმარიტებას“,  „სიბრძნეს“, რად?!“
„იმას რად არ მეკითხები სიკეთე და სიყვარული ვინ მოიგონაო?“
„მშობელს ავადმყოფი შვილი მიჰყავს მკურნალთან და არა ჯანმრთელი. კარგზეც ხომ არ გისაყვედურებ?“
და  ვერც ახლა  გავიგე პასუხი  ღვთისგან ...
... ბრძენნო!  მეცნიერნო!  ყოველნო  მოკვდვნო წუთისოფლისანნო!  რომელიმეს შეგიძლიათ  ამიხსნათ ვინა ვართ და რა კოდი დევს ჩვენს სიცოცხლეში?.. რა ძალა გვმართავს იმისკენ, რასაც პიროვნული დამოუკიდებლობა და ერთადერთობა ჰქვია?    ასეთი ძალით რატომ სამშობლოს ერთადერთობისა და დამოუკიდებლობისათვის არ ვიბრძვით?  ადამიანითვის ერთადერთი  ბედნიერება  თვით ადამიანი და  სამშობლოა. მაშ რად ვტანჯავთ ერთმანეთს და ერთმანეთის  ტანჯვით ჩვენს სამშობლოს?  განა მისი გული არ  კვდება ჩვენ რომ ერთმანეთს ტყვიას ვესვრით?..
                        ...მირაჟია სიცოცხლე, მირაჟია სიკვდილი, რადგან მათ არსებობასა და გაქრობას ისე ვეგუებით ადამიანები, როგორც დღისა და ღამის მონაცვლეობას.  ჩვენ ერთადერთი სულიერნი ვართ სულიერთა შორის, რომლებიც საკუთარი ხელით ვანადგურებთ ღვთის ბოძებულ მშვენიერებას,-სიცოცხლეს და შემდგომ მივსტირით...
„ჰო, მისტირით და კარგავთ იმას, რაც ჩემია... ჩემია ხორცი თქვენი და სული თქვენი... მე შეგქმენით თქვენ ხატად ჩემად.  თქვენ კი, სახე დამიმახინჯეთ. ლამის მოკვდავ ადამიანად მაქციეთ. რადგან ყოვლისშემძლე ვარ  პირადული ჩემთვის არ არსებობს?  თქვენ ჩემში ხართ, მე კი ვარ თქვენში?  როგორ გგონიათ, ვერ ვგრძნობ ვინ რა სულით შემოდის ტაძარში? ვინ რა სულსა და ხორცს  მალავს ანაფორის ქვეშ? ვინ როგორი რწმენით ლოცულობს?
როგორც მშობელსა და  მაწსავლებელს არაფერი სურს მოზარდისაგან გარდა იმისა, რომ ისწავლიოს და სასახელო გაიზარდოს, მეც არაფერი მინდა თქვენი რწმენა ლოცვისაგან გარდა იმისა, რომ სული განგეწმინდოთ და მამაღმერთთან პირნათელი წარსდგეთ. გინდათ რომ დამინახოთ? განა თქვენს გვერდით არ ვიყავი?  დაგავიწყდათ როგორ მომექეცით? თქვენ ხომ სწორედ ასევე ექცევით ყველა იმას, ვინც თქვენზე ძლიერი და გონიერია? განა რაა ყოვლისშემძლეობა თუ არა გონიერება,  შორსგანჭვრეტა მოვლენათა და დროის გონივბრულად გამოყენება? განა მე მოგიწოდეთ სისხლისღვრისაკენ?“...
„ მაშ ვერძი რაღას ნიშნავდა უფალო?“
„პატივისცემას რწმენისადმი“.
„მაშ რატომ დაკლა იგი აბრამმა?“
„ეს მე არ მითხოვია“
„და არც შეგიჩერებია უფალო“...
„?!“...
„ისევ უპასუხოდ მტოვებთ?“  იცით რამდენი კითხვა არსებობს ერთი ადამიანის ფიქრებში? იმედი, რამდენი ადამიანიცაა დედამიწაზე და ყველაფრის ახსნას ელოდება შენგან  უფალო. შენ კი დუმხარ... დუმხარ და არ გეჩქარება...
ჩვენს  წინაპართ რომ ამოეხსნათ შენი დუმილი  „ბაბილონიც“ კი ააგეს... ამისთვის შერისხე  ისინი და  ენა  აურიე. წეღან თქვით, „გსურდათ  მოკვდავ ადამიანად გექციეთო. თუ ასე ძნელია მოკვდავის  ტვირთი, ჩვენ როგორღა ვზიდოთ?  შენ  სხეული ბარგად  გვიქციე, რომელიც  ჯვარივით, სიზიფეს ლოდივით  გოლგოთაზე  აგვაქვს და ასე მეორდება დღენიადაგ. სული კი, ასეთი მსუბუქი რომაა,  ისე გვამძიმებს,  ლამისაა დაგვაჩოქოს.
                            უფალო, მუხლმოყრილი გევედრები, დაგვიბრუნე ადამიანებს ის ერთი ენა, რომელიც ყოველისათვის  გასაგები იყო და ჩვენ,  არა ბაბილონს, სიყვარულსა და მეგობრობას ავაგებთ ცათა შინა და დედამიწასა ზედა.
დაგვიბრუნე, რომ ხესაც და ქვასაც, ნამსაც და ნამქერსაც, სულიერსაც და უსულოსაც  სულში ჩავხედოთ...
ეს ერთხელ  გამოგვცადე და მერე... მერე,  რაც ეხლა  ვართ იმადვე დაგვტოვე, რადგან უარესი სასჯელი კაცთა, აღარაფერი მეგულება“…
და ვერ გავიგე პასუხი ღვთისგან,
მაგრამ  ორიოდ წუთში  შორიდან მომესმა:
„იყოს  სურვილი შენი, ნება უფლისა!..
და მე მეგონა ეს იყო  ჩემი გულიდან  ამოძახილი ხმა იმ ენაზე, რომელიც კაცობრიობას ერთნაირად ესმოდა...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:06:29
საით წავიდა ლოლა?                                              #26




- როგორ მიხარია, ასეთს რომ გხედავ. - ჰენრი ზურგიდან მომეხვია.
- ასეთს, როგორს? - გამეღიმა.
ღია ფანჯარასთან ვზივარ. დაბერილი ნესტოებით შემოდგომის სურნელოვან ჰაერს დიდ ულუფებად „ვყლაპავ“, თან ჰენრის რიტმულად ვკოცნი მაჯაზე, ყოველი ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისას.
მგონია ჰენრი ჩემთან ერთად დაიბადა და თავიდანვე ისევე ბუნებრივად ჩემი იყო, როგორც, ვთქვათ, ჩემი ხმაა. წარსული საერთოდ არ მახსოვს, - როგორ გავიცანი, რა თავგადასავლები გვქონდა?.. ყოველთვის ვარსებობდი მხოლოდ აწმყოში, - ახლა, ამ წამს, და თუ ვარ მე, ესე იგი, არის ჰენრიც.
ჰენრის, სინამდვილეში, ვიქტორი ჰქვია. სახელი რომ გადავარქვი, მგონი, მხოლოდ ეს მახსოვს საკუთარი წარსულიდან. ჩემი დაკვირვებით, სახელები გავლენას ახდენენ ადამიანის გარეგნობაზე. სანამ ჰენრის ვიქტორი ერქვა, მაშინ მხოლოდ მიყვარდა. ახლა მომწონს კიდეც.
- მშვიდი დილაა, კარგ განწყობაზე ვარ. - ლოყა ხელისგულზე გავუხახუნე. კოცნა შევწყვიტე, სუნთქვა - არა.
- მიხარია, ძალიან მიხარია. - მკლავზე ხელი მომითათუნა. დიდი და თბილი ხელები აქვს. ზოგჯერ უცნაური შეგრძნება მეუფლება, თითქოს ჰენრის ხელები და თვალები მხოლოდ სხეულის ნაწილები კი არა, დამოუკიდებელი პიროვნებებია. ჰენრი - ეს მისი თვალებისა და ხელების ერთობლიობაა. მიყვარს ჰენრი. ერთიანობაშიც და ცალ-ცალკეც.
- სანამ მიხაილოვნა კატლეტს შეწვავს, წავალ, ტელევიზორს ჩავრთავ. არაფერზე იფიქრო და არ მოიწყინო. შემპირდი, რომ არ მოიწყენ. - თავზე მაკოცა, სავარძელს შემოუარა, ჩემ წინ, ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა და გამიღიმა.
ნიავმა ჯერ გამხმარი ფოთლები ააფარფატა ჰენრის ზურგს უკან, მერე ოქროსფერ ფოთლებნაქარგი ფარდა ააფრიალა, თან ერთი ხმელი ფოთოლი ოთახში შემოგვიგდო, ბზრიალით ჩამოსვა ჩვენს ფეხებთან.
გავიფიქრე, თუ ჰენრი ჩემზე ადრე მოკვდება, ამ კადრით გავიხსენებ ხოლმე: ფოთლებისა და ფარდის ფარფატში ჰენრის უძრავი, ოდნავ დაშვებული მხრები. ერთმანეთში ჩახვეული მეტყველი ხელები და დიდი, თბილი თვალები. რაც დრო გადის, მის მზისფერობამდე ღია თაფლისფერ თვალებს ხმელი ფოთლის ფერი ედება. მზისფერი თვალებიდან თოვლისფერი თმებისკენ მიჰყავს დროს. შემოდგომაა ახლა ჰენრიში.
- არ მოვიწყენ, გპირდები. - გავუღიმე.
ადგა, იატაკიდან ფოთოლი აიღო, ნაწნავში ჩამიბნია.
- ამას გიტოვებ. იცოდე, თუ სიტყვას გატეხ, აუცილებლად მეტყვის. - საჩვენებელი  თითი ცხვირის წვერზე ჩამომისვა.
ჰენრი გავიდა. ქარი ჩადგა. მე ისევ ვზივარ...
ღია ფანჯრიდან მობუზული ადამიანების წყება მოჩანს. მხრებ და ყურებჩამოყრილები მიდიან, საფიქრალს ზურგით მიათრევენ.
„ჩემი ცხოვრება ნაცრისფერია...“ - ტელევიზორში ცნობილი შოუს უცნობი სტუმარი მოსთქვამს.
გავიფიქრე, - ადამიანები, რომლებსაც ფანჯრიდან ვხედავდი, ალბათ, ძალიან ჰგავდნენ ადამიანს, რომელსაც ჰენრი ტელევიზორში უყურებდა. კაცმა რომ თქვას, მე, ჰენრი და დედაც, დიდად არ განვსხვავდებოდით ამ ერთმანეთის მსგავსი ადამიანებისგან.
ამოვიოხრე. როგორ გინდა, ამ განწყობით პირობა შეასრულო?..
იმ ვიღაც(ებ)ის ცხოვრებისფერი პლედი მოვიხურე. გრილოდა.

***
ლოლას ფანჯრიდანაც ასეთივე სევდისმომგვრელი ხედი იშლებოდა. მაღალ, მოწყენილ შენობას ტანზე დაყრილი ალერგიასავით ადგილ-ადგილ აჩნდა ამძვრალი ბათქაში. შენობის წინ ირიბად გადახრილ ხეს ძელსკამზე შემოელაგებინა ტოტები. მძიმე ჩანთებით დატვირთულ, დაღლილ ქალს ჰგავდა, - წუთით რომ ჩამოჯდა სულის მოსათქმელად. ხეს ვერ ამჩნევდნენ ფიქრში გართული, მობუზული ადამიანები, მიწას ჩასჩერებოდნენ. ყველა თავისას ფიქრობდა.

პატარა ვიყავი, ლოლას სახლის კარს შიშით რომ მივაწექი. ეს ჩემი პირველი საიდუმლო იყო...
ბებო მაფრთხილებდა, ჩვენი კორპუსის ბოლო სადარბაზოს მოვრიდებოდი, რადგან იქ, მესამე სართულზე გიჟი ლოლა ცხოვრობდა. ამ სადარბაზოსთან გავლას მართლაც ყველა ერიდებოდა. მესამე სართულის ფანჯრიდან ხომ ხან თეფშები მოფრინავდნენ, ხან ჭიქები, ხანაც ხილი...
ბებომ მშვენივრად იცოდა - ბავშვები იქით არასდროს მივდიოდით სათამაშოდ, მაგრამ დევიზს - ,,სიფრთხილეს თავი არ სტკივა” - არ ღალატობდა. ჩვევად ექცა, ყოველდღე დაუზარელად, ერთგვარი წამღერებითაც კი მიმეორებდა:
- სტასიიი... იცოდე, ბოლო სადარბაზოში შესვლა კატეგორიულად გეკრძალებააა!..
საბოლოოდ იმას მიაღწია, რომ ,,აკრძალული ხილის დაგემოვნების” დაუძლეველი სურვილი გამიჩნდა.
ერთხელაც, ვერ მოვერიე დაუოკებელ ინტერესს, რომელმაც ჩემში ჩაბუდებულ შიშსაც კი სძლია...

ერთ საღამოს, ბებომ პურის საყიდლად გამგზავნა. ქუჩაში გამოვედი თუ არა, მარცხნივ გავუხვიე. პურის მაღაზია მარჯვნივ იყო.
მომეჩვენა, თითქოს ამ სადარბაზოში ნესტის სუნი გაცილებით მძაფრად იდგა, ვიდრე ჩვენსაში. ლიფტის თავზე ჩამოკონწიალებული დამტვერილი ნათურა, როგორღაც, ნერვიულად ციმციმებდა. ინთებოდა-ქრებოდა. ინთებოდა-ქრებოდა... ჩვენი მეზობლის დაკლული მამალი გამახსენდა, დაცალკავებული თავი და ტანი საზარლად რომ უფართხალებდა. რიგრიგობით ფეთქავდნენ: თავი-ტანი, თავი-ტანი... დავიზაფრე.
უცებ, - ტკაც! - და ჩამობნელდა.
- ააა!.. - წამოვიკივლე და პირზე ხელი ავიფარე. იმის ნაცვლად, რომ გარეთ გავვარდნილიყავი, გიჟივით ავირბინე კიბის საფეხურები. თან გულში სართულებს ვითვლიდი: ერთი... ორი... სამი...
სახლის კარი ოდნავ შეღებული დაეტოვებინათ. რაღაც ძალა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, მიხმობდა, შიგნით მექაჩებოდა. კარს ვუყურებდი, თან შიშისგან ვკანკალებდი. ცალკე ლოლასთან შეხვედრის მეშინოდა და ცალკე იმის, რომ ჩემი ლამის საგულედან ამომხტარი გულის ბაგა-ბუგი ბებიაჩემის ყურამდე მიაღწევდა. ისიც ფანჯარას გამოაღებდა და გაბრაზებული  დამიძახებდა:
- სტააა-სიიიიიი!..
მოჯადოებულივით ვიდექი ლოლას სახლის ზღურბლთან. ვნატრობდი, შიგნიდან ვინმეს კარი მიეჯახუნებინა, ჩაერაზა და ჩემთვის დაეყვირა, - აქურობას მოსწყდი, შე წვლინტიანოო! მხოლოდ ასე თუ შევძლებდი ამ საშინელ ადგილს მოვშორებოდი და მისკენ აღარასდროს გამომეხედა.
სახლიდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. კარი კი კვლავ მაცდურად იყო შეღებული...
ზღურბლს გადავაბიჯე, სიბნელეში სამიოდე ნაბიჯი გადავდგი და კედელს ავეკარი. არ ვიცი როგორ მოხდა, უცებ საკუთარი თავი წინიდან შევათვალიერე.
,,მოვკვდი, სული ვარ.“ - გავიფიქრე. ხელის თითები გაუბედავად ავამოძრავე, თავი მივატრიალ-მოვატრიალე.
„მკვდარი ვერ შევძლებდი“.  - თავი დვიმშვიდე, მაგრამ უბედურება ის იყო, მხოლოდ თითების ამოძრავება კი არა, მათი დანახვაც შემეძლო ისე, რომ ქვევით კი არა (ხელები ჩამოშვებული მქონდა), პირდაპირ მეყურა. გაუბედავად გავიწოდე ხელი ჩემკენ. რაღაც ცივს შევეხე. შიშისგან ტუჩი მოვიკვნიტე. უცებ გონება გამინათდა, - ჩემს პირდაპირ სარკე ეკიდა. ამ ამბავმა ისე გამახარა, ლამის ტაში შემოვკარი. ფეხაკრებით გავყევი ვიწრო, ბნელ დერეფანს, რომელმაც ოთახამდე მიმიყვანა.  ოთახში ნათურა არ ენთო, მაგრამ ისე არ ბნელოდა, როგორც დერეფანში. სარკმლის გისოსებს წრეებად დაეჭრათ მთვარის შუქი - ჭიამაიასავით დაკოპლილიყო სინათლით იატაკი. ისეთი ლამაზი იყო, თითქოს ზღაპარში შევაბიჯე. მე კი გულის სიღრმეში ობობის ქსელებს და ღამურებს ველოდი... შვებით ამოვისუნთქე. როგორც ჩანს, - ხმამაღლა... რაღაც შეირხა. დამფრთხალმა მხედველობა დავძაბე. ის იყო - ლოლა! ჩემკენ ზურგით იჯდა. თმას იწნავდა. არ შემოტრიალებულა. ხელით მანიშნა, მისგან მოშორებით მდგარ პატარა სკამზე ჩამოვმჯდარიყავი. დაძაბული ჩამოვჯექი. ხელები ისე მაგრად მოვმუჭე, ხელისგულებში ფრჩხილების ჩასობა ვიგრძენი. თავდახრილი, ქვემოდან მალულად ამოვცქეროდი. ლამაზი იყო. მის დახვეწილ პროფილში ვერც გაოცება ამოვიკითხე, ვერც გაბრაზება. მე, უცხო ბავშვი, მის ოთახში ვიჯექი. ნერვიულად ვძიძგნიდი ბებოს შეკერილი კაბის არშიას და მის უგრძელეს ნაწნავს თვალს ვერ ვაცილებდი. მას კი არაფერი გაკვირვებია, არაფერი უკითხავს, თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო.
- მთვარე ყოველთვის ნამგალა იბადება. მერე ადამიანები ჩვენს ფიქრს, დარდს, სევდას ვუგზავნით. ისიც იბერება, იბერება... ჩვენი სევდით ივსება... სავსემთვარეობაა ამაღამ...
თქვა და გამაცია. კუდიანებისა და მთვარის კავშირზე თითქოს რაღაც ვიცოდი, ბუნდოვნად მახსოვდა. წარმოვიდგინე, რომ ეს მშვიდი ქალი უცებ კუდიან დედაბრად გადაიქცა, მომვარდა, თმაში ხელი ჩამავლო და მთვარისკენ გამაქროლა. გულგახეთქილი წამოვხტი და სირბილით გამოვვარდი ჯერ ოთახიდან, მერე სახლიდან, სართულიდან, სადარბაზოდან...
მეგონა, იმდენი ხანი გავიდა, სადაცაა გათენდებოდა, მაგრამ გარეთ ყველაფერი ისე დამხვდა, თითქოს აქ რამდენიმე წუთის წინ ვიყავი. განათებულ მაგიდასთან კაცები ისევ ნარდს თამაშობდნენ, თან რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. მეზობლის ქალი ისევ ბაფთიან ძაღლს ასეირნებდა. ვიღაც პიანინოზე ,,ძაღლების ვალსს” უკრავდა. მოკლედ, ყველაფერი ძველებურად იყო. შვებით ამოვისუნთქე. უცებ, ჩემი საქციელის შემრცხვა. რას იფიქრებდა ლოლა? ქალი მშვიდად იჯდა, თმას იწნავდა. მე კიდევ ნამდვილი შეშლილივით მოვიქეცი - გამოვიქეცი.
პური ვიყიდე. რატომღაც ამაყად შევედი ჩემს გაჩახჩახებულ სადარბაზოში, სართულზე, სახლში, ოთახში.
- გამაგიჟებ შენ მე, - მკაცრად მითხრა ბებომ, - რა გარბენინებდა? როგორ გაოფლილხარ!

იმ დღის შემდეგ ლოლასთან სტუმრობა ჩვეულებად მექცა. როგორც კი საშუალება მომეცემოდა, მის სადარბაზოში შევრბოდი.
- თმა ადამიანის სულია. გაშლილი თმით მხოლოდ თავისუფალი ადამიანები დადიან. მე  ვიწნავ, - მითხრა ლოლამ ერთ-ერთი სტუმრობისას. უფრო სწორად, კი არ მითხრა, - თქვა. ჩემკენ არც მაშინ გამოუხედავს.
შემდეგი მისვლისთვის ბებოს დავაწნევინე. ძალიან მინდოდა, ლოლას შეენიშნა. რამდენჯერმე ჩემი პატარა თოჯინაც კი ,,დამივარდა.” არ გასჭრა - არ გამოუხედავს. ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. ის ფანჯარას მისჩერებოდა, მე - მას. ორივენი საკუთარ ნაწნავს ვაწვალებდით. მერე ავდექი, სანამ ოთახიდან გავიდოდი, თავი გააქნია, ღრმად ამოისუნთქა და თქვა:
- ნუ შეეჩვევი... ყველა ნაწნავი თოკია...
ყოველთვის მშვიდად, აუჩქარებლად საუბრობდა. ზოგჯერ ვერ ვუსმენდი. მის მუდამ ჰორიზონტს მიჯაჭვულ ხავსისფერ თვალებს მივჩერებოდი და შავ წინწკლებს ვუთვლიდი. სუნთქვისშემკვრელი, დამაბნეველ-გამაბრუებელი თვალები ჰქონდა: მუქმწვანე გარსზე ჭორფლივით ეყარა შავი წერტილები. გამოგხედავდა და თითქოს ათ-ათი გუგით გათვალიერებდა. ბრრრ!.. კიდევ კარგი, თითქმის არასდროს მიყურებდა.
გატრუნული ვისმენდი მის მონათხრობს. ეს ამბები ისევე ბუნებრივად და მარტივად შემოდიოდნენ ჩემში, როგორც სუნთქვისას ფილტვებში ჰაერი. ოღონდ ჰაერივით იოლად ვეღარ ,,ამოვისუნთქავდი” ხოლმე. მრჩებოდნენ, ილექებოდნენ, და თუ რომელიმე აღარ მახსოვდა, არა იმიტომ, რომ დავივიწყე, უბრალოდ, სხვა ამბების სქელი ფენის ქვეშ იყვნენ მოყოლილები.
გაგონილი მქონდა, რომ ლოლა დედასთან და ქმართან ერთად ცხოვრობდა, მაგრამ მე ისინი არასდროს მინახავს. მახსოვს მხოლოდ ლოლას პროფილი ღია ფანჯარასთან, რომლიდანაც მუდამ ერთი და იგივე მოსაწყენი ხედი მოჩანდა. მახსოვს ჩემი ერთმანეთზე მიტყუპული რეიტუზიანი მუხლები და ამ მუხლებზე მუშტად მოკუმული ჩემივე ხელები.
კითხვებს არასოდეს ვუსვამდი. როგორ გავბედავდი?! რასაც მიყვებოდა, იმით ვკმაყოფილდებოდი. ოღონდ კი რამე მოეთხრო... ერთხელ, მხოლოდ ერთადერთხელ გავბედე მეკითხა. გამშრალი, ერთმანეთს მიწებებული ტუჩები ძლივს ავახლიჩე ერთმანეთს, შედედებული ნერწყვი გაჭირვებით გადავყლაპე და თვითონაც ვერ ვიცანი საკუთარი ხმა:
- და... ქმარი?
- ჰო, ქმარი... - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა წელში მოკაკვულ ხეს, ან იქნებ შენობას, ხის უკან და სკამის საზურგეს მხრებით მიაწვა. სავარძელი ზანტად ამოძრავდა: წინ... და უკან... წინ... და უკან... საათის წიკწიკს ჰგავდა, უფრო სწორად, - ძველებური დიდი კედლის საათის ქანქარის მოძრაობას. აქამდე არასდროს შემინიშნავს, რომ ლოლა სარწეველა სავარძელში იჯდა. მიჩვეული ვიყავი, ამ ოთახში ყველაფერი გაქვავებული უნდა ყოფილიყო, - სულიერიც და უსულოც. თუმცა ,,უსულო” მხოლოდ პირობითი სიტყვა იყო ლოლას ოთახში...
- ჰო, ქმარი... - გაიმეორა და თვალები დახუჭა. სავარძელი გაჩერდა. აღარც ლოლას ფერმკრთალი ტუჩები მოძრაობდნენ. წამით ისევ მოჯადოებულივით გაშეშდა ირვლივ ყველაფერი. უცნაური გრძნობა დამეუფლა, - თითქოს რეალურ ქალს კი არა, ნახატს მივჩერებოდი.
- სულ თავიდან ძალიან მეშინოდა, - ტუჩები თითქოს არც შერხევია, ისე დაიწყო თხრობა. - მისი კი არა... ხომ ხვდები... როცა პირველად ერთ საწოლში დავწექით...
იმის მისახვედრად, თუ რა იგულისხმა, ძალიან პატარა ვიყავი, მაგრამ იმდენად მომეწონა მისი ,,ხომ ხვდები”, რომ თავი დავუქნიე. მთელ ჩემს წარმოსახვის უნარს, ფანტაზიას მოვუხმე, შევეცადე ლოლა სავარძელში მჯდომი კი არა, ლოგინში მწოლიარე წარმომედგინა, თანაც მამაკაცთან ერთად. არაფერი გამომივიდა.
- ...სანამ დავწვებოდით, შარვლიდან ქამარი გამოიძრო და ძირს მიაგდო. არ დაუნახავს, როგორ დაიკლაკნა მისი ქამარი, დაისისინა და სადღაც შესრიალდა... მერე ღილები გაიხსნა და მისი შარვლიდან ჩიტები ამოფრთხიალდნენ. შავ, პრიალა ფრთებს ერთმანეთს უხახუნებდნენ და გამაყრუებლად ჟივჟივებდნენ. ათი ჩიტი მაინც იქნებოდა, შესაძლოა, ოციც...
გაჩუმდა. რამდენიმე წამით ისევ ნახატად იქცა. უცებ ძალიან შემეშინდა. აი, ჩაძინებულ ბებოს რომ ასე უძრავს ვხედავდი ხოლმე, მაშინაც ყოველთვის მეშინოდა. მეგონა - მოკვდა. მერე ჩავახველებდი ხოლმე, რომ გაღვიძებოდა. ლოლასთან ჩახველებას რას გავბედავდი?.. ის იყო წამოდგომა და გაპარვა დავაპირე, ამოიოხრა და თქვა:
- ვინ იცის, იქნებ ოცდახუთიც... შენ რას იზამდი, ჩემს ადგილას, პატარა?..
- სტასი. ანასტასია მქვია, მაგრამ ბებო სტასის მეძახის. - მივაყარე. აქამდე არ დავფიქრებულვარ იმაზე, რომ ლოლასთვის სახელი არ მითქვამს. რატომღაც მეგონა, ისედაც უნდა სცოდნოდა. იმდენად ჩუმად ვსაუბრობდით, თითქოს ხმას კი არ ვიღებდით, ტელეპათიურად გადავცემდით ერთმანეთს სათქმელს.
- ჰო, კარგი სახელია სტასი.
მეც ძალიან მომწონდა ,,სტასი”, აბა ,,ლოლა” რა სახელია?..
- საინტერესო ბებო გყოლია... - თქვა და ,,ათივე გუგით” შემომხედა. გამაცია.
- ყოველთვის მინდოდა, სხვებივით მეც მყოლოდა ბებია. ეს ჩემი ბავშვობის აუხდენელი ოცნებაა... ჰოდა, შენ რას იზამდი ჩემს ადგილას, სტასი?
ძალიან დავიბენი. ამდენი ხნის განმავლობაში ლოლამ პირველად შემომხედა თვალებში, თან ჩემი სახელითაც დაინტერესდა. ბებიაჩემის ხსენებისას კი გულმა ისეთივე ბაგა-ბუგი ატეხა, როგორც მაშინ, ლოლას სახლის კარს პირველად რომ მივადექი. ძალიან დამაბნეველი შეკითხვა იყო:
,,შენ რას იზამდი ჩემს ადგილას, სტასი?”
მხრები ავიჩეჩე. ლოლა აღარ მიყურებდა. ისევ ჩემთვის უცნობ, შორეულ სამყაროს გაუშტერა თვალი და თხრობა განაგრძო.
- არ მინდოდა ჩემში ჩიტი ჩასახულიყო... არ მინდოდა ჩიტები მეშვა, ვერ ვიქნებოდი კარგი დედა. თან კერტებს ბასრი ნისკარტით დამიკენკავდნენ... არაფერი მიგრძვნია და დამინახავს. მხოლოდ ჩიტების გამაყრუებელი ჟივჟივი მესმოდა. თვალები დახუჭული მქონდა. თან ისე ძლიერად, რომ ქუთუთოებიდან სისხლი მდიოდა. მეშინოდა, სისხლის სუნზე დაგეშილებს, ჩემთვის თვალები არ ამოეკორტნათ და სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, უფრო ძლიერად დავხუჭე... როცა გავახილე, ჟივჟივი ჯერ ისევ მესმოდა, ოღონდ ჩიტებს ვეღარ ვხედავდი. იყო მხოლოდ თვალისმომჭრელი ნათება. ჩემი ქმრის თვალები ანათებდნენ. მიღიმოდა, თან შარვალს იკრავდა. შეიკრა და ჟივჟივიც შეწყდა... არ მინდოდა ჩიტები მეშვა... რა უნდა მექნა? ავდექი და, მუცელი სამართებლით დავისერე.

***
წყლის დასალევად ვდგები. ჰენრის ჩემი ქოშების წკაპუნი ესმის და შემოდის.
- სად მიდიხარ, საყვარელო?
- დედამიწას უნდა შემოვუარო ფეხით. უფრო სწორად, შენი ნაყიდი კაკუნა ქოშებით შემოვუკაკუნო. - ვხუმრობსავით.
მკლავებს წელზე ვხვევ, თავს მკერდზე ვადებ, თვალდახუჭული ვეხუტები. თავზე მკოცნის.
- წყალს დავლევ და მოვალ. - თვალდახუჭულივე ვეუბნები, თან ადგილიდან არ ვიძვრი. ჰენრისთან ჩახუტება ერთგვარი თერაპიაა. მამშვიდებს, მთენთავს, მავსებს.
- კი მაგრამ, ქმარი რისთვის გყავს? - თავს ჩემი მკლავებისგან ითავისუფლებს.
- იმისთვის, რომ წყალი მომიტანოს.
გვეცინება. ლოყაზე მკოცნის და სამზარეულოსკენ მიდის.
ჩემს ადგილს ვუბრუნდები. ხეს ვათვალიერებ, აღარცერთი ფოთოლი აღარ შერჩენია. იქნებ, სულ ბოლო ესაა, ჰენრიმ მეთვალყურედ რომ მომიჩინა... ხის ტოტზე წვიმისგან დამბალი, გათხელებული, წკიპზე შეკავებული თოკი კონწიალობს. მარყუჟივითაა გამონასკვული. არა მგონია, ვინმეს სუიციდური მიზნებისთვის ჩამოეკიდა. ყოველ შემთხვევაში, მასში თავის გაყოფის მსურველი არასდროს დამინახავს. ალბათ ბავშვებმა იმაიმუნეს. უცნაურად ერთობიან ახლანდელი ბავშვები...
წლებია, ვაკვირდები. გაზაფხულობით, მარყუჟი თითქოს უხერხულად ტოკავს კვირტებამოყრილ ტოტებს შორის. ზაფხულში ფოთლებში იმალება. ზამთარში - არ ვიცი, ფანჯრიდან არ ვიყურები ხოლმე... აი, შემოდგომით კი მთელი თავისი სისასტიკით მოსჩანს. მე ხატოვნად ვფიქრობ, რომ ეს ბებერი მარყუჟი ნიშნისმოგებით გადმოჰყურებს ჩამოცვენილ ფოთლებს და რომ ფოთოლცვენა მისი გამარჯვებაა.
სულელური ჩვევა მაქვს. ვთქვათ, ხილს მივირთმევ, კურკას დიდი მონდომებით ვუმიზნებ ამ მარყუჟს. ჩაფიქრებული მაქვს, თუ შიგ გავატარებ, მე და ჰენრი ბედნიერები ვიქნებით. ჯერჯერობით არ გამომდის.
ჰენრის წყალი მოაქვს. სველი ჭიქის ძირს ხელისგულით ამშრალებს და მაწვდის. სანამ ვსვამ, თავის თბილი, სევდიანი თვალებით მომჩერებია.
- მისტერ ჰენრი, თქვენ თქვენი ქმრული ვალი უკვე მოიხადეთ. ასე რომ, შეგიძლიათ ტელევიზორს მიუბრუნდეთ. - დედოფლური ჟესტით კარებისკენ ვუთითებ, თან სმას განვაგრძობ.
- არა, დაგელოდები, ჭიქას წავიღებ. მსიამოვნებს იმის ყურება, ყოველი ყლუპის შემდეგ თვალებს როგორ ნაბავ.
ჭიქას რაფაზე ვდებ, ჰენრი იღებს.
- იდოს, იქნებ ისევ მომწყურდეს.
- ისევ მოგიტან, რა პრობლემაა. მე ხომ ქმარი ვარ...
მერე რა, რომ მიზანში მსროლელად არ ვვარგივარ, მთავარია, ჰენრი ჩემი ქმარია.
პლედში ვეხვევი. ვფიქრობ, ჩემს ,,დედამიწას შემოვუკაკუნოზე“  წესით, რამე უნდა ეპასუხა ჰენრის, თუნდაც ასეთი: ,,აზრი არ აქვს, მაინც არ გაგიღებენ, სახლში არ არიან“.
ეს ქოშები ჰენრიმ რომელიღაც დღესასწაულზე მაჩუქა. ზუსტად არ მახსოვს, - დაბადების დღესთან, პირველი თოვლის მოსვლასთან თუ რაგბიში რუსეთის ნაკრებთან საქართველოს გამარჯვებასთან დაკავშირებით. რა მნიშვნელობა აქვს... ამ ამბავში მთავარი ესაა: ჰენრიმ მთელი ქალაქი მოიარა, რომ მაინცდამაინც ხმაურიანი ჩუსტებით დავესაჩუქრებინე. ჩემი რეაქცია არ მახსოვს, დედასი კი დამამახსოვრდა. ამ არცთუ ძვირფასი კაკუნა ქოშებით გულწრფელად აღფრთოვანდა.
- რა კარგად მოგიფიქრებია, შვილო. - ისეთი მადლიერებით უთხრა ჰენრის, დავეჭვდი, ქოშის ცერებზე დასკუპებული ოქროსფერი პეპლები მართლა ოქროსები ხომ არ არიან-მეთქი.
ხმაურიან ქოშებს ვიხდი. გრძელ ფეხებს განიერი კაბის ქვეშ უხმაუროდ ვიკეცავ. მთბილა.
***
იმ დღეს ლოლას სახლის კარი ჩვეულებრივზე მეტად დამხვდა შეღებული. მომესმა, თითქოს, სახლის სიღრმეში მამაკაცმა ჩაახველა. დავიძაბე. უკან გაბრუნებაც კი დავაპირე, მაგრამ ეს სახლი ხომ უხილავი ძალით მიზიდავდა, მიხმობდა?! გამბედაობა მოვიკრიბე და ზღურბლს ფრთხილად გადავაბიჯე. მივაყურადე. სასტუმრო ოთახიდან ქალისა და მამაკაცის ჩურჩული ისმოდა. შევკრთი, ნაცნობი ოთახისკენ აჩქარებული ნაბიჯით გავემართე. ფეხი შევდგი თუ არა, ვიგრძენი - რაღაც ისე არ იყო.
ძირს პლედი ეგდო. ავიღე და ლოლას მივაწოდე. ხელი გავიწოდე და უცებ დენდარტყმულივით განზე გავხტი. პლედი ისევ იქ დავარდა, საიდანაც ავიღე. სავარძელი გულდასმით შევათვალიერე. ერთი პირობა ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა. რაიმე არარსებულს კი არ ვხედავდი, პირიქით, შესაძლოა, არსებულს ვერ ვხედავდი. სავარძელში ლოლა არ იჯდა. მხოლოდ მისი ფეხსაცმელი ეწყო. თითქოს სავარძელზე შედგა და გაქრა.
„გიჟია, კუდიანია“, - ყურში ბებოს ხმა ჩამესმა.
„სავსემთვარეობაა ამაღამ“. - გამახსენდა ლოლას სიტყვები.
- გიჟია, კუდიანია!.. სავსემთვარეობაა ამაღამ... გიჟია!.. სავსემთვარეობაა... კუდიანია!.. - კედლები ბუტბუტით დაიძვრნენ ჩემკენ. ნაცრისფერი პლედი უზარაზარი ცხოველის კუდივით ეგდო ჩემს ფეხებთან. უცებ ხელ-ფეხი დამიბუჟდა, გამეყინა და მზე ჩამექცა თავში.
***
ქარმა ფანჯარა მსუბუქად მიაჯახა კედელს.
- კარგად ხარ, საყვარელო? - გამომძახა ჰენრიმ მეორე ოთახიდან.
ამინდი მკვეთრად შეიცვალა. ფოთლები გიგანტური მოლეკულებივით ქაოტურად მოძრაობენ ჰაერში, ერთმანეთში ირევიან და ბევრდებიან. მტვერი თითქოს მიწიდან კი არ აიშალა, თოვლივით წამოვიდა მაღლიდან. ჰაერი ჩამუქდა. ფანჯრის გადაღმა სამყაროში ადამიანები შეჩოჩქოლდნენ. თვალმოჭუტულ ქალებს თმები და კაბები უფრიალებთ. კაცები ლაბადების საყელოში მალავენ აფრიალებული კაბებისთვის ვერშევლებულ მზერას. ელვა და ქუხილი ჯერ არაა. სამაგიეროდ, ვხედავ, როგორ გარბიან ქალები, როგორ ეფარებიან თვალს და როცა უკვე აღარ ჩანან, მაშინღა აღწევს ჩემამდე მათი ფეხსაცმლის წკაპუნის ხმა. ვერაფრით იფიქრებ, რომ ეს მღელვარე დღე იმ მშვიდი დილის გაგრძელებაა.
ქარმა ერთხელ კიდევ მოაჯახუნა ფანჯარა. ფარდა აფრიალდა. ქუჩამ და ოთახმა ერთმანეთს თავიანთი ამონასუნთქი ჰაერი შეასუნთქეს: პირველმა - გრილი, მშრალი და მსუბუქი; მეორემ - ტაფაში ადუღებული ზეთის ოხშივარით დამძიმებული, მსუყე. ოთახის კარი გამოუღია ჰენრის, ორპირია.
- კარგად ხარ, საყვარელო?
- ჰო. - თავი ოდნავშესამჩნევად დავუქნიე.
- უჰ, როგორი ქარი ამოვარდა, გაწვიმდება...
- ჰო. - თავი ოდნავშესამჩნევად დავუქნიე და გავუღიმე.
- არა უშავს, შენ ხომ გიყვარს წვიმა? მგონი ქმარზე მეტადაც, არა?
- ჰო. - თავი ოდნავშესამჩნევად დავუქნიე, გავუღიმე და თვალი ჩავუკარი.
- ხომ იცი, წვიმაა თუ სეტყვაა, სიტყვა სიტყვაა: ნაკლები ფიქრი და მეტი სიმშვიდე.
„ნაკლები ფიქრი და მეტი სიმშვიდე“ - ეს თითქმის არასდროს გამომდის, ამიტომ მხოლოდ გავუღიმე, რა თქმა უნდა, ოდნავშესამჩნევად.
***
- მაღალი სიცხე აქვს...
თვალები გავახილე. ბებო ტელეფონზე საუბრობდა, თან ცხვირსახოცით უპეებს იმშრალებდა.
ლოლას გაქვავებული, ნახატადქცეული პროფილი დამიდგა თვალწინ. წარმოვიდგინე, როგორ ავიდა სავარძელზე, ხელები მთვარისკენ გაიწოდა და ფანჯრიდან ფეხშიშველი გაფრინდა. გამაჟრჟოლა. ლოლა... არსებობდა კი საერთოდ? იქნებ ზმანება იყო? არსებობდა თუ დამესიზმრა? არსებობდა თუ დამესიზმრა?! მისუსტებულსა და სიცხისგან გათანგულს აზრის მოკრება, მეხსიერების კონცენტრირება მიჭირდა. ბოლოს დავასკვენი, რომ ლოლა რეალურად არ არსებობდა. ყველაფერი მაღალი სიცხის ბრალი იყო.
- ...ჰო, მეც გავიგე, რომ გიჟი ლოლა სახლიდან გაპარულა. თმაგაწეწილი და ფეხშიშველი მირბოდა თურმე წვიმაში. - ტელეფონზე საუბარს განაგრძობდა ბებო, - არავინ იცის, სად შეიძლება წასულიყო.
არ დამსიზმრებია...
„გიჟი ლოლა“ - ეს იყო ყველაზე გულსაკლავი სიტყვათა შეთანხმება, რაც კი სამყაროში არსებობდა. საბანი თავზე წამოვიხურე და ავსლუკუნდი. ნეტავ მცოდნოდა, საით წავიდა...  აუცილებლად დავედევნებოდი, აუცილებლად! დღემდე ვცდილობ, რაიმე ისეთი გავიხსენო მისი მონათხრობებიდან, რაც მიმანიშნებდა, სად შეიძლება წასულიყო, მაგრამ ამაოდ...
შუაღამისას ბებომ ფრთხილად გამომიცურა იღლიიდან თერმომეტრი და ექიმს ხელის კანკალით მიაწოდა. გამეღვიძა.
- ნუ ღელავთ, - დაამშვიდა დაღლილსახიანმა ექიმმა და სათვალე გაიკეთა, - მდა... ორმოცდარამდენიღაცაა... ცოტათი მეტი...
- ღმერთო!.. - აკანკალებული ხელები და ცრემლიანი თვალები მაღლა აღაპყრო ბებომ.
უცებ, ბებოს ზურგსუკან კაშკაშა სინათლე გაჩნდა. ნათებას ხმაც მოჰყვა:
- შენ მხოლოდ ნახევარი ხარ... ის, ვინც ორ ნაწილად მოვიდა, უნდა გამთლიანდეს. ის, ვინც გაყოფილია, ერთ სხეულად უნდა შეერწყას.
გასაკვირია, მაგრამ არ შემშინებია. ის კი არა, ერთგვარი აღმაფრენაც კი დამეუფლა.
- უნდა გამთლიანდე... წადი, დროა! - ციმციმებდა უცნაური ნათებდა.
- საით წავიდე? - ვკითხე ჩუმად.
- რა თქვი, ბები? - ტუჩებზე ყური მომადო ბებომ.
- ბოდავს, - „აუხსნა“ ექიმმა.
- გელოდება. - მიპასუხა ნათებამ და გაქრა. თან გაიყოლა ბებოც, ექიმიც, ძვირადღირებული წამლებისა და ბებოს იაფფასიანი სუნამოს სუნიც, ნათურის სინათლეც... აღარაფერი არსებობდა ჩემი და სიბნელის გარდა.
***
დაიქუხა.
- ჰენრი, - გავძახე, - ასეთი ფოკუსის გაკეთება შეგიძლია? შარვალი გაიხსენი და ჩიტები ამოაფრთხიალე. მოდი, რა, ჩემთან!
ოთახში შემოდის, ხელში პულტი უჭირავს. ვიბროსიგნალზე დაყენებული ტელეფონივით ცახცახებს პულტი.
- გაიხსენი, რაა, შარვალი და ქამარი ფანჯრიდან გადააგდე.
მომეჩვენა, რომ ჰენრი გაფითრდა. თვალის ფერი კი საბოლოოდ ამოევსო ხმელი ფოთლებით.
- დამშვიდდი, ლოლა. - ამბობს და პულტს მაგიდაზე დებს. პულტი ჩერდება, ახლა მხოლოდ ჰენრის ხელი ცახცახებს.
ფარდა ფრიალებს. გარეთ წვიმს. მე ჰენრის შევყურებ.
- ხმამაღლა ვფიქრობდი? კარგია, რომ ამყევი... ჰო, მართლა, ჩიტები მოჟივჟივე და არა მოჭიკჭიკე, ან მგალობელი. პრიალა ფრთებით, თუ შეიძლება. ათი ან ოცი ცალი. - ვუღიმი და თეატრალურად ვაყოლებ, - ოცდახუთიც დასაშვებია...
ოთახში დედაჩემი შემოდის. დამწვარი კატლეტის სუნი შემოაქვს. კი არ შემოდის, მოფარფატებს. ისეთი გამხდარი და გალეულია, ისეთი, ისეთი, რომ ტირილი მინდა.
„მგონი ეწყება“, - ეჩურჩულება ჰენრი დედას.
- რას გულისხმობ? - მიკვირს.
- ლოლა, ჩემო საბრალო გოგონა, - მიყვავებს დედა. შუბლი ნაოჭებით, თვალები უზომო სიბრალულითა და ალბათ გული - ტკივილით აქვს სავსე. თან გამხდარია, ისეთი გამხდარი... გალეული. ვეღარ ვიკავებ, ვღრიალებ.
- დამშვიდდი. მე და ჰენრი ახლავე დავურეკავთ ექიმს.
„ჰენრის“ ხაზგასმით ამბობს, თითქმის დამარცვლით. საბრალო დედა... ჰგონია, რომ ვერ ვამჩნევ, ჰენრის მხოლოდ ჩემს საამებლად რომ ეძახის. სინამდვილეში, ის მისთვის ისევ ვიქტორია.
- ახლავე დავურეკავთ. - მიმეორებს და ჰენრის ეჩურჩულება, - წამოდი, ვიქტორ!
- რა ლოლა, მე ხომ სტასი ვარ. ორივე ერთდროულად გაგიჟდით?! - ნერვები მეჭიმება. ეს ყველაფერი თამაშს უკვე აღარ ჰგავს.

ვუყურებ, როგორ ნერვულად უკიდებენ ჩემი ხელები სიგარეტს და მაწვდიან. ტუჩებით ვართმევ, ღრმა ნაფაზს ვარტყამ და კვამლთან ერთად უკან ვუბრუნებ.
ბოლი თვალს მიწვავს. კადრი იდღაბნება. ორ უფორმო სილუეტს ვარჩევ. ერთ-ერთის ხმა ექოდ ჩამესმის: “შეტევაა“. შემდეგ ორივე სილუეტი გვერდითა ოთახის კარისკენ იწელება. თვალებს ვიფშვნეტ. ვხუჭავ. ვახელ. ყველაფერი რიგზეა. ყველა ნივთს თავის ფორმა დაუბრუნდა.
ვცდილობ დავმშვიდდე და გავერკვიო, რა ხდება. „ახლა მარყუჟში თუ გავატარებ...“ - ვფიქრობ და ოთახს თვალს ვავლებ. რა ვისროლო? ხილის ლარნაკი ცარიელია. სხვას, მცირე ზომისას ვერაფერს ვპოულობ. ის ჭიქა მაინც დაეტოვებინა ჰენრის... პულტს ვიღებ და მარყუჟის ცენტრს ვუმიზნებ. მიზანს სცდება, მარყუჟსა და ტოტს შორის, გათხელებულ თოკს ხვდება. გაწყვეტილი თოკი მოწყვეტილი ფოთოლივით შორდება ტოტს...
ტელეფონთან დედა და ჰენრი ჩურჩულებენ. სიზმარში მგონია თავი. რა ხდება? მეორე ნაფაზამდე ჩემს თითებს ვაკვირდები. ღმერთო! ზუსტად, ზუსტად ისეთივე თითები...
- სარკეეეეე! სარკე მომიტანეეეეთ! - ვკივი. პლედს ძირს ვაგდებ, მერე კაბის კალთას ნიკაპამდე ვიწევ. ღმერთო ჩემო... ღმერთო ჩემო! ჩემს ნაიარევ მუცელს გაოგნებული დავყურებ. „ღმერთო, ნუთუ... მე... ნუთუ...“.
გვერდითა ოთახის კარს ფრთხილად კეტავენ, ალბათ იმიტომ, რომ არ გავიგო როგორ ეტყვიან ექიმს: „შეტევა განუახლდა“.
თვალებს ისე მაგრად ვხუჭავ, ქუთუთოები მიბუჟდება. გონებაში სწრაფად ენაცვლებიან ერთმანეთს კადრები. კადრს ვერდამთხვეული ხმები მაგიჟებენ. უნიჭოდ გაკეთებულ მონტაჟს ჰგავს ეს ყველაფერი. უცნაური შეგრძნება მეუფლება, თითქოს ორი კამერიდან ერთდროულად ვიყურები: ერთით - სავარძლიდან ფანჯრისკენ: ხეს, შენობასა და ადამიანების მწკრივს ვაფიქსირებ; მეორე - სავარძლისკენაა მიმართული, კადრში ჩემი პროფილი და ღია ფანჯრის ნაწილი ჩანს. ორივე კამერიდან დანახული ერთმანეთს ედება. ხმები ერთმანეთში ირევა, სადაცაა თავი გამისკდება! გონებას ძალას ვატან, ვძაბავ. გაორებული კადრების ფოკუსირებას გაჭირვებით, მაგრამ მაინც ვახერხებ. თვალებს ვახელ.
დედა და ჰენრი ისევ ჩურჩულებენ. გარეთ წვიმს. ოთახში მარტო ვარ.
ვმსუბუქდები. თითქოს რაღაც ტვირთი ჩამომხსნეს გონებიდან, გულიდან, თვალებიდან. თითქოს უწონო გავხდი. დავმშვიდდი. ახლა რომ დედა შემოვიდეს, ალბათ აღარ მომეჩვენება გულის ტკივილამდე გამხდარი.
ვდგები. ქოშებს ვიხდი და უხმაუროდ ვდებ სავარძელზე. სიგარეტს ვიღებ, ბოლს ვიგუბებ. ძირს მიგდებულ ფუმფულა პლედს გვერდს ვუვლი და თითისწვერებზე გავდივარ ოთახიდან.
შემოსასვლელის კარი ოდნავაა შეღებული. ხელის შეხებაზე ძლივს გასაგონად ჭრიალებს. სანამ კიბეზე დავეშვები, ბოლს ვუშვებ, ნაწნავს ვიშლი, გულზე მეშვება: ახლა კი ნამდვილად გავიგებ, საით წავიდა ლოლა...

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:08:38
ღვთის ჩიტები                                                      #27



ორი კვირა სრულ სიბნელეში იჯდა. იჯდა კი არა, იწვა. წამოჯდომა შეუძლებელი იყო: ჭერიდან იატაკამდე  ოთხმოცი სანტიმეტრი თუ იქნებოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ქარიშხალში მოხვედრილი პატარა იალქნიანი გემის ტრიუმში იყო ჩაჭედილი.
ორკვირიანი გაუთავებელი რწევისა და კედლებზე აქეთ-იქეთ ხეთქების შემდეგ, როგორც იქნა, რკინის ანჯამებმა დღისითაც გაიღრჭიალეს. 
სინათლის შემოჭრილმა სხივმა ალესილი დანასავით ჩამოთალა მეჰრების ირგვლივ შედედებული წყვდიადი.
- გამოდი, - გაისმა ბოხი ხმა.
ლტოლვილი სინათლეს გადაჩვეული, მოჭუტული თვალებით შეაჩერდა მამაკაცის სილუეტს. დაეჭვებით იკითხა:
- უკვე თურქეთში ვართ? ასე მალე მოვედით?
- არა, ერთი საზღვარი კიდევ დაგვრჩა გადასაკვეთი. ტვირთის დოკუმენტების გამო რაღაც შეფერხებაა. ერთი კვირა ამ ქალაქში მოგვიწევს გაჩერება. გადმოდი, გაიარ-გამოიარე. თან უკეთესი იქნება, თუ შენნაირი უსაბუთო ტვირთი მანქანაში არ დახვდებათ, როცა შესამოწმებლად მოვლენ.
ოციოდე წლის ყმაწვილი ტრაილერის ძარის ქვეშ მოწყობილი ვიწრო სამალავიდან გამოძვრა. სუფთა ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ინტერესით მიმოიხედა.
ეს ქალაქი არაფრით არ ჰგავდა მის საოცნებო სტამბოლს: ირგვლივ მორუხოფასადიანი,  კედლებდაბზარული, ორ-სამსართულიანი  შენობები დახვავებულიყო.  შენობების პირველ სართულზე საწყობები და კუსტარული საამქროები მოჩანდა. ქუჩის გასწვრივ ნაირგვარი სატვირთო მანქანები იყო გამწკრივებული.  ოღროჩოღრო გზაზე ცერის სიმსხოდ იდო მტვრის ფენა. ჰაერში ცხელი ბუღი ტრიალებდა და ისეთივე მტვრის სუნი იდგა, როგორიც მის მშობლურ უდაბნოსპირა სოფელში იცოდა ხოლმე ზაფხულის გაუთავებელი ხვატისას.
მეჰრები მძღოლს ერთი კვირის შემდეგ იმავე ადგილას შეხვედრაზე შეუთანხმდა და გამოემშვიდობა.
მას შემდეგ, რაც მშობლიური სამი ოაზისის ქვეყანა დატოვა, რამდენიმე სახელმწიფოს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა და ახლა ჯიბეში სამი ცალი ხუთდოლარიანიღა ედო. ახალი სამყაროს პირველაღმომჩენის აღტაცებით სავსე მეჰრები უცხო ქალაქის  ქუჩებს შეერია.
უმისამართოდ დაეხეტებოდა, ხარბად აკვირდებოდა ყველაფერს: ადამიანებს, შენობებს, ხეებსაც კი. თავს ისე გრძნობდა, თითქოს ძველისძველი ოცნება აისრულა და ჰორიზონტს გადააბიჯა.
ბავშვობაში სოფლის განაპირას საქსაულის ხის  გამომშრალ, დაკორძილ ტანზე ზურგით მიყრდნობილი ხშირად უცქეროდა, როგორ ჩაგორდებოდა ხოლმე მზის უზარმაზარი სისხლისფერი ბურთი ჰორიზონტს მიღმა, უდაბნოს სიყვითლეში. ასეთ დროს უნდოდა, ჰორიზონტისთვის გადაებიჯებინა - იმ ჰორიზონტისთვის, რომლის იქით სხვა, უფრო ნამდვილი ცხოვრება იწყებოდა.
ყოველი მზის ჩასვლა სევდით ავსებდა მეჰრებს - ისეთივე უსასრულო სევდით, როგორი უსასრულო უდაბნოც ჰყოფდა სამი ოაზისის ქვეყანას სხვა ქვეყნებისა და ხალხით გაძეძგილი დიდი ქალაქებისაგან, რომლებიც მუდმივად ზრიალებდნენ და უამრავი ადამიანის ცხოვრების მდინარებას იტევდნენ. ისინი თავიანთი სიდიდით იზიდავდნენ და ჰპირდებოდნენ, რომ ყოველი მომდევნო დღე განსაკუთრებული და მოულოდნელობით სავსე იქნებოდა და არა ისეთი მოსაწყენად ერთნაირი, როგორიც  სოფლის ძაღლების წკავწკავით, თეთრი ქვის მინარეთიდან უდაბნოს მოფენილი მუეძინის მელოდიური ლოცვით და უდაბნოს ქვიშით სავსე დღეები იყო.
მეჰრებს აღარ ახსოვდა, სტამბოლში წასვლა როდის გადაწყვიტა. ალბათ მაშინ, ბავშვობისას უდაბოში მზის ჩასვლას რომ უცქეროდა და ჰორიზონტის გადაბიჯებაზე ოცნებობდა. არც ის ახსოვდა, რატომ აიკვიატა მაინცდამაინც სტამბოლი - უფრო იმიტომ, რომ, მისი წარმოდგენით, იქ ყველაფერი იყო, რაც სჭირდებოდა: უზარმაზარი ქალაქი ფერდობებზე შეკიდებული, დაკლაკნილი ქუჩებით;  გრანდიოზული მეჩეთები ცადატყორცნილი მინარეთებით; ქალები, რომლებიც ნახევრად  შიშვლები დადიოდნენ და უცხო მამაკაცის თვალს ხიჯაბით არ უმალავდნენ სახესა და თმებს; ცისფერი სრუტე და გემები, რომლებიც კიდევ უფრო უცნობ სამყაროებში მიმოდიოდნენ; ზღვა, რომელიც ძალიან ჰგავდა უდაბნოს თავისი უსასრულობით - უდაბნოსავით  გულისხმობდა ჰორიზონტის გადაბიჯების შესაძლებლობას.
თავიდან ეს ბუნდოვანი ოცნება იყო. თუმცა მეჰრებმა იმდენი იფიქრა, რომ ნელ-ნელა სტამბოლი ხელშესახები გახდა - იმდენად ხელშესახები, რომ ერთ დღესაც გადაწყვიტა, შინ  წასულიყო: სტამბოლში, ჯერ არ ნანახ სამშობლოში.
ახლა უკვე თითქმის მიზანთანაა: ერთი ქვეყნის საზღვარიც უნდა გადალახოს და სტამბოლი ხელისგაწვდენაზეღა იქნება. მერე ალაჰია მოწყალე.
გადაწყვიტა, გაუთვალისწინებელი შეყოვნების ერთი კვირა ქალაქზე დაკვირვებისთვის გამოეყენებინა. დიდი ქალაქების შესახებ მხოლოდ წიგნებისა და ალ-ჯაზირას წყალობით იცოდა.
სამი ოაზისის ქვეყანაში ქალაქები არ იყო - მხოლოდ რამდენიმე სოფელი და ერთიც მოზრდილი დაბა ყველაზე დიდ ოაზისში.  ამ ქვეყნის შესახებ იშვიათად თუ ვინმეს სმენია. ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულ უდაბნოში ჩაკარგული ოაზისები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ქარავნებისათვის წყლის მარაგის შევსების ერთადერთი საშუალება იყო. სწორედ ამის გამო მეზობლად მყოფი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სამი ოაზისი დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო და არც ერთს მისი დაპყრობა არ ეცადა. წყლის რესურსები ყველა მეზობელს სჭირდებოდა, მათი დაცვა კი უფრო ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე დამოუკიდებელი არსებობისათვის ხელის შეწყობა. ასე წარმოიშვა ნეიტრალური  სამი ოაზისის ქვეყანა - ერთგვარი უდაბნოს შვეიცარია, მსოფლიოს ერთადერთი ქვეყანა რომელშიც ქალაქები არ იყო.
უცხო ქალაქში მთელი დღის ხეტიალის შემდეგ მეჰრები ბორცვის თავზე აგებულ შუა საუკუნეების ციხესიმაგრეს გადააწყდა. ბორცვის თავიდან ხელისგულივით ჩანდა ქალაქი, დაკლაკნილი მდინარე კლდოვანი ნაპირებით, კლდეზე გადმოკიდებული წითელკრამიტიანი სახლები და სახურავებს შორის ამოჩრილი ეკლესიის გუმბათები. მაღლა, ციხის გალავანთან სასიამოვნოდ უბერავდა გრილი ნიავი და დროდადრო ეკლესიის ზარების რეკვის ხმა მოჰქონდა. მეჰრებმა გადაწყვიტა ერთი კვირით ამ ადგილას დაბანაკებულიყო.
ციხის ძირთან საცალფეხო ქვაფენილი იწყებოდა, რომელიც ბორცვს მაღლა-მაღლა, წიწვიან ხეებს შორის მიუყვებოდა. ბილიკის ქვემოთ, ოციოდე მეტრის მოშორებით, ვერანდებიანი და ციცქნა ეზოებიანი სახლები ტერასებად შეფენილიყო. ეტყობოდა, ეს ბილიკი უსაქმოდ მოყიალეებისა თუ განმარტოების მოსურნე შეყვარებული წყვილების საყვარელი სასეირნო ადგილი იყო. საღამოობით პიკნიკისთვის გამოსული მოქალაქეებიც მრავლად ირეოდნენ, ლუდის ბოთლებითა და ბუტერბროდებიანი ქაღალდის პარკებით. მეჰრები ცდილობდა, მათგან თავი შორს დაეჭირა, თუმცა ყველას ცნობისმოყვარედ აკვირდებოდა - როგორ ლაპარაკობდნენ, როგორ ეხუმრებოდნენ ერთმანეთს და როგორ იცინოდნენ. თითქოს ეუცხოვებოდა, თითქოს სხვანაირები იყვნენ, მის ნაცნობებს არ ჰგავდნენ, მაგრამ მაინც ორი ფეხი და ორი ხელი ჰქონდათ, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, რომ ასეთ ჩვეულებრივ ადამიანებს ალაჰის შვილებად არ ჩაეთვალათ თავი. 
ციხის გადაღმა  წითელი აგურის მეჩეთი შენიშნა. გაეხარდა, თითქოს უფრო ახლობელი გახდა ეს ქალაქი.
ყველაზე მეტად მაინც ვერანდებიანი სახლების თვალთვალი მოსწონდა. საათობით უყურებდა, ფერდობზე შეფენილი, წითელკრამიტიანი სახლების ეზოებში როგორ მიმოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა და ხელების ქნევით ლაპარაკობდნენ. ხანდახან ეზოებში ჭამდნენ ან ჩხუბობდნენ. მეჰრებს ეხამუშებოდა, რომ მისი ქვეყნიდან ასე შორს, ასეთ უცხო ადგილას ადამიანები ძალიან ჰგავდნენ მის თანასოფლელებს, თუმცა კი უჩვეულოდ ეცვათ. მხოლოდ ქალები, ახალგაზრდა ქალები იყვნენ განსხვავებულები. მათი მოშიშვლებული კანის შორიდან დანახვისასაც კი ძარღვებში თრთოლა უვლიდა. ეჩვენებოდა, რომ ქალების სხეულებს მინდვრის ყვავილების სუნი ასდიოდა, რომელიც რაღაც ბუნდოვანი დაპირებით ავსებდა მეჰრებს.
ღამ-ღამობით, სანამ უკანასკნელი შეყვარებული წყვილიც არ იჯერებდა გულს ხვევნით და სასეირნო ბილიკს არ დატოვებდა, მეჰრებს ისე ეჭირა თავი, თითქოს უცხოელი ტურისტი იყო და ასე გვიანობამდე მხოლოდ იმიტომ შემორჩა მაღლობს, რომ ეგზოტიკური ხედებით დამტკბარიყო. როცა ყველანი სახლებში გაიკრიფებოდნენ, მერეღა მოეწყობოდა ხოლმე რომელიმე ძელსკამზე დასაძინებლად.
ფული მალევე  გაუთავდა. ეგონა, რომ თხუთმეტი დოლარი კარგა ხანს ეყოფოდა, მაგრამ როცა კაფეში ჩაი შეუკვეთა, დანაზოგიდან თითქმის აღარაფერი დარჩა.
გაუმართლა და შემთხვევით პურის საცხობს წააწყდა. სარდაფიდან ახლად გამომცხვარი ლავაშის სუნი ამოდიოდა. მომდევნო სამი დღე გახურებული თიხის მოზრდილი ცილინდრის კედლებზე მიტყეპებული და ასე გამომცხვარი თხელი, სურნელოვანი პურით იკვებებოდა. პურს თიხის და კვამლის გემო დაჰკრავდა და მეჰრებს ისეთი გემრიელი ეჩვენებოდა, როგორიც არასოდეს არაფერი ეჭამა. ერთი სული ჰქონდა, მთელი პური გადაესანსლა, მაგრამ იცოდა: ასე სტამბოლამდე ვერ ჩააღწევდა, ენერგიის გამოზოგვა იყო საჭირო. პურს ზუსტად ნახევარს ჭამდა, მეორე ნახევარს კი ინახავდა, რომ საღამოს დანაყრებულიყო. თუმცა დროდადრო ვერ ითმენდა და გადანახულ პურს კიდეებს აციცქნიდა. საღამომდე ნახევარი პურისგან მეოთხედიღა რჩებოდა. როცა ძილის წინ ძელსკამზე მოკალათებულს მთელი დღის მოთმინებისათვის დამსახურებული ნეტარება უნდა მიეღო, როგორც წესი, ეს ნეტარება ხანმოკლე, გადანახული პურის ნაჭერი კი სევდისმომგვრელად პატარა აღმოჩნდებოდა ხოლმე. ჭამის მერე ისეთი შეგრძნება ეუფლებოდა, თითქოს მუცელში უამრავი მშიერი ტერმიტი ჰყავდა ჩასახლებული და როგორც კი ლუკმა კუჭს მიაღწევდა, ეძგერებოდნენ და წამში სანსლავდნენ. როცა შესაჭმელი აღარაფერი რჩებოდათ, ტერმიტები კუჭის კედლებს მიადგებოდნენ და ღრღნიდნენ ხოლმე.  ფიზიკური დისკომფორტის ატანა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ მეჰრები ხვდებოდა,  რომ რაც უფრო ემატებოდა შიმშილის შეგრძნება, მით უფრო იზრდებოდა სასოწარკვეთაც.  შეაშინა იმის აღმოჩენამ, რომ გამოსავალი არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ თვითონ, რომელსაც შიმშილი დაუდიოდა სხეულში - უკვე კუნთები უკანკალებდა და თვალები ებინდებოდა. ხვდებოდა, რომ რამეს თუ არ იღონებდა, ან სასწაული არ მოხდებოდა, შუა გზაზე დაეცემოდა და ვერასოდეს მიაღწევდა სტამბოლს, ვერასოდეს იცხოვრებდა იმ ცხოვრებით, რომელიც მას ელოდა და ეკუთვნოდა. არ არსებობდა გამოსავალი შიმშილისაგან, გარდა სასწაულისა. და არსებობდნენ სხვები, რომლებსაც არ შიოდათ, რომლებიც სეირნობდნენ. მათ ენერგიით სავსე, მაძღარი სხეულები ჰქონდათ და ვერაფრით მიხვდებოდნენ, რომ ნაღვლიანთვალებიან ბიჭს, რომელიც უკვე მერამდენე საათი იყო, გაუნძრევლად იჯდა ძელსკამზე და სივრცეს გაჰყურებდა, შიმშილი და სასოწარკვეთა დაუდიოდა ტანში. ასეთ დროს მეჰრებს სხვები სძულდა. სძულდა იმიტომ, რომ შიმშილს უთანასწორობის უხილავი კედელი აღემართა მათ შორის და ყოველგვარ ურთიერთგაგებას გამორიცხავდა. ისინი ვერასოდეს მიხვდებოდნენ, რას გრძნობდა მეჰრები. მეჰრებსაც დაავიწყდა, როგორი ადამიანი იყო მაშინ, როდესაც გაბმული შიმშილი არ ემუქრებოდა მის არსებობას და მის ოცნებებს, რომლებისთვისაც შორი და სახიფათო მოგზაურობა წამოიწყო.
***
მამა პეტრე მხიარული კაცი იყო. მღვდელი რომ არ ყოფილიყო, იქნებ ვინმეს ჭკუამხიარულიც დაეძახა. აბა, რა შეიძლება გეწოდებინა კაცისათვის, რომელიც ყველგან მხარზე შემოსკუპებული, უზარმაზარი მწვანე თუთიყუშით დადიოდა. მამა პეტრეს დიდად არ ანაღვლებდა გარშემომყოფთა მქირდავი მზერა  და როგორც წესი, ყოველთვის შესანიშნავ გუნებაზე იყო. და როცა შესანიშნავ გუნებაზე იყო, ფსალმუნებს ღიღინებდა.
ვიგონებდი ადრინდელ დღეებს, გარდასულ წლებს.
გავიხსენებ ჩემს გალობას ღამ-ღამობით,
ჩემს გულთან ვისაუბრებ და განიცდის სული ჩემი.
ნუთუ საუკუნედ მიმატოვებს უფალი და აღარასოდეს მომისურვებს?
ამიიინ!
და თუთიყუშიც სასაცილო, თუთიყუშისებური ტემბრით უბამდა მხარს:
- ამიიინ!
თუთიყუშს ჩიკო ერქვა და განსაკუთრებით ნიჭიერი იყო. გარდა შეძახილისა „ამიიინ!“, თავიდან ბოლომდე იცოდა „მამაო ჩვენო“,  წირვის ლოცვების ნაწილი და იმ ფსალმუნების უმეტესობა, რომლებსაც მამა პეტერე მოცლილობისას ღიღინებდა.
მწვანე თუთიყუში მამა პეტრეს ეკლესიის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა სასწაულთმოქმედი, მირონმდინარე ხატების შემდეგ. ჩიკო ეკლესიის მრევლის უკლებლივ ყველა წევრს ძალიან უყვარდა. დილის წირვის დასრულების მერე ასი კაცი მაინც უსვამდა თავზე ხელს და ეუბნებოდა:
- თქვი, ჩიკო: ამინ! 
მამა პეტრეს პატარა, მწვანე სამრეკლოიანი ეკლესია, ქალაქის ძველი ნაწილის განაპირას, მზით დამწვარ ფერდობზე ტერასებად შეფენილ უბანს გადაჰყურებდა. ეკლესიის ეზოს ქვემოთ ფერდობი წითელკრამიტიანი, აივნიანი სახლებით იყო დაკბილული.  ზემოთ კი ძველისძველი ციხესიმაგრის ქონგურები მოჩანდა. 
მამა პეტრე ეკლესიის მახლობლად ცხოვრობდა. იქ დაიბადა და გაიზარდა. სასულიერო სემინარიაშიც იქვე სწავლობდა. ეკლესიიდან ხუთასიოდე მეტრის მოშორებით ფერდობის ქუჩა-კიბეს ჩაათავებდი და მთავარ მაგისტრალზე მოხვდებოდი - სემინარიაც იქვე იყო. მამა პეტრეს მთელი ცხოვრება ამ ერთ კვადრატულ კილომეტრზე მიედინებოდა მშვიდად და აუმღვრევლად. ადამიანები უყვარდა, ღმერთიც უყვარდა. ღმერთსაც უყვარდა მამა პეტრე, ყოველ შემთხვევაში, მამა პეტრე ასე თვლიდა და ამის დასტურად და ღვთის საჩუქრად თავისი მწვანე თუთიყუში ჩიკო მიაჩნდა, რომელმაც ”მამაო ჩვენოც” ბოლომდე იცოდა და მრავალი ფსალმუნიც. მამა პეტრეს სჯეროდა, რომ როცა ჩიკო ლოცვებს წარმოთქვამდა, უფრო მეტი ხდებოდა, ვიდრე ჩიტი, და რაღაცნაირად ამ ლოცვების აზრიც ესმოდა, უფრო სწორად, ალბათ უფრო გრძნობდა, ვიდრე ესმოდა. იქნებ სულიც კი ჰქონდა. ან იქნებ არც ჰქონდა, მაგრამ მამა პეტრეს უნდოდა, რომ ჩიკოს სული ჰქონოდა.
როცა სახლში მარტო რჩებოდნენ, მამა პეტრე აივანზე სარწეველა სავარძელში მოკალათდებოდა ხოლმე  და ჩიკოს ელაპარაკებოდა. ამას სხვების თანდასწრებით არასოდეს აკეთებდა - მხოლოდ მაშინ, როცა პირისპირ რჩებოდნენ. 
ერთ დღესაც მამა პეტრემ რამდენიმე ჭიქა ღვინო მოწრუპა, მოგონებები მოეძალა და ჩიკოს უამბო, როგორ გაიგო პირველად ღმერთის არსებობის შესახებ.
აი, ჩიკო, ხო ხედავ, ჩვენი აივნიდან რა ლამაზი ხედები იშლება, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი და ლამაზი ის არის,  რაც არ ჩანს. უფრო სწორად, რაც ყველასათვის არ ჩანს. ის ამბები, რომლებიც აქ ხდებოდა.
შენ მხოლოდ თუთიყუში ხარ და იქნებ არც გჯერა, მაგრამ ჩვენი ეზო დროის წიგნია, ერთმანეთზე დაპრესილი წლების, დღეების და წუთების ფურცლებით. ყოველ გვერდზე იმ ადამიანების ანაბეჭდებით, რომლებმაც ჩაიარეს.
და გაქრნენ...

პირველი გვერდების ყველაზე მნიშვნელოვანი ანაბეჭდი ბაბუშკა ანაა.  მე მისთვის ვიყავი "დესიატ კილო ზოლოტო". ის კი ჩემთვის იყო ჩემს ნამდვილ ბებიებზე უფრო ნამდვილი ბებია. ბაბუშკა ანას ყველაზე მეტად მე ვუყვარდი - ალბათ იმიტომ, რომ ყველაზე პატარა ვიყავი და მისი აზრით, ყველაზე მეტად მჭირდებოდა ზრუნვა.
ბაბუშკა ანა ისეთი ქალი იყო, პირდაპირ მოხუცებად რომ იბადებიან, დაღარული სახით, კეთილი თვალებით და სხვებზე ზრუნვის სურვილით.

ეჰ, ჩიკო, ბაბუშკა ანა ჩემი ცხოვრების პირველი დიდი სინათლე იყო.

და პირველი ადამიანი, რომელიც მომიკვდა.

ეს რომ მოხდა, მაშინ კითხვა ახალი ნასწავლი მქონდა და ისე მძაფრად ვგრძნობდი პერსონაჟების არსებობას, როგორც ახლა შენს არსებობას ვგრძნობ. იმ დღეს ”პინოქიოს” ვკითხულობდი, მეზობელ ეზოში ხმაურისათვის ყურადღება არ მიმიქცევია. მერე მოვიდა ვიღაცა და მითხრა: ”ბაბუშკა მოკვდა, დაანებე კითხვას თავი”. მე ვერ მივხვდი, რატომ უნდა დამენებებინა თავი კითხვისთვის, როცა ”პინოქიო” ჯერ კიდევ ვეშაპის მუცელში იყო იონასავით და შველა სჭირდებოდა.
და ბაბუშკა რა?...

ვერც მერე მივხვდი. ვიჯექი კუბოსთან და ჩვეულებრივად ვთამაშობდი. თითქოს არაფერი არ შეცვლილა. ძველებურად  ვთამაშობდი ჩემთვის. ბაბუშკაც აქვე იყო, მძინარე თუ რაღაც ამგვარი... ოღონდ როცა მოსამძიმრეები მოდიოდნენ და მოთქმას იწყებდნენ  უცხო და გულისმომწურავი ინტონაციებით, მაშინ ცივად მეხორკლებოდა კანზე  ჯერ კიდევ უცნობი, ინსტინქტური ცოდნა.

ბოლომდე მაინც ვერ მივხვდი, რა მოხდა. ერთი ის იყო, რომ ბოლო დღეს, როცა გავიგე,  ბაბუშკა ანა უნდა წაეყვანათ და მიწაში დაეფლათ, ვიხვეწებოდი, აქ დატოვეთ, თორემ რომ მომენატრება, როგორ ვნახო-მეთქი.

ჰოდა, ჩიკო, მითხრეს, რომ ბაბუშკას ვეღარასოდეს ვნახავდი.

და მაშინ ვიტირე.

მომდევნო დღეებში მიხსნიდნენ, რომ ანა ცაში წავიდა.  იმ შავწვერა კაცთან და ბავშვიან ქალთან, რომელების ფოტოებიც ბაბუშკას საწოლის თავთან ედო კომოდზე. კიდევ იმ თეთრწვერა ბაბუასთან, კედელზე რომ ეკიდა და სკამის ნაცვლად ღრუბლებზე იჯდა. მაშინ მითხრეს, ის თეთრწვერა კაცი ბაბუშკას ქმარი კი არაა, მაგას ღმერთი ქვია, ბაბუშკასავით კეთილია და ანა მასთან კარგად იქნებაო . არც ის შავწვერა კაცი და ქალი არიან უკრაინაში დარჩენილი ნათესავები - ეს ახალგაზრდა კაციც ღმერთია და ქალი კიდე იმისი დედააო. .

ისიც ამიხსნეს, ჩიკო, რომ ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, ღმერთმა შექმნა. და მერე, ყველაფერი როცა მთავრდება, ისევ ღმერთთან მივდივართ და ღმერთთან ძალიან კარგია, ღმერთი ყველაზე კეთილია. მაშინ მივხვდი, რომ ბაბუშკა ანა ძალიან ჰგავდა ღმერთს, იმიტომ, რომ ისიც ძალიან კეთილი იყო და ყველაზე უკეთესად მასთან ვგრძნობდი თავს.

მაგრამ ბაბუშკა ანა ღმერთივით ყოვლისშემძლე არ ყოფილა. მას მხოლოდ ტანსაცმლის შეკერვა შეეძლო და ლობიოს სუპის გაკეთება, რომელშიც სტაფილოს ყვითელი რგოლები ტივტივებდა  პატარა მხიარული მზეებივით. ყოვლისშემძლე მართლა არ იყო, თორემ არ წავიდოდა ცაში იმათთან, ვინც  აქამდე ჩუმად არსებობდნენ საძინებლის კედლებზე. ბაბუშკა ანა ღმერთივით ყოვლისშემძლე არ ყოფილა, ჩიკო. არ შეეძლო, რომ არ წასულიყო. არ შეეძლო, მარტო არ დავეტოვებინე.

ბაბუშკა ანა წავიდა და დამიტოვა ცოდნა ღმერთისა და სიკვდილის შესახებ. მაშინ ბაბუშკა 78 წლის იყო, მე - მხოლოდ 7-ის.

მაშინ გადავწყვიტე, ჩიკო, რომ ღმერთთან მისასვლელი გზები მომეძებნა. ახლა სასაცილო ჩანს ეს გადაწყვეტილება, მაგრამ შენ ხო ჭკვიანი ჩიტი ხარ, ბევრ ზრდასრულზე უკეთ შეგიძლია გაიგო 7 წლის ბავშვის გადაწყვეტილების სიმძიმე.
ეგ ძნელი და გრძელი გზა აღმოჩნდა - უფრო გრძელი და ძნელი, ვიდრე ის გზა იქნებოდა, ახალგაზრდობის ოცნება რომ ამესრულებინა და ნიუ-იორკში წავსულიყავი ბედის და საკუთარი თავის საძიებლად - იმ ქალაქში, სადაც ყველაფერია და როგორც მაშინ ვფიქრობდი, ფილტვებიც ყველაზე თავისუფლად სუნთქავს.
მოდი, ახლა გალიაში შეგსვამ.  კი, კატებიც ღმერთმა შექმნა, მაგრამ, ხო იცი, ისეთებად არ შეუქმნია, რომ მარხვის წესებს მაინცდამაინც მკაცრად იცავდნენ. ეს კარი კარგად არ იკეტება, მაგრამ არა უშავს,  კატებს ჯერ ფრენა მაინც არ უსწავლიათ.
***
მეჰრები შიმშილმა გამოაღვიძა. ტურისტებისთვის მოწყობილ გადასახედ ბაქანზე, მოაჯირთან მიდგმულ ძელსკამზე იწვა. უკვე აღარ ახსოვდა, როდის ჭამა ბოლოს.  კუჭში მოფუთფუთე შიმშილის ტერმიტები უკვე მოზრდილ თაგვებად ქცეულიყვნენ და მუცელს შიგნიდან უღრღნიდნენ. სულ ცოტაც უნდა გაეძლო, ძალა და ნათელი გონება უნდა შეენარჩუნებინა. მალე დაიძვრებოდნენ ამ ქალაქიდან.  იმედი ჰქონდა, რომ თურქეთში რომელიმე მეჩეთს შეეკედლებოდა და მცირეოდენ სამუშაოს მაინც მისცემდნენ მართლმორწმუნე ძმები. ალაჰი მოწყალეა, არაფერი ხდება მისი ნების გარეშე. მეჰრებიც გადაიტანს ყველაფერს და ოცნებების ახდენის გზას დაადგება.
უცებ გაოცებისგან შეკრთა. მის თავთან, მოაჯირზე, მოზრდილი მწვანე ჩიტი ჩამოჯდა - ღვთის ნიშანი!  იმ თუთიყუშის ასლი, რომლის გამოც ბავშვობაში მეჰრებმა თავისი გამორჩეულობა ირწმუნა. გაახსენდა, როგორი ამაყი იყო, როცა სამი ოაზისის ქვეყანაში მხოლოდ მას ჰყავდა ღვთის ჩიტი - მწვანე ჩიტი, რომელმაც ზეპირად იცოდა ყველა ლოცვა, რომელითაც მუეძინი მინარეთიდან ღმერთს მიმართავდა. ამის გამო მეჰრებს ყველა ისე უყურებდა, როგორც ალაჰის რჩეულს, ვისი სახელიც, დრო მოვიდოდა და, შორს გასცდებოდა სამი ოაზისის ქვეყანას.
და აი, კიდევ ერთხელ იგრძნო ალაჰის ყურადღება. წინ თუთიყუში ეჯდა - მისი ბავშვობის ღვთის ჩიტის ასლი, რომელმაც გაახსენა: ღმერთი ყოველთვის მის გვერდით იყო! ნელ-ნელა გაიწოდა მარჯვენა ხელი ჩიტისკენ და მკვეთრი მოძრაობით მუჭში მოიქცია. მუცელში გაშმაგებით დაშლიგინებდნენ მშიერი ტერმიტები. ეს თუთიყუში ალაჰმა მოუვლინა გადასარჩენად. მისი ღვთის ჩიტის მსგავსი იყო, ოღონდ, ღვთის ჩიტისგან განსხვავებით, უაზროდ ჭყიოდა. სანამ თუთიყუშის კისრის მალები მეჰრების კბილებში  გაიტკაცუნებდა, ბოლო, რაც ჩიტის ჭყივილიდან გაარჩია, იყო:
-თქვი, ჩიკო: ამინ!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:10:17
ბოთლში  ჩასადები წერილი ტომს                              #29



გამარჯობა, ტომ.
ამ წერილს შორეული, მთიანი ქალაქიდან გიგზავნი, სადაც ზამთრისთვის უჩვეულოდ თბილა რამდენიმე დღეა და როგორც უფროსები ამბობენ, მალე თოვლს მოაყოლებს .
ეზოდან წყლის ნაკადივით ასკდება ქუჩებს ბავშვების ყიჟინა, ძაღლების ყეფა და მკლავებაკაპიწებული დაზამთრების სუნი. ახლა ჩვეულებრივი დღეა, ნახევრადმზიანი და ჩემი ფანჯრის წინ აწოწილ ჭადრებზე ქარის მიმართულებით მოძრაობენ კარამელისფერი კუნწულები, მკრთალად ჩანან აგურისფერი ბინები და თოვლშერჩენილი მწვერვალები,
ერთხელაც ან სულაც მრავალჯერ სიამოვნებით დავლაშქრავდი თითოეულ მათგანს შენთან ერთად, თუმცა ახლა ჩემს სხეულს ამერიკული ქარიშხალივით ეპირება ვირუსი შესახლებას და ვრწმუნდები, რომ ეს მართლა ოცნებაა და თან შორეული.
მე ზუსტად შემიძლია გამოვიცნო, როგორი საღამო იქნება დღეს: ნედლი შეშების სუნი თავბრუს დაახვევს ყველა ფანჯარას, ხის ჩრდილებს ამოეფარებიან სარეცხებით გულწასული აივნები და ბატონებივით ზურგზე დაეწინწკლება ხალხი ქუჩას. ერთხელაც ასეთ საღამოს მე და შენ გამოვალთ გარეთ: ავალთ მთაწმინდაზე  ან სულაც ყველაზე უბრალო, უხალხო სკვერში. ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ იმდენად ახლოს, რომ მესმოდეს შენი გახშირებული ან აუღელვებელი გულისცემა; შეიძლება საერთოდ არ ვუთხრათ არაფერი ერთმანეთს ან ვილაპარაკოთ მხოლოდ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით ატირებულ ბავშვზე, რომელსაც მკლავებში ექაჩება დედა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, იმ საღამოს მერე არასდროს ჩავა მზე.
მანამდე მინდა, ბევრ რამეზე მოგიყვე. მერე, როგორც წესი , სათქმელი საშობაო ნამცხვრის კრემივით ერთმანეთში ირევა და მეც ნაკლებადმნიშვნელოვანი თემებით გაბეზრებ თავს.
ახლა კი, როცა მე შენთვის ვამზადებ  ლურჯ ბარათს, ჭორფლებივით აქა-იქ დაყრილი მტრედებით, ალბათ, სადმე ცივა თებერვლის სუსხით კართან მოკუნტულ ლეკვს ან მშიერ შვილებს უმზადებენ დედები ქვეშაგებს, დამსკდარი მაჯებით ერთმანეთში ანაცვლებს ვერცხლისფერ ხურდებს ვინმე მოხუცი, ალბათ ახალ კანონზე ფიქრობს ნიუტონის შთამომავალი, ომისთვის ემზადება ნაპოლეონის თაობა, ათიათასობით ბერი იცავს მონასტრის გალავანს, ფსიქო-სექსუალურ დილემებს თავს აღწევენ ნეოფროიდიანელები, ფუნქციონალიზმის თეორიისთვის პოსტულატს აჯამებენ ვებერიანელები, მე კი ასე ეგოცენტრული, თავს ვაღწევ ამ მონოტონურ გარემოს, რომელსაც ერთხელაც გავბედავ და პუანტილიზმით დავუმთავრებ არსებობას... მე ხომ უკვე ვცხოვრობ სამყაროში, რომლის ცენტრიც შენს ირგვლივ ტრიალებს, ტომ. ამ სამყაროს არც დედამიწა ჰქვია და ზუსტად ვიცი, არასოდეს აღვესრულები მის გამო ჯორდანო ბრუნოსავით. ეს სივრცეა, რომელშც არასოდეს მიჭირს სუნთქვა უჟანგბადოდ და თვალდახუჭული, სადავეებმოშვებული, ფილტვებშიშეჟუჟუნებული სუფთა ჰაერით ვითბობ არც თუ ბებერ ძვლებს და მეღიმება. მეღიმება იმიტომ, რომ მე არაფერი აღმომიჩენია და თავი მაინც გალილეო მგონია, მე ხომ ასე უბრალოდ, მარტივად თავითჩაშვებული ვარ შენს სხეულში, როგორც პატარა სათლი ჭაში და ხარბად ვსვამ წყალს .
ოდესმე მიიღებ ზღვის გაღმიდან იმ ბოთლებს, მე რომ წერილებს ვატან. მეთევზეები მოგიტანენ, ტომ. თუმცა ჯერ არ ვიცი, რამდენ ხანს გასტანს წითელფეხებამტრედზემისაბმელი ბარათების ჩხაპნა. შენ იცი, როგორ გავს ზღვა დედამიწას? ისინი მთელ სივრცეში არიან ჩაქცეული და არცერთს გააჩნია მეორე ნაპირი.
მინდა, ისიც გაგიმხილო, რომ  ბავშვობაში მართლა მეგონა, თუ მზეს არ დავხატავდი, მზე გაბრაზდებოდა, აღარ ამოვიდოდა და გავიყინებოდით, ამიტომ ჩემი ყოველი ნახატი სავსე იყო მზით, თვალდახუჭული მზით, გაცინებული მზით, პირდაბანილი მზით, უკბილო მზით და ა.შ. რაც უფრო ვიზრდები, ვრწმუნდები, რომ  მზე ღმერთია. აბა რატომ ვერ  ვხედავთ ან რატომ გვეხუჭება თვალები? იმიტომ, ტომ, იმიტომ ... ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს. შესაძლოა, მზე და ღმერთი სხვადასხვა არიან, მაგრამ არ მგონია, ვმკრეხელობდე, როცა ამ აზრამდე მივდივარ.
წუხელ ბევრს ვფიქრობდი, ძალიან ბევრს.  ვფიქრობდი ცხოვრებაზე, რომელიც მგონია უბრალოდ სილაა, რომელსაც თვალებში გაყრიან და თითები იმისთვის კი  არ გვაქვს, რომ ჩვენს თავსვე  ჩამოვრეცხოთ ეს მტვერი და წვრილი კენჭები, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთს ჩამოვაშოროთ.. შენ როგორ გგონია, ტომ?
ჩემი ახირებული კლასიკები სმენაზე დგანან ახლა. მერე რაა, რომ არც სიშორეზე ტირის როიალი, იმასაც არა უშავს, რომ მე პოეზიამ ჯერ ვერ დამანახა ცისფერი მხარე, რომლისკენაც მიილტვის ჩემი სული და ჯერ მზად არ ვარ გაფრენისთვის. მე უბრალოდ სემნტიმენტებში ვიხრჩობ თავს ამ საღამოს და ნაკლებად ვფიქრობ გრანელზე . მხოლოდ მაწუხებს, რომ გუშინ შორს ვიყავით ერთმანეთისგან..
შენ, ალბათ, ისევ დამიძახებ გვირილას და მეტყვი, რომ წმინდაა ჩემი სული. მე გამიჭირდება დათანხმება, იმიტომ, რომ ვგრძნობ, თითქმის ყოველდღე როგორ ეშვება იგი ფსკერზე საჰაერო ბურთივით, რა მომეტებით მტკივა ამ დროს ხერხემლის მალები და ასე თუ გაგრძელდა, მალე ჩავიძირები. მაგრამ რაღა დაგიმალო და ამას რომ მეუბნები, ერთი საფეხურით მაღლაც კი ამოვდივარ. არაფერია იმაზე ცხადი, როცა მე ვხედავ, როგორ დგახარ იმ გზის ბოლოში, რომელსაც შესაძლოა, სულაც არ მივყავდე ღვთისმშობლის ტაძართან და ხელგაშლილი მელოდები . მერე, ზუსტად ვიცი, ერთად დავადგებით ღმერთისკენ რაღაც ბილიკს, ამოტეხილასფალტებიან გზას ან სულაც წყლიან გუბეებს, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ერთად ვიპოვით ღმერთს.
მრავალჯერ მითქვამს, არაფერია იმაზე კარგი, როცა წინასწარ შეგიძლია გამოიცნო, რა მოხდება-მეთქი. ეს სხვა არაფერია, თუ არა შენი საიმედო მუხლისთავები ან თავდაჯერება, რომ  მაგიდაზე გადაშლილ, სასიყვარულო ურთიერთობებით აჭრელებულ დღიურს არასოდეს წაიკითხავს ოთახის დასალაგებლად შესული დედა.

იცი, ტომ, ახლა შოპენს ვუსმენ. შოპენის ნოქტიურნს და ეს ფონი  თავით მიშვებს ძველ ეპოქაში, მაშინ , როდესაც ფრანგი ქალები ხერხემლის ბოლოს აპრეხილი, შილიფი კაბებით ფრთხილად სხდებოდნენ ხავერდისზედაპირიან სავარძელში და ბატის ფრთით წერდნენ წერილს ომში წასულ მიჯნურებს.
დავფიქრდები და ასე მგონია, სიყვარული არც თანხვედრაა აზრების და პიროვნულობების და არც სხვაობა ამათ შორის. ყველაზე მთავარი ისაა, ამ დროს სავსემ კი არა, დაცლილმა იარო. სავსე ხომ ყოველთვის ხარ, როცა კუს ბაკანივით ზურგზე გაქვს მოკიდებული მთელი ცხოვრება და ცარიელი საფულესავით სულ თან დაათრევ, გჭირდება თუ არა. თუ გიყვარს, იმდენი შენიერება  უნდა გადაადო, რომ აღარაფერი  დაგრჩეს ბოლოს. შეშველება ხომ ჭირდება ხანდახან ჩვენს მხრებს.
შენ მეტყვი რამეს, იმაზე კარგს, ვიდრე იმის შეგრძნებაა, რომ მშიერ სულს პეშვიდან აკენკინებს თბილ სიტყვებს ვინმე, ღმერთისგამოგზავნილი? არა, ვერ მეტყვი ტომ, იმიტომ, რომ ასეთი არაფერია. მე კი არ მითქვამს რამე ასე მსუყე და ნოყიერი, დამაპურებელი ან მე კი არ ვარ ღმერთის გამოგზავნილი, მაგრამ.. შენ მიგყავარ იქით..
ჰოდა, მინდა, გამოგყვე, ტომ..
მით უმეტეს, რომ მე არ ვიცი, საიდან გათენდება და რომელ მხარეს ამოვა მზე.
გუშინ, სინათლეს შემთხვევითშესწრებული, ვხედავდი მეზობლის ბავშვს, მეზობლის შვიდი წლის ბავშვს, რომელსაც ოთახში დაყავდა მკვდარი ბაბუის ლანდი და საკუთარი თავი დავინახე იმ გაბზარულ, ჭუჭყიან კედლებში..
მე არ ვიცი, რატომ ვამთავრებ მრავალწერტილით ყოველ ასეთ წინადადებას, მაგრამ ასე მგონია, ეს წერტილები მხრებით ეზიდებიან ჩემს ყველა წელშიგაწყვეტილ სიტყვას და  მერე დიდ გოდოლს აშენებენ, რომ ერთხელაც, უხერხემლო დარდებით დაოსებული დავადგე ვიწრო გზას, რომელიც მათთან მიმიყვანს და მდუმარედ აღვესრულები.. მაშინ შენც არ იქნები ჩემ გვერდით, ტომ..
ალბათ ახლოსაა ეს ყველაფერი და მგონია, გამოსამშვიდობებელ წერილს გიწერ.
ღმერთო ჩემო, დიდი ხანია არ ვყოფილვარ ასეთი მსუბუქი.
ტომ, შენ ხომ იცი, ყველა მზესუმზირა ვან გოგს არ ეკუთვნის, მაგრამ მაინც მისია ისინი.. ვან გოგისაა ჩემთვის აბიბინებული ყანები და ალაგ-ალაგ მზის ყვავილებით გაბრუებული მიწის ნაკვეთები. მერე რაა, რომ გონსალვესიც უდგას დარაჯად.
სწორედ ამიტომ, მე მინდა, შენთან ერთად ვნახო, როგორ ეკიდება ცეცხლი რიონს და დაგარწმუნო, რომ არაფერია ამ დროს ჭყვიშის გახლეჩილბროწეულისფერ ცაზე უფრო ქაფქაფა, მერე კი დავსხდეთ სილიან ნაპირზე და შევწვათ ვიღაცის ეზოდან მოპარული რძიანი სიმინდები.
იქნება ყველაზე მშვიდი და სუფთა საღამო, რაც კი აქამდე. მერე მოვუსმენთ შოპენს და ჩვენ ორივე ვიქნებით რაფაელი, პიკასო, მოდილიანი .  როგორ დავიჯერო, ღმერთი ყოველდღე ცაშია და არასდროს დაუდგამს ფეხი მიწაზე ჯვარცმის შემდეგ . სხვა რა იქნება ის საღამო, ტომ..
და რა კარგია, რა სიმსუბუქეა, როცა ფრენითდაღლილ, ხის ტოტებზე წამოდებულ, გახეულ სულს ხელებგაშლილი ელოდება ვიღაც.
მეც მინდა გავფრინდე, ტომ..
თუნდაც მხოლოდ ამისათვის..

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:11:20
დეას დრო                                              #30



კაფეში ვზივარ, ძველი თბილისის ძველ უბანში, შარდენზე და დეას ველოდები. დეა ჩემი მეგობარია. სავარაუდოდ ჩემი მომავალი შეყვარებული და უფრო ნაკლებ სავარაუდოდ ჩემი მომავალი ცოლი. თუმცა ოცნებას კაცი არ მოუკლავს. დეა უნაკლოა. სულ რამდენჯერმე მყავს ნანახი, მაგრამ მთელი არსებით ვგრძნობ, რომ უნაკლოა. ვცდილობ განვდევნო ეჭვი ჩემი გონებიდან, რომ მას შეიძლება წარმოდგენა არ ქონდეს, თუ ვინ არის ბორხესი, ან არ იცოდეს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის არსებობის შესახებ. თუნდაც არ იხეხავდეს კბილებს დღეში ორჯერ. ვერ წარმომიდგენია, რომ დეას მკერდზე ბალანი ეზრდებოდეს და ეპილაციაზე დადიოდეს სილამაზის სალონებში ყოველთვიურად, იმიტომ რომ დეა უნაკლოა. ყავას ვუკვეთავ და ნება–ნება ვწრუპავ. შაქარი მეტი მოუვიდათ. ცოტა გამაღიზიანებელია, რადგან მიყვარს მომწარო ყავა, მაგრამ ახლა ჩემთვის  სულ ერთია. ფინჯანს ორთქლი ასდის და რატომღაც მახსენდება იაკობს მონარქის რეკლამა, ღვთაებრივი სურნელი რომ იტყუებს ქუჩიდან კაფეში შეყვარებულ წყვილს. ამის გაფიქრება  და მესმის მხიარული უდარდელი სიცილი. ჩემს წინ  დეა დგას.
–აი მეც მოვედი, როგორ ხარ?–მე გაკვირვებული ვუყურებ და ასე მგონია დეა ყავის ორთქლისგან გაჩნდა იმ წამს ჩემთან ზღაპრული ჯინივით.
–არა მიშავს დეა, შენ როგორ ხარ?– დაბნეული ვარ. ასეთ დროს ჩვეულებრივ გოგონები ორაზროვნად იღიმებიან ხოლმე, მაგრამ დეას სახეზე ორაზროვნება, ან რაიმე ოდნავი უპირატესობის გამომხატველი მიმიკა არ აღბეჭვდია, უბრალოდ ტყავის ქურთუკი სკამის საზურგეზე გადაკიდა და მაგიდასთან დაჯდა მოქნილი, ბუნებრივი მოძრაობით. დეა უშუალოა. ეს უფრო მაბნევს. ჩემი წინასწარ მოფიქრებული გეგმა, რაც შეიძლება თავისუფლად დამეჭირა თავი, როგორც ბოჰემური ცხოვრების წესის მიმდევარ საყელომოღეღილ და თმაგაჩეჩილ პოეტებს ჩვევიათ, ჩაიფუშა(პირველივე შეხვედრაზე დეას თავი პოეტად გავაცანი, მიუხედავად იმისა რომ ჯერ არც ერთი წიგნი არ მაქვს გამოქვეყნებული და მხოლოდ ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში ვბეჭდავ ხოლმე პერიოდულად ლექსებს).  კაცების უმრავლესობა ცდილობს  ქალის წინაშე თავი დონ ჟუანად წარმოაჩინოს და მათ რიცხვს მეც მივეკუთვნები... სახლში სარკის წინ ვრეპეტიციობდი: „მე ვარ აგენტი 007 მთელი მსოფლიოს ქალთა გულთამპყრობელი“. თავი პირს ბროსმანად წარმოვიდგინე. მიუხედავად იმისა რომ არ ვეწევი, ამ ღირშესანიშნავი მოვლენისთვის წინასწარ ნაყიდი მალბოროს კოლოფი გავხსენი და პირდაპირ ჩემს საწოლ ოთახში გავაბოლე. დედაჩემი სიგარეტის კვამლს ვერ იტანს. წარმოიდგინეთ მე სარკის წინ ვდგავარ და ვპოზიორობ. ამ დროს დედაჩემი აღებს კარს მე ფართხაფურთხით ვისვრი სიგარეტისა ნამწვავს ღია ფანჯრიდან, ფერფლი  დაუთოებულ პერანგზე მეყრება და დამნაშავესავით ვიღიმი. –„რას აკეთებ ალექს?“ –„არაფერს დედა, არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ მე აგენტი 007 ვარ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის მოხიბვლას ცდილობს.“ –„აი თურმე რა. პაემანი გაქვს?“ –„შეიძლება ასეც ითქვას.“
დეა ბალერინაა. მე ის პირველად ოპერის სცანზე ვნახე მარის როლში ჩაიკოვსკის ბალეტიდან „მაკნატუნა“. არ მინდა ბანალურად მოგეჩვენოთ ის, რასაც ვიტყვი. დეა  ჰაერში ლივლივებდა, ის არამიწიერი იყო  ცეკვისას. და ასე სივრცის და დროის დამპრყრობი უსახო და უდროო,  და ამავდროს სახიერი, სრულყოფილი. როცა კონცერტის მერე მასთან მივედი და აღფრთოვანებული ლამის მუხლებზე დავემხე მის წინაშე, არ მეგონა თუ ადამიანურ ენაზე დამელაპარაკებოდა– მასთან როგორც ცეკვის ღმერთთან ისე მივედი, მაგრამ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად და თითქოს თავისით მოხდა, იმპულსურად. რამდენიმე ზეაღმატებული კომპლიმენტის შემდეგ,  ალბათ დეას შემკობას გალაკტიონ ტაბიძის სიტყვა–სამკაულით („და სასახლეებს ჰაერში მოდებ“), კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი, რომ არა მისი იდუმალი, დამაჰიპნოზებელი მზერა. დეას დიდი, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, რომლებიც საოცარ ენერგიას გამოსცემდნენ. წამით გავწყვიტე ქადაგება და  პაემანზე დავპატიჟე. ის დამთანხმდა ჩემდა გასაკვირად. არა, მის დაპატიჟებას არც ვაპირებდი უბრალოდ შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ ეს შანსი ხელიდან არ უნდა გამეშვა. ჩემივე თავის  გამიკვირდა, თავხედურად მოვიქეცი, თუმცა ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია რომ დეა დამთანხმდა.
ის მოხდენილად სვავს ყავას. –„სიგარეტი ხომ არ გაქვს?“–„კი როგორ არ მაქვს.“ –საჩქაროდ ვიღებ ჯიბიდან მალბოროს კოლოფს და ვაწვდი. ის ერთ ღერს იღებს.
–ყავის გარდა შევუკვეთო შენთვის რამე?
–არა, რას ამბობ დიეტაზე ვარ.
–პატარა ნამცხვარი, არაფერს გიზავს.
–ნუ მაცდუნებ..
–რა, მოცეკვავეები არაფერს ჭამთ?
–ალექს ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს, გენაცვალე.
„გენაცვალე“–ასე ჩემი ყოფილი  გირლფრენდი მომმრთავდა, ყოველი წინადადების ბოლოს არ შეიძლება არ დაეყოლებინა „გენაცვალე“. თან ძალიან მანერულად და არაბუნებრივად. ეს სიტყვა მისთვის ერთგვარი ბრენდი იყო. იგი მიმტკიცებდა, რომ ერთი კოცნით შეეძლო გაეგო მამაკაცზე იმაზე მეტი, რის გაგებასაც სხვა ქალები მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ შეძლებდნენ, თუმცა მას სრულებით არ ესმოდა ჩემი. მოკლედ რომ ვთქვათ, მე ალთას ვიყავი ის ბალთას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზოდიაქოს გამო დამშორდა. ერთ დღეს შეშფოთებული გამომეცხადა და მითხრა–„კურო და მშვილდოსანი ერთმანეთს ვერასდროს შეეწყობიან, გენაცვალე“, ჩემ საძინებელ ოთახში მდგარი დანჟღრეული მაგიდიდან თავისი ძველი „ნირვანას“ დისკები მოკრიფა და წავიდა. მერე გავიგე, რომ წინა დღით რომელიღაც ასტროლოგტან ყოფილიყო კონსულტაციაზე. აი ასე იყო... „გენაცვალე“–დეას ბაგეთაგან საოცრად ჰაეროვნად ჟღერდა ეს სიტყვა. ძალდაუტანებლობა და ბუნებრიობა –აი რა მხიბლავს ყველაზე მეტად.
–რამდენი ხანია რაც ცეკვავ?
–ბავშვობიდან, ექვსი წლიდან დავიწყე.
–ალბათ ძალიან რთულია რასაც აკეთებ.... არა იმას ვგულისხმობ რომ.. რა თქმა უნდა ძალიან რთულია....
მოკლედ დავიბენი.. ვგრძნობდი–კითხვების მარაგი ნელნელა გამომელეოდა. არა ასე გაგრძელება არ შეიძლება ალექს 007–ო. ცოტა ხანში იმასაც კითხავ ალბათ „რომელი ფერი მოგწონს დეა?“. არა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება. მერე კი ასი წელი ვეღარ ნახავ.
–უმეტესწილად ჩაიკოვსკის ცეკვავ ალბათ ხომ?
–არა მარტო ჩაიკოვსკის.
მე დავდუმდი, დეაც დადუმდა. დიდხანს ვიყავი ჩაშტერებული მენიუს და არ ვიცოდი რა მეთქვა. ჩავახველე ერთი ორჯერ. უხერხული პაუზა შეიქმნა. დეა განძრახ არ არღვევდა სიჩუმეს და პირდაპირ, გამჭოლად მიყურებდა, თითქოს მსწავლობდა. მერე ყავას მოურია და კოვზი ვნებიანად, ნელა გალოკა. თვალს არ მაშორებდა. მე რა თქმა უმდა ყველაფერი  დავინახე, მაგრამ არ შევიმჩნიე უფრო მეტი სიბეჯითიდ გულმოდგინედ განვაგრძე კითხვა, ალბათ იმ წამს რომ ეკითხა ვინმეს მთელ მენიუს  ზეპირად მოვუყვებოდი... ხინკალი, ლობიანი, 6 ლარი და ორმოცდაათი თეთრი ღირს.... კიდევ ერთხელ შევხედე დეას ის კვლავ კოვზს ლოკავდა და თვალებში მიყურებდა.  მენიუ უბრალოდ დავკეცე და მაგიდაზე დავდე. „ალბათ იდიოტი ვგონივარ“. ხელები მოვიფშვნიტე, შემეშინდა  საერთოდ არ წასულიყო... „მერე სადღა მექნება ასეთი შანსი“. ჩემი ფიქრის საპასუხოდ–დეამ თავისი ღვთაებრივი, სისხლისფერი ბაგეები განახვნა.
– მოდი ალექს გავამარტივებ ყველაფერს კარგი? ერთი თხოვნა მაქვს და პირდაპირ მიპასუხე. შენი ყველაზე უცნაური სექსუალური გამოცდიელბა ამიღწერე.–ამ დროს ნერწყვი გადამცდა და ხველება ამიტყდა.  „ნუთუ მომესმა?!!“. დიდხნას ვახველე და კიბორჩხალასავით გავწითლდი. დეას გაეღიმა.–მე შენ აგირჩიე ალექს მე შენ მომწონხარ და მინდა შენზე ყველაფერი ვიცოდე. გესმის?!
–კარგი–ამ სიტყვის თქმის შემდგომ კიდევ ხუთმა წუთმა განვლო.
–თამამად!!
„გოგო კი არა ნამდვილი გახსნილი ლიმონკაა“–მინდოდა რამე გიჟური მეთქვა.. „რამე ძერსკობა უნდა მოვიფიქრო, საყვარლად ტუჩებგაბუტულ ვაკელ გოგონებს რომ გაუსწორდებათ ისეთი რამე“.. თუმცა დეა არაფრით გავდა ტიპიურ ვაკელ გოგონას, ყოველი სიტყვის ბოლო მარცვალს, რომ აგრძელებენ მომაბეზრებელი, ნარეპეტიციები და ერთფეროვანი ინტონაციით. და რაც ვთქვი ვგონებ, არც ტიპიურ ვაკელ ქალიშვილს მოეწონებოდა მაინცადამაინც:
–ჩემი ყველაზე მაგარი გამოცდილება იყო, როცა ჩემმა გირლფრენდმა კოკაინი შეისრუტა ჩემი ამდგარი ფალოსიდან და მერე პირში აიღო.
პაუზა. რეაქციას დაველოდე. დაველოდე ჩემი ნათქვამი დეაზე რა ზეგავლენას მოახდენდა. არაფერი. ის მშვიდად მიყურებდა.
–ნუთუ მართლა? საინტერესოა.
–აბა რა. მე ძალიან მდიდარი სექსუალური გამოცდილება  მაქვს. შეგიძლია ამაში თავადაც დარწმუნდე.
–ოჰო, მაგის დროც მოვა.. ნუ ჩქარობ.. –ლოყები ოდნავ წითლად შეეფაკლა.–მანამდე.. მანამდე  რაიმე ლექსი წამიკითხე შენი შემოქმედებიდან... რამე სექსუალური და ისეთი... ურითმო ლექსებს ვერ ვიტან. რა ქვია?
–თეთრი ლექსი.
–ხო თეთრ ლექსს ვერ ვიტან. აი, გალაკტიონი. ხომ მართლა მეფეა ალექს?
„ურითმო ლექსებს ვერ ვიტან“–არა, ამას ბორხესი ნაღდად არ ეცოდინება. ბეთჰოვენი შეიძლება გაგონილი აქვს შორიდან. „გალაკტიონი ხო მართლა მეფეა?“–ნევროზიანი დიასახლისების საყვარელი ფრაზა. შეიძლება ნევროზიანი დედა ყავს სახლში. ღმერთო ერთი წინადადება თქვა და... ხმა სულ არ ამოეღო ის ჯობდა.
–ისე, რომ იცოდე ბორხესს ვაღმერთებ, პირადად ვიცნობდი.– სხვათაშორის დააყოლა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა. თვალები ლამის გადმომიცვივდა. დეა ჩემს გაკვირვებას განაგრძობდა, ჩემი ფიქრი გამოიცნო!–არა ეს უბრალო დამთხვევაა ალექს, დაწყნარდი! „პირადად ვიცნობდი“–ხომ არ გაგიჟდა?! შეიძლება დაშტვენილი ნიმფომანკაა.
–წამიკითხავ თუ არა?
–ახლავე. ესეიგი რამე სექსუალური და თან თეთრი რომ არ იყოს?
–მჰმ.
–ჰო. სხვათა შორის მინდა გითხრა, ჩემი ლექსები სიდი ალბომად გამოიცა. ქართველი მსახიობები კითხულობენ. მურმან ჯინორიაც კი დავიყოლიე წარმოგიდგენია? შეგიძლია შეიძინო... არა, არ იყიდო, მე თავად გაჩუქებ ერთ ცალს.
–კარგი.
–ჰო, რა თქმა უნდა, თითქმის გადამავიწყდა. ლექსი...
„ოქროსთმიანმა ბავშვმა გამიღიმა  და შერცხვა.
და შებრუნება სახის იყო ძალიან მკვეთრი,
დედას, ან ქალს კი არა- ხელში ეჭირა მერცხალს,
თან გულისპირი ქონდა მარმარილოზე თეთრი.
ესკალატორის კიბის მანძილს თვალებით ვხრავდი,
ხდება როდესაც მზერას ვეღარც ძაღლივით აბამ,
წაუპოტინა ბავშვმა  ცალი ხელი და მხრამდე,
გადაუწია თხელი, საგაზაფხულო კაბა...“
ყველა ავტორს აწუხებს კითხვა რამდენად ღირებულია მისი შემოქმედება? მე ახლა გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ. არ ვიცი. უკვე კარგა ხანია გაორებული ვარ. რას ვწერ? ღირებულია ის რასაც ვწერ? ვისთვის ვწერ? ჩემთვის? ხალხითვის? დილით უსიამო საუბარი მქონდა რედაქტორთან, რომელსაც ჩემი ახალი ლექსი მივუტანე. მან საქმიანად გადაიკითხა, სახეზე ეტყობოდა, თითქოს უკვე იცოდა რასაც კითხულობდა, წინასწარ თავისთვის უკვე მკაცრად განსაზღვრულ ჩარჩოში მსვავდა. მან მითხრა– ალექს, კარგი რითმაა, მაგრამ ხალხი დაიღალა ლურჯი ორქიდეებისგან და პირდაპი გეტყვი, არ გეწყინოს ამ პოსტრომანტიკული, თუ პოსტსიმბოლისტური მძღნერისგან, მე ბევრი სექსი მინდა, ახლა იყიდება ბევრი სექსი და ბევრი სისხლი. დაიმახსოვრე ესაა წარმატების ფორმულა. ძველმა პოეზიამ თავისი თავი ამოწურა, გესმის? ეს უნდა შეიგნო. უბრალოდ ნიჭიერი ავტორი ხარ და ამ ეტაპს დარწმუნებული ვარ გაივლი... მე კი ფინიასავით ვუყურებდი, მორჩილი გოშიასავით, და მის ყოველ სიტყვას ისე ვისმენდი თითქოს მამაღმერთი ლაპარაკობდა. და მაშინვე გადავწყვიტე დამეწერა ბინძურ სექსსზე და ბევრ სისხლზე, როგორც მითხრეს, რამეთუ პირველად იყო რედაქტორი და მერე დანარჩენი ყველაფერი.
დეა თვალებში მიყურებდა თითქოს კითხულობდა ჩემს ფიქრებს. მე მკითხულობდა. მას არ აინტერესებდა რას ვამბობდი, მას არ აინტერესებდა ჩემი ტრაბახი, თუ რა მაგარი პოეტი ვარ, რომ ქართველ მსახიობთა მიერ წაკითხული ჩემი ლექსები ერთ სიდი ალბომად გამოიცა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემს ლექსს საერთოდ არ უსმენდა. მან  იგრძნო ნამდვილი. მე ამაში დარწმუნებული ვიყავი. რა არის ნამდვილი?...
„მერე დანარჩენი ყველაფერი“– ეს სიტყვები ექოსავით ჩამესმა და უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს დეამაც გაიგო. პირველად შემეშინდა. ის მე მაკონტროლებდა.–„ვინ ხარ დეა?“
–მაგარი ლექსია.
–ასე ფიქრობ?
–ჰო.
–მე ხომ ბოლომდე არ წამიკითხავს.
–ამას მნიშვნელობა არ აქვს. შენ პონტში მაგარია.
–დამცინი?–დეამ საათზე დაიხედა.
–ალექს სიამოვნებით გავაგრძელებდი შენთან ამ თემაზე საუბარს, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ ითმენს და სათქმელი პირდაპირ უნდა გითხრა.
–შეგვიძლია ახლავე წავიდეთ და სიყვარულის ნექტარით დავტკბეთ ლამაზო.– გუნებაში კი გავიფიქრე „მაგარს გაგაწამებ დღეს  და ისე დაგღლი რომ ერთკვირიანი შვებულების აღება მოგიწევს ოპერიდან“. მაშინვე გავაცნობიერე–ჩემი ნათქვამი ყოვლად უადგილო იყო. ავნერვიულდი, ვგრძნობდი, რომ თვითკონტროლი დავკარგე, მივხვდი – ინიციატივა საბოლოოდ გავუშვი ხელიდან. ახლა დეაზე იყო ყველაფერი დამოკიდებული. ყველაფერი ან არაფერი. ჩემს თავს შევუკურთხე, ასეთ უხეშ შეცდომას სკოლის მოსწავლე სახედამუწუკებული თინეიჯერიც კი არ დაუშვებდა. დეა განაგრძობდა:
–არა შენ ვერ გამიგე... შენი პრობლემა ისაა.... ხომ შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვიყო შენთან? შენ ქმნი მითებს შენივე ცხოვრებაზე და მერე თვითონვე გჯერა ამის. აი გამოტყდი, დღემანდელი ჩვენი შეხვედრის მერე, ძმაკაცებს მოუყვები რომ ჩემთან მაგარი სექსი გქონდა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაფერი მოხდეს. შენ გინდა დაიჯერო, რომ მაგარი პოეტი ხარ, მიუხედავად იმისა რომ რედაქტორის ნებისმიერ თითის დაქნევაზე მზად ხარ,  პოსტრომანტიკული მძღნერისგან ბევრი  სექსი და ნიუ ეიჯი გააკეთო... შენ თავისუფალი არ ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გინდა ამის დაჯერება... მე დაგეხმარები...
გამაჟრჟოლა. ეს უკვე რეალობის საზღვრებს სცილდებოდა. ეს... წესით შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ცოტა ხანში დავრწმუნდი, რომ  შეუძლებელი და არარეალური არაფერია ქვეყანაზე... მანამდე კი მე ავმბოხდი ამ გაუგონარი თავხედობის შემყურე:
–მომისმინე, შენ ამის თქმის უფლება არ გაქვს, თავს ნამეტანის ნება მიეცი. თუ უბრალოდ გინდა თავი მომაჩვენო, იცოდე რომ არარაობა ხარ, რომელსაც მხოლოდ ჟიმაობა უნდა. გეტყვი მე რას ვფიქრობ შენზე: ალბათ ყველას და ყველაფერს ლოგინში უწვები, ოღონდ კი ფალოსი ებას...
დეამ გაიღიმა და თავისი იდუმალი მზერა მომაპყრო, თვალებით მივეჯაჭვე მის თვალებს. არ შემეძლო მათთვის არ მეცქირა, მათ მიღმა უცხო სამყარო იყო. დეამ მონოტონურად, მშვიდი ხმით მკითხა:
–ყველაზე მეტად რა გტკივა ალექს რა გაწევს გულზე? მომიყევი, რაც პირველად გაგახსენდება და დამშვიდდი...–შთაბეჭდილება გამიჩნდა, თითქოს ფსიქოანალიტიკოსთან ვიყავი კონსულრაციაზე.
მე გამახსენდა ჩემი მეგობარი, რომელიც ნარკომანია, მაგრამ ძალიან უყვარს შნიტკე, იმიტომ რომ „კაიფში როცა ხარ და შნიტკეს უსმენ–შენს წინ იშლება სამყარო ათიათას ნაწილად და ამ ნამსხვრევებში მიდიხარ და მიდიხარ“.  მას ყავდა ბებია, რომელიც ძალიან უყვარდა და ერთხელ დაბოლილმა მთელი ორი დღე ვერ შეამჩნია, რომ ის მკვდარი იყო. არადა ზუსტად ბებიას პენსიით ქონდა წამალი ნაყიდი. ის „არტყავს  კრუგებს“, დაბოლილი, სასტუმრო ოთახში მტვრიანი ხალიჩის გარშემო და თავი უდაბნოში მოხეტიალე წმინდა ბერი გონია. „იწამეთ უფალი ღმერთი, იწამეთ იესო!!!“ ოთახის ცენტრში კი  ბებოს გაციებული სხეული აგდია. ბებო სადა ხარ, გღვიძავს? ბებია ვერარასდროს გაიღვიძებს. მის გვამს რომ გადააწყდა უდაბნოში მქადაგებელი, რამეთუ დიდი არს ძალა მანაგუისა დაიბღავლა განწირული ადამიანივით, რომელსაც  რეალობასთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი ცოცხალი ძარღვი გამოეცალა. ამ დროს გაისმა ბეთჰოვენის მეხუთე საფორტეპიანო კონცერტის მეორე ნაწილი. ეს მუსიკა საკმაოდ წარმატებით გამოიყენეს ძმებმა დარდენებმა თავის ოქროს პალმით დაჯილდოებულ ფილმში „ბიჭი ველოსიპედით“. ეს მუსიკა კარგა ხანს ჟღერდა და ჩემს მეგობარს, რომელსაც ძალიან უყვარდა შნიტკე, გაახსენდა როგორ უხსნიდა ნახევრად ბრმა ბებია სკოლაში მოცემულ მათემატიკის დავალებას. მერე გაახსენდა ჩემი მრავლისმეტყევლი და თანაგრძნობით, ნახევრად ყალბი აღმაფრენით აღსავსე გამოხედვა და სიტყვები– „ამას თავი უნდა გაანებო“.  ბეთჰოვენის მუსიკა გადაიზარდა ტექნოში და ჩემი მეგობარი მთელი ღამე ცეკვავდა ღამის კლუბში მთვრალი, მერე იჩხუბა და  ხორცის აკეპილ გროვად  გადაიქცა.
–შენი რწმენა გააცოცხლე ალექს.–ჩამესმის დეას სიტყვები, და ვხვდები რომ არაფრის მწამს, ვხვდები რომ უბრალოდ სიტყვა ვარ, რომელიც ღმერთმა თქვა და სამყარო კი არადა არ დაიბადა.
ავღელდი სახეზე ოფლმა დამასხა.
–დაწყნარდი–მაცახცახებდა–გაიხსენე როგორი ამინდია? იფიქრე მზეზე.
გამახსენდა: დღეს დედამ დამავალა– გადი ბაზარში ორი კილო მანდარინი და მწვანილი იყიდეო. სანელებლების ყიდვაც დამავალა –დედაჩემი შესანიშნავად აკეთებს ლობიოს... მჭადთან ერთად პაჰ, არაფერი შეედრება. თან თუ სახლში ჭაჭაც მოგეპოვება მთლად უკეთესი. გავედი ბაზარში, გამყიდველი ლაპარაკობდა.–დღეს  როგორც იქნა ქალაქში წვიმა მოვიდა. ცაზე გამოჩნდა უშველებელი ფრინველი მარდუკი და მან შეჭამა ცეცხლოვანი ხარი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე გვალვას იწვევდა. და ხალხმა თაყვანი სცა მარდუკს. ცეცხლისმფრქვეველი ხარი მუხთალი იყო, სანამ წვიმას წაართმევდა ხალხს, იქამდე ყვავილთა გვირგვინებს უძღვნიდა ყველას და ყვავილების ზეიმს მართავდა საბჭოთა პარადების დარად, მერე კი ცეცხლის ფრქვევა დაიწყო. დიდი არს ძალა მარდუკისა!! გაუმარჯოს მარდუკს!! ყველამ თაყვანი სცა ახალ კერპს. ქალაქში წვიმდა, როგორც არასდროს.
მე ვიხილე ჩემი თავი, ჯვარს ვარ შემოხვეული ორივე მკლავით. გარშემო წითელი წარღვნაა და მე ვქადაგებ –ხალხო, გახსოვდეთ უფალი!
ღმერთმა დაგვსაჯა, რამეთუ ჩვენი რწმენა არ არს ცხოველი, რამეთუ ფარისევლები ვართ. ჩვენ არ ვიქმთ იმას რისიც გვწამს. დადგა აპოკალიფსი, ატომური ომი დაიწყო.  ადამიანებმა მუტაცია განიცადეს და ზომბებად გარდაიქმნენ. და ხალხი გაცოფდა და ერთმანეთის ჭამა დაიწყო. მე ვფიქრობ ზომბებზე, რომლებსაც ვხოცავდი და მამაჩემზე, რომელიც გაზომბდა და ჩემი ხელით მოვკალი საკეტდაჟანგებული კარაბინით, რომლის გაწმენდასაც ყოველ კვირა მავალებდა და რომელსაც განძრახ არ ვწმენდდი, რომ ჩაჟანგებულიყო და სიფილისისგან და მომაკვდინებელი ვირუსისგან გაფსიხებულ მამას დედაჩემი არ მოეკლა. მაგრამ  გადამწყვეტ მომენტში, როცა თვალებჩასისხლიენებული და პირდორბლიანი ჩემკენ მოიწევდა მოსაკლავად, კარაბინმა გაისროლა.
დეა მეუბნება:
–მე ღმერთი ვარ.
მე ვეკითხები:
– მაშ რატომ გაცვია მოკლე, წითელი კაბა?
–ღმერთსაც აქვს უფლება მოდას აჰყვეს.
ამ დროს შავსათვალეებიანი მიმტანი მოდის ჩვენს მაგიდასთან, პერანგზე პატარა ბარათი აქვს დაბნეული, რომელზეც უცნაური სახელი წერია–ხორხე.–„კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ?“ მე სახეზე ოფლი ჩამომდის ღვარად. თვალები გიჟივით მიელავს. ვეუბნები– „მე არაფერი მინდა“–და დეასკენ ვიხედები. დეა თავს აქნევს უარის ნიშნად.
ბრმა მიმტანი ხორხე ამბობს–  „მე ვარ წარსული და რაც ახლა ვარ უკვე ვიყავი.  დრო არ არსებობს. ერთი წამი და მსოფლიოს ისტორია შეიძლება თავდაყირა დადგეს. ახლა კი წავალ“–ხელის ფათურით ცდილობს გზა გაიგნოს და შუშის კარს ეჯახება, ხოლო შავი სათვალეები  იატაკზე უვარდება და ტყდება.
დღეს მათხოვარმა ფული მთხოვა. მე არ მივეცი, მან კი დამწყევლა–„მე რომ არ მომეცი ეს ნიშნავს რომ ღმერთს არ მიეცი.“–და იმათ ჯინაზე, ვინც მოწყალება არ გაიღო, გაბრაზებულმა და დაბოღმილმა მიწისქვეშა გადასასვლელში დემომნსტრაციულად მოფსა ყველას თვალწინ, ეს იყო მისი შურისძიება. ამ დროს გამოიარა პოეტმა. მას ხელში ლურჯი ზამბახების თაიგული ეჭირა. ის დიდხანს ესაუბრა უპოვარს, თანაუგრძნო და ანუგეშა. მერე ლურჯი ზამბახების თაიგული აჩუქა და თავისი გზით წავიდა. „უფლისწული შეხვდა მათხოვარს, ოღონდ მათ როლები არ გაუცვლიათ“.
საპირფარეშოში გავედი და პირზე წყალი შევისხი, რომ გამოვფხიზლებულიყავი. მძაფრი განცდებისგან, გონებრივი და სულიერი დაძაბული მუშაობისგან გამოვიფიტე. ხელახლა შევისხი პირზე წყალი და სარკეში ჩავიხედე.  ელდა მეცა–სარკეში დეას სახე ირეკლებოდა, მე შემეშინდა, ვიგრძენი– მას რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ჰქონდა გადაწყვეტილი. ეს უკვე ჩემთვის ცხადი იყო, მან გადაწყვიტა ისეთი რამ გაეკეთებინა, რაც ჩემს მომავალ ცხოვრებაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენდა. დეას ხელში იარაღი ეჭირა. ორი რევოლვერი. ერთ–ერთი მე გამომიწოდა.
–შენ გინდა წერო სექსზე და სისხლზე?
–დეა ეს რა არის?
–აიღე და გამოცადე. ჩვენ ამ კაფეს დავაყაჩაღებთ.
–დეა გაგიჟდი? ეს ხომ სისულელეა ეს უაზრობაა. ამას არ გავაკეთებ. არ შემიძლია.
–ალექს, შენ ამას შეძლებ. მე  ვიცი შენ ყოველთვის ოცნებობდი ამაზე, რომ იარაღი ამოგეღო და ვინმე მიგეხვრიტა ჯეიმს ბონდივით. მოდი ეს ახლავე გააკეთე და მერე გპირდები რომ  სექსი გვექნება. და ამ წამით ბოლომდე დავტკბებით. არ გინდა ჩემთან სექსი? არ გინდა ბოზივით გამჟიმო? მე ხომ ვიცი, შენ ცხოველი ხარ ალექს დამანახე ეს. გეყო, მოიხსენი შკოლნიკის წითელი ყელსაბამი.
–კი მაგრამ მე ეს არ შემიძლია უბრალოდ ვერ ავიღებ იარაღს და ადამიანს ვერ მოვკლავ ეს ყველაფერს ეწინააღმდეგება. ასე არ შეიძლება... შენ გიჟი ხარ შენ საერთოდ... არ ვიცი.
დეამ შემომხედა თავისი იდუმალი, დამაჰიპნოზებელი მზერით და  იარაღი გამომიწოდა. მე გამოვართვი.
–So geh und werde selbst die Schrift und selbst das Wesen.
საპირფარეშოდან გამოვედით, კაფე ცარიელი იყო. დამლაგებელი ქალი სველი ჩვრით ფანჯარას წმენდა. ბართან მიმტანი იდგა, რომელიც ოფლის სუნით საშინლად ყარდა. „ნეტა რაში უხდიან ფულს“. მე აღარ დამიყოვნებია შუბლზე იარაღი დავადე და მოვთხოვე ფული მომეცი  მეთქი. ის შეშინდა, ხელები აიფარა სახეზე და ჩაიჩოქა. შოკში იყო და ჩემი აღარ ესმოდა. მერე ბარმენიც შემოვიდა თვალი რომ შემასწრო, გაქცევა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჩემი ორმოცდაოთხ კალიბრიანი რევოლვერის ლულა  მისკენ იყო მიმართული.
–დროზე სალარო გააღე და ფული მომეცი, დამპალო, თორემ შუბლს გაგიხვრიტავ.
–კარგი, ოღონდ არ გაისროლო–ჩანს მას აქოთებულ მიმტანზე უკეთ შეეძლო თავის გაკონტროლება, მაშინვე გააცნობიერა, რომ ჩემს მუქარას ავასრულებდი და  ფულის მოცემამდე, არც ცდილა დროის გაყვანას, ან დაჩივლებას, უბრალოდ სალაროსთან მივიდა. ამ დროს გავიგონე დაეს ზარივით სიცილი. ის ჩემს უკან იდგა  და თავშეუკავებლად იცინოდა. ერთი პირობა ვიფიქრე სულ მთლად გარეკა მეთქი, მაგრამ არა, ის მე დამცინოდა.
–ალექს, შენ მე გამაოცე ამას ვაღიარებ. იარაღი დაუშვი.
–არა–საქმე ბოლომდეა მისაყვანი ეს ტიპი უნდა დავბრიდო–გაიწიე.
–ვერ დაბრიდავ ვერავის. თითსაც ვერ ახლებ.
–მე ხელში იარაღი მიჭირავს.
–ეგ იარღი ჩემო კარგო ნამდვილი არაა– სათამაშოა.
–რაა?!
–გამოკარი სასხლეტს და თვითონ დარწმუნდები, ნახე.
მე სასხლეტს გამოვკარი თითი. იქიდან საპნის ბუშტები გამოვიდა.
–შე ბოზო.  გამწარებულმა იარაღი ბარმენს ვესროლე.–ნამდვილი ბოზი ხარ. შენი დედაც, ამას რატომ მიკეთებ.?!! რატომ?!! –თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი ამიტყდა. იმის შეგრძნება, რომ ჩავფლავდი და დეას წინაშე ვტიროდი უფრო მიძლიერებდა საკუთარი უსუსურობის განცდას.
ბარმენმა მოკურცხლა. დეა მომიახლოვდა. და ცრემლები  ნოვას ერთჯერადი ხელასახოცით მომწმინდა.
–დამშვიდდი ალექს, ჩუ გენაცვალე,  ჩუ.– და ტუჩებში მაკოცა. მერე ლოყას აუყვა ენით და ცრემლები შემიშრო. მე გავგიჟდი, გონება დამებინდა და აღტკინებულმა კაბის გულისპირი გავუხიე დეას... ეს იყო ყველაზე სპონტანური და ყველაზე სუპერ–ათ წუთიანი სექსი ჩემს ცხოვრებაში. ზუსტად მაშინ გავათავე, რომცა ქუჩიდან პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. დეა მაგიდიდან ჩამოხტა და კაბა გაისწორა.
–ახლა უნდა გავიქცეთ. იცოდე წინ კიდევ ბევრი გამოცდა გელის და შენი იმედი მაქვს. შენ ყველაფერს უნდა გაუძლო, ყველა დაბრკოლება უნდა გადალახო და შეიძლება საბოლოო მიზნამდეც კი მიხვიდე... შეიძლება...
–დეა ახლა ყველაფერი სულ ერთია ჩემთვის. დამიჯერე, რაც იყო იყო. მთავარია შენთან ერთად ვარ.
დეამ გაიღიმა–უცნაური იყო თითქოს ამ ღიმილით მემშვიდობებოდა. მერე ხელი მომკიდა.
–გარეთ უნდა გავიდეთ. რაც არ უნდა მოხდეს არ გაჩერდე.
სირენების ხმა გაძლიერდა და აუტანელი გახდა. პოლიციელებმა კაფეს ალყა შემოარტყეს. –ხელები მაღლა ასწიეთ და გარეთ გამოდით. გირჩევთ დაგვნებდეთ!! გიმეორებთ დაგვნებდით! სხვა გამოსავალი არ გაქვთ. ჩვენ კარისკენ გავიქეცით ხელიხელჩეკიდებულები. გარეთ გავედით. ჩვენკენ მომართულია ათიოდ ლულა ცეცხლსასროლი იარაღისა. ჩვენ არ ვჩერდებით და გზას განვაგრძობთ.
–მთავარია არ გაჩერდე ალექს!
–გაჩერდით, თორემ გესვრით–ხმის გამაძლიერებელში მთელი ძალით ყვირის მაღალი, მსუქანი პოლიციელი. ეტყობა– დანარჩენებს უფროსობს. მერე გაისმის მკვეთრი ბრძანება–ცეცხლი!! მე თვალებს ვხუჭავ მერე კვლავ ვახელ და ჩემდა გასაკვირად ვხედავ–ჰაერში, როგორ შენელებულად მოძრაობენ ტყვიები. დეას ვუყურებ, ჩვენ უკვე მივქრივართ უსასრულო სივრცეში. დეას თმები გაშლილია. მე აღარაფრის მეშინია და მზად ვარ სიკვდილს თვალებში ჩავხედო. მერე თავბრუ მესხმის თითქოს მძლავრ მორევში ვეშვები და დიდხანს, დიდხანს გაუჩერებლად ვტრიალებ…
_________________
არ ვიცი რა დრო გავიდა. თვალს ვახელ. იგივე ქუჩაა  თითქოს არსად არ წავსულვართ, გარშემო ვიხედები  პოლიციელები არ არიან. –დეა სად ხარ?–არავინ მპასუხობს. ქუჩა ცარიელია.  უცნაური სიჩუმეა. შენობებიც საოცრად სხვანაირია, სასწაულის ძალით გარდაიქმნენ თითქოს. ძალიან ძველმოდურად გამოიყურებიან, ფერადი, ელექტრონული სარეკლამო ბანერები, მუდმივად რომ ციმციმებდნენ, შენობების კედლებიდან ჩამოუღიათ. სამების ტაძარი, შუშის ხიდი და პრეზიდენტის რეზიდენცია სადღაც გაქრა... სად ვარ? ნუთუ ასე უცებ შეიცვალა ყველაფერი?
ვხედავ–ვიღაც მორბის ჩემკენ თავზე შლაპა ახურავს ხელში მაუზერი უჭირავს. ქოშინით მიახლოვდება, სულს ძლივს ითქვამს, მიყვირის– ადე ძმაო რას ელოდები რუსები შემოიჭრნენ. ფეხზე მაყენებს –წითლები შემოვიდნენ ძმაო გაიქეცი. მე რა თქმა უნდა არ ვუჯერებ, მაგრამ ქუჩის ბოლოდან წითელვარსკვლავიან სამხედრო ფორმაში ჩაცმული და ვინტოვკაზე ხიშტდამაგრებული ადამიანები ჩნდებიან ლანდებივით. მათ ჩაიმუხლეს და გვესროლეს. –стой блядь!!–შლაპიანი ქვაფენილზე ეცემა უსულოდ, მე გავბივარ... არაფერზე ვფიქრობ უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტიქტი მკარნახობს, რომ უნდა გავიქცე. სამრეკლოს ქუჩაზე, ერთერთ რიკულებიანი სახლის აივანზე ვხედავ–წითელ დროშას კიდებს ხანშიშესული, მელოტი კაცი. ვეკითხები–ძია რას აკეთებ ეს დროშა რად გინდა? –მას ეღიმება.
–აბა შენ მიშველი ბოშო, ბოლშევიკები რომ მომადგებიან კარზე?!
მე სხვა დროში მოვხვდი... დომინე... დეუს... დეა... რატომ? რისთვის დამსაჯე ასე?!
__________________
გჯერათ, რომ ადამიანს შეუძლია დროში მოგზაურობა? არ ვიცი რა მანქანებით, მაგრამ დეამ დროში გადამისროლა, ალბათ ჰიპნოზის ძალით. კარგად მახსოვს მისი თაფლისფერი თვალების გუგები–აღმოსავლური მანდალის კონტურები. მე ვიხილე „აპოკალიფსი ახლა“. არ ვიცი, როგორი გრძნობაა, როცა დიდი ხნის მანძილზე მედიტაციაში მყოფი ფანატიკოსი წინასწარმეტყველი ექსტაზს განიცდის. მე ახლა მაგიური ბალახებით გაბრუებული, უძველესი ტომის შამანი ვარ, რომელსაც შეუძლია მომავალი დაინახოს. ჩემს თვალწინ ხელახლა იბადება წარსული(რაც ჩემთვის წარსულია, ახლა ხდება)–კადრი კადრს მისდევს კალეიდოსკოპივით. ვხედავ –ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები სამხედრო ფორმებს პირდაპირ ქუჩაში იხდიან, ოფიცრები მალავენ ეპოლეტებს და მედლებს, მთავრობამ რომ მიანიჭა მათ სიმამაცისთვის. ვისაც გაქცევა შეუძლია–გარბის, ვისაც არა–ბოლშევიკების გულისმოგების მიზნით წითელ დროშებს დააფრიალებს დიდი სიამაყით და თავგამოდებით. მარადიორები მიტოვებულ ბინებს და მარაზიებს ძარცვავენ, ეზიდებიან ყველაფერს რის წაღებასაც შეძლებენ,  ჭურჭელს, ტანსაცმელს ბავშვის სათამაშოებს, სხვადასხვა სახის, იაფ თუ ძვირფას ქსოვილებს. სადგურზე ხალხის ტევა აღარაა. ყველა გაქცევას ლამობს. ვაგონების ფანჯრებს ამტვრვენ, ისე ცდილობენ მატარებელში ადგილის დაკავებას. ვისაც არც გასაქცევი აქვს არსად, არც რამე დასაკარგი უბრალოდ ელის. ელის ახალს, უკეთეს ცხოვრებას, როგორც ძველი ბაბილონელები ელოდნენ ცაზე უზარმაზარი ფრინველის გამოჩენას. ადამიანები ხოჭოებია, ამფიბიები, ისინი დაღოღავენ ქალაქის ქუჩებში და ცდილობენ ბნელ ხვრელებში დაიმალონ და მიყუჩდნენ, თბილისის ქუჩები მათი მყრალი ლორწოთია მოსვრილი. ყველაფერი საოცრად ცხადია, საოცრად რეალური. მე მოჩვენებასავით დავეხეტებოდი  თბილისის ქუჩებში. ხმას არავის ვცემდი, არც არავინ მაქცევდა ყურადღებას, ერთი პირობა კიდეც შემეპარა ეჭვი, ნეტავ მართლა თუ მხედავენ, ჩემივე თავი ხომ არ მელანდება მეთქი ასეთ დღეში.
ველიამინოვის ქუჩაზე მეთულუხჩეებმა და უბრალო ბარგის მზიდავებმა მიმიწვიეს სუფრაზე. ძალაგამოცლილმა უარი ვეღარ ვუთხარი. გამახსენდა ერთი იაპონური ზრაპრის მოტივი–მიღმიერ, სულთა სამყაროში მოხვედრილ მგზავრს საბოლოო გაქრობა, არარად ქცევა ემუქრება თუ იქაურ საკვებს არ იგემებს. და მაშინ, როცა საქართველოდან ლტოლვილი ინტელიგენცია თვალცრემლიანი უკანასკნელად უმზერდა სამშობლოს ნაპირს და ბათომის არც თუ ისე გრძელ ბულვარსა, მე თბილის ქალაქში, ველიამინოვის ქუჩაზე თხლაშო არაყს გეახლებოდათ გაურკვეველი წარმომავლობის თანამეინახეებთან ერთად. ღვინის სარდაფის კედლები მოხატულია  რუსთაველის უკვდავი ვეფხიტყაოსნის სცენებით. მხოლოდ საოცრად მოუხეშავი, გაუწვრთნელი უნდა იყოს იმის მომხატავი. ტარიელი უფრო სომეხ ვაჭარსა გავს, თინათინი კიდე ავლაბრის უნამუსოსა. ღრიანცელი, გრელ–გრძელი სადღეგრძელოები, სიტყვები ვერ პოულობენ ფორმას. მოქეიფეების პირიდან წართქმულნი ისინი „ცეცხლმოკიდებული საგიჟეთიდან გაქცეულ შეშლილებს გვანან“. არყით და ღვინითაა ჩემი თანამესუფრეების გონება დაბინდული, და მეხუთე ჭიქის მერე მეც მერევა აზრი. დაკვირვებით ვაცქერდები კედელზე გამოსახულ თინათინს. მას თაფლისფერი თვალები აქვს, და წითელი, მოკლე ქვედაკაბა აცვია. ის ჰაერში ლივლივებს თითქოს მეთორმეტე საუკუნის ხატმწერის ხელიდან იყოს გამოსული. დეა! ნახატი იღიმის. დეა! ხელებს ნახატისკენ ვიწვდი. დეას სახე თან დამყვება, როგორც  ლაიტთემა ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონიიდან. მახსენდება მისი სიტყვები „მე შენ დაგეხმარები ალექს, შენ არ ხარ თავისუფალი“...სუფრიდან ვდგები, რაღაცას ვლუღლუღებ ბოდიშის მაგვარს და სარდაფიდან გარეთ გამოვდივარ. სატვირთო მანქანები ღრიალებენ. ხალხი ერთმანეთს აწყდება.
თავისუფლების მოედანზე მუშების მიტინგია. ორატორი ხაფი ხმით გაჰკივის, იუწყება ახალი დროების დადგომას–„მუშები გათავადდებიან ხოლო თავადები არარაობად იქცევიან“. ორატორი აპოკალიფსის შავ ანგელოსს გავს, რომელიც ჟამის დასასრულს გვამცნობს. არ მიყვარს ხალხმრავლობა და ხმაური. ისევ სოლოლაკის მიხვეულ–მოხვეულ ქუჩების ლაბირინთში შევდივარ. იქ სხვა სამყაროა–ქალაქი თითქოს სხვანაირად ფეთქავს ძველი უბნის სიღრმეში, სხვა განზომილება აქვს, სხვა სივრცე. ჩუქურთმიანი, კრამიტით გადახურული სახლები. მგონია, რომ წმინდა ბერის სამყოფელში მოვხვდი.
ერთ–ერთ იტალიურ ეზოსთან პოეტები შეკრებილან. საღამოვდება. ისინი უმღერიან რომანტიკულ გედს, რომლის გალობაც ურბანული ქალაქის ორომტრიალში, მის მძაფრ დუღილში, როცა ყველაფერი უსწრაფესი ცხოვრების რიტმსაა აყოლილი, აღარავის ესმის. პოეტები უმღერიან „ბოროტ ყვავილებს“ და რემბოს მთვრალ ხომალდს. ბულბულის გალობას, ჭლექიანის სუიციდს, სატრფოს გაფითრებულ სახეს, მიტოვებულ საფლავს. ისინი შორს არიან იმისგან, რაც მათ გარშემო ხდება. „აპოკალიფსი ახლა“...
–აღარაა ამათგან მოსვენება, არც დილა იციან არც ღამე. დაგვასვენეთ ბატონო ამ თქვენი ლექსებით–ფანჯრიდან გადმოიხედავს ხანშიშესული მამაკაცი.
–პოეზია უპირველეს ყოვლისა–ლამის კივიან პოეტები, მათი არავის ესმის, არც მათ ადარდებთ გარშემომყოფთა აზრი.
მახსენდება დეას თაფლისფერი თვალები–ეს ორი უძირო, მშვენიერი უბრსკული, მტანჯველი სამოთხის ორი მომხიბვლელი კარი. სიზმრისეული ჩვენება. ვხედავ– ვიღაც თავმოტვლეპილი ახმახი კაცი ჯვარს მოათრევს. ახალი კანონი გამოსულიყო–ეკლესიებს ჯვრებსა ხსნიდნენ, მღვდლებს წვერს პარსავდნენ.  სამრეკლოს ქუჩაზე ჩოხიანი ქართველები სუფრას უსხედან აივანზედა და დარბაისლურად მღერიან კახურ მრავალჟამიერსა. მათაც დაინახეს– კაცს ჯვარი გაუდია მხარზედ და წელში მოხრილი ვაივაგლახით  შესდგომია  ქუჩის აღმართს.
–ძმობილო ვინ ხარ ან ეგ ჯვარი სად მიგაქვს?–გამოეცნაურა ერთი მსუქანი შავჩოხოსანი თავმოტვლეპილ მუშას.
მუშამ არაფერი უპასუხა.
–მოდი დაღლილი იქნები ერთი ჭიქა დაგვილიე, სუფრა დალოცე.
ერთი ახედა თავმოტვლეპილმა უცნაურად გაიღიმა და სიტყვაც არ უთქვამს, არც კი შეჩერებულა ისე განაგრძო გზა. ორმოცი დღე და ორმოცი დღე დავეხეტებოდი შეშლილ ქალაქში.
მეგონა ყურადრებას არავინ მომაქცევს მეთქი, მგრამ შევცდი. შევამჩნიე რომ ერთი თმაგაბურძგნილი, ტანსაცმედაფლეთილი შუა ხნის კაცი დამყვებოდა შორიახლო, ვიფიქრე  ალბათ ვინმეში ვეშლები მეთქი. ყველანაირად ცდილობდა არ დამენახა, თუ როგორ მითვალთავლებდა.
ის ძალიან მაგონებდა ერთ ჩემს თაყვანისმცემელს, რომელიც ჩემი აუდიო წიგნის პრეზენტაციაზე ლამის გააფთრებული მომეჭრა, ქება–დიდებით ამავსო და ავტოგრაფი მთხოვა. მე კი სიყალბეს მორჩილად გადავუხადე ხარკი. გავუღიმე  თვითკმაყოფილმა და მადლობა ვუთხარი მას გემოვნებიანი ლექსების მოსმენისთვის და გულწრფელი შეფასებისთვის... მკვეთრად მოვტრიალდი მისკენ, მინდოდა საბოლოოდ გამერკვია რა უნდოდა ჩემგან. იგი დაფრთხა, ტროტუარზე ფეხი დაუცდა და პირდაპირ გზაზე გაიშხლართა, რომ არ ემარჯვა უთოოდ მანქანა გაიტანდა. აი კიდევ ერთი გამოცანა–დეას ისე არ მოეწონა ჩემი ლექსები, რომ ჩემი თაყვანისმცემლებიანად დამკარგა დროში. გამეცინა. არა ალექს, ასე ჭკუიდან გადახვალ–ახლა ხუმრობის დრო არაა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი უნდა იპოვნო! თუმცა გამოსავლის ძებნა არც ისე იოლია. რა უნდა ვქნა? ის რაც თავს გადამხდა ყოვლად წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. ეს რომ ვინმეს ვუთხრა, უთოოდ გიჟად შემრაცხვას.  ორი გამოსავალი მაქვს: ან მეთვითონ უნდა ვიმოქმედო, რაიმე ვიღონო, ან კიდევ ღმერთს მივენდო. მე მჯერა, რომ არაფერია ამ ქვეყანზე შემთხვევითი. და ჩვენი შეხვედრაც არ შეიძლება შემთხვევითი იყოს, დეა. დეა, მე ვზომავ მანძილს შენიდან ჩემამდე, ახალი რეალობიდან ჩემამდე, წარსულიდან გაურკვეველ მომავლამდე. მანძილი დიდია, წარმოუდგენლად დიდი. მე კი სხვა აღარაფერი დამრჩა, გარდა იმისა რომ მთელი ძალ–ღონე მოვიკრიბო და ეს მანძილი გადავლახო, მე შენთან მინდა. მე აღარაფერი მაქვს დასაკარგი. ბევრი რამ ხელახლა გავიაზრე, არა უბრალოდ გავიაზრე არამედ შევიგრძენი ყველაფერი ის, რაზედაც ადრე მხოლოდ ვფიქრობდი. ადრე მხოლოდ ფიქრით ვკმაყოფილდებოდი, მაგრამ ახლა ჩემში სიცოცხლის ნაკადი შემოიჭრა, და ჩემი ფიქრები უშუალოდ გადაეჯაჭვა ჩემს მეს.
ხეტიალს განვაგრძობ. უცნობი კვლავ ლანდივით მომდევს. ადამიანები ხოჭოებივით ცდილობენ ქალქის ბნელ ხვრელებში შეძვრნენ, დაიმალონ. მე ყველაფერს შენელებული კადრით ვხედავ, ვაკვირდები მათ თითოეულ მოძრაობას სახის, მიმიკის უმცირესი ცვლილებაც კი  საოცრად გახანგრძლივუბულია დროში.
–თორნიკე! თორნიკე!–მესმის ქალის კივილი. კვლავ სამრეკლოს ქუჩაზე ვარ. ვერა და ვერ ვშორდები ამ ქუჩას, მინდა სხვაგან წავიდე, მაგრამ რაღაც განგებით კვლავ უკან ვბრუნდები. ვხედავ–ჩემკენ მოქრის გოგონა, სახეზე უკიდურესი გაოცება და  სიხარული აწერია. თავიდან კარგად ვერ გავიგე თუ ვის უხმობდა. გოგონა ჩემკენ მოქრის. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ აქვს–დეა! ის დეაა. ის ზებუნებრივად ლამაზია. ეს განსაკუთრებული სილამაზეა, რომელიც ადრე არსად მინახავს. გიგანტური კოსმოსი აფეთქებას ლამობს მის სხეულში, და ამავდროს შეკუმშულია მკვრივ უმცირეს კრისტალებამდე. ეს კრისტალები მისი აურაა, მისი სულია. მაშ არ გამწირა ღმერთმა, ჩვენ ისევ შევხვდით!
–თორნიკე!–კვლავ გაიმეორა. ელდა მეცა და ზურგსუკან მივიხედე დაეჭვებულმა, სხვას ხომ არ ეძახის მეთქი. იქნებ სულაც არ არის დეა? იქნებ შემეშალა. თბილისი რემბოს მთვრალი ხომალდივით ტორტმანებს, იქნებ მეც გადამედო მისი რყევა და საბოლოოდ დავკარგე ცხადის სიზმრისეულისგან გარჩევის უნარი?
გოგონამ ხელები გაშალა და ჩამეხუტა თითქმის ბავშვი, ალბათ თექვსმეტი წლისაა, გიმნაზიაში სწავლობს. მერე უცებ უკან დაიხია შემკრთალმა. თორნიკეო–ეს სახელი კი არ თქვა, თითქოს მისის სხეულის ნაწილია და თავისი ნებით მოიკვეთა.–თორნიკე ცოცხალი ხარ!–გოგონა ორი წვეთი წყალივით გავს დეას. მისი სახე, მისი თაფლისფერი თვალები. მას უბრალო შინდისფერი კაბა აცვია, საყელოსთან თეთრ არშიაშემოვლებული. ხელში კალათა უჭირავს.
–თორნიკე შენ დაბრუნდი!–მე ხმას არ ვცემ. მე ვდუმვარ. მე ვერაფერს ვამბობ. გოგონა მათვალიერებს, ხელს იწვდის ჩემკენ და შეხებას ვერ ბედავს.
–დაჭრილი ხომ არ ხარ? ღმერთო! ჯანმრთელი ხარ! ღმერთო!
–მე თქვენ ვიღაცაში გეშლებით.
–თორნიკე! ეს შენ ხარ. ვიცოდი ვერაფერს დაგაკლებდა მტრის ტყვია...
–არ ვიცი. ვიღაცაში გეშლებით–„არა შეუძლებელია ასეთი მსგავსება. მაგრამ.. არ ვიცი...“– ათასი აზრი მიტრიალებს–„არაფერია შემთხვევითი“...
გოგონამ გადალახა სიმორცხვე. ის მეხვევა, მიკოცნის სახეს, ტუჩებს. ცრემლი ჩამოსდის ღვარად. მე გამბედაობა აღარ მყოფნის ვუთხრა–ვიღაცაში გეშლებით მეთქი. მე არ შემიძლია ეს სიტყვები გავიმეორო...
–ყუმბარა ამიფეთქდა სულ ახლოს აღარაფერი მახსოვს... აღარაფერი...–ვეუბნები და თვალებში ვუყურებ.
–დაჭრილი ხარ?!–სასოწარკვეთა, შიში მის თვალებში გაკრთება – კალმახი დაწმენდილ მდინარეში გაისრიალებს.
–არა, დაწყნარდი, უბრალოდ აღარაფერი მახსოვს... შენ კი მახსოვხარ.
–თორნიკე!–გოგონას, რომლის სახელიც კი არ ვიცი, თვალები კვლავ ცრემლით ევსება. –პატრიარქი წირავდა დაღუპული იუნკრების ხსოვნისთვის... მეგონა შენც იმათთან ერთად... მეგონა შენც მოგკლეს...
ამ დროს ვხედავ, თმაგაბურძგნული კაცი, ლანდივით რომ დამდევდა და მითვალთვალებდა მუხლებზე ემხობა და ჩემკენ იწვდის ხელებს ვედრებით. ვხვდები–მე მარტო არ ვარ. ჩემთან ერთაც სხვებიც გამორიყა ბედმა წარსულის შეუცნობელ ნაპირზე. ახლა უკვე ვიცი რაც უნდა გავაკეთო. უნდა გავთავისუფლდე!
_______________________
ნოემბრის ცივი საღამოა. ასი წლის მერე მე კვლავ მზადა ვარ შესახვედრად. დიახ მეგობრებო, სრული ასი წელი გავიდა იმ ამბის შემდეგ და ახლა 121 წლის მხრცოვანი ვარ, თუმცა ასაკთან შედარებით ძალიან მხნედ გამოვიყურები გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას. ამ ასი წლის მანძილზე ბევრი რამ გადამხდა თავს. ორიოდ სიტყვით მოგახსენებთ: შევქმენი იატაკქვეშა ორგანიზაცია „თავისუფალი საქართველო“, რომელიც პერიოდულად დივერსიებსაც აწყობდა და არასასურველ პირებს, რომლებიც კრემლში ისხდნენ და საქართველოს სახელმწიფოებრიობას განსაკუთრებულად უთხრიდნენ ძირს ვანეიტრალებდით. 53 წელში სტალინის მკვლელობაშიც კი მიგვიძღვის გარკვეული წვლილი, თუმცა უმეტესად  ყველაფერი ლავრენტი პავლოვიჩის ორგანიზებული იყო. „თავისუფალი საქართველო“ დიდწილად ჩემისთანა დროში დაკარგულ ადამიანებს აერთიანებდა. როგორც გამოვარკვიე, ასეთები ბევრნი ვიყავით და ჩავთვალეთ, რომ ეს არის ღმერთის ბოძებული ნიჭი და ჩვენ განსაკუთრებული მისია გვაკისრია ღმრთისა და მამულის წინაშე. ჩვენ დისიდენტური მოძრაობა წამოვიწყეთ მთელი საქართველოს მაშტაბით, ვავრცელებდით პროკლამაციებს საბჭოთა წითელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, ვმფარველობდით რეპრესირებულთა ოჯახებს. ჩვენ წინასწარ ვიცოდით თუ რა მოხდებოდა, ვიცოდით ისტორია და ეს ჩვენი უპირატესობა იყო. ასე რომ, ბევრი ტრაგედია ავიცილეთ თავიდან. ქართული ინტელიგენმციის საკმაოდ დიდი ნაწილი 37 წელში დახვრეტას სწორედ ჩვენი წყალობით გადაურჩა, ისინი იატაკქვეშეთიდან განაგრძობდნენ თავის ეროვნულ საქმიანობას. ჩვენ შევძელით შეგვეღწია მმართველ წრეებში, კრემლში გვყავდა ჩვენი ინფორმატორები. ცდუნებას ვერ გავუძელი და იმ საბედისწერო დღეს, როდესაც გალაკტიონი საავადმყოფოს ფანჯრიდან უნდა გადმომხტარიყო, მასთან პალატაში მივიდი,  დიდხანს ვეესაუბრე. ამ შეხვედრის შემდეგ გალაკტიონმა კიდევ დიდხანს იცოცხლა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მან დაწერა თავისი ყველაზე ცნობილი შედევრი „თავისუფალი საქართველო“, რომელიც მიუძრვნა უცნობ გმირებს, რომლებიც სამშობლოს ისტორიას ახლიდან წერენ. ამით ვამაყობ.
ჩვენი ხანგრძლივი და დაუღალავი მუშაობის შედეგად საბჭოთა კავშირი ათი წლით ადრე დაიშალა. ეს დიადი მოვლენა სწორედ 1980 წელს მოხდა სანამ გორბაჩოვი გახდებოდა ცეკას გენერალური მდივანი... ხალხი ზეიმობდა. რა გასაკვირია რომ მთელ ქალაქში თითქმის ყველა შენობის კედელზე ეწერა „თავისუფალი საქართველო“.
ახლა კაფეში ვზივარ შარდენზე. ვერაფრით ვშორდებოდი ამ ადგილს. შარდენის ორი ნომერი. ოციანი წლების დასწყისში დურგლის სახელოსნო იყო, მერე საწყობი, ოთხმოციან წლებში კი სასადილოდ გადააკეთეს. მას მერე ყოველ საღამოს მოვდიოდი აქ, ფანჯარასთან ყოველთვის დაჯავშნილი მქონდა მაგიდა, ვიჯექი  და ველოდებოდი. ველოდებოდი, რომ დეა კვლავ გამოჩნდებოდა. ჩაფიქრებული ვსვამ ყავას. ექვსის ნახევარია, წესით დეა უნდა მოვიდეს. აუცილებლად უნდა მოვიდეს. მე ის უნდა ვნახო. შეიძლება ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ გული მიგრძნობს ის მოვა... შაქარი მეტი მოუვიდათ. ცოტა გამაღიზიანებელია, რადგან მიყვარს მომწარო ყავა, მაგრამ ახლა ჩემთვის  სულ ერთია. ფინჯანს ორთქლი ასდის და რატომღაც მახსენდება იაკობს მონარქის რეკლამა, ღვთაებრივი სურნელი რომ იტყუებს ქუჩიდან კაფეში შეყვარებულ წყვილს. ამის გაფიქრება  და მესმის მხიარული, უდარდელი სიცილი. ჩემს წინ  დეა დგას. მე აღარაფერი მიკვირს. აწი ძნელად თუ გამაკვირვებს რამე. დეა ისევ ისეთია, როგორც ასი წლის წინათ. სულ არ გამოცვლილა. წარმოიდგინეთ თმის ვარცხნილობაც კი იგივე აქვს.
–აი მეც მოვედი, როგორ ხარ?– ასე მგონია დეა ყავის ორთქლისგან გაჩნდა იმ წამს ჩემთან ზღაპრული ჯინივით.–როგორ ხარ ალექს?
–დროა ახალი პაემანისა ასი წლის მერე–ფინჯანს მაგიდაზე ვდგავ.
–ასი წელი? რა ასი წელი. ლექსი დაწერე?..
–ლექსის დაწერას კარგა ხანი ვეღარ გავბედავ დეა, იმის მერე რაც გამოვიარე.–ღიმილით ვეუბნები–ვერც კი წარმოიდგან რამდენი რამ გადამხდა თავს. მე დავაარსე იატაკქვეშა ორგანიზაცია, რომელიც რეპრესიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ხანდახან დივერსიებსაც კი აწყობდა. გესმის? სტალინის მკვლელობა ჩვენი დაგეგმილია. გალაკტიონი კი პირადად მე გადავარჩინე, როცა საავადმყოფოს ფანჯრიდან აპირებდა გადახტომას. მე მოვასწარი გმირად გახდომა დეა...–ამ დროს თავში გამილევა, რომ ალბათ აზრი არ ქონდა დეასთვის ამის მოყოლას, მან ალბათ ყვეალფერი ისედაც კარგად იცოდა. ყოველთვის ვგრძნობდი–ის ჩემთან იყო. მას წამითაც არ მივუტოვებივარ...
–რა ხუმარა ხარ–მეუბნება დეა, კვლავ მესმის მისი ზარივით სიცილი.– ალექს, იცი პირდაპირ გეტყვი. მე შენ მომწონხარ.
–ეს უკვე მითხარი.
–როდის?
–ასი წლის წინ და ამას დაგიმტკიცებ. ხომ გახსოვს პაემანი რომ დაგინიშნე, ახალგაზრდა, ჯან–ღონით აღსავსე ბიჭი ვიყავი, ახლა კი მოვხუცდი, თმა სულ გადამითეთრდა.
დეა არაფერს იმჩნევს. თავი უშუალოდ და ბუნებრივად უჭირავს, თითქოს ორიოდ დღის უნახავები ვიყოთ. მერე ჩემკენ იხრება, თვალს მიკრავს და ტუჩებში მკოცნის. წამიერი მეტამორფოზა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ აქვს.  ფანჯარაში ჩემს არეკლილ გამოსახულებას ვხედავ, იქიდან 21 წლის ახალგაზრდა მიყურებს 121 წლის მოხუცის ნაცვლად. მე გავახალგაზრდავდი. მე ისევ 21 წლის ვარ და დეა ჩემთან ერთადაა, ყველაფერ იმის მერე, რაც თავს გადამხდა,  თითქოს არაფერი მომხდარა. ამ დროს ჩვენთან მოდის ბრმა მიმტანი, პერანგზე პატარა ბარათი აქვს დაბნეული, რომელზეც უცნაური სახელი წერია–ხორხე. ჩანს როგორ უღიმის მიმქრალი, დაბნელებული თვალები  გატეხილი სათვალის მინიდან. უცნაურია...
–როგორ ხარ ალექს? ახლაც ასი წლის მოხუცად გრძნობ თავს?–მეკითხება დეა.
–ახლა ბევრად უკეთ ვარ. Domine Deus, Rex coelestis!

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:12:02
ზანტა და ქარიშხალა                                  #31


დასავლეთ აფრიკაში, მდინარე სპილოს ძვლის მახლობლად, გაიშვიათებულ ტროპიკულ ტყეში, ბინადრობდა სპილოთა ჯოგი. მთელი მათი ცხოვრება იყო წელიწადის დროთა ცვალებადობასთან შეგუება ეკვატორულ ზოლში, სადაც მშიერ მშრალ სეზონს სცვლიდა წვიმიანი. ზაფხულის თავსხმის მოსვლით იწყებოდა წვნიანი მწვანე საკვების სიჭარბე, ხოლო გვალვა აიძულებდა ცხოველებს გადაადგილებულიყვნენ ქორფა საძოვრებისა და წყლის საძებნელად.
სპილოებს ჰყავდათ თავიანთი მეთაური, ხნიერი დედალი ლომგულა. მდიდარი გამოცდილების მქონე პატივცემული მოხუცი საზღვრავდა საით უნდა წასულიყო ჯოგი, რითი უნდა დანაყრებულიყვნენ, როგორ მოეკლათ წყურვილი და როგორ დაეღწიათ თავი მოახლოვებული საშიშროებისაგან. კრიტიკულ შემთხვევაში ის პირველი მიდიოდა მტერთან შეტევაზე.
მოზრდილ სპილოებს ნადირი ვერაფერს უბედავდა. სამაგიეროდ, პატარებს ერჩოდნენ. ამიტომ, მცირე საშიშროებისასაც კი უფროსები გადადიოდნენ მტერთან შეტევაზე შთამომავლობის დასაცავად.
გიგანტური ცხოველები ხშირად მიდიოდნენ მდინარესთან წყლის დასალევად. ზოგჯერ საბანაოთაც კი შედიოდნენ.
მდინარეში ნიანგები ცხოვრობდნენ. ისინი დღის უმეტეს ნაწილს ნაპირზე ატარებდნენ, თბებოდნენ მზის ქვეშ. შუადღის პაპანაქებაში გიგანტური რეპტილიები გადახოხდებოდნენ სადმე ჩრდილში, ან წყალს ივლებდნენ. თუ ძალიან დასცხებოდათ, ისინი ფართოდ აღებდნენ ხახებს და ასე იწვნენ დიდხანს; არა იმიტომ, რომ ვინმე შეეშინებინათ თავიანთი საშინელი კბილებით, არამედ – გასაგრილებლად. როგორც კი მოსაღამოვდებოდა, ვერც ერთ მათგანს ვერ იპოვიდი ნაპირზე. ისინი ღამეს წყალში ატარებდნენ.
სპილოებს ნიანგების არ ეშინოდათ. როდესაც გიგანტური ცხოველები ბანაობდნენ, დედა სპილოები მზრუნველად ასხამდნენ თავიანთ შვილებს წყალსა და შლამს ზურგზე.
ერთხელ სპილოთა ჯოგი მდინარესთან იყო ჩასული წყლის დასალევად. უცებ, პატარა სპილომ, სახელად ზანტა, შეშინებულმა ამოწია ხორთუმი წყლიდან და ამოიყვანა მასზე ჩაჭიდებული მეტრანახევრიანი ნიანგი. სპლიყვმა რეპტილია შორს მოისროლა და გაიქცა დედისაკენ.
პატარა ნიანგი ბალახებში ჩავარდა. იგი მარდად წამოხტა, მაშინვე მდინარეს მიაშურა. ნაპირთან რომ მივიდა, სპლიყვს მიუახლოვდა და უთხრა:
– დიდი ბოდიში, შენი შეშინება არ მინდოდა. მე ქარიშხალა მქვია. შენ?
– მე კი – ზანტა. რატომ მიკბინე ხორთუმზე? – ჰკითხა სპლიყვმა.
– მე კბენას არ ვაპირებდი. ჩვენ, ნიანგებს, არა გვაქვს სპეციალურად ნადავლის გასაგლეჯად გამოსაყენებელი ეშვები, არ შეგვიძლია ახლად მოკლული ცხოველის ხორცის დაღეჭვა. ამიტომ, მსხვერპლს ჩამოვათრევთ ხოლმე წყლის ქვეშ ამოთხრილ სანაპირო სოროებში, ან ნაპირის გადმონაშვერის ქვემოთ და ვინახავთ რამდენიმე დღით, სანამ ლეში დაიწყებს გახრწნას. მხოლოდ ამის შემდეგ შევექცევით. სწორედ ჩემი საჭმლისათვის ვაპირებდი კბილის ჩავლებას, როცა შენ ხორთუმი ჩამოყე. ამიტომ, შემთხვევით შენ მოგხვდა. – აუხსნა ქარიშხალამ.
– თუ ასეა, გპატიობ! – უთხრა ზანტამ.
– შენის ნებართვით, ახლა სასადილოდ წავალ, შემდეგ მოვალ და ერთად ვითამაშოთ. ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ. კარგად ვიმხიარულებთ. – ამ სიტყვებით შეცურა ქარიშხალამ მდინარეში. 
ქარიშხალას ბევრი მეგობარი ჩიტი ჰყავდა. მათგან ყველაზე მეტ ერთგულებას ეგვიპტური მორბენალი, სახელად ტროხილოსი იჩენდა. იგი უშიშრად ხტებოდა ვეებერთელა რეპტილიის ღია ხახაში იქიდან წურბელების და კბილებს შორის გაჩხერილი ხორცის ნარჩენების ამოსაკენკად. ამით ფრინველი ფასდაუდებელ სამსახურს უწევდა მეგობარს; ნიანგს ხომ მოკლე ენა აქვს, თანაც ისე დამაგრებული, რომ ცხოველს არ შეუძლია მისი გარეთ გამოყოფა. ხახის დახურვის წინ ქარიშხალა თავის გარკვეული მოძრაობით ნიშანს აძლევდა ჩიტს, რომ მას მოესწრო გარეთ გამოფრთხიალება.
მეორე მეგობარი გახლდათ დეზებიანი პრანწია. საკმარისი იყო საშიშროების მოახლოებისას გამოეცა თავისი მკვეთრი სტვენა, რომ ყველა ნიანგი, გეგონებათ ბრძანება გასცესო, ერთბაშად ჩაცურდებოდა წყალში. ამ ჩიტს უფლება ჰქონდა ერბინა ვეებერთელა ქვეწარმავლის ზურგზე და პარაზიტები ეკენკა მისი ტყავიდან. იმავე პრივილეგიით სარგებლობდა კოკორინა-გადამზიდიც. იგი, როგორც ტყავიდან პარაზიტების მოცილებაში, ასევე კბილების გაწმენდაშიც ეხმარებოდა ნიანგს.
მარაბუსაც ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებდა ქარიშხალასთან. მას არაერთხელ ამოუღია ნიაგის ღია ხახიდან წვრილი თევზები.
ჭრელზურგა ავდოტკა კი აშკარად დაცულად გრძნობდა თავს ქარიშხალასთან, ვინაიდან ასეთი მფარველი ჰყავდა.
სადილის შემდეგ ქარიშხალა ნაპირზე ამოძვრა. კოკორინა გადამზიდი სიხარულით მიეგება მას. ნიანგმა მეგობრებს სპლიყვი წარუდგინა. იგი ყველას ძალიან მოეწონა.
ზანტა და ქარიშხალა ხშირად კოტრიალობდნენ, დარბოდნენ, ჭიდაობდნენ, დაცურავდნენ. სპლიყვი ჯერ მთლიანად ჩადიოდა წყალში, შემდეგ წყლის ზედაპირზე გამოჩნდებოდა ხორთუმი, მერე – თავი. ის კროლის სტილზე ცურავდა. ზოგჯერ ჩანჩქერის ქვეშ ბანაობდა, თან ხორთუმიდან წყლის ჭავლს უშვებდა.
ქარიშხალა ზიგზაგებზე მოძრაობით ჩადიოდა მდინარეში. იგი ცურავდა ზუსტად ისე, როგორც თევზი – თათებს მკვრივად იკრავდა ტანზე და გადაადგილდებოდა მხოლოდ სხეულის ტალღისებური მოძრაობის ხარჯზე, შიგადაშიგ კუდსაც იშველიებდა. ხანდახან ამოხტებოდა, მარყუჟს გააკეთებდა და უკან ჩახტებოდა.
ზოგჯერ დეზებიანი პრანწია და კოკორინა-გადამზიდავი დარბოდნენ მათ სხეულებზე და ერთგვარ მასაჟს უკეთებდნენ.
ასე გადიოდა დრო.
ერთხელ, როდესაც მეგობრები მინდორში თამაშობდნენ დაინახეს, როგორ დაახტა უკნიდან გაქანებული ლომი ზებრას, წინა თათი სტაცა ცხოველს თავზე და მკვეთრი მოძრაობით მოუგრიხა კისერი. შემდეგ კბილების ყელში ჩაასო და მოგუდა მსხვერპლი. მოკლული გაგლიჯა და ხარბად დააცხრა.
ქარიშხალამ ზანტას უთხრა:
– ეს ლომი მთლიან ზებრას ვერ შეჭამს. ცოტა ხანს დავიცადოთ. როცა გაძღება, დააგდებს. დარჩენილი ნაწილი კი მე დამრჩება. მალე სვავები და ფასკუნჯებიც გამოჩნდებიან ლეშის საჯიჯგნად. მათ უნდა დავასწრო.
როცა ლომი დანაყრდა, ნადავლი მიატოვა. წავიდა და ხის ძირში დაწვა მოსასვენებლად. მაშინვე ჩამოფრინდნენ სვავები ხის ტოტებიდან და დაუწყეს ლეშს ძიძგნა.
ქარიშხალამაც არ დააყოვნა. უმალ გაქანდა დაგლეჯილი ზებრისკენ და გამოგლიჯა ფრინვლებს საკბილო. შემდეგ ზანტას დახმარებით მიათრია ნადავლი სანაპირომდე, ჩაათრია წყალში და მდინარის გადმონაშვერის ქვეშ დამალა. ყველაფერს რომ მორჩა, კვლავ დაბრუნდა მეგობართან. 
ზანტამ უთხრა ქარიშხალას:
– დღეს ახალმთვარეობაა. ჩვენ, სპილოებს, წესად გვაქვს, ყოველ ასეთ დღეს თაყვანი ვცეთ მთვარეს. თუ გაინტერესებს, ამაღამ შეგიძლია უყურო ამ რიტუალს.
როგორც კი დაღამდა, სპილოები მივიდნენ მდინარესთან, საზეიმოდ იბანავეს და გასუფთავდნენ. მას შემდეგ, რაც ხორთუმაწეულები მიესალმნენ მთვარეს, ისინი დაბრუნდნენ უკანვე ტყეში. იმ სპილოებმა, რომლებიც ავად იყვნენ და მიწაზე იწვნენ, ჰაერში ააგდეს რამდენჯერმე მოგლეჯილი ბალახები, ამ სახით შესწირეს ზეცას მსხვერპლი.
მეორე დღეს პაპანაქება სიცხეში, ბანანის ხის ძირას ტყის მჭრელებმა დაინახეს მიწაზე მწოლიარე ლომგულა – თვალები მიელულა. ერთმა მათგანმა მეორეს უთხრა:
მემგონი მკვდარია. კარგი იქნებოდა დაგვეჭრა ამისთვის ეშვები, გვარიან გასამრჯელოსაც მივიღებდით.
სანამ მოვახერხავთ, სჯობს, მაინც შევამოწმოთ მკვდარია თუ არა. – უპასუხა მეორე ტყის მჭრელმა, აიღო ქვა და ესროლა. უცებ, სპილო წამოხტა ოთხივე ფეხზე, ხმამაღლა ჩაყვირებით შეტევაზე გადავიდა. ეშვების მაძიებლები, შეშინებულები, სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ ისე, რომ უკანაც არ მოუხედავთ.
ერთ დღეს, ზანტა, ჩვეულებისამებრ, სადილობისას დაბრუნდა ჯოგში. მან დაინახა, რომ მისი დეიდები და ბებია ლომგულა წრიულად იდგნენ. მიუახლოვდა. იქვე შუაგულში შენიშნა ბალახზე მწოლიარე ახალდაბადებული სპილო. დედამისი და დეიდები ცდილობდნენ ხორთუმით აეყენებინათ ჩვილი. პატარა სუსტი იყო და კვლავ ვარდებოდა ძირს. მას ახლა ზანტაც მიეშველა. მან მუცლის ქვემოთ შეუყო სპლიყვს თავისი ხორთუმი და შეეცადა სჭეროდა დამდგარ მდგომარეობაში.
რამდენიმე წუთით ასე ეჭირა. შემდეგ ჩვილმა მოახერხა მყარად დამდგარიყო ოთხივე ფეხზე. დედა დაჟინებით უბიძგებდა მას ძუძუსაკენ. ახალდაბადებულმა რძის წოვა დაიწყო პირით, ხორთუმი ზემოთ ჰქონდა აწეული, რათა მას არ შეეშალა მისთვის ხელი. პატარას შუბლზე სასაცილო ქოჩორი ჰქონდა. ამიტომაც მას ქოჩორა დაარქვეს.
ზანტა გახარებული დარბოდა დედისა და მისი ახალდაბადებული ძმის გარშემო. იგი ცდილობდა მისდამი მზრუნველობა გამოეჩინა, ართობდა პატარას, ხანდახან სიხარულისაგან ჩაყვირებდა.
მეორე დღეს ზანტა კვლავ ჩავიდა მდინარის პირას ქარიშხალასთან შესახვედრად. ნიანგმა მეგობარს ჰკითხა:
– გუშინ რატომ აღარ დაბრუნდი?
– ჩემი ძმა დაიბადა. წონით ასჩვიდმეტი კილოა, სიმაღლით – ერთ მეტრამდე. ქოჩორა დავარქვით. იცი რა საყვარელია? ახლა უკვე მასაც უნდა დავუთმო ყურადღება. იგი ჯერ დედიკოს ცხვირწინ დაცუნცულებს ამაყად ხორთუმაწეული. ორ-სამ დღეში წამოვიყვან და გაგაცნობ. – სიხარულს ვერ მალავდა ზანტა.
– გილოცავ, გაგეზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი. მეც მალე მეყოლება კიდევ და-ძმები. უკვე ერთი კვირაა, რაც დედამ კვერცხები დადო და მათ დარაჯობს. – ახალი ამბავი მიახარობლა ქარიშხალამ მეგობარს.
– როგორ? ნიანგები ფრინველებივით კვერცხისმდებლები ხართ? – გაუკვირდა ზანტას.
– დიახ. – იყო პასუხი.
– მერე ბუდეები სად გაქვთ? – კვლავ გაოცებით ჰკითხა ზანტამ.
– მდინარის ჭრილიდან ხუთ-ათ მეტრში ჩრდილში, რბილ, უქვო ქვიშაში დედალი ნიანგები თხრიან თავიანთ საბუდრებს. კვერცხებს დებენ ოცი-ოცდაათი სანტიმეტრის სიღრმეზე ნესტიან ქვიშაში. რაც უფრო მცირეა ჩრდილი, მით უფრო ღრმად თხრიან ორმოებს. ღამით საშუალოდ ოცდაცამეტამდე კვერცხს დებენ ბუდეში. შემდეგ მოწადინებით აყრიან ზემოდან ქვიშას. – აუხსნა ქარიშხალამ.
– მერე რამდენ ხანში იჩეკებიან პატარა ნიანგები? – დაინტერესდა ზანტა.
– დაახლოებით სამ თვეში. – უპასუხა მეგობარმა.
– მთელი ამ ხნის განმავლობაში დედლები სულ საბუდრებზე წვანან? – შეეცოდა ნიანგები ზანტას.
– დიახ. დროდადრო გადიან მდინარეში ჩასაყურყუმელავებლად. უკან რომ ბრუნდებიან, მათგან ჩამოსული წყალი ანოტივებს ნიადაგს საბუდრებზე. როდესაც სიცხე აუტანელი ხდება, დედალი ნიანგები ზოგჯერ გადიან ჩრდილში და იქიდან უთვალთვალებენ თავიანთ საბუდრებს. თუმცა ბუდობის დროს ისინი ხდებიან ძალიან მოდუნებულები და ნელა მოძრაობენ, რადგან ამ დროს დიდი რაოდენობით სინოტივეს კარგავენ ორგანიზმიდან აორთქლების ხარჯზე. ამით ხშირად სარგებლობენ მეტრანახევრიანი ხმელეთის ქვეწარმავლები, ვარანები, რომლებიც სახელგანთქმულნი არიან, როგორც ნიანგის კვერცხების ქურდები. ისინი ელვისებური სისწრაფით თხრიან გიგანტური რეპტილიების ბუდეებს, იღებენ კვერცხებს და ამტვრევენ რომელიმე ქვაზე ან ხეზე შიგთავსის ამოსაჭმელად, რადგანაც ნაჭუჭი  ძალიან მკვრივია. – აუხსნა ქარიშხალამ.
– ეგრე ხომ შეიძლება აღარცერთი კვერცხი არ დარჩეს დედას? – დაინტერესდა ზანტა.
– იქვე ახლოს ჭრელზურგა ავდოტკას აქვს ხოლმე ბუდე. ის დროულად ატყობინებს ნიანგის კვერცხების ქურდის მოახლოვებას. ამიტომ ვერ ახერხებს ვარანი ყველა მათგანის შეჭმას. – უპასუხა ქარიშხალამ.
– როგორც ჩანს, ძალიან ბევრი წვალება უხდებათ დედალ ნიანგებს, სანამ შვილები გამოიჩეკებიან. ბევრი საინტერესო რამე მითხარი. ახლა მე წავალ, დედას უნდა მივეხმარო! – დაემშვიდობა სპლიყვი მეგობარს.
ორი დღის შემდეგ ზანტამ თავისი ძმა წამოიყვანა სასეირნოდ. ქოჩორა დას კუდზე ხორთუმჩავლებული მოჰყვებოდა.
– გამარჯობა ზანტა! ეს არის შენი პატარა ძმა? – იკითხა ქარიშხალამ.
– დიახ. ის ძალიან მორცხვია და ამიტომ იმალება ჩემს უკან. – უპასუხა მეგობარმა.
– რა საყვარელია? – შეაქო ქარიშხალამ პატარა.
– სულ კუდში დამყვება. – წაიმეტიჩრა ზანტამ.
– ძალიან კარგი. მოდი მატარებლობანა ვითამაშოთ. მე მემანქანე ვიქნები. შენ ქოჩორა გყავს ჩაჭიდებული. ახლა მე ჩამები კუდზე. აბა, დავიწყოთ! მომყევით! კუ-კუუუ... – დაიწყო ქარიშხალამ.
– ჩუქუ-ჩუქუ, ჩუქუ-ჩუქუ... – აჰყვნენ პატარა სპილოები.
მატარებლობანას რომ მორჩნენ, მერე წუწაობა დაიწყეს. ასე მხიარულად, თამაშ-თამაშით ატარებდნენ დროს ახალგაზრდები.
მერულას ხის ნაყოფის მწიფობის პერიოდი იყო. სპილოების ჯგუფი ტყეში დასეირნობდა და პირს იტკბარუნებდა ხეების ფოთლებით. მათთან ერთად იყვნენ ზანტაც და ქოჩორაც. მერულის ხის ფოთლებიდან მწიფე ნაყოფი ისე იცქირებოდა, თითქოს ამბობდა “მოდი, შემჭამეო”. ზანტამ ერთი ცალი მოწყვიტა, ის იყო უნდა ჩაეტკბარუნებინა პირი, რომ ლომგულამ შეაჩერა:
– არ ჭამოთ. ეგ მერულას ხის ნაყოფია, რომელსაც დამათრობელი მოქმედება აქვს. იგი გემრიელია და გემოს გასინჯვის შემდეგ ბევრს მიირთმევენ. პატარებისთვის დიდი რაოდენობით მისი ჭამა არ შეიძლება. მას შემდეგ, რაც მას მიაძღებიან, ზოგიერთი სპილო თვრება და აგრესიული ხდება, თუმცა ზოგი “სასიამოვნოდ შეზარხოზებულია”. ერთ ისტორიას მოგიყვებით.
ჩვენ ჯოგში გვყავდა სპილო, სახელად ბასრეშვა. მას ხანჯალივით სწორი ეშვები ჰქონდა.
ერთხელ მან ბევრი მერულას ნაყოფი ჭამა, დათვრა და განმარტოებულად მდგარ ხეს ზედიზედ რამდენჯერმე აგრესიულად შეუტია. შემდეგ მეორე მხრიდან მოუარა და კვლავ  იერიშზე გადავიდა. ამ დროს ზროსთან მაღალი ბალახი შეირხა. ბასრეშვა მისკენ დაიძრა. შედეგი გამაოგნემელი აღმოჩნდა. ხესთან ჩასაფრებული ოთხი ლომი ელდანაკრავივით მაღლა შეხტა, და გაიქცა სხვადასხვა მხარეს. მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ლომი იდგა წყნარად და უყურებდა გამძვინვარებულ გოლიათს. სპილომ რომ დაინახა გულადი ცხოველი, დაიწყო ერთი ადგილის ტკეპნა, თან სხეულის სასაცილო მოძრაობებს ასრულებდა.
რამდენიმე წუთით ლომი და ბასრეშვა ერთმანეთს თვალს არ აცილებდნენ. ბოლოს სპილოს ნერვებმა უმტყუნეს და ხმამაღალი ჩაყვირებით დაიწყო უკან დახევა, რის შემდეგაც ლომი წყნარად დაბრუნდა თავის ადგილას ხის ქვეშ. ბასრეშვა კი მდინარისაკენ გაეშურა. იქ იგი შეუერთდა სხვა სპილოებს, რომლებიც წყალს სვამდნენ. გიგანტური ცხოველები წყურვილის მოკვლის შემდეგ წავიდნენ. მდინარესთან დარჩნენ მხოლოდ ბასრეშვა და გრძელ ეშვებიანი სპილო. მათ დაიწყეს ჩხუბი. პირველი მეორეს ეძგერა და შეამწყვდია ბუჩქნარში. მაგრამ გრძელ ეშვებიანი გიგანტი მობრუნდა მოწინააღმდეგისაკენ. დაიწყო სისხლიანი ბრძოლა. ბასრეშვამ თავისი მარჯვენა ეშვით განჭოლა მეორე სპილოს ყბა, ხოლო მარცხენათი გაუხვრიტა ხორხი, თან ისეთი წარმოუდგენელი ძალით, რომ მოწინააღმდეგე მიწიდან ასწია. როდესაც აგრესორმა გამოაძრო ეშვები მსხვერპლის სხეულიდან, უბედური დაეცა მუხლებზე. მაგრამ ბოროტმოქმედი ამით არ დაკმაყოფილდა. ეშვების მოქნევით მან მოწინააღმდეგეს მხარი გაუხვრიტა და, ალბათ, გულში მოხვდა, რადგან დაჭრილი უსულოდ დაეცა მიწაზე.
აი, ასეთი საშინელი შედეგი მოყვა დიდი რაოდენობით მერულას ნაყოფის ჭამას. – დაასრულა თხრობა მოხუცმა ლომგულამ.
ნიანგების გამოჩეკის დრო მოვიდა. კვერცხებიდან გაისმა ბაყაყების ყიყინისებური ხმა. იგი კარგად ისმინებოდა ოთხი მეტრის მანძილზეც. ამ დროს ქარიშხალას, ზანტას და ქოჩორას დეზებიანი პრანწია და კოკორინა-გადამზიდავი მასაჟს უკეთებდნენ. მათ ყურადღება გადაიტანეს იქითკენ, საიდანაც უცნაური ხმა მოდიოდა. ქარიშხალამ შენიშნა, რომ დედამ დაიწყო თათებით მიწის თხრა. იგი მიხვდა, რომ ეს ხმა კვერცხებიდან მოდიოდა, ამიტომ მეგობრებთან ერთად მათკენ გაემართა.
მიწა რომ ამოთხარეს, პატარა ნიანგებმა დაიწყეს კვერცხების ამოტეხვა და ყვითრის ტომრების თრევით მისწრაფება მდინარისაკენ.
ზანტა შეეცადა მოჰფერებოდა მათ, მაგრამ პატარებმა მაშინვე კბილები ჩაავლეს ხორთუმში. სპილომ თავი გააქნია. ჩვილები ისე მაგრად იყვნენ ჩაჭიდებული, რომ არ მოსცილდნენ. სხვა გზა აღარ ჰქონდა. მან ახალშობილები შორს მოისროლა, თან ჩაიბურტყუნა:
– მოკლედ, რა ჩვევა გაქვთ ნიანგებს, სულ იკბინებით. ჯერ სულ რაღაც ოცდახუთი სანტიმეტრისანი არიან და უკვე აგრესიულები.
– ახალდაბადებულებისთვის ეს თავდაცვის ინსტიქტია. პატარა ნიანგები ხშირად ხდებიან ვარანების, არწივების, მარაბუსა თუ სვავების გემრიელი კერძები. ამიტომ, აი, დააკვირდი, შენ ხომ შორს მოისროლე ისინი. მათ უშეცდომოდ იპოვეს სწორი გზა წყლისაკენ, პატარა ნიანგებისთვის შედარებით უსაფრთხო ადგილისაკენ. შეხედე, დედასაც კი აახოხდნენ ზურგზე და ისე დასეირნობენ. ასე ისინი დაცულად გრძნობენ თავს. რადგან ახალშობილებს სიცოცხლის პირველ დღეებში ყველა მხრიდან საფრთხე ემუქრებათ, ამიტომ, ისინი ყველგან დედის თანხლებით გადაადგილდებიან. – აუხსნა ქარიშხალამ.
– ერთი გამაგებინე პატარა ნიანგები რატომ ათრევენ ყვითრის ტომრებს? – დაინტერესდა ზანტა.
– იმიტომ, რომ შიგ მოთავსებულია საკვები, რომელიც რამდენიმე თვე ჰყოფნით. – უპასუხა მეგობარმა.
– მოკლედ, ნიანგების ცხოვრება სიცოცხლის პირველივე წუთებიდან არის ბრძოლა არსებობისათვის. – დაასკვნა სპლიყვმა.
– არა მარტო ნიანგების – ყველა სულიერის, სუსტი არსება იქნება იგი, თუ – ძლიერი. პატარა ყველა უმწეოა, თვით ყველაზე საშინელი ცხოველის ნაშიერიც. – იყო მეგობრის პასუხი.
– მართალი ხარ! – უპასუხა ზანტამ. იგი დიდხანს იდგა ერთ ადგილას, ათვალიერებდა თავის გარშემო ყველას და ყველაფერს, თან ფიქრობდა ბუნების ამ საოცრებაზე.

ნ-ი-კ-ი
ლიტერატორი
გამოქვეყნებულია: 18 მარტი, 2013 07:12:43
სერგი (შავ -თეთრი)                                          #32


თეთრი

    თეთრი კაბა ეცვა,  დახვეწილი, უბრალო და სადა, ისეთი, რომლის მსგავსს  ქალაქში არავინ ატარებდა. კოჭს  ზემოთ იყო  და მუხლს ქვემოთ სამოსი. სიგრძე  ფეხის ფორმას შესამჩნევს ხდიდა. კალთები მსუბუქად  ეფინებოდა ტანს და სხეულის ყველა ნაწილს კვეთდა.  მაღალი კისერი ქონდა, მკერდი მსუბუქი, მხრები დიდი და თხელი. დედამ შეუკერა კაბა, ავად იყო, მაგრამ მაინც შეძლო ....
      იმ დღეს ადრე მივიდა სამსახურში. სამარისებური  სიჩუმე იყო, დილის ქალაქისთვის დამახასიათებელი, დამთრგუნველი. იდგა ნაგებობის შუაგულში და  მის  უცნაურ იატაკს  დაჰყურებდა. ფეხები მარმარილოს დიდ ფილებს ეხებოდა. გვერდიდან აკვირდებოდა შენობის  აჭრელებულ, მოზაიკურ ძირს.  ადვილი იქნებოდა მასზე სრიალი,  ცეკვა, ხომ, წარმოუდგენლად სასიამვნო. ეს გაიფიქრა თუ არა, მომენტალურად  დაჭიმა ფეხები, ხელები გაშალა , სხეული გამართა  და დატრიალდა.  შიშისგან შეჰყვირა. მის წინ მამაკაცი ატუზულიყო.
--- სერგი?! .. როგორ ხარ?
--- ლამაზი.
--- რა?
--- ლამაზი, მარამ არ უნდა ჩაეცვა.
--- რატომ?
--- დღეს, სუბოტნი, გენაცვალოს სერგი.
---  ვერ გავიგე?!
    დაბალი იყო კაცი, არც გამხდარი და არც სრული, ყვითელი პირსახის, მოუვლელელი და საწყალი.
    ქალმა სახე შეჭმუხნა და გაკვირვებულმა იკითხა:
---  რა ხდება?
--- შაბათობაია, როგორ გითხრას სხვანაირად კაცმა?
--- რა შაბათობა? ... რომელი საუკუნეა?!
      სისულელე თქვა. იგივე საუკუნეში იყო და, თითქმის, იგივე რელობაში, შეიძლება, უფრო ბნელშიც, ვიდრე, სულ რაღაც ათი წლის წინ.
--- შამოგევლოს სერგი, მე  კომენდანტი არის, რაც  იმან უთხრა, იმას ამბობ! ჩემი დაიკო ხარ, ხომ იცი...
    ქალი  ოცდაორი წლის იყო, სერგი -- სამოცის.
-- ღმერთო რა დავაშავე  -  თავისთვის ბრაზობდა  ჩუმად...
---  ვალდებული არ ვარ რამე დავალაგო!
--- ფანჯრები უნდა ჩისტო, გენაცვალოს ჩემი თავი.
--- არ არსებობს. ვინ თქვა?
--- აი, ისა რა, ახალგაზრდა, ცოტა გიჟი.
--- აქ არის?
      სერგიმ თავი დაუქნია. ქალი ადგილიდან მოწყდა, კიბეზე დაეშვა,  დააკაკუნა და ჯიქურ შეაღო კარი. ახალგაზრდა იყო მამაკაცი, მასზე რამდენიმე წლით დიდი, თხელი, ოდნავ შემელოტებული, მიმზიდველი.
--- შაბათობაა მართლა, თუ ხუმრობს სერგი?
--- არა, სიხარულო, რა დროს ხუმროობაა, უნდა დაალაგო!
---- არ გავაკეთებ!
---  სამსახურიდან წახვალ. შენ ხომ არ გჭირდება ეს?!
კარგად იცოდა, რომ არ სჭირდებოდა. ქალმა დაფიქრებულმა შეხედა, შემდეგ ჩაიჩურჩულა:
---  ხანდახან ძალიან ამაზრზენი ხარ...ფუუუ …
--- მეეჭვება ასე ფიქრობდე. აქ ბევრი ქალი მყოლია,  თუ გინდა ...
      ქალმა გაიხსენა,  რომ,  წლების მანძილზე, რაც მას იცნობდა,  სულ ასეთი საქციელი და გამოხედვა ჰქონდა - მოთამაშის. მამაკაცური ხიბლი კი  ნამდვილად გააჩნდა: თავბრუდამხვევი იყო მისი თვალები, მანერები,  არაორდინალური საქციელი, მაგრამ საბოლოო ჯამში უსიამოვნო ნატურა იყო, რადგან ნდობას არ იმსახურებდა.
      წასვლა დააპიარა....
---  მიდიხარ საყვარელო? რაღაცით სულ მაღელვებ...
--- რა გინდა, თქვი! უნდა წავიდე!
--- მაღელვებ ხშირად...  შევამჩნიე, რომ მაგარი საჯდომი გაქვს.
--- მართლა? შენ კი აუტანელი ხარ, მიუხედავად იმისა, რომ საოცარი წიგნი მაჩუქე მხატვრობაზე.
      მამაკაცი ეთამაშებოდა, გასაღებს აქეთ - იქით ატრიალებდა.  მცირე დროით  მოეწონა კიდეც ეს. იდგა  მომღიმარი სახით და ელოდა როდის გაუღებდა  კარს. ცოტა ხანში კაცი მიუახლოვდა, თვალებში შეხედა, ხელი დაუცურა  სხეულზე და საჯდომზე შეახო მძიმედ. ქალი არ განძრეულა.
--- დარწმუნებული ვიყავი ...  არ გინდა?
--- არა! უნდა წავიდე.
---  გავერთოთ ცოტა!
--- თუ დამჭირდი, მოგაკითხავ ... მართლა ...
        კაცმა კარი გააღო. უცნაური კი იყო, მაგრამ  მოძალადე - არა. ქალმა კიბეებზე აირბინა სწარაფად,  თვალებით სერგის ძებნა დაიწყო.
პატარა იყო სერგი. კუთხეში ძლივს სჩანდა, წერტილს ჰგავდა.
--- მომეცი  ჩვრები. დავწმენდ! 
--- ჯერ კიბე მოიტანოს რაღა.
--- კიბე?! რას მეუბნები?
--- ზედა  აკოშკები გენაცვალოს, ზედა...მე და შენ ...
    ქალმა ზევით აიხედა გაოგნებულმა. ფანჯრები დაახლოებით ათი მეტრის იქნებოდა, ან უფრო მეტის,  ჭერის სიმაღლეს მიუყვებოდა, თითქოს, უსასრულობისკენ. არანაკლები  ჰქონდა სიგანეც. უცებ ისტერიულად წამოიყვირა:
---  როგორ დავწმინდო?
--- ერთად! მე  და შენა ...
    უზარმაზარი იყი კიბე.  მის კიდეზე იდგა და საქმეს გარინდული ასრულებდა. შიგადაშიგ ისვენებდა. ჩამოჯდებოდა და ნაგებობას მხვედველობით და გონებით  შეიცნობდა.  აზიურ სტლში შესრულებული ეს შედევრი ყოველვის  აოცებდა  თავისი  გამორჩეული არქიტექტურული ფორმებითა და პომპეზურობით. ძეგლი განსაკუთრებული იყო, რადგან უმნიშვნელოვანეს და უმძიმეს ეპოქაში ააგო გურჯისტანის პირველმა ვალმა, ისპაანის ერთ - ერთმა ყველაზე ძლევამოსილმა და დიდმა ტარუღმა, რომელიც,  დიდი ხანია, მშვიდად განისვენებდა ირანის ქალაქ ყუმში, ირანის ლომის გვერდით.
      მის ზემოთ კიდევ ერთი სართული ებჯინებოდა საექსპონატო დარბაზებს, იქ, სადაც სამხატვრო გალერეები იყრიდა თავს. სასიამოვნოც კი იყო ასეთ უცნაურ, უჩვეულო სიტუაციაში საქმის კეთება, თუმცა შინაგანი პროტესტი მაინც არ ასვენებდა, კლავდა ... ორი საათის შემდეგ, როდესაც მთელ წრეზე და სიმაღლეზე  გაწმინდა ყველაფერი, სუფთა ტილო დასჭირდა  მინების გასამშრალებად.  მეგობარი იხმო ზურგშექცეულმა. სერგი არსად  ჩანდა. თავი მოატრიალა და გაშეშდა.
      ნაცრისფერი თვალები უმზერდნენ გაშტერებული.  გრძელი თმა ქონდა, ფერმკთალი, თეთრი, სრულყოფილი სახე. უზომოდ დახვეწილად ეცვა,  გემოვნებით … რაღაცით შუალედური იყო სერსოს ბიჭსა  და დაამჯდარ ინტელიგენტს შორის.
    ---- რაღა ამ დროს .... -- ამ სიტყვებით შეტრიალდა, ზურგი აქცია კაცს,  ხის კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოჯდა, კაბის კალთები აიკეცა და თავი ჩაღუნა.
მამაკაცი წავიდა.
  დიდხანს არ აუწევია თავი. ფიქრობდა, ოღონდ მასზე არა, აწმყოზე და ხვალინდელ დღეზე. მომავლის სურათი არანაირ ფერებში არ ესახებოდა: არც ნათელში და არც ბნელში. ამაზე ფიქრმა ტკივილი მოჰგვაარა მუცლის არეში, ძარღვებში სისხლი გაეყინა  სიკვდილის სუნი და აჩრდილი მთელი ტანით შეიგრძნო .... კიბიდან ჩამოვიდა და  დარბაზებს დაუყვა უაზროდ, უხალისოდ. არაადეკვატური გახდა.  კარგად იცოდა, რომ უმზერდა, შესაძლოა ერთი კი არა, რამდენიმე. სხვა არ აინტერესებდა. არ იცოდა ამით ბედნიერი უნდა ყოფილიყო, თუ დაფიქრებული. მამაკაცი განსაკუთრებული იყო, გამორჩეული ........
  სერგი მიუახლოვდა. 
---- მოვრჩი!
---- არა, შიდა სტეკლოები ...
--- უნდა დავწმინდო?
    პროტესტის  აღარ გამოუთქვამს. სულერთი იყო ყველაფრი. უხმოდ მიადგა მინებს და  ენერგიულად შეუდგა  დასუფთავებას. შემდეგ, როდესაც  საქმე დაასრულა, ხელების დასაბანად ჩავიდა ქვემოთ.  იქვე, კაფედან, სიგარეტისა და ყავის სუნი ამოდიოდა. ამ სუნმა ყავა მოანდომა გაგიჟებით. ცოტა ხანში დააფიქსირა, რომ შიოდა კიდეც. კაპიკი ფული  არ ედო საფულეში. იმ მომენტში დიდად არც ადარდებდა ეს. სწრაფად დაბრუნდა უკან, მოაჯირს დაეყრდნო, კაფეს ჩახედა და ხალხის ქცევებს მიადევნა თვალი. მოსაბეზრებელი იყო ყველაფერი, ერთფეროვანი, უინტერესო.... იქვე, ახლოს, კიბე გაჭიმულიყო: ის მეორე და მესამე სართულს აერთებდა. მის საფეხურზე ჯდომა ძალიან უყვარდა, განსაკუთრებით დილაობით, როდესაც სამარისებულ სიჩუმეში ფიქრები ენაცვლებოდა, სიღრმეში კი მზერა ეკარგებოდა. ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, ადგა და კიბეზე ჩამოჯდა, თეთრი კაბა არ დაინდო , მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა, ძალიან დახვეწილი იყო და გამორჩეული,  მაინც გაწირა ჭუჭყისთვის.
    თავი დახარა და გონება გათიშა. თერაპიასავით იყო ეს  ყველაფერი.
---- ადე გენაცვალოს, გაცივდება!
სერგი იდგა მის წინ.
---  ჩემთან იყავი, გთხოვ!
მამაკაცი  გვერდით მიუჯდა.
---  მიდიხარ  სახლში თუ რჩები?
---  ვრჩები.
---  რატომ, შენ ხომ დიდი სახლი გაქვს?
---  პუსტოია.
--- მე აღარ მაქვს სახლი ...
---  იცის!
--- შვილები?
    გოგონა ყურადღებით უმზერდა მეგობარს. მის უფერულ სახეს აკვირდებოდა,  მოუვლელ თითებს, ჭუჭყიან პერანგს.
--- შვილები რასიაში ...
---გეხმარებიან?
---  წლები  ტელეფონი არ აუღიათ.
--- ცოლი? ცოლი სად არის?
--- დატოვა.
    სერგი დინჯი იყო და ჭკვიანი. მან  არც ერთი ენა  არ იცოდა კარგად. მისი ლექსიკა სამი ენის სინთეზს შეადგენდა.
სერგიმ იკითხა:
--- გშია?
--- ხო
-- პური უნდა?
--- ხო.
--- ვოდკა?
--- არა!
--- დალიო ცოტა ...
---  ზამთარი, რომ იყოს ერთ ჭიქას დავლევდი ... გავთბებოდი.
სერგიმ რამდენიმე წუთში პური  და უკრაინული სალა მოუტანა.
---  დედა გყავს? -- ჰკითხა ქალმა.
-- არის! რასიაში ...
---  ბედნიერი ხარ შენ!
      ქალი სიყვარულით უღიმოდა, თან თვალს არ აცილებდა. შეუხედავი იყო კაცი, ცხოვრებისგან შელახული ...  თანაც  ფრთხილი.
--- კარგი კაცი ხარ, მაგრამ კომუნისტური აზროვნება გაქვს -- მოულოდნელად მიმართა მამააცს.
--- რა მაქვს ლამაზოჯან?
--- ყველას ემორჩილები, მეც შემაჩვიე ...
  სერგიმ ვერ გაიგო ქალის სიტყვები.
--- პროტესტი არ გაქვს.
--- ტაკ ნადა ... 
--- მართლა? შეიძლება მართალი ხარ, სიფრთხილე  აუცილებელი თვისებაა ბოროტებისგან თავდასაცავად..
  სერგი მშვიდად უსმენდა მეგობარს. ქალი სალას და პურს ჭამდა დამშეული.
  რამდენიმე წუთის შემდეგ ქალმა მუდარანარევი ტონით მიმართა:
--- ახლა უნდა წავიდე, დამეხმარე! ორ დღეში სახელმწიფო გამოცდა მაქვს!
        მამაკაცმა ადრე გაუშვა ქალი. ყოველთვის შეეძლო ტყუილი ეთქვ მის გამო, ბოლომდე დაეცვა ყველა საფრთხისგან. ქალი გამოვიდა და ისევ ნაცნობ თვალებს წააწყდა ქუჩაში.  ორ დღის შემდეგ გამოცდა ჩააბარა, საღამოს კი, დედა გარდაიცვალა ...


შავი


შავი სამოსი ეცვა გლოვის ნიშნად. მეტროს ვაგონში იდგა. ზურგით მის უკანა, ბინძურ, დამტვერილ კადელს მიყრდნობოდა. თავი გადაედო მინაზე. აქოთებული, მძაფრი სუნი გულს ურევდა. სიცხე ამ სუნს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა. ბავშვობაში უყვარდა მეტრო და გვირაბში ყოფნა, რადგან ვაგონის გუგუნი  უცხო გარემოს  ქმნიდა, გარე სამყაროსგან განსხვავებულს, იდუმალს. სისწრაფე მოწონდა  და სიბნელიდან უეცარი სინათლის შუქი.
      მეგობარი ედგა გვერდით. ჩუმად იყვნენ. სულ ასე იყო ყოველთვის.  აზრიც არ ჰქონდა საუბარს. მატარებლის ღრიალში დაგუდულად, გაურკვევლად ისმოდა ხმა. სახეები ერთმენეთში ირეოდა. ყველას ერთნაირი გამომეტყველება ჰქონდა, გადაღლილი, შეშინებული. ეს ძაბავდა და აფრთხობდა. ხელში დედის შეკერილი  ტილოს ჩანთა ეჭირა. მჭიდროდ ქონდა თითებში მოქცეული. შიშს განიცდიდა, ვინმეს არ წაერთმია, თითქოს ძვირფასი ნივთი ყოფილიყოს შიგ ...
      ძალიან მალე, ქალმა შენიშნა, რომ საშუალო ასაკის უცნობი ქალბატონი უყურებდა  დაჟინებით, უცნაურად. არასასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა, მარცხენა მკერდში ქვასავით შეუქანდა  რაღაც მძიმედ, თავი დახარა, თითქოს მოსალოდნელი საფრთხეს გაერიდა ...
--- მკერდი, რომ გიჩანს ვერ ხვდები?
    უცნობი თავზე წამოსდგომოდა.ზღაპრის ბოროტ გმირს ჰგავდა, მაგრამ იმ მომენტში ვერ ხვდებოდა, რომელს. ყელში ტკივილმა იგრძნო, ვერ ამოისუნთქა, საკუთარ მკერდს დახედა ზემოდან და დაინახა, როგორ ირხეოდა ის შიშისგან. სიტყვებმა საშინლად გააქეზა, სხეული გამართა, მხრებში გასწორდა, თავი აწია და პირდაპირ, უტიფრად შეხედა თვალებში.
--- არ გრცხვენია ... ძუძუები გიჩანს -
--- არა, არ მრცხვენია!
--- რა გგონია თავი .... თუ მეძავი ხარ?
დახვეწილი, სუფთა ქართული საუბრობდა უცნობი...
--- შეიძლება ასეც იყოს ...
    მეგობარმა იხსნა განსაცდელისგან. მომენტალურად  ჩასჭიდა ხელი და გარეთ გაიყვანა. გამოთიშული იყო ყველაფერს. კაცმა მის სწორ მხრებს  შეეხო და შეანჯღრია:
--- არ იცი როგორ მოიქცე, ვერ ნახე შიზოიდი იყო!
--- მკერდი მიჩანს …
თვალგაშტერებულმა ჩაიჩურჩულა.
--- არ ვიცი....  მერე რა?!
--- არაფერი, სულ არ მადარდებს ...  არ მადარდებს, თანაც ვინც მიყვარდა ცოცხალი აღარ არის! აზრი ეკარგება ყველაფერს..
--- ასე ნუ ამბობ, ასე არ შეიძლება!
--- უბრალოდ, შავი არაფერი  მქონდა და ეს მაისური შევღებე ... ჩვენ ხომ უნდა აღვასრულოთ ჩვენი ხალხის პატრიარქალური, პრიმიტიული წესი?
--- რომელი წესი? ... დამშვიდდი!
--- ზეგ გადის ორმოცი და მე გავიხდი შავებს და ამ უფორმო მაისურსაც...
--- დამშვიდდი!
--- მშვიდად ვარ, ნუ მეუბნები ამას, ეს უფრო მაგიჟებს.
    კაცმა ხელით მოქაჩა, მიიზიდა და თვალებში ჩახედა. ქალმა თავი დახარა, მამაკაცის თითების  შეხედა გაკვირვებულმა:
,, სულ ტრემორი აქვს ამ ბოლო დროს ... რა ჭირს?“ ...
კაცს ხელები უკანკალებდა. ხმა ჰონდა შეცვლილი:
--- აზრზე მოდი, გთხოვ!
--- ნუ მეხები!
    ქალს არ უყვარდა უხეშად, რომ ეხებოდნენ. ხელებით მოიშორა.
--- უნდა წავიდე, მაპატიე.
--- ჩემთან წამოდი.
--- არა, სამსახურში მივდივარ.
--- წამოდი! თუ გინდა ჩაის სახლში წავიდეთ.
--- არა, არა! დღეს სერგი უნდა ვნახო!
--- სერგი ვინ არის?
--- ჩემი მეგობარია სამსახურში.
--- სერგიი?  სერგი  ... აააა... ხო, ვიცი, მოიცდის!
ჯიუტად იდგა და უარის ნიშნად  თავს აქნევდა.
--- საერთოდ ამჩნევ რამეს?
მამაკაცს გაღიზიანებული სახე ქონდა.
--- რას უნდა ვამჩნევდე?
---ვისაც უყვარხარ?
--- არ მესმის რას ამბობ?!
--- მიეცი ადამიანებს უფლება უყვარდე, ისე ვერ გადარჩები!
--- გადარჩენაზეა საქმე? ...
      ირონიულად ჩაიცინა. კაცმა  თმაზე შეახო თითები, მოეფერა თითქოს. ქალმა გვერდიდან შეხედა, თავი  გადაწია  უკან, ფრთხილად მოიშორა,  გაუღიმა და წავიდა. დაძაბული მიაბიჯებდა ქუჩაში. ვერ გადაეჩვია ასეთ სიარულს, დაჭიმულს, ფრთხილს.. მიდიოდა და თავის ყოველდღიურ სიზმარს იხსენებდა: თითქოს ფეხებიდან იყო მოწყვეტილი და აღარც სიარული შეეძლო და აღარც  ცეკვა. ყოველ დილით დაღლილი იღვიძებდა, კიდურებზე შეშლილივით  იჭერდა გრძელ თითებს, სწრაფად ხტებოდა ლოგინიდან და სიარულში ფეხების მოძრაობას ამოწმებდა. ზუსტად  არ ახსოვდა, რომელი ასაკიდან, ან რატომ ჩარჩა ეს კოდირებულად ტვინში. მოძრაობებს ყოველთვის მექანიკურად  ასრულებდა. ახლაც დაძაბული, ფეხებდაჭიმული მიდიოდ და დაფიქრებული შეჰყურებდა ქუჩებსს. მოწონდა ძველთან შეხვედრა. ზევით, დანგრეული უბნისკენ, არც კი გაუხედავს. მას შემდეგ, რაც  იხილა ნაომარი ქალაქი, სკოლა, ბაღი, აღარ დაინტერესებულა იქითა მხარით. ქვედა უბანს, კი,  სიძველე,სიდიადე და იდუმალება არ დაჰკარგვოდა. როდესაც უკანასკნელ დაღმართს ჩაუყვა, ემოციისგან გონება გადაეკეტა. სიჩქარეში ჩანთა დაუვარდა. სერგის შარვალი იდო შიგ. გადსაკეთებლად წამოიღო რამდენიმე კვირის წინ. პატარა იყი სამოსი, როგორც  მისი პატრონი.  მაშინ გაოცდა. ძალიან ძველი იყო  შარვალი, გაცვეთილი, მისი ფაქტურა კი - უცნაური. წინა დილით  გარეცხა, გააშრო და მის განახლებას შეეცადა. მაქსიმალური ძალა და ენერგია ჩადო, რომ მისთვის ფორმა და სახე მიეცა. კერვის პროცესში იგრძნო, რომ სერგი მონატრებოდა.ასეთი ახლობელი, ამ ასაკის, აღარავინ ჰყავდა!
            შარვალი ნაჭრის ჩანთაში ჩააგდო, თავი აწია და გახევდა.არასდროს ყოფილა მასთან ასე ახლოს. მამაკაცი  ამან დააბნია. ქალმა იგრძნო, რომ, სადღაც გამქრალიყო კაცის ჩვეული მედიდურობა და ამპარტავნება. კისერი მაღლა აწია და  გამომცდელად შეხედა: უცნაური  გამომეტყველება ქონდა კაცს, გარეგნობა კი კიდევ უფრო მიმზიდველი. სამწლიანი დუმილის შემდეგ პირველად  შეძლო მისალმება. ,,მგონი ძალიან სუსტია“ -- გაიფიქრა გოგონამ, პასუხი დაუბრუნა, გაუღიმა, გვერდი, აუარა და გზა გააგრძელა. ათი ნაბიჯი ქონდა დარჩენილი რკინის უზარმაზარ ჭიშკრამდე. მზე მთეკლი სიმძლავრით აჭერდა ქუჩას და მისი მწველი, ნათელი სხივები, ისედაც დაბნელებულ, დაბინდულ მხედველობას, კიდევ უფრო უმძიმებდა.
    სინათლიდან  სიბნელში აღმოჩნდა. ამ გრანდიოზული შენობის თავისებურებაც  ეს გახლდათ! მისი შუაგული ჩაჟამებული იყო. ცენტრში შადრევანი იდგა, რომლის ნაზი ხმა არაჩვეულებრ სიმშვიდეს სძენდა იქურობას. ქალის გემოვნებაში ჯდებოდა შენობის ინტერიერი და მისი იდუმალი სამყარო.  სიმშვიდემ განცდები გაუმძაფრა, მოაჯირს დაყრდნო და ჩაფიქრდა..მძიმედ სუნთქავდა. ვერ ხვდებოდა ხიბლავდა, თუ  უფრო მეტს გრძნობდა მამაკაცის მიმართ. ნელ - ნელა აცნობიერებდა, რომ ეს ლტოლვა არ ჰგავდა, რაღაც სერიოზული და დამაბგრეველი იყო, რომელიც ყველა ვნებას შლიდა, სიცოცხლის ხალისს უკარგავდა, რადგან ...
--- საყვარელო მოხვედი?
    თანამშრომელი შენიშნა გვერდით. შავი, ხუჭუჭა თმა ქონდა და მეტყველი თვალები. ქალური მანერები და საინტერესი შტრიხები მოჭარბებულად იდო მასში. გამომწვევი, სექსუალური იერი თვალსაჩინოს ხდიდა მის მშვენიერ გარეგნობას,  ალბათ, გონება და ემოციაც გააჩნდა. მაინც უცხოდ ეჩვენებოდა, მის გულს არ ეკარებოდა, შესაძლოა, კარგად არ იცნობდა და იმიტომ.
---- მოვედი ....
    უხალისოდ დაუბრუნა პასუხი. იმედი ქონდა, რომ  წავიდოდა, მარტო დატოვებდა საკუთარ თავთან. ქალი,  კი, წასვლას არ აპირებდა:
--- არასოდეს შეშინდე,! ბედნიერი უნდა  იყო....
--- მადლობა, კეთილი სიტყვებისათვის.
---ყველაზე მეტად მომწონხარ, ყველა ამას ამბობს.
--- რა? რატომ?
    ქალი ვერ ხვდებოდა რა იყო რეალური და რა გადაჭარბებული ამ ნათქვამში.
--- წყნარი ხარ, დინჯი,  ... პროვინცაილიზმისგან შორს ხარ ... თანაც უცხო გარეგნობა გაქვს,
--- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით!
--- რა უნდა მითხრა? ვერც ვერაფერს  იტყვი, უბრალოდ არ გაიხსენო ცუდი!
--- ვინ არ გავიხსენო დედა?
        ძალიან უხეში და მძიმე იყო მისი სიტყვები, ტონი კი უზრდელობაში გადასული. მომენტალურად მიხვდა ამას, მორიდებით გაუღიმა, თითქოს პატიება ითხოვა  უხეში საქციელის გამო... თავი აწია  და დარბაზებს გახედა, გაუცნობიერებლად ჩაიჩურჩულა:
--- ვინ გააღო დარბაზები?
    თავისივე სიტყვებზე შეცბა, დაიზაფრა, მთლიანად მოეჭიმა  სხეული.
--- ვინ გააღო დარბაზები, სერგი სად არის?
        პასუხს არ დაელოდა. ადგილიდან მოწყდა, კაბა აიკეცა მუხლებს ზემოთ და კიბეს მიადგა: ორ საფეხურს ერთდ ახტებოდა, სული ამოგდებაზე ქონდა. ყველა საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, ყველა ოთახის კარი შეაღო, ბოლოს მის თავშესაფარში შევარდა, რომელიც ბუნაგს უფრო გავდა, ვიდრე დიდებული შენობის ნაწილს. ვერსად  იპოვა ... დაღლილმა ზედა სართლიდან გადახედა იქაურობას. ჩანთა, რომელიც ხელში ეჭირა, მკერდზე მიიდო და ჩაფიქრდა:
-- დაველოდები! მოვა, ალბათ -- ამ იმედით  კიბეს დაუყვა, სადღაც შუაში,  ერთ -ერთ, საფეხურზე ჩამოჯდა, კუთხეში  მიჩოჩდა და კიბის მოაჯირის დაგრეხილ, ლამაზ რიკულებს ჩამოადო თავი. თვალები დახუჭა, ჩვეულ თერაპიას მიეცა ... 
  --- ადექი გაცივდები --
    ლილე იდგა, მისი უფროსი მეგობარი.
--- გეძინა, გაცივდები!
--- სერგი სად არის?
--- სერგი? ... სერგი ....
--- შარვალი მოვუტანე, მალე მოვა?
--- არ მოვა,  აღარ მოვა!
--- დაუჯერებელია, წარმოუდგენელია... მოვა!
--- სერგი გარდაიცვალა ...
    ქალი დაიბნა. რამდენიმე წუთი იდგა გაოგნებული, შემდეგ მოტრიალდა  და  კიბეს დაუყვა. არავისთვის შეუხედავს. თითქოს ისე იპარებოდა,  როგორც ყოველთვის, სერგი კი მოკლე ნაბიჯებით, ბურდღუნით აცილებდა მალულად, მაგრამ ეს მხოლოდ მის წარმოსახვაში ხდებოდა,  რადგან ...  ქალი შეჩერდა, რკინის  ჭიშკრი გააღო,ზღურბლს გადააბიჯა და გარეთ გავიდა. მზის სხივებმა კვლავინდებურად შეანათა დამაბრმავებელი ძალით. ვერ აიტანა სინათლე, თვალები მოხუჭა. ცოტა ხნით შეჩერდა. იქვე სანაგვე იდგა. ჩანთიდან შარვალი ამოიღო და შიგ ჩააგდო. არავისთვის ემეტებოდა ის. რეალურად, ვერც ვერავის შესთავაზებდა. დაფიქრებულმა ჩახედა ბინძურ ყუთს. დიდხანს უყუარა უაზროდ, მერე სუნმა შეაწუხა, ზიზღით აწია სახე ...,მოტრიალდა და გზა განაგრძო. პირდაპირ გახედა სივრცეს. შავ - თეთრი იყო ყველაფერი, ორივე ფერი ერთმანეთს ერეოდა ...     
ჩემს მულტიკულტურულ სამყაროს ….
1 2 3 4

ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> "ლიტბუნიობის" რიგით მეოთხე კონკურსი პროზაში


ამჟამად ფორუმზე იმყოფება 1 სტუმარი და 3 წევრი: მეუდაბნოვე, ჭა, jonatan livingstoni